Menu
RSS

ქართველი სპორტსმენების ახალი მსოფლი მიღწევები

ლენინი მაისურზე, ბეისბოლიტზე შეყვარებული ჯენიფერ ლოპესი და სხვა გაუხმაურებელი სპორტული ამბები

2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ქართული ლიცენზია, რა გასაკვირია და, ნინო სალუქვაძემ მოიპოვა. თუ ვინმეს შეესაბამება სიტყვა ლეგენდა, ერთ-ერთი პირველი, ქალბატონი ნინოა, რომელიც 1988 წლიდან მოყოლებული, ოლიმპიადებზე უცვლელად ასპარეზობს. ამასთან ერთად, ის ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ოლიმპიადის ყველა სინჯის მედალი აქვს, რაც ასევე, უნიკალური შედეგია. პარალელურად, სალუქვაძე მსოფლიოში ერთადერთია, რომელმაც ოლიმპიადაზე შვილთან ერთად იასპარეზა. ეს 2016 წელს მოხდა, როცა ქალბატონი ნინო ოლიმპიადაზე ვაჟთან, თორნიკე მაჭავარიანთან ერთად გაემგზავრა. 

რაც შეეხება ლიცენზიას, პეკინში მიმდინარე მსოფლიო თასზე, სალუქვაძემ 176.9 ქულა დააგროვა, რაც ლიცენზიისთვის საკმარისი აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ ოლიმპიადამდე ეს იყო პირველი ტურნირი, რომელშიც ლიცენზია გათამაშდა და ჩვენმა მსროლელმა პირველივე ცდაზე ათიანში მოარტყა.

 

რამდენიმე დღის წინ, კანადაში, MMA-ს მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა პრინციპული შეხვედრა გამართა. ჩვენებურის მეტოქე მასპინძელთა ჯილა, ბრედ კატონა გახლდათ, რომელსაც წინა რვა ბრძოლიდან, რვავე მოგებული ჰქონდა. მარცხის შემთხვევაში, მერაბი რანგით ქვედა დივიზიონში ჩაინაცვლებდა, თუმცა მან გამარჯვება მოახერხა და ელიტარულ დივიზიონში ბრძოლების გაგრძელების უფლებაც შეინარჩუნა. 

კარიერაში, ალბათ, ყველაზე სერიოზული გამოცდა ელის ლევან გორგაძეს. ტოჩინოშნმა ბოლო შეჯიბრზე ოძეკის ტიტული დაკარგა და ახლა მის დასაბრუნებლად უნდა იბრძოლოს. ნაცუ ბაშო 12 მაისს აიღებს სტარტს და 26 მაისს დასრულდება. ქართველ გოლიათს ტიტულის დასაბრუნებლად გამართული 15 ბრძოლიდან, მინიმუმ, 10 გამარჯვება სჭირდება. როგორც იაპონური მედია წერს, ტოჩინოშინი ძალიან კარგ ფორმაშია და სასურველი ბალანსის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ისიც ვთქვათ, სუმოს არსებობის ისტორიაში მხოლოდ ექვსჯერ მოხდა, რომ ოძეკის ტიტულის დაკარგვის შემდეგ, სუმოისტმა მისი დაბრუნება პირველივე ტურნირზე მოახერხა. სუმო კი საუკუნეებია, იაპონიის ცხოვრების უცვლელი ნაწილია. 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის თამაშებისთვის ემზადება, რომელიც ივნისში, მინსკში გაიმართება. ეროვნული გუნდის მწვრთნელმა შემადგენლობა უკვე დაასახელა და განაცხადა, რომ ეს ბიჭები ივნისამდე არცერთ ტურნირში არ იჭიდავებენ, რადგან უკვე ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშება დაიწყო და ყველა სალიცენზიო ტურნირი მნიშვნელოვანია. 

ნოდარ მეტრეველის თქმით, ძიუდოისტთა ნაკრების მიზანი ოლიმპიადაზე, შვიდივე წონაში ლიცენზიის აღებაა და დიდი ალბათობით, ეს უნდა მოახერხონ კიდეც. 

ბელორუსში ტატამს დაუბრუნდება დისკვალიფიკაცია მოხდილი, გურამ თუშიშვილი. იმის მიუხედავად, რომ გურამს დისკვალიფიკაცია ჰქონდა და არც უჭიდავია, მსოფლიო რეიტინგში თავის წონაში, მაინც პირველ ადგილზეა. 

* * * 

„სან ანტონიოს“ მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი 70 წლის გახლავთ, მაგრამ ამის მიუხედავად, მასთან კონტრაქტი გუნდმა კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა და რაც მთავარია, ის NBA-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი გახდა. პრემიალურების გარეშე, მისი წლიური ჯამაგირი 11 მილიონი დოლარი იქნება, რასაც პრემიალურებისა და ბონუსების ჩათვლით, ერთი ამდენი კიდევ დაემატება. პოპოვიჩის ხელმძღვანელობით, „სან ანტონიომ“ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო და ზედიზედ 22-ჯერ გავიდა პლეი-ოფში, რაც ყველა დროის რეკორდია. 

* * * 

ლეგენდარული ესპანელი მეკარე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, იკერ კასილასი სიკვდილს გადაურჩა. 37 წლის კიპერი, კარიერის ბოლო წლებს ,,პორტუში'' ატარებს, თუმცა გასულ კვირას მან ვარჯიშზე მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ დასკვნის მიედვით, კასილასისთვის საფეხბურთო კარიერა დასრულებულია, რადგან მას ავადმყოფობა ვარჯიშში ხელს შეუშლის. 

„კორონარული სტენტით სიცოცხლე შეიძლება, ფეხბურთის თამაში – არა“, _ ასეთია ექიმის დასკვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტის ამ სახეობიდან, კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა. 

კიდევ ორი ლეგენდარული ფეხბურთელი ემშვიდობება არანაკლებ ლეგენდარულ კლუბს. სეზონის დასრულების შემდეგ, მიუნხენის ,,ბაიერნს'' ფრენკ რიბერი და არიან რობენი ტოვებენ. ორივე ნახევარმცველი ასაკშია და ამიტომ, გუნდიდან მათი წასვლა არავის გაკვირვებია. დიდი ალბათობით, ფრანგი და ჰოლანდიელი რომელიმე ყატარულ კლუბს მიაშურებენ, იქ შეიხების გასახარად იბურთავებენ და სეზონში, მინიმუმ, 10 მილიონსაც ჩაიჯიბავენ. 

ბოლო დროს, ყველა ვეტერანი, პრაქტიკულად, ასე იქცევა და... ,,ბაიერნიდან წასვლა ძალიან ძნელია. ამ გუნდში 12 წლის მანძილზე 20 ტიტული მოვიგე, მაგრამ როცა 37 წლის ხარ, დიდი არჩევანი არ არის'', _ თქვა რიბერიმ, რომელიც გამოჩეული იმითაც გახლავთ, რომ სახეზე, წლების წინ ავარიის შედეგად მიღებული უზარმაზარი ნაიარევი აქვს. 

ბევრჯერ უთხრეს რიბერის, პლასტიკურ ოპერაციას რატომ არ იკეთებო, მაგრამ ფრანგი პასუხობს, რომ ნაიარევი ყოველდღიურად ახსენებს, რა ახლოსაა სიკვდილი. 

* * * 

მადრიდის „რეალში“ რევოლუციისთვის ემზადებიან. კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა უკვე დააანონსა, რომ ტრანსფერებისთვის უპრეცედენტო თანხას, ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს. პარალელურად, გუნდში დაბრუნებული ზინედინ ზიდანი უკვე იმ ფეხბურთელების სიას ადგენს, რომლებსაც ზაფხულში გაყიდის და სიის თავში გარეთ ბეილი წერია. უელსელი, რომელიც „სამეფო გუნდს“ 100 მილიონზე მეტი დაუჯდა. თავად ფეხბურთელი ჯიუტად აცხადებს, რომ წასვლას არსად აპირებს, მაგრამ ზიდანმა ბოლო შეხვედრის განაცხადშიც არ შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბედი გადაწყვეტილია. 

რაც შეეხება ყიდვას, ფრანგ სპეციალისტს თვალი „ჩელსის“ შემტევზე, ედენ აზარსა და „პსჟ“-ს თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე უჭირავს, თუმცა... მბაპეს ფასი 200 მილიონს სცდება და თან ძალიან საეჭვოა, პარიზულმა კლუბმა თავისი მარგალიტი დათმოს. 

ბულვარული პრესა ჯენიფერ ლოპესისა და ბეისბოლის ვეტერანი მოთამაშის, ალექს როდრიგესის ფოტოებით აჭრელდა. როგორც ამბობენ, მომღერალი და ყოფილი სპორტსმენი უკვე კარგა ხანია, ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ საზოგადოებას ახლა დაენახნენ. როგორც ლოპესი ამბობს, მას სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტად ბეისბოლი ხიბლავს და ეს მისი პირველი რომანი არაა სპორტის ამ სახეობის წარმომადგენელთან. ცნობისათვის, როდრიგესის ქონება ნახევარ მილიარდ დოლარს ითვლის და მან ეს ფული ბეისბოლის კეტის ქნევით იშოვა. 

* * * 

რუსეთის პირველ ლიგაში ულიანოვსკის ვოლგა თამაშობს. ჰოდა, ამ გუნდის პრეზიდენტმა, 22 აპრილს გასამართი მორიგი ტურის შეხვედრისთვის, კლუბის მაისურზე ლენინის ფოტო გამოხატა. ასე აღნიშნეს ულიანოვსკში რევოლუციის ბელადის დაბადების დღე და როცა „ვოლგას“ შეფს ჰკითხეს იდეის არსი, მან ღიმილით განაცხადა: „ლენინი? _ ის ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია. თუ არ გჯერათ, მავზოლეუმში მიდით“. 

* * * 

დასასრულს, ავსტრალიის ნაკრების მორაგბე, ისრაელ ფოლაუ რაგბის სამყაროს პელე, მარადონა და მესია. მას რაგბის ისტორიაში, პროფესიულ დონეზე, ყველაზე მეტი ლელო აქვს გატანილი და ისე ჩანს, მისი დამწევი მინიმუმ ნახევარი საუკუნის მანძილზე არ გამოჩნდება. ჰოდა, ორიოდე კვირის წინ, ფოლაუმ სოციალურ გვერდზე, 17 მაისთან დაკავშირებით, შემდეგი სახის პოსტი დადო: „ჯოჯოხეთი ელით ჰომოსექსუალებს და ათეისტებს!“ 

ამ განცხადების შემდეგ, ფოლაუ ნაკრებიდან მოკვეთეს და შესაძლოა, კლუბიდანაც გაუშვან. 

„ღმერთის მჯერა. ვიცი, რომ ის აკონტროლებს ყველაფერს. როგორც მას სურს, ისე იქნება. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ვაკეთებ იმას, რაც ღმერთს სურს. ღმერთისთვის ვცხოვრობ, მისი გეგმები ჩემს შესახებ უფრო კარგია, ვიდრე ის, რაზეც მე ვფიქრობ“, _ ეს განცხადება ფოლაუმ ნაკრებიდან მოკვეთის შემდეგ გააკეთა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში