Menu
RSS

გია ხუხაშვილი: „ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს ციფრების რახა-რუხში ეჯიბრებიან!“

„შესაძლოა, 100-200 კაცი ჩამობლაყუნდეს, მაგრამ რეალურად, ტურისტული სეზონი ჩავარდნილია!“

ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლების საპირწონედ, მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერის გეგმა წარადგინა. როგორც გეგმის პრეზენტაციისას პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, დახმარების სახით, 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა 500 ლარი, 18 წელს ზევით მოქალაქეებმა კი 1 000 ლარი უნდა მიიღონ. 

,,უალტერნატივო და უპირობო გამოსავალია, რომ ამ ადამიანებს შევეხიდოთ. ჩვენ ვიმუშავეთ კოლეგებთან, რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, მიგვაჩნია სწრაფი, სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა. ყველა მოქალაქე, 18 წლის ზემოთ, მიიღებს 1 000 ლარს, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთა შემოსავალი 40 000 ლარი და მეტია, ასევე, ყველა ბავშვი _ 500 ლარს. მოქალაქეების დახმარების ნაცვლად, ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. ერთადერთი, რაც მილიარდერის ხელისუფლებამ გააკეთა, მშრალი დაპირებაა, რომელიც 2 700 000 ადამიანს არ შეეხო’‘, _ განაცხადა მელიამ. 

ექსპერტი გია ხუხაშვილი ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას ამბობს, რომ სინამდვილეში, ხელისუფლების მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა და მისი ოპონენტის ანუ ნაციონალური მოძრაობის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა სოციალური პროექტებია და ეკონომიკასთან საერთო არაფერი აქვთ. მეტიც, ხუხაშვილის თქმით, ქვეყანას ანტიკრიზისული გეგმა საერთოდ არ გააჩნია.

_ ბატონო გია, თითქოს მივეჩვიეთ, რომ საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პარტიები ან ცალკეული კანდიდატები საკუთარი პროგრამის ეკონომიკური ნაწილის პრეზენტაციისას, ბევრ ისეთ დაპირებას გასცემენ, რაც მათი კომპენტენციის ფარგლებს სცილდება და ხშირად უტოპიურიცაა. ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ? 

_ დიახ, ეს არის პოპულისტური დაპირება, მაგრამ გასაგებია, რომ ოპოზიციონერები ეცდებიან, ასეთი დაპირებები გასცენ _ მათი პასუხისმგებლობა არაა და არც თანხაა მათი მოსაზიდი, შესაბამისად, განცხადების უკან არაფერი დგას. ლოგიკურია, რომ მათი განაცხადი იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს. ასე იქცევა ყველა, რა, ,,ქართული ოცნება’‘ ასე არ იქცეოდა? 

ეს არის ოპოზიციური ტექნოლოგია, რომელიც სტანდარტულია და ყველა ქვეყანაში ასე ხდება ანუ ოპოზიცია აკეთებს განაცხადს, რითაც უნდა მოიგოს ადამიანების გულები _ ესენი გაძლევენ ცოტას, მაგრამ მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, ბევრს მოგცემდიო. ამ დაპირების უკან ამის მეტი არაფერი დგას, რაც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. 

ეს დაპირება ციფრებში რომ დავთვალოთ, დაახლოებით, 3 მილიარდ ლარზეა საუბარი, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტს ამ 3 მილიარდი ლარის ერთჯერადად გადახდის საშუალება არ აქვს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც უამრავი სხვა პრობლემა არსებობს. მეორე მხრივ, განცხადებას ხელს რა უშლის? ამიტომაც აცხადებენ, მაგრამ ,,ქართული ოცნება’‘ რომ ოპოზიციაში იყოს, შესაძლოა, 2 000-ლარიანი დახმარების დაპირებაც გაეცა. 

_ სხვათა შორის, არც ,,ქართული ოცნების’‘ ანტიკრიზისული გეგმაა იდეალური... 

_ საერთოდ არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა! ეს არ არის ეკონომიკური გეგმა, ესაა სოციალური პაკეტი და მეტი არაფერი. გასაგებია, რომ ბიუჯეტს მეტის თავი არ აქვს და რაც შეუძლიათ, მხოლოდ იმას გასცემენ. 

_ საერთოდ, რას ნიშნავს და როგორი უნდა იყოს ანტიკრიზისული გეგმა? 

_ ანტიკრიზისული გეგმა ისეთი უნდა იყოს, რომელიც ქვეყანას კრიზისს კი არ გადააგორებინებს, არამედ, კრიზისიდან გამოიყვანს. გასაგებია, რომ ეს სოციალური პაკეტები ობიექტურად აუცილებელია და ამ მხრივ საკრიტიკო არაფერი მაქვს, მაგრამ კრიზისიდან გამოყვანის გეგმა ხელისუფლებას არ წარმოუდგენია და რაზე გელაპარაკოთ? 

როგორი უნდა იყოს ანტიკრიზისული გეგმა ანუ ხელისუფლების ნაცვლად, ეს გეგმა მე წარვადგინო?! ზოგადად, სხვადასხვა სახის დახმარება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა არ არის. დახმარებას სოციალური პროექტი ჰქვია და ეკონომიკასთან კავშირი არ აქვს! ის, რაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ წარადგინეს ანუ იმას ამდენს მივცემ, ამას კი _ იმდენსო, სინამდვილეში, მოკლევადიანი სოციალური დახმარების გეგმაა. 

რაც შეეხება გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმას ანუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური რესტარტი და მოდერნიზაცია, ამ კუთხით, ხელისუფლებას არაფერი უთქვამს. პრემიერმა მხოლოდ ტურიზმის გახსნაზე ისაუბრა, რაც სრული აბსურდია იმიტომ, რომ წელს სეზონი ჩავარდნილია. ტურისტის გარეშე ტურიზმი გინდა გახსენი, გინდა _ გამოხსენი, რა მნიშვნელობა აქვს? რამდენიც გინდა, იმდენი ლენტა გაჭერი, რა აზრი აქვს, თუ ტურისტი არ ჩამოვა? შესაძლოა, 100-200 კაცი მართლაც, ჩამობლაყუნდეს, მაგრამ რეალურად, ტურისტული სეზონი ჩავარდნილია! 

აქედან გამომდინარე, ტურიზმზე აქცენტის გაკეთება და ისევ იმის ყვირილი, პირველ რიგში, ტურიზმი უნდა გავხსნათო, არასერიოზულია. კი ბატონო, გახსნან, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ამას არ ჰქვია ეკონომიკური გეგმა, რადგან ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წელს ტურისტული სეზონი ჩავარდნილია და სჯობს, ამ აზრს შეეგუონ. 

_ ადრეც მითხარით, რომ კრიზისი ახალ შესაძლებლობებს აჩენს და, სხვათა შორის, ეს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, როდესაც თქვა, საქართველოს, როგორც ტურისტულ ბრენდს, გამაძლიერებელი კომპონენტი _ COVID-19-თან ეფექტურად მებრძოლი უნდა დავუმატოთო. 

_ დიახ, ასეა, მაგრამ ამ შესაძლებლობას გამოყენება უნდა. ჯერჯერობით, რაც მოვისმინეთ, ფერმერებისთვის შეთავაზებულ დიზელის საწვავზე 1 ლარის ფასდაკლება იყო. ფანტაზიაც არ ეყოთ, რომ რამე ახალი მოეფიქრებინათ, რადგან 2005 წლის გაზაფხულზე, მიშამ სწორედ ასე დაარიგა საწვავი, მთლად უფასოდ, მაგრამ შედეგი რა იყო? _ ნული და ახლაც იგივე იქნება. ცუდი კი არ არის და საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, მაგრამ ეს არ არის ეკონომიკა, ამით გრძელვადიან შედეგს ვერ მიიღებთ. კი ბატონო, ხალხს მუქთა დიზელი უნდა, მაგრამ შედეგი რა იქნება? _ ისევ ნული. რეალურად, ესეც სოციალური პროექტია, ეკონომიკას კი სისტემური მიდგომა სჭირდება. 

თუ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ, თვითკმარი გავხდეთ და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, მხოლოდ მოსავალი კი არ უნდა მოვიყვანოთ, ეს მოსავალი უნდა დავაბინაოთ, ტრანსპორტირებაზე ვიზრუნოთ, შევფუთოთ, შევინახოთ და სხვა სეზონზე გავყიდოთ, ან გადავამუშავოთ _ ეს არის დიდი, ერთიანი სისტემა, რასაც პროტექციონისტული პოლიტიკა სჭირდება ყველა მიმართულებით, საიდანაც ერთი ელემენტიც რომ ამოგივარდეთ, არაფერი გამოგივათ. მაგალითად, კახეთში, ზაფხულში, ღორებს აჭმევენ კიტრს, რატომ? _ იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ ინახავენ პროდუქციას, რადგან სისტემა არ არსებობს. მარნეულში კიტრი ლპება, ახალქალაქში კი _ კარტოფილი, რადგან ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. ჩვენ კი ზამთარში, თურქულ კიტრსა და კარტოფილს მივირთმევთ. 

არის გარკვეული სეგმენტები, სადაც პროდუქტი გვაქვს, მაგრამ სისტემა არ არის და შესაბამისად, ეს პროდუქტი ვერ მიგვაქვს მომხმარებლებთან. მოიგონეს რაღაც კომპანია, შპს ,,ჯიბე’‘, რომელსაც მარნეულელი და ბოლნისელი ფერმერებისგან სურსათი უნდა შეეძინა. სინამდვილეში, ,,ჯიბე’‘ მარნეულში ხალხს ევაჭრებოდა, კიტრს 80 თეთრად შეიძენდა თუ 1 ლარად და ეს მაშინ, როდესაც თბილისში 5-6 ლარი ღირდა, თურქული კი _ 3 ლარი. ასეთი არაჯანსაღი სიტუაციაა და აქედან გამოსავალი სისტემურადაა მოსაძებნი, ოღონდ ისე კი არა, მხოლოდ ლოზუნგებით ვილაპარაკოთ, გამოვაცხადოთ და მეორე წუთში დავივიწყოთ. 

_ თუ ხელისუფლებას არ აქვს ანტიკრიზისული და ეკონომიკის გადარჩენის სისტემური გეგმა, ხომ შეიძლება, ასეთი გეგმა ოპოზიციამ შექმნას და წარუდგინოს საზოგადოებას. ამის ნაცვლად, ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც ერთმანეთს არარეალურ დაპირებებში ეჯიბრებიან. 

_ დიახ, რადგან ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტა _ არაკვალიფიციური და პოპულისტური. ხელისუფლება და ოპოზიცია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, სწორედ ციფრების რახა-რუხში ეჯიბრებიან და რეალურ გეგმაზე არ საუბრობენ. ერთადერთი, ვინც რეალური გეგმა დადო, ლელო იყო. მან წარუდგინა საზოგადოებას გეგმა და საგზაო რუკა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მის შესასრულებლად. აქ ჩანდა გარკვეული კვალიფიკაცია, დანარჩენი ყველაფერი ციფრების რახა-რუხი, არჩევნებზე გათვლილი რიტორიკა და დემაგოგიაა. 

რეალურად, ოპოზიციას ბევრი ხელჩასაჭიდი აქვს, რადგან ხელისუფლება, ფაქტობრივად, გაკოტრდა, ჩათვალეთ, რომ აღარ არსებობს, ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, როდესაც პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა. ხელისუფლებამ სამარცხვინო კაპიტულაცია გამოაცხადა და ფაქტობრივად, პოლიტიკური სუიციდი ჩაიდინა. ეს იყო სამარცხვინო საქციელი, რადგან იმის თავიც არ აქვთ, რომ გარკვეული საკითხი ბოლომდე გაიტანონ, მხოლოდ წინ და უკან დადიან.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში