Menu
RSS

წლებია ვარსკვლავის გახსნა საზოგადოების განსჯის საგანია. ვიღაცები დღემდე შფოთავენ, უვარსკვლავოდ დარჩენილებს არაფერი დაუშავებიათ და გაუგებარია, დღემდე ამაოდ რატომ ელიან საკუთარ ჯერსო; ვიღაცები მუდმივად ქირქილებენ, მხოლოდ ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს ამ საკითხსო; სხვანი კი უკმაყოფილებას ვერ მალავენ _ გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწეები რატომ დარჩნენ დაუფასებელნიო. ამ უკანასკნელ პრეტენზიას ადრესატი, დავით ოქიტაშვილი აქამდე ერთადერთი არგუმენტით პასუხობდა _ გარდაცვლილებისთვის ვარსკვლავებს არ ვხსნითო, თუმცა რამდენიმე ხნის წინ ერთი გამონაკლისი დაუშვა და განაცხადა, ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი გაიხსნებაო. მოგვიანებით კი, ირაკლი ლომაიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მოითხოვა, ვარსკვლავი მზია კვირიკაშვილისთვისაც გაეხსნათ.
„ერთი კითხვა მაქვს ოქიტაშვილთან და ამას საჯაროდ ვამბობ, ასევე მივმართავ პრესას, გააშუქონ ეს სტატუსი. აქამდე ამბობდი, რომ მიცვალებულებზე ვარსკვლავი არ შეიძლება გაიხსნას, ახლა თურმე შეიძლება – რა თქმა უნდა, იმსახურებს და უხსნით...მაგრამ თუ შეიძლება, მსგავსი გამონაკლისი დაიშვას, ქალბატონ მზია კვირიკაშვილს რატომ არ უხსნი ვარსკვლავს? მზია არ იყო სახალხო არტისტი? არ იყო საზოგადო მოღვაწე, თუ უნიჭო იყო? წლებია გელოდები, მაგრამ რადგან მაგდენს ვერ მიხვდი, იძულებული ვარ, ხმა ამოვიღო. მეტი არ მინდა ვინმე გადამეღობოს წინ და რაიმე პრეტენზია გამოთქვას!''.
,,ვერსია'' კომენტარისთვის კულტურის პალატის პრეზიდენტს დაუკავშირდა:
_ ჩვენ ვისაუბრეთ და ამ ადამიანს ავუხსენი, რომ მიცვალებულის ვარსკვლავს არ ვხსნით... წინა საკრებულომ დაიწყო მუშაობა, გაკეთდება დიდების ხეივანი და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით მოხდება ეს, საზოგადო მოღვაწეებს სწორედ იქ დავაფასებთ... თუმცა ვფიქრობ, ცნობილი ადამიანები საქართველოში დაფასებულები არიან, განისვენებენ მთაწმინდის, დიდუბის პანთეონებში... მიცვალებულების ვარსკვლავის გახსნა რომ დავიწყოთ, პანთეონიც დაკარგავს თავის დანიშნულებას. ცუდად არ გამიგოთ და, მთელ ქალაქს საფლავად ხომ არ გადავაქცევთ? ან, როგორ წარმოგიდგენიათ, ვასო გოძიაშვილისა და ვერიკო ანჯაფარიძის ვარსკვლავებზე ფეხით იაროს ხალხმა?! _ ეს არ შეიძლება. საფლავზე ფეხით არ დადიან! მსგავსი რამ მსოფლიოში არსად ხდება
რაც შეეხება ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნას, ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, მზად იყო კინოკოლაჟი, ვარსკვლავი და ამიტომ ვთქვი, რომ პროექტი აუცილებლად დასრულდებოდა. ლიკას გარდაცვალების მერე ხომ არ დავიწყეთ ფიქრი ვარსკვლავის გახსნაზე? პროექტის დროს დაიღუპა ადამიანი. გვინდა, გავიდეს გარკვეული პერიოდი და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის მივაგებთ ლიკას პატივს, რასაც იმსახურებდა. მაპატიოს ყველამ, მაგრამ არ შეიძლება ყველაფრის გაუბრალოება.
გაკეთდება დიდების ხეივანი და რასაკვირველია, მზია კვირიკაშვილი მოხვდება იქ. მე არ მოვყვები ახლა ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ის ჩემი მეგობარი იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მაინცდამაინც ახლა გაახსენდათ? მისი ვარსკვლავი სიცოცხლეშივე უნდა გაეხსნათ, თუმცა იმ პერიოდში ეს უფლება-მოვალეობა ჩამორთმეული მქონდა, მზია დღემდე რჩება ერთადერთ იუმირისტ ქალბატონად, რომელსაც ბადალი არ ჰყავს. მაშინ კი ამ ღონისძიებას აკეთებდა კულტურის სამინისტრო და გასაგებია, პრეტენზია ვისთანაც უნდა ჰქონდეთ. მადლობა, რომ ვარსკვლავის გახსნა დღემდე აქტუალურია, მაგრამ... დამანებონ თავი, რა.
თამარ ლომსაძე

დაბრუნება დასაწყისში