Menu
RSS

„ეს არასამართლიანია!“ _ რატომ უნდა დაუფინასოს მშიერმა ხალხმა თანამოქალაქეებს მშენებარე ბინების შეძენა

იპოთეკური სესხების სუბსიდირება _ სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება თუ წინაასარჩევნო ხრიკი

ხუთი წლის განმავლობაში, მოქალაქეები, რომლებსაც იპოთეკური სესხები აქვთ, 4%-იან სუბსიდირებას მიიღებენ _ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ეს სუბსიდია ყველა იმ იპოთეკურ კონტრაქტზე გავრცელდება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე, 5 წლის მანძილზე დაიდება. იპოთეკური სესხების სუბსიდირება მხოლოდ პირველად ანუ ახლადაშენებულ ბინებს შეეხება. ამასთან, მთავრობისვე გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე, 150 მილიონი ლარი დაიხარჯება, რათა 1 800 დევნილი ოჯახისთვის სამჯერ მეტი ბინა აშენდეს. უფრო კონკრეტულად, დევნილი მოსახლეობა ანუ დაახ-ლოებით, 6 000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას. 

კორონავირუსის გამო მთელი მსოფლიო დაპაუზდა და ცხადია, ყველას, მათ შორის, მსხვილ ბიზნესსაც გაუჭირდა, აღარაფერს ვამბობთ წვრილ და საშუალო ბიზნესზე. საერთაშორისო მედიაში აქტიურად განიხილება, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში გაცილებით მძიმე ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი, რომელიც თავისი მასშტაბით, 2009 წლის ეკონომიკურ კრიზისზე ბევრად გადააჭარბებს. ამ ფონზე, ბიზნესისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის დასახმარებლად სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები, მართლაც, უნდა გადადგას, თუმცა ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ თავისივე გადახდილი გადასახადებით (სახელმწიფო ბიუჯეტი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებისგანაც შედგება), ხუთი წლის განმავლობაში დააფინანსოს სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები. 

რას ნიშნავს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით? რა არის ეს _ სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის სტიმულირება თუ საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლების მიერ ბიზნესის კონკრეტული სექტორისთვის გაღებული ინდულგენცია, რომელსაც ეკონომიკურის ნაცვლად, პოლიტიკური სარჩული აქვს?! _ ,,ვერსიას’‘ ამ თემაზე ,,საზოგადოება და ბანკების’‘ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ესაუბრა.

_ გიორგი, რამდენად სწორია მთავრობის გადაწყვეტილება იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, როდესაც მოქალაქე წლის ბოლომდე იღებს სესხს და ხუთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ამ სესხის 4%-ს, მის მიერვე გადახდილი გადასახადებით უფინანსებს? 

_ კარგად მესმის თქვენი პათოსი, რადგან მეც ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება, მინიმუმ, არასამართლიანია. არ უნდა ვაფინანსებდეთ იმ ადამიანების სესხებს, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად უჭირთ, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უფრო სამშენებლო სექტორის დახმარებაა და ახლავე აგიხსნით, რატომ: ამ გადაწყვეტილებით, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები ხელოვნურად შეინარჩუნებენ ძველ ანუ მაღალ ფასებს უძრავ ქონებაზე. 

თუ მომხმარებლების ბედი გვაღელვებს, მაშინ ისე უნდა დავხმარებოდით ამ სექტორს, რომ 1 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება შედარებით გაიაფებულიყო. ეს უფრო მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე 70 მილიონის დახარჯვა იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე. ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, სამშენებლო ბიზნესმა არსებული ფასებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლოს. 

ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენი გადასახადებისგან შედგება და მთავრობის მხრიდან ნებისმიერი დახმარება, რა თქმა უნდა, მაინც ისე აღიქმებოდა, რომ საზოგადოება ამა თუ იმ სექტორს მისივე გადასახადებით ეხმარება. 

ზოგადად, ფასწარმოქმნაში ხელოვნური ჩარევა არ მომწონს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მოთხოვნა ყველაფერზეა შემცირებული, მათ შორის, უძრავ ქონებაზე, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. შესაბამისად, პოსტპანდემიურ პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ვარდნა მოსალოდნელი იყო, მაგრამ გიორგი გახარიას ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, ეს პროცესი ხელოვნურად გავწელეთ ანუ უძრავ ქონებაზე მაღალ ფასებს ხელოვნურად ვინარჩუნებთ. ერთადერთი სარგებელი, რაც შეიძლება აქედან მივიღოთ, ისაა, რომ სამშენებლო სექტორი გაყიდის ამ უძრავ ქონებას, კომპანიაში დასაქმებული ადამიანები არ დარჩებიან უმუშევრად და ამის შემდეგ, სამშენებლო სექტორი ხელს ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს. 

აქედან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ცოტა უფრო სხვა ფორმით დახმარებოდა სამშენებლო სექტორს და არა ასე _ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე, თან ასე უსამართლოდ, როდესაც თქვენ და მე უსამართლობის განცდა გვიჩნდება, რადგან ვიღაცის იპოთეკური სესხის გადასახადს ვიხდით. 

_ პოსტპანდემიურ პერიოდში, როცა მძიმე ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი და როდესაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სულ სხვა სოციალური და ეკონომიკური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, არ მგონია, ხალხი გავარდეს და იპოთეკური სესხები აიღოს, რათა წლის ბოლომდე ახალი ბინების შეძენა მოასწროს! 

_ გეთანხმებით, ძალიან სწორი მიგნებაა. წარმოიდგინეთ, იპოთეკური სესხების სუბსიდირებით, ხელოვნურად ვაჩენთ არასწორ სტიმულებს ეკონომიკაში. 

დღეს გაურკვევლობა ბიზნესში მსოფლიოს პრობლემაა, რადგან არავინ იცის, რა იქნება ხვალ, არავინ იცის, ფული პროდუქტისთვის უნდა შეინახოს, თუ სადმე დახარჯოს. ამ ვითარებაში ადამიანები ზედმეტ ხარჯებს ერიდებიან და აი, ამ ფონზე, ხელოვნურად ვაჩენთ სტიმულს, რომ ადამიანებმა გრძელვადიანი იპოთეკური სესხები აიღონ. ვფიქრობ, არასწორია, რადგან შესაძლოა, იპოთეკური პორტფელი მნიშვნელოვნად არ შემცირდეს, მაგრამ ამ ადამიანებს იმასაც ვერ ვეტყვით, რომ შემოსავალი ნამდვილად ექნებათ თუ არა. 

თვითონ მოქალაქეები რამდენად გადაწყვეტენ, რომ გარისკონ და აიღონ ამხელა სესხები, სხვა საკითხია. პირობითად, თბილისში, ახლადაშენებული ბინა, შავი კარკასი, მინიმუმ, 100 000 ლარი ჯდება, რატომ ვაძლევთ ადამიანებს ამხელა ვალდებულებების აღების სტიმულს? _ ესეც კითხვის ნიშნებს იწვევს. 

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს, მით უფრო, საპარლამენტო არჩევნების წინ? 

_ სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივი ჩანს. მესმის, რომ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები მსხვილი გადამხდელები არიან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რამდენიმე მსხვილი კომპანია მაღალჩინოსნების პირდაპირ თუ ირიბ კუთვნილებაშია. გარდა ამისა, სწორედ დიდი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები არიან ,,ქართული ოცნების’‘ მსხვილი შემომწირველები. რა თქმა უნდა, მათმა ლობმა კარგად იმუშავა და შესანიშნავი გეგმა მოიფიქრა, ცალკე საკითხია, რამდენად კარგი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. 

_ მართალია, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან ანუ საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება, მხარს უჭერს თუ არა ხალხი მმართველ პარტიას, მაგრამ მაინც არ ვფიქრობ, რომ ,,ქართული ოცნების’‘ გულმხურვალე მხარდამჭერების ოცნება იყო, ხუთი წლის განმავლობაში, სამშენებლო და დეველოპერული სექტორი მათივე გადახდილი გადასახადებით დაესუბსიდირებინათ... 

_ საკითხი ასე დგას: მნიშვნელოვანია, რომ კრიზისების დროს, მთავრობები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს ასტიმულირებენ და ცდილობენ, ჩვენივე გადახდილი გადასახადებით დაეხმარონ. იგივე საგარეო ვალი ანუ პირობითად, გრანტი კონკრეტული სექტორის დასახმარებლადაა მიმართული, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსახლეობამ ზუსტად იცის, წაადგება თუ არა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას ეს გრანტი და შეიწყობს თუ არა ხელს თითოეული ჩვენგანის შემოსავლების ზრდას. 

შესაბამისად, პოლიტიკოსებმა კარგად უნდა განმარტონ და დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც კითხვებს აჩენს, ძალიან წარმატებული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. 

სამწუხაროდ, სამშენებლო სექტორის სტიმულირების ამ გეგმაში ეკონომიკური წარმატება ნაკლებად ჩანს, ეს უფრო კონკრეტული სექტორის დახმარების სურვილია, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს დროში გაწელავს, რადგან ამხელა კრიზისს, თუნდაც სუბსიდირებით, ბუნებრივად ვერ ჩავაქრობთ.  

უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ, გარკვეულ პერიოდში, სამშენებლო ბუმის ხელოვნურ ბუშტს ვქმნით, რომელიც რა შედეგს მოგვიტანს შემდეგ წლებში ანუ აფეთქდება თუ არა იპოთეკური პორტფელები, ან დასრულდება თუ არა ყველა მშენებლობა წარმატებით, შეიძენს თუ არა ყველა მოქალაქე ბინებს _ სერიოზულ კითხვის ნიშნებს ტოვებს. 

იმის გარანტია, რომ ამ ნაბიჯით კრიზისი დაიძლევა, არ არსებობს. შესაძლოა, რამდენიმე კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან წარმატებულიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკისთვის _ არა. ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება, მართლაც, წინასაარჩევნო ნაბიჯს უკავშირდება.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში