Menu
RSS

უსაფრთხოა თუ არა სასმელი წყალი _ რა წერია აუდიტის დასკვნაში

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’‘ აუდიტი გამოაქვეყნა. კომპანიის 2017-2018 წლების საქმიანობის შესწავლის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა მთელი რიგი ხარვეზები და დარღვევები გამოავლინეს, მათ შორის, ბიუჯეტის ათვისებასა და ბიზნესგეგმის შედგენაში, სახელმწიფო შესყიდვებში, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლსა და დონორ კონტრაქტორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც.

დარღვევები ბიუჯეტის ათვისებასა და ბიზნესგეგმაში 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს რეგიონებში, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების ქვეპროგრამის ფარგლებში, მთავრობის განკარგულებებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სრულად ვერ აითვისა. 2017 და 2018 წლების ბოლოს, აუთვისებელი თანხების ჯამი 14 243 474 ლარი იყო. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2017 წელს, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ 5 პროექტისათვის გამოყოფილი 28 444 310 ლარი, კომპანიამ საერთოდ ვერ აითვისა, რაც საინვესტიციო პროექტების არაჯეროვანი მართვის შედეგია. შესაბამისად, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების სამიზნე მომხმარებლებს ოზურგეთში, ყვარელში, ხარაგაულში, ფასანაურში, გუდაურში, ფოთში, მარნეულსა და ბაკურიანში, თავდაპირველად დადგენილ ვადებში, გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურებები არ მიუღიათ. 

,,2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული 6 სასესხო ხელშეკრულებით დამტკიცებული 477 533 244 აშშ დოლარის რესურსიდან, ათვისებულია მხოლოდ 217 173 863 აშშ დოლარი ანუ მთლიანი თანხის მხოლოდ 45%. ამასთან, პროექტების განხორციელების ვადების გახანგრძლივების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი საკრედიტო რესურსების შემცირების ხარჯზე, პროექტებს პროცენტის სახით, დამატებით, სულ მცირე – 7 446 152 ლარი დაერიცხება. ზოგიერთ პროექტს, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სესხის აუთვისებლობის საურავის სახით, 2 203 543 ლარი დაერიცხა’‘, _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

საბოლოოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და სამინისტროს აპარატის არასაკმარისი ქმედებების გამო, ინფრასტრუქტურული პროექტები თავდაპირველ ვადებში ვერ დასრულდა. ამასთან, მასშტაბური საკრედიტო რესურსების გამოყოფის პირობებში, სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების თავდაპირველი ვადების რამდენჯერმე გახანგრძლივების შედეგად, გაიზარდა საპროცენტო ხარჯები და ამ პროექტების ბენეფიციარების უმეტესმა ნაწილმა დროულად ვერ მიიღო გაუმჯობესებული ურბანული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელებით მომსახურება. შესაბამისად, ვერ იქნა მიღწეული ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი _ პროექტის ბენეფიციართა სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. 

რაც შეეხება ბიზნესგეგმას, სახელმწიფო აუდიტების მტკიცებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, მარეგულირებელი ნორმებით გათვალისწინებული კალკულაცია და სათანადო დოკუმენტირება არ ხორციელდება. ცალკეული მუხლების არასათანადო დაგეგმვის გამო, კომპანია საანგარიშგებო წელს, ცვლილებებს ხშირად ახორციელებს, რაც კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, პროექტების მასშტაბურობიდან გამომდინარე გაუთვალისწინებელი ხარჯების სიხშირითა და მათ დასაფარად საკმარისი საოპერაციო შემოსავლების არარსებობითაა გამოწვეული. 

ამასთან, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებისა და შესაბამისი დანართების გათვალისწინებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას არ აქვს წარდგენილი, როგორც 2013-2018 წლების აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, ასევე, ბიზნესგეგმის დასამტკიცებელად გათვალისწინებული სრული ინფორმაცია. 

ხარვეზები სასმელი წყლის ხარისხის კონტროლში 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, შემუშავებული არ არის სასმელი წყლის უსაფრთხოების გეგმები, რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სასმელი წყლის ხარისხის შეფასების, სისტემის დაცვისა და მიწოდების პროცესის სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობას მისცემდა. 

,,წყლის უსაფრთხოების გეგმების არარსებობა სისტემური ჩავარდნის რისკს ზრდის, ვინაიდან წინასწარ არ არის განსაზღვრული გაუთვალისწინებელ ვითარებაში წყლის ხარისხზე გავლენის მქონე მოვლენებზე (გვალვები, ძლიერი ნალექი ან წყალდიდობა) საპასუხო ღონისძიებები. შესაბამისად, კომპანიის მიერ სასმელი წყლის ხარისხზე კონტროლი არ შეიძლება ჩაითვალოს სათანადოდ ორგანიზებულად და ყოვლისმომცველად. კომპანიის მიერ სასმელი წყლის კონტროლისა და მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა არ შექმნილა, ასევე, არ არის უზრუნველყოფილი კონტროლის შედეგების პროაქტიული ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის. ამასთან, ერთიანი ინფორმაციის არარსებობა, ამ მონაცემების სრულყოფილ სტატისტიკურ დამუშავებასა და რისკების სათანადოდ შეფასებას ართულებს’‘. 

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ კომპანიის მიერ სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის პროცესი არ მიმდინარეობს რეგლამენტით გათვალისწინებული საკონტროლო მაჩვენებლების შესაბამისად. კერძოდ, კომპანიის მიერ მიწოდებული სასმელი წყალი, რეგლამენტით დადგენილი 50-ზე მეტი მაჩვენებლიდან, 5 მაჩვენებელზე ან არ კონტროლდება, ან შედეგები სათანადოდ არ დოკუმენტირდება; კომპანიის მიერ მიწოდებული სასმელი წყალი, 3 მაჩვენებელზე კონტროლდება რეგლამენტთან შეუსაბამო ნორმატივებით; კომპანიაში არ არის დამტკიცებული ინსტრუქცია წყლის ხარისხის გადახრების აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურების შესახებ. 

,,კომპანიის სამუშაო პროგრამებში არ არის გაწერილი იდენტიფიცირებული პოტენციური საფრთხეები და შემოწმებათა საჭირო რაოდენობა რეგლამენტით გათვალისწინებული მაჩვენებლების მიხედვით, ასევე, სანიტარული დაცვის ზონებისა და რეზერვუარების მდგომარეობის შემოწმებების მიზნით, ადგილზე ვიზუალური ინსპექტირებები და მათი პერიოდულობა. შესაბამისად, სამუშაო პროგრამები არსებული სახით ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებას რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და არ ითვლება პასუხისმგებელი პირებისთვის ზუსტ საოპერაციო მონიტორინგის გეგმად. წყლის ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმები არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად’‘. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ წყლის ხარისხთან დაკავშირებით გამოვლენილი 16 შემთხვევიდან 15-ში, სააგენტოსა და კომპანიის შემოწმების შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვა; კომპანია სინჯებს არ ამოწმებს აკრედიტებულ ლაბორატორიებში. შესაბამისად, ეს გარემოება არ იძლევა კომპანიის მიერ განხორციელებული შემოწმებების შედეგების სანდოობაში დარწმუნების შესაძლებლობას; 16-დან 10 შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევა კომპანიის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა; სააგენტო მომხმარებლებს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აცნობებს მხოლოდ მათი მოთხოვნით ჩატარებული კვლევების შემთხვევაში, სხვა დროს კი აბონენტების ინფორმირების რეკომენდაციას გასცემს წყლის მიმწოდებელ კომპანიებზე. 

სამწუხაროდ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ვერ დაუსაბუთეს, იყო თუ არა მოსახლეობა ინფორმირებული ხარვეზებთან დაკავშირებით. მეტიც, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ წყლის ხარისხთან დაკავშირებულ დარღვევებს სააგენტო კომპანიას საქმის კურსში არ აყენებდა, ხოლო რიგ შემთხვევაში, დაგვიანებით აცნობებდა. 

დარღვევები შემოსავლებსა და შესყიდვებში 

აბონენტების სულადობის ცვლილება შესაძლებელია კომპანიის მიერ განხორციელებული ინსპექტირების ან აბონენტების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2017 და 2018 წლებში, ასეთი სახის ინსპექტირება ჩატარდა მხოლოდ ერთხელ და შეეხო ქუთაისის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის სერვისცენტრებს. 

,,სულადობის შემცველ მონაცემებში ცვლილებების განხორციელება ძირითადად მინდობილია აბონენტებზე, რაც ზრდის კომპანიის ბაზაში უზუსტობების რისკს. ამ პრობლემის გარდა, დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბონენტებს არასწორად არიცხავს გადასახადს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შერჩევით გადაამოწმა იურიდიულ პირებზე დარიცხვები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ორ შემთხვევაში, აბონენტებს დარიცხული აქვთ ჯამურად 31 459 ლარით ნაკლები გადასახადი. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ კომპანია კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს’‘. 

2017-2018 წლებში, კომპანიამ 535 515 047 ლარის ღირებულების 664 შესყიდვა განახორციელა, საიდანაც დონორების წესებით შესყიდვების მოცულობა 471 875 454 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით _ 63 639 593 ლარი იყო. 

აუდიტის ჯგუფმა შერჩევით შეისწავლა 83 ელექტრონული ტენდერი, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანება: ბაზრის კვლევა; გაცემული ავანსები; კონტრაქტორების მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; კონტრაქტორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებები; საგარანტიო ვადები; ტენდერების ორგანიზება; არაერთგვაროვანი მიდგომები; პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასება; ხელშეკრულების გაფორმება. 

,,უფრო ზუსტად, 49 შემთხვევაში, კომპანიას არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისგან ფასების გამოკითხვის, შესასყიდი საქონლის არსებული პოტენციური მიმწოდებლების განსაზღვრისა და მათი შესაძლებლობების შეფასების მიზნით. შესაბამისად, მინიმუმ, 55 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების შესყიდვა ბაზრის კვლევის გარეშე განხორციელდა, რაც ზრდის არაეკონომიური ხარჯვის რისკებს’‘. 

მეტიც, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, კომპანიამ 20 გაცემული ავანსიდან 17 შემთხვევაში, რაც ჯამურად 6 058 657 ლარი იყო, აუდიტორებს სათანადო მტკიცებულება ვერ წარუდგინა; შემოწმებული 29 სამშენებლო შესყიდვიდან 10 შემთხვევაში, 17 837 421 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების შესყიდვებზე, კომპანიამ აუდიტორებს ვერ წარუდგინა შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების პერიოდული ინსპექტირების დასკვნები. ჯამურად 2 018 272 ლარის ღირებულების რვა კონტრაქტის შემთხვევაში, კომპანიამ ვერ უზრუნველყო სახელშეკრულებო უფლების გამოყენება საგარანტიო ვადის პერიოდში მისთვის მიყენებული შესაძლო ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. 

,,გარდა ამისა, 993 385 ლარის ღირებულების ორ ტენდერში, ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა გამარტივებული ტენდერის ნაცვლად, შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით განეხორციელებინა, რასაც შესაძლოა, კონკურენცია გაეზარდა და კომპანიის სახსრები დაეზოგა.

ორ შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელთა ჯამური ღირებულება 8 283 450 ლარი იყო, კომპანიამ არ გამოიყენა კანონმდებლობით მოთხოვნილი ერთგვაროვანი მიდგომის პრინციპი და მსგავსი შესყიდვები მნიშვნელოვნად განსხვავებული პირობებით გამოაცხადა. მაგალითად, 8 000 000 ლარის ღირებულების შესყიდვაზე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრა ექვსი თვე, როდესაც მსგავს შესყიდვებზე პრეტენდენტებს კომპანიის მხრიდან 18 თვე ეძლეოდათ. ამის გამო, შემცირდა კონკურენცია და სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკი გაიზარდა’‘. 

დარღვევები დონორ კონტრაქტორებთან 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, უცხოელ კონტრაქტორებთან ისეთ სამშენებლო ხელშეკრულებებს (და მათში ცვლილებებს) აფორმებდა, რომლებიც დავის გადაწყვეტის მექანიზმად ითვალისწინებდა საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენებას. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ეს ხელშეკრულებები და ცვლილებების პროექტები, საქართველოს მთავრობასთან წინასწარი შეთანხმების, ასევე, ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების გარეშე ფორმდებოდა! 

,,კომპანია ხელშეკრულებებს აფორმებს ან ცვლილებები შეაქვს დადებითი სამართლებრივი ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში და სათანადოდ არ უზრუნველყოფს იმ ხელშეკრულებათა პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ’‘, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

უფრო კონკრეტულად, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული 16 პროექტიდან 9 შემთხვევაში, პროექტების შესრულების ვადები მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა, რისი ძირითადი მიზეზებიც იყო: სამშენებლო ნებართვების დაგვიანებით აღება; ხარვეზი საპროექტო სამუშაოებში; ზედამხედველის რეკომენდაციების უგულებელყოფა; თავდაპირველად დაუგეგმავი ცვლილებები პროექტებში და მათი შეთანხმების გახანგრძლივება; კომპანიის მიერ წინასაექსპლოატაციო ტესტირებების არასათანადო დაგეგმვა; კონტრაქტორის არასათანადო მზაობა. 

,,პროექტის დასრულების ვადების გახანგრძლივებასთან ერთად, 8 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 30 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა, ხოლო ერთი პროექტის შემთხვევაში, დაახლოებით, 2 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. შესაძლებელი იყო თუ არა აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინება დაგეგმვის ეტაპზე, კომპანიამ არგუმენტირებული განმარტება ვერ წარმოადგინა’‘. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2017-2018 წლებში, საზედამხედველო კომპანიების მომსახურებაში გადახდილია 29 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა კომპანია სათანადოდ არ რეაგირებს საზედამხედველო კომპანიების მიერ პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშებზე, სადაც აღწერილ საკითხებს ოპერატიული გადაწყვეტა სჭირდება. მეტიც, კომპანიამ კონტრაქტორი 751 374 აშშ დოლარით დააჯარიმა, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავების საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჯარიმა გაბათილდა და კონტრაქტორისთვის პროექტის ვადის გახანგრძლივების გამო, პირიქით, კომპანიას 124 747 აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა! 

,,აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გასწია ზედმეტი ხარჯები. მაგალითად, მშენებლობის პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის დაყოვნების გამო, 210 288 აშშ დოლარი გადაიხადა; კონტრაქტორის ნაცვლად, მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანი _ 295 199 ლარი აანაზღაურა; ოფისის მშენებლობისთვის გამოუყენებელ პროექტში კი 97 665 ლარი გადაიხადა. ამასთან, კომპანია სათაო ოფისის მშენებლობის გახანგრძლივების გამო, იჯარის ყოველწლიური გადასახადის სახით, 1 მილიონ ლარზე მეტს იხდის’‘. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2017-2018 წლებში, კომპანიას ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია არ განუხორციელებია. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების სისრულისა და არსებობის შესახებ. ამასთან, მიმდინარე ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანია ინფორმაციას იღებს თავის საკუთრებაში არსებულ მხოლოდ მოქმედ ძირითად აქტივებზე. ამის გამო, ორგანიზაციის დაარსების დღიდან, სახელმწიფოს მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილი უმოქმედო აქტივების დაკარგვის რისკი იზრდება; ბალანსზე არსებული ძირითადი აქტივების გარკვეული ნაწილი. კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული არ არის; სამ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთები კომპანიამ დუბლირებულად და სხვადასხვა ღირებულებით აღრიცხა.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში