Menu
RSS

მსოფლიოში ნავთობი რეკორდულად გაუფასურდა - რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში

კორონაპანდემიის გამო საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ოფიციალური მონაცემებით, 20 აპრილის საღამოდან, ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ნეგატიურია. მეტიც, პირველად ბოლო ათლწლეულების განმავლობაში, ნიუ იორკის NYMEX-ის ბირჟაზე, მაისის ფიუჩერსების ფასი ერთ ბარელზე, მინუს 37.63 დოლარამდე დაეცა. ლონდონის ICE ბირჟაზე, Bret-ის ტიპის ნავთობის ფასი, ერთ ბარელზე 25.57 აშშ დოლარია. როგორ აისახება ნავთობის ფასის ვარდნა საწვავის ფასებზე საქართველოში? უნდა ველოდოთ თუ არა ბენზინისა და დიზელის საწვავის გაიაფებას? - „ვერსიას“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ესაუბრება.

 

- ბატონო ვანო, კორონავირუსის პანდემიას საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის რეკორდული ვარდნაც მოჰყვა...

- დიახ, რადგან COVID-19-დან გამომდინარე, კორონავირუსის პანდემიას უდიდესი გავლენა აქვს მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე უპრეცედენტო ვითარებაა - ბოლო ათწლეულებში უამრავი ომი და სხვა ტიპის გამოწვევა გვახსოვს, მაგრამ მსგავსი სახის ეკონომიკური პრობლემები არ ყოფილა. დავიწყოთ იქიდან, რომ დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, 3 მილიარდ ადამიანზე მეტი კარანტინშია. ამავდროულად, გადაზიდვები - სახმელეთო იქნება, საზღვაო თუ საჰაერო, მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას ისიც ემატება, რომ ეკონომიკური საქმიანობაც მკვეთრად შეზღუდულია. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას ნავთობის ფასის შემცირება მოჰყვა, ოღონდ პარალელურად, ნავთობის მოპოვება და წარმოებაც მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, ნიუ იორკის NYME-ის ბირჟაზე, ერთი ბარელი ნავთობის ფასი მინუს 37 აშშ დოლარამდე დაეცა და ასეთი ფაქტი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: მაისის ფიუჩერსებით, ნავთობის მიწოდების კონტრაქტებს ვადა 21 აპრილს გაუვიდა. შესაბამისად, 20 აპრილს, იმის გამო, რომ ნავთობზე მოთხოვნა არ დაფიქსირდა, მათ, ვისაც მაისის ფიუჩერსები ჰქონდათ, იძულებულები იყვნენ, გაეყიდათ, ოღონდ გაყიდეს ასეთი ფირმულით: ვინც 20 აპრილს იყიდა ნავთობი, ერთ ბარელზე, დამატებით 37 დოლარი გადაუხადეს ანუ ნავთობი გაყიდეს და დამატებითმ ერთ ბარელზე 37 დოლარიც კი გადაუხადეს. 

- ნავთობის ფასის ასეთ მკვეთრ ვარდნას რა რეზონანსი მოჰყვა საქართველოში, ვგულისხმობ ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს - ბენზინისა და დიზელის საწვავიც ასევე, რეკორდულად რატომ არ გაიაფდა?

- ზოგს ასე წარმოუდგენია, რომ ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი გაიაფდა, საქართველოშიც იმავე დღეს, ბენზინი უნდა გაიაფდეს. არადა, ნავთობპროდუქტების ფასები საქართველოში საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასებს მიჰყვება. იმის გამო, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი გაიაფდა, საქართველოში არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, საწვავის ფასი მკვეთრად შემცირდა. შესაძლოა, ბრენდირებულ კომპანიებში, საწვავის ფასი მეტია, მაგრამ ამას ლოგიკური ახსნა აქვს - ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს, არაბრენდირებულებისგან განსხვავებით, დარჩენილი მარაგები არ აქვთ. ამიტომ არაბრენდირებულ კომპანიებს გაცილებით მარტივად შეუძლია. თ, საერთაშორისო ტრენდს აჰყვნენ. მეორე მხრივ, ის ფასები, რაც ბენზინგასამართ სადგურებზე ფიქსირდება, საბოლოო არ არის, ფასების კლება ახლაც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვინაიდან  ტრანსპორტითა და ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია, საწვავის მოხმარებაც ნულია. თუმცა ამის მიუხედავად, თუ არ ჩავთლით რუსეთსა სდა აზერბაიჯანს, საქართველოში საწვავის ფასი გაცილებით იაფია.

 

***

საინტერესოა, რა ღირს 1 ლიტრი ბენზინის ან დიზელის საწვავი საქართველოში. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, „ვერსია“ ბრენდირებული კომპანიების ფასებს გთავაზობთ, რაც 21 აპრილს დაფიქსირდა. 

„სოკარი“: სუპერი -  2.53 ლარი; პრემიუმი -  2.43 ლარი; რეგულარი - 2.33  ლარი; ევრო დიზელი - 2.37 ლარი; დიზელი -  2.27 ლარი; გაზი - 1.44 ლარი.

„ვისოლი“: ეკო სუპერი -  2.48 ლარი; ეკო პრემიუმი -  2.35 ლარი; ევრო რეგულარი - 2.25 ლარი; ევრო დიზელი - 2.35 ლარი; ეკო დიზელი - 2.39 ლარი; დიზელ ენერჯი -  2.31 ლარი; გაზი - 1.46 ლარი.

„ლუკოილი“: სუპერი ეცტო 100 -  2.77 ლარი; ევრო სუპერი -  2.49 ლარი; პრემიუმ ავანგარდი -  2.25 ლარი; ევრო რეგულარი - 2.12 ლარი; ევრო დიზელი - 2.33 ლარი; დიზელი - 2.27 ლარი.

„რომპეტროლი“: სუპერი -  2.48 ლარი; ევრო პრემიუმი -  2.34 ლარი; ევრო რეგულარი - 2.24 ლარი; ეფიხ ევრო დიზელი - 2.34 ლარი; ევრო დიზელი -  2.31 ლარი.

„გალფი“:  სუპერი -  2.49 ლარი; G-Fორცე პრემიუმი -  2.35 ლარი; G-Force ევრო რეგულარი - 2.27 ლარი; რეგულარი - 2.19 ლარი; ევრო დიზელი - 2.39 ლარი; დიზელი - 2.29 ლარი; გაზი - 1.45 ლარი.

 

მაია მიშელაძე

 

 

 

 

 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში