Menu
RSS

როგორ შოულობენ საქართველოში ფულს კორონაპანდემიით და რატომ გაძვირდა ნიორი, ჯანჯაფილი და ლიმონი

კორონაპანდემიისას გარკვეული პროდუქცია საგრძნობლად გაძვირდა.  პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების გარდა, მოთხოვნა კვების პროდუქტებზეც განსაკუთრებით ნიორზე, ლიმონსა და ჯანჯაფილზე (იგივე, კოჭა) გაიზარდა. ნივრით, ლიმონითა და ჯანჯაფილით მკურნალობის ხალხურ მეთოდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პროფესიონალი ექიმებიც გვირჩევენ, რომ იმუნიტეტის ასამაღლებლად რეგულარულად სწორედ ეს პროდუქტები მივიღოთ. როგორც ჩანს, ამ სამი პროდუქტის ამგვარმა სამკურნალო თვისებებმა შექმნა მორიგი კორონამითი, რომ თუ ნიორს, ლიმონსა და ჯანჯაფილს დიდი რაოდენობით მივიღებთ, ახალი „მკვლელი ვირუსი“ ვერ მოგვერევა. ცხადია, მითი იმიტომაცაა მითი, რომ ზღაპრისგან განსხვავებით, რეალობასთან მინიმალური კავშირი აქვს. ამ სამი პროდუქტის სამკურნალო თვისებები, მართლაც, აშკარაა, ოღონდ კორონავირუსის დამარცხებასთან საერთო ნამდვილად არაფერი აქვს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სავარაუდოდ, ამ მითის გამო, 1 კგ. ნიორი 30-40 ლარი ღირს, 1 კგ. ლიმონი - 6-12 ლარი, ერთი კილოგრამი ჯანჯაფილი - 90 ლარი, ოღონდ ნივრისა და ლიმონისგან განსხვავებით, ჯანჯაფილი სანთლით საძებარია.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ნიორი 273%-ით გაძვირდა,  ლიმონი კი - 66.85%-ით. ახლა ვნახოთ, რომელ ქვეყნებიდან და კონკრეტულად, რა ოდენობის ნიორი, ლიმონი და ჯანჯაფილის იმპორტი განხორციელდა საქართველოში 2020 წლის იანვარ-თებერვალში:

„ახალი და გაცივებული ნიორი - 157.3 ტონა (113.3 მილიონი აშშ დოლარი), აქედან 105.7 ტონა - ჩინეთიდან, 48.4 ტონა - ირანიდან, ხოლო 3.2 ტონა - სომხეთიდან შემოვიდა; ახალი ან ხმელი ლიმონი და ლაიმა _ 711.8 ტონა (340.6 მილიონი აშშ დოლარი), აქედან 690.3 ტონა - თურქეთიდან, 21.4 ტონა - ნიდერლანდებიდან, 0.1 ტონა დანარჩენი ქვეყნებიდან შემოვიდა; ჯანჯაფილი, იგივე კოჭა - 46.4 ტონა (111.5 მილიონი აშშ დოლარი), აქედან 44.2 ტონა - ნიდერლანდებიდან, 1.4 ტონა - ირანიდან, ხოლო 0.9 ტონა დანარჩენი ქვეყნებიდან შემოვიდა“.

„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ საქართველოში ამ სამი მაგიური პროდუქტის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები ჩინეთი, ირანი და თურქეთია. კორონავირუსის გავრცელების გამო, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა, პირველ რიგში, საზღვრები ჩინეთსა და ირანთან ჩაიკეტა, მოგვიანებით, როცა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, გაირკვა, რომ თურქეთმა საკუთარი პროდუქციის, განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი შეზღუდა, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია, სხვა მრავალ მიზეზთა შორის, რის გამოც საქართველოში ნიორი, ლიმონი და ჯანჯაფილი გაძვირდა.  

ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელმა, რუსუდან გიგაშვილმა „ვერსიას“ დეტალურად აუხსნა, რატომ გაძვირდა ბოსტნეული, განსაკუთრებით კი ნიორი.

„ბოსტნეული საკმაოდ ბევრი ფაქტორის გამო გაძვირდა, მაგრამ დავიწყოთ იმით, რომ იმპორტიორმა ქვეყნებმა სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გასატანი პროდუქტის მოცულობები შეამცირეს, რადგან შიდა მარაგებს იკეთებენ, შესაბამისად, იმპორტი შეფერხდა. მოგეხსენებათ, ნიორი ერთწლიანი კულტურაა, საქართველოში კი სწორი გათვლები არ არსებობს, რომელი კულტურა უნდა იყოს უპირატესი მიმდინარე წელს და რომელი - თვითკმარი. ამის გამო, ადგილობრივ ფერმერებს საკმაოდ ქაოტურად მოჰყავთ ერთწლიანი კულტურები, მაგალითად, თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ნივრის მაღალი ფასი დაფიქსირდა, იმ წელს ყველამ ნიორი დათესა, მაგრამ მომდევნო წელს ეს პროდუქტი ისე გაიაფდა, რომ თვითღირებულების ფასადაც ვერ ჩააბარეს ფერმერებმა.

ახლა კი ნივრის ასეთ მაღალ ფასს ხელს უწყობს ისიც, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საბაჟო პროცედურები და პროდუქციის ტრანსპორტირება გართულებული და დროში გაწელილია, რაც ასევე, აისახება ფასზე. გარდა ამისა, ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, გამოვთქვამ ეჭვს, რომ შუამავლები და რეალიზატორები თვითნებურადა ზრდიან ამა თუ იმ პროდუქტის მარჟას, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, სამწუხაროდ, სათავისოდ იყენებენ. პირობითად თუ კონკრეტულ კულტურაზე მოგების მარჟა ადრე 15%-20% იყო, ახლა 30%-ია“.

რუსიკო გიგაშვილმა „ვერსიასთან“ საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ნივრის, ლიმონისა და ჯანჯაფილის  გაძვირება აგრარული ბაზრების დახურვასაც უკავშირდება, თუმცა ბაზრების გარდა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიც გააჩერეს და გარე რეალიზატორებიც შეზღუდეს. ცხადია, ყველაფერი ეს ფასებზეც აისახა. აქვე, ხალხში გაჩენილი პანიკაც არ უნდა დაგვავიწყდეს. რუსიკო გიგაშვილმა „ვერსიას“ განუმარტა, რომ პანიკის გამო, ხალხი ისტერიულად და დიდი რაოდენობით ყიდულობს პროდუქტებს, რის გამოც მათზე დეფიციტი ჩნდება, დეფიციტის პირობებში, ბიზნესი ამ პროდუქციას აძვირებს, რადგან ზუსტად იცის, რომ მაინც გაყიდის.

„ვერსიის“ კითხვაზე, ამ პერიოდში, როდესაც ბაზარზე იმპორტირებული ბოსტნეული და ციტრუსი შეზღუდულია, ადგილობრივი, ქართული ნიორი რატომ გაძვირდა, რუსიკო გიგაშვილმა გვიპასუხა:

„ესაა სათბურისა და ე.წ. საადრეო ნიორი. საგაზაფხულო სამუშაოები სოფლად ახლა მიმდინარეობს, რადგან ერთწლიანი კულტურების ხვნა-თესვის პერიოდია. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში რეალური შედეგი გვექნება და შემოდგომაზე ვიმსჯელებთ, რამდენად სწორად ვაწარმოეთ ნიორი წელს. გარდა ამისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურქეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტები დემპინგურ (ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებზე ბევრად იაფად, _ ავტ.) ფასად შემოდის ჩვენთან. ვინაიდან ამჟამად, თურქეთიდან იმპორტი შეზღუდულია და ბაზარზე დაბალფასიანი ნიორი ანუ კონკურენცია არ არის, ადგილობრივი ანუ სასათბურე, გნებავთ, საადრეო ნივრის ფასი მაღალია“.

 

მაია მიშელაძე

 

 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში