Menu
RSS

ბეილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს და კვირაში მილიონს მიიღებს

2013 წელს, როცა მადრიდის „რეალმა“ „ტოტენჰემს“, გარეთ ბეილის სანაცვლოდ, 122 მილიონი დოლარი გადაუხადა, აღნიშნული ტრანსფერი მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული იყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, უელსელმა გარემარბმა გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა და გასულ სეზონში, ის სათადარიგო ფეხბურთელად იქცა. შესაბამისად, გუნდის თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბეილი მის სამომავლო გეგმებში აღარ ჯდებოდა და ის გუნდიდან უნდა წასულიყო.

იმის მიუხედავად, რომ უელსელის შეძენის სურვილი არაერთმა ევროპულმა კლუბმა გამოთქვა და მის სანაცვლოდ, 70 მილიონსაც იხდიდნენ, თავად ბეილმა, შეიძლება ითქვას, სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო - „რეალთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგის ოთხჯერ მომგები ფეხბურთელი, კარიერას ჩინეთი გააგრძელებს.

„ბეილი ჩინურ კლუბ „ციანსუ სუნინს“ შეუთანხმდა და 3-წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელს. ფეხბურთელის მთავარი მოთხოვნა სოლიდური ჯამაგირი იყო ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ის „რეალში“ იღებდა (წელიადში 20 მილიონი) და ეს მოთხოვნა ჩინელებმა დააკმაყოფილეს. ბეილი კვირაში მილიონ ევროს ანუ წლიურად, 52 მილიონს მიიღებს, საიდანაც 22 მილიონი - უშუალოდ ხელფასი იქნება, დანარჩენი - სარეკლამო შემოსავლები. მას სარეკლამო კონტრაქტები უკვე მაგიდაზე უდევს და ხელსაც მალე მოაწერს“, - წერს ესპანური მედია.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ბეილმა ევროპულ კარიერასა და ყურადღების ცენტრში ყოფნას, ჩინური კლუბი და ფული არჩია. სამი წლის განმავლობაში, ის, საერთო ჯამში, 156 მილიონს ჩაიდებს ჯიბეში, რაც ცოტა ნამდვილად არაა. 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში