Menu
RSS

რაგბის კავშირის სისხლიანი „რაზბორკების“ კვალი ფინანსურ მაქინაციებამდე მიდის?

დაუდასტურებელი ხარჯები, ხარვეზები შრომის ანაზღაურებასა და შესყიდვებში _ აუდიტის სკანდალური დასკვნის უცნობი დეტალები

რაგბის კავშირი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. 16 სექტემბერს, კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა შვიდკაცა რაგბის ნაკრების კაპიტანი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია, რომელსაც ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიების ინფორმაციით, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ბესელიამ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ, რამაზ ხარაზიშვილს. დაჭრილი მორაგბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულ ბესელიას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. 

რაც შეეხება დაჭრილ მორაგბეს, რამაზ ხარაზიშვილი საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებისა და კლუბ „იუნკრების“ კაპიტანია. პარალელურად, ის ახლახან შექმნილი რაგბის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრიცაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფი 16 სექტემბერსვე, სისხლიან გარჩევამდე რამდენიმე საათით ადრე, „მზიურის“ ტერიტორიაზე, საქართველოს ჩემპიონატის მოსამზადებელ დეტალებზე სასაუბროდ შეიკრიბა. ცნობილია ისიც, რომ ბოლო დროს, საინიციატივო ჯგუფი, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას არაერთხელ დაუპირისპირდა და გარკვეული პრეტენზიებიც წაუყენა, მათ შორის, კავშირში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე. ამ ეტაპზე, უცნობია, იყო თუ არა რაგბისტების დაპირისპირება კავშირში არსებული ფინანსური პრობლემების გაგრძელება, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ თემით სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ჯერ კიდევ 2020 წლის იანვრიდან დაინტერესდა. ზუსტად სამ თვეში ანუ მარტის დასაწყისში, აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის მიერ, 2014-2018 წლებში განხორციელებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ეხება. ,,ვერსია’‘ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის სკანდალურ დეტალებს გთავაზობთ.

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2014-2018 წლებში შრომის ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო, პრემია, კომპენსაცია) 38 789 994 ლარი შეადგინა. აქედან, მორაგბეებისა და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება 32 395 471 ლარია, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა _ 6 394 523 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში, შრომის ანაზღაურება გაზრდილია 5 242 229 ლარით: მორაგბეებისა და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება _ 4 529 452 ლარით, ხოლო ადმინისტრაციის პერსონალის შრომის ანაზღაურება _ 712 777 ლარით. 

კავშირის მიერ, სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემების საფუძველზე, ადმინისტრაციული პერსონალის ზუსტი რიცხოვნობა ვერ დგინდება. აუდიტის ჯგუფის შეფასებით, რომელიც ეფუძნება არსებული თანამდებობრივი პოზიციების თაობაზე აუდიტის ობიექტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლა-შეფასებას, 2018 წელს, კავშირში, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ თანამდებობებზე დასაქმებული პერსონალის სავარაუდო რიცხოვნობა 140 ერთეულია. პერსონალის ამ ოდენობის მიხედვით, მათი შრომის ანაზღაურების ხარჯი 2018 წელს _ 3 117 665 ლარი იყო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ მაჩვენებელს. 

,,ადამიანური რესურსის მართვისა და შრომის ანაზღაურების კუთხით გამოვლინდა შეუსაბამობები და კონტროლის ნაკლოვანებები: დაქირავებულ პირებთან, რომელთა შრომის ანაზღაურების წყაროა საბიუჯეტო სახსრები, გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულებები. რიგ შემთხვევებში, აღნიშნული ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაო, რაც კავშირის სხვა ოფიციალური დოკუმენტებითაც არ არის დადგენილი. ცალკეულ შემთხვევებში, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებთან, რომელთა შრომის ანაზღაურების დაფინანსების წყარო არასაბიუჯეტო სახსრებია, გაფორმებული არაა წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული შრომითი ურთიერთობის ისეთი არსებითი პირობები, როგორებიცაა: თანამდებობა (პოზიცია), შესასრულებელი სამუშაო, შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა. რაგბის კავშირის წარმოდგენილი ინფორმაციით, 2018 წელს ექიმის, მენეჯერებისა და ნაკრებების მწვრთნელთა პოზიციებზე დასაქმებული პირები, ამავდროულად, სახელფასო ანაზღაურებას იღებენ ე.წ. „მაღალი მიღწევების აკადემიაში“ (HP აკადემია), რომელიც „ფუნქციონირებს“ 2018 წლიდან. პრეზიდენტისა და გამგეობის გადაწყვეტილება აღნიშნული აკადემიის შექმნის შესახებ მიღებული არ არის, რაც შეუსაბამობაშია საწესდებო მოთხოვნასთან. კავშირთან არსებული რაგბის ეროვნული აკადემიის პარალელურად, „მაღალი მიღწევების აკადემიის“ შექმნის მიზანშეწონილობის დასაბუთება და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე მტკიცებულებები კავშირმა ვერ წარმოადგინა’‘, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

შრომის ანაზღაურების ნაწილში, სახელმწიფო აუდიტორებმა სხვა დარღვევებიც გამოავლინეს, კერძოდ: ადმინისტრაციული პერსონალის მიხედვით, არ აღირიცხება სამუშაო დრო, რომელიც შრომის ანაზღაურების დარიცხვის საფუძველია. შედეგად, არის შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ (არასამსახურებრივი მიზნით) მყოფ პირზე, ამავე პერიოდში დარიცხულია და გაცემულია შრომის ანაზღაურება ხელფასის სახით; სამუშაო დროის სრულ განაკვეთზე დასაქმებული 140 პირიდან 79 მათგანი, ანაზღაურებად შრომით საქმიანობას ეწეოდა რამდენიმე ორგანიზაციაში, თანაც ერთდროულად! არის შემთხვევები, როდესაც კავშირში სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირები, იმავდროულად, დასაქმებულები არიან ამავე კავშირში, ოღონდ სხვა ანაზღაურებად პოზიციებზე! 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებ გუნდზე, 2015 წლის 29 ივნისიდან 2015 წლის 8 ოქტომბრამდე ანუ „მსოფლიო თასისათვის“ მზადების პერიოდში, მორაგბეებსა და დამხმარე პერსონალიზე, დღიური ხარჯის სახით, პრეზიდენტის ბრძანებების საფუძველზე გასაცემი თანხა შეადგენდა 2 044 187 ლარს, ფაქტობრივად კი 2 200 092 ლარი გასცეს. კავშირმა ზედმეტად 155 905 ლარი აანაზღაურა, რაც ნაკრების არამოთამაშე პერსონალზე (მწვრთნელები, მენეჯერები, ვიდეოანალიტიკოსი, სპორტული დირექტორი, სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარე) განაწილდა. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისეთი შემთხვევაც გამოავლინეს, როდესაც „შევარდენის“ ბაზაზე მომზადების პერიოდში, დღიური ხარჯი ადმინისტრაციის იმ თანამშრომლებზე გასცეს, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ გათვალისწინებულნი კავშირის 2015 წლის 26 ივნისისა და 20 ივლისის ბრძანებების საფუძველზე დამტკიცებულ ეროვნული ნაკრები გუნდის გაფართოებულ სიებში! შესაბამისად, ამ პირებს, მომზადების რვადღიან პერიოდში, ზედმეტად 34 485 ლარი აუნაზღაურეს! 

რაგბის კავშირის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული პერსონალის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე 9 პირი, რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მიავლინეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში, 2015 წლის 17 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართა. კავშირის ამავე წლის 7 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, დასაბუთების გარეშე, ამ პირებს, მივლინებაში გამგზავრების წინ (2015 წლის 9 სექტემბერს), პრემიის სახით, ნაღდი ფული _ 32 300 ლარი გამოუყვეს, რომელიც საბანკო ანგარიშიდან, საორგანიზაციო ხარჯის დანიშნულებით გამოიტანეს. 2016 წლიდან, ანგარიშსწორება მხოლოდ უნაღდო ფორმით ხორციელდება. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ადამიანური რესურსების მართვისა და სამუშაო დროის აღრიცხვის პროცესში, კონტროლის საშუალებების არარსებობის შედეგად, არაეფექტიანი და არაოპტიმალური საშტატო სტრუქტურა ჩამოყალიბდა. მეტიც, შრომითი ურთიერთობები არ ეფუძნება შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს: რიგ შემთხვევებში, არ არის განსაზღვრული და წერილობითი ფორმით შეთანხმებული ისეთი არსებითი პირობა, როგორიც შესასრულებელი სამუშაოა. შესაბამისად, გაურკვეველია, კონკრეტულად რა სამუშოს ასრულებს დასაქმებული პირი, რაც სუსტი შიდა კონტროლის პირობებში, საჯარო სახსრების არაეკონომიურ/არაეფექტიან განკარგვას იწვევს და ფიქტიური „შრომითი საქმიანობის“ ანაზღაურების რისკებს ზრდის. სწორედ ამ კრიტერიუმის შეუსაბამოდ, დამხმარე პერსონალს, დღიური ხარჯის სახით, რაგბის კავშირმა ზედმეტად 190 390 ლარი აუნაზღაურა! 

დარღვევები შესყიდვებში 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2014-2018 წლებში, კავშირის მიერ 764 064 ლარის სხვადასხვა სახის ინვენტარის შესყიდვა და მიმწოდებლის შერჩევა დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში, „შევარდენისა“ და „მარტყოფის“ ბაზებზე, საწვრთნელი შეკრებების დროს, მორაგბეთა კვების მომსახურებაზე 2 504 180 ლარი დაიხარჯა. კვების მომსახურების შესყიდვის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებს და ამ პროცესში კონტროლის მექანიზმებს გააჩნია ნაკლოვანებები და შეუსაბამობები, კერძოდ: მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა მიმდინარეობდა ბაზრის კვლევისა და შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა-ანალიზის გარეშე. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კვების მომსახურების ერთეულის (დღეში ერთი ადამიანის კვება) ღირებულება, რომელიც სხვადასხვა პერიოდში, 54-დან 60 ლარამდე მერყეობს. 

,,დაუსაბუთებელია მიმწოდებლის ცვლილების მიზანშეწონილობა. 2014-2017 წლებში, „შევარდენის“ საწვრთნელ ბაზაზე, კვების მომსახურებას ახორციელებდა შპს „ჯთ სერვისი“ და შპს „ფუდ მენეჯმენტ გრუპი“. ამ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, კვების მომსახურების ერთეულის ღირებულება შეადგენდა 54 ლარს. 2017 წლის 18 დეკემბერს, მომსახურების მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა შპს „მესერ +“-თან, რომელიც კავშირში დასაქმებულმა პირებმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე ორი თვით ადრე დააფუძნეს. ხელშეკრულების მიხედვით, კვების მომსახურების ერთეულის ღირებულება გაიზარდა და 60 ლარი გახდა. ახალი მიმწოდებლის შერჩევისა და ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილების (ფასის ზრდის) დასაბუთება აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა.

 

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შპს „მესერი +“, კვების პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილის შესყიდვას ახორციელებდა წინა მიმწოდებელთან აფილირებული კომპანიისგან. შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი საგადასახადო დოკუმენტაციით დადგინდა, რომ 2018 წელს, შპს „მესერი+“ მხოლოდ კვებით მომსახურებას უწევდა კავშირს, რისთვისაც 509 020 ლარი გადაუხადეს. აქედან, რაგბის კავშირის მოქმედ თანამშრომლებს, რომლებიც ამავდროულად, ამ კომპანიაშიც არიან დასაქმებულნი, ხელფასის სახით, 229 373 ლარი ანუ შემოსავლის 45% გადაუხადეს’‘.  

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2014-2018 წლებში, „შევარდენის“ საწვრთნელ ბაზაზე, კვების მომსახურების განმახორციელებელი კომპანიები და მათ შორის, შპს „მესერი +“, ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებდნენ შპს „რაგბის განვითარების ჯგუფის“ (20%-იანი წილობრივი მონაწილეობით დამფუძნებელია კავშირი) მმართველობაში არსებულ 207.4 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს და ინვენტარს. ამასთან, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, ეს კომპანიები, როგორც კომუნალური მომსახურების მომხმარებლები, ცალკე აბონენტად რეგისტრირებულნი არ იყვნენ. მათი მხრიდან აქტივების გამოყენებისა და მოხმარებული კომუნალური ხარჯების საკომპენსაციო თანხა, შპს „რაგბის განვითარების ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, მხოლოდ 100 ლარი იყო თვეში, რაც საბაზრო პირობების გათვალისწინებით, არაადეკვატურად დაბალი საფასურია! 

,,ანალოგიური მდგომარეობაა მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაწეულ კვების მომსახურებაშიც. 2017-2018 წლებში, ამ ბაზაზე კვების მომსახურების მიმწოდებელი იყო შპს „უნა“. მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ერთეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 60 ლარს. აღნიშნული კომპანია დაფუძნდა/დარეგისტრირდა 2017 წლის 6 მაისს _ ხელშეკრულების გაფორმებამდე, 6 დღით ადრე. რიგ შემთხვევებში, არ არსებობს მომსახურების ფაქტობრივად განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შპს „უნა“ ეკონომიკურ საქმიანობაში უსასყიდლოდ იყენებდა კავშირისა და შპს „რაგბის განვითარების ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 378 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართსა და ინვენტარს. ამასთან, შპს „უნა“ ცალკე აბონენტად რეგისტრირებული არ ყოფილა, როგორც კომუნალური მომსახურების მომხმარებელი და შესაბამისად, არ იხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის საფასურს. შპს „უნას“ 2018 წელს განხორციელებული აქვს მიწოდება მხოლოდ კავშირისთვის კვების მომსახურების სახით და მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 228 334 ლარი (დღგ-ის გარეშე). კომპანიამ მხოლოდ 56 526 ლარი (დღგ-ის გარეშე) გახარჯა, ხოლო ხელფასების სახით, 114 991 ლარი გასცა, აქედან, კომპანიის დირექტორმა _ 84 250 ლარი მიიღო! ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მიწოდებული მომსახურების ხარისხის ინსპექტირების მექანიზმი, არ არის შეთანხმებული მენიუ და კვების ღირებულება’‘. 

დარღვევები გამოვლინდა სამედიცინო მომსახურების შესყიდვაშიც. რაგბის კავშირის მოქმედი თანამშრომლების მიერ, 2014 წელს დაფუძნებული შპს „სპორტული მედიცინის კლინიკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებებით, მორაგბეებისთვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიზნით, 2015-2018 წლებში, კავშირმა 425 185 ლარი გადაიხადა. კლინიკა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს თბილისში, „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე, კავშირის საკუთრებაში არსებულ 142 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაში, ხოლო საქმიანობისას გამოყენებული სამედიცინო აპარატურის ნაწილი, რაგბის კავშირის საკუთრებაა. 

ანგარიშსწორება განხორციელებულია კლინიკის მიერ, აუდიტორებისთვის წარდგენილი ინვოისებისა და ინვოისებზე თანდართული სამედიცინო მომსახურების მიმღებ პირთა რეესტრების საფუძველზე. ამ დოკუმენტაციით, აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა მოცემული პირებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საჭიროების, ასევე, მომსახურების ხასიათის (გეგმური, გადაუდებელი) შესახებ. არის შემთხვევები, როცა კლინიკის მომსახურება მიღებული აქვთ ნაკრების იმ მორაგბეებსაც, რომლებიც მომსახურების გაწევის პერიოდში, კავშირის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნაკრების გაფართოებული სიების შესაბამისად, უცხოეთში იმყოფებოდნენ. 

,,კავშირის მიერ, კლინიკისთვის ანაზღაურებულია მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ფარგლებში უცხოელი სპეციალისტის შესრულებული ოსტეოპათის მომსახურება, რომლის ღირებულება 102 569 ლარი იყო. არადა, ამავე პერიოდში, აღნიშნულ პირს, ცალკე გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კავშირიდან იმავე სახის მომსახურების ღირებულებაც აუნაზღაურეს _ 228 044 ლარის ოდენობით. შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, ორგანიზაციაში შეთავსებითი საქმიანობა ამ პირს მხოლოდ კავშირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლო, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობდა!’‘ 

დაუდასტურებელი ხარჯები 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ რაგბის კავშირში დაუდასტურებელი ხარჯებიც არსებობს ანუ აუდიტორული შემოწმების დროს, ამა თუ იმ ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებით, კავშირის წარმომადგენლებმა ამ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები აუდიტორებს ვერ წარუდგინეს! 

,,ნაკრებების მენეჯერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე საქვეანგარიშოდ, წარმომადგენლობითი და ნორმის ზემოთ მივლინებების სახით გაცემულ 404 476 ლარზე, ანგარიშვალდებული პირების მიერ, ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის’‘, _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

მნიშვნელოვანი წილი _ 376 826 ლარი, 2014-2015 წლებს ეხება, 2016 წლიდან, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოცულობამ არსებითად იკლო. კერძოდ, 2016 წელს _ 18 278 ლარი იყო, 2017 წელს _ 9 372 ლარი, ხოლო 2018 წელს, ასეთი ფაქტები აღარ ფიქსირდება. ეს თანხები, ანგარიშვალდებული პირების მიხედვით დებიტორულ დავალიანებებად აღრიცხვის ნაცვლად, რაგბის კავშირმა ხარჯებში ჩამოწერა და გააფორმა, როგორც დაქირავებულ პირებზე გაცემული სარგებელი, რაც ამ კავშირის ფინანსური სამსახურის სისუსტეზე მეტყველებს _ ესაა საგადასახადო კოდექსის უგულებელყოფა და ჩვეულებრივი, ბუღალტრული შეცდომა! 

ხარვეზები მივლინებებში და სხვა დარღვევები 

ანგარიშსწორების წესის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასამართ ღონისძიებებზე, საქართველოს დელეგაციის წევრების სასტუმროს ხარჯი დღე-ღამეში და ასევე, სადღეღამისო ხარჯი განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების ან/და ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ წინასწარ დადგენილი ნორმების მიხედვით, ხოლო აღნიშნული ნორმების წინასწარ არდადგენის შემთხვევაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასამართ ღონისძიებებზე, საქართველოს დელეგაციის წევრების დღე-ღამის სასტუმროსა და სადღეღამისო ხარჯები განისაზღვრება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულებით დამტკიცებული სამივლინებო ხარჯების შესაბამისად. კერძოდ, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მოსამსახურის მივლინებას მიმღები მხარე კვების ხარჯებით უზრუნველყოფს, მოსამსახურეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის 30%, სადღეღამისო ხარჯები კი იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე, მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის #220 ბრძანების შესაბამისად, სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, დამქირავებლის ბრძანებით, მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ _ ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისას, სადღეღამისო ხარჯების ნორმა განსაზღვრულია 15 ლარის ოდენობით. მგზავრობისა და ბინის დაქირავების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, ამ ხარჯების დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე. 

ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა რაგბის კავშირის წევრების მივლინების ნაწილში: 

,,საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციებისა და ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ, მივლინებების წინასწარ განსაზღვრული ნორმები დადგენილი არ არის. მომწვევი მხარის მიერ კვების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევებში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებზე, კავშირის დელეგაციის წევრების გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეები ანაზღაურებულია სრულად, ხოლო დარჩენილი დღეები _ შესაბამისი ქვეყნისთვის დადგენილი ნორმის 30%-ის ოდენობით. კერძოდ, 2016 წელს, გამგზავრებისა და დაბრუნების დღეების სრულად ანაზღაურების შედეგად, ზედმეტად 43 283 ლარი გასცეს. 2017 წელს, ბელგია-საქართველოს მატჩის დროს, მომწვევი მხარის მიერ კვების ხარჯების ანაზღაურებისას, ბელგიაში გამგზავრებულ 16 სპორტსმენს 5 დღეზე, 4 225 ლარი აუნაზღაურეს. აქედან, 2 დღე _ სრულად, ხოლო 3 დღე _ 30%-ით. შესაბამისად, ზედმეტად ანაზღაურდა 1 894 ლარი!’‘ 

გარდა ამისა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებზე, რიგ შემთხვევაში, კავშირის დელეგაციის წევრების სამივლინებო ხარჯები დაანგარიშებულია და ანაზღაურებულია პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი ზღვრული ნორმების ზევით. კერძოდ, 2016 წლის 9-12 ივნისს, რომში (იტალია) გასამართ საერთაშორისო ტურნირში, საქართველოს შვიდკაცა ნაკრების მონაწილეობის დროს, ერთი ადამიანის სასტუმროში განთავსების ხარჯი, ნორმით გათვალისწინებული 102 ევროს ნაცვლად, 116 ევრო იყო, დღიური ხარჯი კი, ნორმით გათვალისწინებული 45 ევროს ნაცვლად _ 77 ევრო. შედეგად, სამივლინებო ხარჯების სახით, ზედმეტად 2 914 ევროს ეკვივალენტი _ 7 066 ლარი აანაზღაურეს! 

,,არის შემთხვევები, როდესაც ქვეყნის შიგნით მივლინებების დროს, სხვადასხვა ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე, სადღეღამისო თანხები ხარჯების გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების გარეშე, სასტუმროს ინვოისების შეუსაბამოდ გასცეს. კერძოდ, 2016-2018 წლებში, ერთდღიან ღონისძიებებზე, სასტუმროში ერთი ღამით განთავსების დროს, დღიური თანხების 3 დღეზე გაცემის შედეგად, ზედმეტად 1 995 ლარი გადაიხადეს. ერთ დღეზე მეტი ხნით მივლინებულ პირებზე, ბრძანებით განსაზღვრული დღეების შესაბამისად, სასტუმროში განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, 2016-2018 წლებში, ჯამში, 4 360 ლარი გადაიხადეს’‘. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ, 2016-2018 წლებში, სამივლინებო ხარჯებისთვის ზედმეტად გამოყვეს 56 603 ლარი! 

გარდა ამისა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის 2018 წლის 8 მაისის #109/კ ბრძანების შესაბამისად, ,,დიდი 10’‘-ის მონაწილე კლუბების მოთამაშეების ნაკრებში გამოძახების გამო გამოტოვებულ თითოეულ ტურზე, კლუბებისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს: ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე _ 2 000 ლარს, შვიდკაცა და 20-წლამდელთა ნაკრებებში გამოძახებაზე _ 1 500-1 500 ლარს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინების გარეშე, 2018 წელს, კლუბებზე კომპენსაციის სახით, 345 000 ლარი გასცეს. აუდიტით დადგინდა, რომ 2018 წელს, 29 შემთხვევაში, კავშირის მიერ ,,დიდი 10’‘-ის 8 კლუბზე _ 43 500 ლარის კომპენსაცია ზედმეტად აანაზღაურეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორების მოთხოვნით, ,,დიდი 10’‘-ის 8 კლუბზე ზედმეტად გაცემული კომპენსაცია უნდა დაბრუნდეს ან მომავალი გადასახდელებიდან უნდა გამოიქვითოს!

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში