Menu
RSS

როგორ აპირებს მთავრობა პოსტპანდემიურ პერიოდში ტურისტების მოზიდვას

გიორგი გახარია: „საქართველო ტურისტებისთვის მსოფლიო ბაზარზე უნდა პოზიციონირებდეს, როგორც ვირუსისგან უსაფრთხო ქვეყანა!“

15 ივნისიდან, ადგილობრივი ტურისტული სერვისები აღდგება, ხოლო 1 ივლისიდან, საქართველო უცხოელ ტურისტებს მიიღებს. გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენა პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის აღორძინების ანტიკრიზისული გეგმა იყო. ამ გეგმით, ეკონომიკური აღდგენის პროცესი საქართველოში ტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაიწყება. მოგვიანებით, ამას მშენებლობა, დეველოპმენტი, ასევე, ინდუსტრია და განათლება მოჰყვება. პანდემიის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ტურიზმის სექტორის სრული დატვირთვით ამუშავებას გეგმავს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, ეკონომიკისთვის კრიზისი შესაძლებლობად უნდა იქცეს. ტურიზმის გახსნის ეფექტურმა სტრატეგიამ კი საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი უნდა დაუმატოს და ეს ნიშანი უსაფრთხო ქვეყანაა. მეტიც, გახარიას თქმით, საქართველოს, როგორც ტურისტულ ბრენდს, გამაძლიერებელი კომპონენტი _ ჩოვიდ-19-თან ეფექტურად მებრძოლი უნდა დაემატოს. როგორ უნდა ამუშავდეს ტურიზმი კორონავირუსის კრიზისის შემდეგ და რა კონკრეტული გეგმა აქვს მთავრობის მეთაურს, _ სწორედ ეს საკითხები განიხილეს ბათუმში, სადაც გიორგი გახარია სასტუმროსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბათუმში ვიზიტამდე, გიორგი გახარიამ პოსტკრიზისულ პერიოდში, ტურიზმის აღორძინების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც უახლოეს პერიოდში, ტურიზმის დარგს აამუშავებს ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, რა რეკომენდაციებსაც ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია სულ მალე შეიმუშავებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოსტკრიზისულ პერიოდში, ჯერ ტურიზმი გაიხსნება, შემდეგ _ სოფლის მეურნეობა, რასაც სამშენებლო და დეველოპმენტის მხარდაჭერა მოჰყვება, მეოთხე ეტაპზე კი მთავრობა განათლების ანტიკრიზისულ გეგმასაც წარადგენს. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე მიიღო და რის გამოც საკარანტინო ზონებად გადააქცია სასტუმროები, ქვეყანამ უდიდესი გამოცდილება შეიძინა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მთავრობა ჩოვიდ- 19-გან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად განიხილავს წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომისა და სხვა კურორტებს, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების სარეაბილიტაციო ზონები: 

„ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი და პირველ რიგში, ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რათა საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე, 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი გვჭირდებოდა, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია ჩოვიდ-19-ის პრევენციასთან’‘. 

მთავრობის გეგმის შესაბამისად, 15 ივნისიდან, საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მისაწოდებლად, ხოლო 1 ივლისიდან, ქვეყანა მზად იქნება, რათა უცხოელი ტურისტებიც მიიღოს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გაკეთდება, როგორც სახმელეთო საზღვრებზე მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნით, ასევე, უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისით, საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან. გახარიას თქმით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და შესაბამისად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებს და ინფრასტრუქტურას, რათა უცხო ქვეყნებიდან სტუმრები მიიღოს. 

ტურიზმის ეფექტურად გახსნას, გარკვეული სამუშაოები და ღონისძიებები სჭირდება, რაც გახარიას განცხადებით, მთავრობამ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს. მისი თქმით, ტურიზმს სჭირდება კონკრეტული დახმარება, მათ შორის, ფინანსური, რათა 15 ივნისიდან და 1 ივლისიდან, სტუმრები მიიღოს. პრემიერმა ის ღონისძიებებიც განსაზღვრა, რაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა და პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების ეტაპზე, ტურისტული სექტორის მხარდაჭერას ისახავს მიზნად: 

„2020 წლისთვის, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება წლის ბოლომდე. ვერავის დავპირდებით საშემოსავლოს სრულად ჩამოწერას, თუმცა გადავადებისა და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია. კრიზისის მართვის პირობებში, 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით, გავაკეთეთ და რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას _ ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე, რაც იქნება ასევე სერიოზული მხარდაჭერა დარგის განვითარებისთვის’‘. 

ტურიზმის აღორძინების ანტიკრიზისული გეგმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო. უახლოეს პერიოდში, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, იმ კონკრეტულ წესებს შეიმუშავებს, რომლითაც ტურიზმის უსაფრთხოდ გახსნა განისაზღვრება. ამ მიზნით, ქართული მხარე გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, აქტიურად მუშაობს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ვირუსთან ადაპტაცია ისწავლონ, რადგან ეკონომიკა არ უნდა გაჩერდეს. გახარია ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა იყოს, რომელიც ტურიზმს ნელ-ნელა და ფრთხილად გახსნის. 

აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ, ტურიზმის სექტორის დასახმარებლად განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, როგორც კი კრიზისი დაიწყო, ქვეყანამ ფრთხილი ნაბიჯები გადადგა, რადგან ზუსტი პროგნოზის გასაკეთებლად, როდემდე გაგრძელდებოდა ეს კრიზისი, მზად არავინ ყოფილა. სხვათა შორის, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, დღესაც არავის აქვს. პირველი ნაბიჯი, რაც მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიის გადასარჩენად გადადგა, ერთგვარი ცეცხლის ჩაქრობა იყო: 

„ეს ნიშნავს, რომ საშუალო ზომის სასტუმროებს, რომლებსაც პირველ რიგში დახმარება სჭირდებოდა, კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში მივეხმარეთ, ბევრს გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეს საკმარისი არაა. უკვე ისე განვითარდა ეს კრიზისული პროცესები, რომ შემდგომი ნაბიჯებიც გადავდგით _ ტურიზმის ინდუსტრია, სრულად, 20 წლის განმავლობაში, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება; სასტუმროების რაოდენობა, რომელთაც სესხის პროცენტის თანადაფინანსებაში მივეხმარებით, გავზარდეთ და ეს აღარ იქნება 50 ნომრამდე, არამედ, იქნება სასტუმროები, რომელთა ბრუნვა 20 მილიონამდეა; მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილია ტურისტული ინდუსტრიის ტურ-ოპერატორები და ამიტომ, მათაც მივეხმარებით პროცენტის დაფინანსების ნაწილში; გიდები ცალკე საკითხია, დიდი სოციუმია და მათთვისაც გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამთ _ გარდა ფინანსური დახმარებისა, ელემენტარული, სტრუქტურირების თვალსაზრისითაც დავეხმარებით, რომ მათი საქმიანობა უფრო ეფექტური, მოწესრიგებული და შედეგიანი იყოს ყველა ჩვენგანისთვის’‘. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ყველა მოცემულობა აქვს იმისთვის, რომ ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა ეკონომიკაში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, ეკონომიკის ძლიერი მხარეები ისეთ კონკურენტულ უპირატესობად ვაქციოთ, რაც მომავალში, გარღვევის შესაძლებლობას შექმნის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ილუზიებსა და ოცნებებშია, რადგან გახარიას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და დონორებისგან საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს: 

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ახალ პროგრამაზე გააფორმა ხელშეკრულება. ეს ნიშნავს, რომ სრული, აბსოლუტური ტურბულენტობის პერიოდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ენდო და თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკას, ამ კრიტერიუმებითა და პირობებით, ასეთი დარტყმის გადატანა შეუძლია. ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იყო, როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის დახმარება, სამუშაო ადგილების შენარჩუნების თვალსაზრისით, სოციალური დახმარება თითოეულ მოქალაქეს, ფინანსური დახმარება, ეს ყველაფერი განხილულია დეტალურად, თითოეული ლარის დონეზე. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო დონორებთან დაასრულა მოლაპარაკება და ქვეყნის მთავრობისთვის, ბიუჯეტისთვის მოიპოვა 1.6 მილიარდი დოლარი მხარდაჭერისთვის. ასეთი გაურკვევლობისა და ტურბულენტობის პერიოდში, მსგავს მხარდაჭერაზე თანხმობა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, ყველას დამსახურებაა, ესაა ქვეყნის მაკროეკონომიკის სტაბილურობისა და ფუნდამენტის სიჯანსაღე. მთავრობის სახელით, ველაპარაკებოდით ყველა დონორს, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და კერძო სექტორისთვის, დამატებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოვიპოვეთ’‘. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ლოკაციის პოზიციონირების გაძლიერების აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, ქვეყანას, როგორც ტურისტულ ბრენდს, გამაძლიერებელი კომპონენტი _ ჩოვიდ-19-თან ეფექტურად მებრძოლი _ უნდა დაემატოს. 

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც დღეს უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეკონომიკის დარგების _ სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მშენებლობის, პირველ რიგში კი ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რათა საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებდეს არა მხოლოდ ზღვის, მთის, ღვინის, მდიდარი ისტორიის, კულტურის, სამზარეულოს მქონე სახელმწიფო, არამედ, უსაფრთხო ქვეყანა ვირუსის თვალსაზრისით... ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული. ჩვენ აქ შეიძლება ზრდისა და გარღვევის ისეთი მიმართულებები და წერტილები, ან სექტორები აღმოვაჩინოთ, რომლებზეც ადრე საერთოდ არ გვიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდით. აგრეთვე, ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ და ეფექტურობამ სულ მალე, დაახლოებით, აგვისტოსთვის საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას უმკლავდება ეფექტურად, რაც პირველ რიგში, თქვენი ინტერესია, რადგან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, გეყოლებათ მეტი სტუმარი და გექნებათ მეტი შემოსავალი. ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ეს უნდა ჩავიბეჭდოთ ყველამ თავში, თითოეულმა მოქალაქემ, ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა, ხოლო ტურიზმის გამკლავება ამ კრიზისთან, კიდევ ერთი დამატებითი პლიუსი უნდა იყოს საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოზიციონირებაში საერთაშორისო ბაზარზე... 

ქართული ტურიზმი კი არ უნდა შეშინდეს და უკან დაიხიოს, მან უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ჩოვიდ-19-ის ინფექციასაც ვმართავთ, მაგრამ ამავდროულად, შეგვიძლია მივიღოთ ტურისტები და სტუმრები ჩვენს ქვეყანაში. ესაა ფორმულა, რომლითაც უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, პირველ რიგში, აჭარაში. სამწუხაროდ, ყველა უნდა შევეგუოთ, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესები ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა, ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ ადაპტაციას. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია და მთელ მსოფლიოს ვანახოთ, რომ შეგვიძლია მივიღოთ ტურისტები, ვამუშაოთ ეკონომიკა და ამავდროულად, შეგვიძლია წარმატებულად ვუმკურნალოთ ჩოვიდ-19-ით ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებსაც და სტუმრებსაც’‘.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში