Menu
RSS

რატომ კოტრდება ქუთაისის „ტორპედო“ და რა პლაკატი ააფრიალეს ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოში

ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი შესაძლოა, მეორედ მოიგოს

ინგლისურმა პრემიერლიგამ ევროპა დაიპყრო. თავად განსაჯეთ _ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალი სუფთა ინგლისური იქნება. ბებერი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში, „ლივერპული“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება, რანგით მეორე ტურნირის _ ევროპალიგის გადამწყვეტ მატჩში კი „ჩელსი“ და „არსენალი“ გაარკვევენ ურთიერთობას. საგულისხმოა, რომ ფინალებში გასული ოთხი გუნდიდან, სამი ლონდონის წარმომადგენელია, მაგრამ...

აქამდე არსად დაწერილა და, მოდით, ჩვენ იმ ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება, რამდენად არის ეს ფინალები „ინგლისური“. ჯერ მწვრთნელებზე ვთქვათ: „ლივერპულს“ გერმანელი იურგენ კლოპი წვრთნის, „ტოტენჰემს“ _ პორტუგალიელი მაურისიო პოჩეტინო, „ჩელსის“ თავკაცი, იტალიელი მაურიციო სარია, ხოლო „არსენალს“ სათავეში, ესპანელი უნაი ემერი უდგას. 

ახლა კაპიტნებს მივხედოთ, ბითლზების ქალაქის გუნდს, ინგლისელი ჯორდან ჰენდერსონი კაპიტნობს, „ტოტენჰემს“ _ ფრანგი უგო ლორისი, „ჩელსის“ პირველი კაცი, ფრანგი სესარ აზპილიკუეტაა, ხოლო „არსენალის“ კაპიტანი _ ფრანგი ლოურენ კოშიელნი. 

ახლა, ყველაზე საინტერესო _ ნახევარფინალურ შეხვედრაში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ, „ლივერპულს“ მოედანზე სამი ინგლისელი ჰყავდა, „ტოტენჰემსაც“ _ სამი, „ჩელსის“ თავკაცმა 11 კაცში, მხოლოდ ერთი ინგლისელისთვის გამონახა ადგილი, ზუსტად ისე, როგორც „არსენალის“ დამრიგებელმა ანუ ოთხ ინგლისურ გუნდში ნახევარფინალური შეხვედრა 44 შესაძლებლობიდან, რვა ინგლისელმა დაიწყო. შესაბამისად, „ინგლისური გუნდების“ ტრიუმფი, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია და გულახდილად რომ ვთქვათ, 1981 წელს, თასების მფლობელთა თასის ფინალში მხოლოდ სამ, ან ერთ ქართველს რომ ეთამაშა, ის მოგება ასეთი გემრიელი, ალბათ, არ იქნებოდა. 

ფინალებს რაც შეეხება, ევროპალიგის გადამწყვეტი მატჩი 29 მაისს, ბაქოში გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის ფინალს კი 1 ივნისს, მადრიდი უმასპინძლებს. ბაქოში გასამართ ფინალს ერთი უხერხულობა ახლავს: აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა გააპროტესტეს, რომ „არსენალს“ მათ დედაქალაქში სომეხი ლეგიონერი, ჰენრიხ მხითარიანი უნდა ჩაჰყოლოდა. საბოლოო ჯამში, „არსენალმა“ ცალკე უეფასგან და ცალკე აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ მხითარიანს საფრთხე არ დაემუქრება და, როგორც მას, ისე მთელ გუნდს განსაკუთრებულად დაიცავენ. 

ახლა ქართულ ფეხბურთზე ვთქვათ, რომელმაც შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაგვიცრუოს იმედი. ორი წლის წინ, აუქციონზე გაყიდული ქუთაისის „ტორპედო“, ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ შეიძინა და განაცხადა, რომ დიდი ხნის ოცნება აიხდინა. მან პირობა დადო, რომ იმერული კლუბი ხმამაღალ სიტყვას ევროპულ სარბიელზეც იტყოდა და აკი, „ტორპედომ“, მართლაც, საინტერესოდ დაიწყო _ ორ წელიწადში, ორჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, ევროთასებზეც ქართულ იკლუბებიდან ყველაზე მეტი ეტაპი გაიარა, „ჰუალინგ ჯგუფის“ სახით, გუნდს სერიოზული სპონსორიც გამოუჩნდა და... გუნდი დაშლის პირასაა. 

„ჰუალინგ ჯგუფმა“ ხელშეკრულება შეგვიწყვიტა და წავიდა. ჩვენ ფეხბურთელთა მიმართ დავალიანება გვაქვს, რომელსაც თვის ბოლოს, ალბათ, დავფარავთ. ვეძებ სპონსორებს და თუ ვერ ვიპოვი, იძულებული გავხდები, გუნდი ისევ ქუთაისის მერიას დავუბრუნო“, _ ეს განცხადება ზაალ ჩაჩავამ გააკეთა. 

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდებით, რატომ დაუდგა ფინანსური პრობლემა `ტორპედოს~, როცა გუნდმა ევროთასებზე თამაშსა და საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების სანაცვლოდ, საერთო ჯამში, 5 მილიონ ლარამდე მიიღო. შესაძლოა, ეს თანხა ევროპული საზომებით ბევრი არაა, მაგრამ ქართული კლუბისთვის სავსებით საკმარისი უნდა იყოს. ფაქტი ის არის, რომ ბოლო ორ წელში, ყველაზე წარმატებულად და გამართულად მიჩნეული კლუბი, უბრალოდ, გაკოტრების და დაშლის პირასაა, რაც ყველაზე ნათლად ასახავს ქართულ ფეხბურთში არსებულ სიტუაციას. 

*** 

მოსკოვის „ლოკომოტივში“, თავისი პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ. ამ ბიჭზე, როგორც რუსული კლუბი, ისე საქართველოს ნაკრები დიდ იმედებს ამყარებს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ისიც ვთქვათ, რომ „ლოკომოტივი“ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და თუ კვარაცხელია ევროსარბიელზე თავს გამოიჩენს, „ლოკომოტივში“ მას დიდ ხანს არავინ გააჩერებს. 

*** 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარის, გიორგი ლორიას „მადგებურგი“, მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველმა კიპერმა აუცილებლად სხვა კლუბი უნდა მოძებნოს, სანაკრებო დონეზე თამაში რომ მოახერხოს და ისე ჩანს, ლორია კარიერას კვიპროსულ „ანორთოსისში“ გააგრძელებს. ამ გუნდის თავკაცად თემურ ქეცბაია დაინიშნა და უკვე დააანონსა, რომ მინიმუმ, სამ ქართველს წაიყვანს. სამეულში ლორიასთან ერთად, უგუნდოდ მყოფი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, თორნიკე ოქრიაშვილიც მოიაზრება და ვნახოთ. 

*** 

იაპონიაში მორიგი სუპერტურნირი, ნაცუ ბაშო დაიწყო და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვისაა. ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, წინა ტურნირზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის გამო, რეიტინგში დაქვეითდა და ოძეკის ტიტული დაკარგა. მის დასაბრუნებლად, ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინს 15-დან, მინიმუმ, 10 გამარჯვება სჭირდება. ქართველმა სუმოისტმა პირველი ორი შეხვედრა მოიგო და ახლა მიზანს 8 გამარჯვებაღა აშორებს. 

ტრავმის გამო, აღნიშნულ ტურნირზე ვერ გამოდის ლეგენდარული იოკუძუნა ჰაკუჰო, რაც ქართველის შანსს კიდევ უფრო ზრდის. იაპონელი სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ჩვენებური საუცხოო ფორმაშია და არ არის გამორიცხული, კარიერაში მეორედ, იმპერატორის თასი მოიგოს. 

*** 

გასულ უქმეებზე, ბაქოში, ძიუდოისტთა შორის მორიგი გრანდ-სლემი დასრულდა. გელა ზაალიშვილი ჩემპიონი გახდა, თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, თუმცა მთავარი ეს არ გახლავთ. მთავარი ისაა, რომ ქართველმა სპორტსმენებმა ბაქოს ცენტრში ბანერი გაშალეს, რომელსაც ორ ენაზე გარკვევით ეწერა _ „დავით გარეჯი საქართველოა“. 

როგორც გვეუბნებიან, აქციისთვის ხელი არავის შეუშლია და ჩვენებურებმაც მშვიდად დაანახეს მსოფლიოს, რას ფიქრობენ აღნიშნულ თემაზე. 

*** 

საქართველოს ჩემპიონი რაგბიში, „ბათუმი“ გახდა. აჭარლებმა ფინალში რუსთავის „ხარებს“ მოუგეს და ოქროს მედლები, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, დაისაკუთრეს. ზოგადად, აჭარაში სპორტს დიდი ყურადღება ექცევა. აგერ, მორაგბეებმა ოქროს მედლები არ დათმეს, ფეხბურთში კი საქართველოს ჩემპიონატს, უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნებული ბათუმის „დინამო“ ლიდერობს. 

სხვათა შორის, ბათუმში ჩატარებულ შეხვედრებს, მინიმუმ, 4 ათასი გულშემატკივარი ესწრება და აკი, ამბობენ კიდეც იქ ჩასული სხვა გუნდების მოთამაშეები, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ბათუმი სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობსო. 

სამწუხაროდ, დედაქალაქური კლუბების მიერ, შინ გამართულ შეხვედრებზე ასი კაციც კი სანატრელია. 

*** 

დასასრულს, 38 წელი გავიდა 1981 წლის 13 მაისის დიადი გამარჯვებიდან. ქართული ფეხბურთის ყველაზე ნათელი ფურცელი თბილისის „დინამომ“ ჩაწერა და თასების მფლობელთა თასი მოიგო. 

სხვათა შორის, შესაძლოა, ბევრს არ ახსოვს, მაგრამ 1982 წელს, იმავე ტურნირზე, „დინამო“ ნახევარფინალამდე მივიდა. სამწუხაროდ, ამ გამარჯვების შემდეგ, ქართულ ფეხბურთს საერთაშორისო სარბიელზე სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია და მოგებულ თასს ვინ ჩივის, ჩემპიონთა ლიგასა, თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში აუხდენელ ოცნებად გვაქვს ქცეული. ეს მაშინ, როცა იმავე ეტაპებზე, პოსტსაბჭოთა სივრციდან რუსული, უკრაინული, ყაზახური, ლატვიური, ბელორუსული და აზერბაიჯანული კლუბები, პრაქტიკულად, რეგულარულად თამაშობენ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში