Menu
RSS

რა ცვლილებები განხორციელდება კორონაკრიზისის დასრულების შემდეგ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სფეროში

 თითქმის ერთი თვეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და ასევე, საქალაქთაშორისო ხაზებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა  შეჩერებულია. ისე, სანამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა, მაშინაც ვიცოდით, რომ საქალაქთაშორისო ხაზებზე სერიოზული ქაოსი იყო - მოუწესრიგებელია როგორც ავტოსადგურები, ავტობუსები და მიკროავტობუსები, ასევე, მგზავრთა უსაფრთხოებაც საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, „ვერსია“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სფეროში, უფრო ზუსტად, რა დაგვხვდება კორონაკრიზისის შემდეგ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა  და კარანტინის რეჟიმი მოიხსნება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ტრანსპორტისა და გზების ასოცაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზოგადად, მიკროავტობუსი ანუ „მარშრუტკა“, როგორც მგზავრთა გადაყვანის ფორმა, საბჭოთა კავშირის დროინდელია, რადგან ეს ტრანსპორტი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახე, სწორედ მაშინ დაინერგა:

„სინამდვილეში, ევროპული გამოცდილებით ვხედავთ, რომ მიკროავტობუსებს, როგორც მუნიციპალურ, ასევე, საქალაქთაშორისო დონეზე, ავტობუსებით ანაცვლებენ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის გარდა, ე.წ. მარშრუტკები აღარსად დარჩა. მთლიანობაში, დღევანდელი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, პრაქტიკულად, უმართავი პროცესია. არ ვიცით, რამდენი სატრანსპორტო საშუალებაა ამ ბიზნესში ჩართული, რადგან მათი აღრიცხვაც კი არავის მოსვლია აზრად, მხოლოდ ის ვიცით, რომ რამდენიმე რეგისტრირებული სადგურია, საიდანაც ეს მიკროავტობუსები რეგიონების მასშტაბით მოძრაობენ. სხვათა  შორის, ისიც კარგად ვიცით, რომ რამდენიმე უკანონო ავტოსადგურიც მოქმედებს, რომელიც თვითორგანიზებულია - ოდესღაც ვიღაცამ მოაწყო, მაგრამ არც შესაბამისი ნებართვა აქვს და არც არავინ აკონტროლებს! სწორედ ასეთ უკანონო ავტოსადგურებში დგანან „მარშრუტკები“ და არიან მძღოლები, რომლებიც ცდილობენ, რომ კანონიერ სადგურებს კლიენტები წაართვან, მათ შორის, გზაშიც. ამ აურზაურში მეათასეხარისხოვანია საგზაო უსაფრთხოების საკითხები და მგზავრთა უფლებები“.

დავით მესხიშვილმა „ვერსიას“ ისიც განუმარტა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ეს პრობლემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა მოაგვაროს, თუმცა მისივე თქმით, წარმოუდგენელია, ეკონომიკის სამინისტრომ მოაწესრიგოს ავტოსადგომები და მგზავრთა გადაყვანის თანამედროვე სტანდარტებიც დანერგოს. მესხიშვილი ამბობს, რომ ტრანსპორტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია მიღებული, მაგრამ ამას მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დასჭირდება და დროშიც გაიწელება:

„ვინაიდან ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს ევალება ამ პრობლემის გადაჭრა, კეთილი, უნდა ინებონ და შესაბამისი კონცეფცია შეიმუშაოს. მგზავრთა გადაყვანის თანამედროვე სტანდარტები ისე უნდა დაინერგოს, რომ მოქმედმა მძღოლებმა სამუშაო ადგილები არ დაკარგონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი უნდა გათანამედროვდეს და უსაფრთხოების სტანდარტიც ამაღლდეს. ჩემი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში ამის მსგავსი რაღაც დოკუმენტი დევს, ოღონდ დღის სინათლე სამუშაო დონეზეც კი არ უნახავს. მოკლედ, მთელი პასუხისმგებლობა ეკონომიკის სამინისტროზეა და ეს მანაც კარგად იცის. ავტოსადგურები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ტექნიკურ რეგლამენტს საერთოდ არ შეესაბამება, მათ შორის, საბჭოთა კავშირის დროინდელსაც კი!

წარმოიდგინეთ, ეს ვითომ ხაზები, რაც არის, მაგალითად, თბილისი-ქუთაისი, ან თბილისი-ბათუმი, რეალურად, არც არსებობს ანუ ეს არის ჰაერი, რადგან არ არსებობს ნებართვა და ლიცენზია! ადამიანები საკუთარი ნებით მივიდნენ, თვითონ ჩასხდნენ ამ ხაზებში, მაგრამ სხვა, გარეშე პირმა მიკროავტობუსი რომ იყიდოს და დასაქმება მოუნდეს, შესაძლოა, უკვე მოქმედი მძღოლებისგან ისეთი აგრესია მიიღოს, რომ იქიდან ცოცხალი ვერ გამოასწროს! საქალაქთაშორისო ხაზებზე, მგზავრთა გადაყვანა უკანონოდ ხორციელდება, უსაფრთხოების სტანდარტის დაცვის გარეშე! ახლა სტატისტიკაც ვნახოთ, რაც საქართველოს გზებზე, მიკროავტობუსებით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს უკავშირდება. დაშავებულებისა და გარდაცვლილების სტატისტიკა ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო, ევროპული მაჩვენებელი! ზოგადად, ავტოსაგზაო შემთხვევა ყველგან ხდება და ამისგან არავინაა დაცული, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, როდესაც მიკროავტობუსებზე ვსაუბრობთ, „საუკეთესო შემთხვევაში“, ასეთი ავტოსაგზაო შემთხვევა 3-4 ადამიანის გარდაცვალებით სრულდება“.

დავით მესხიშვილმა „ვერსიასთან“ საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია, სახელმწიფომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა აუცილებლად უნდა მოაწესრიგოს, მაგრამ ისე, რომ მძღოლებმა სამუშაო ადგილები არ დაკარგონ. მათი შენარჩუნება ადვილია, თუკი ხელისუფლება იზრუნებს და გადაამზადებს. „ვერსიის“ კითხვაზე, მოასწრებს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო კორონაკრიზისის დასრულებამდე ამ პრობლემის მოგვარებას, დავით მესხიშვილმა გვიპასუხა:

„არ მგონია, რომ არჩევნებამდე საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან მიმართებაში რამე ძვრა იყოს, რადგან ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მტკივნეულია. იმას კი არ ფიქრობენ, იმდენად კარგი წინადადება მოამზადონ, რომ მძღოლებიც კმაყოფილები დარჩნენ, არამედ, ისეთი რეგულაციები მიიღონ, რაც მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურებისთვის იქნება მისაღები და არა - სახელმწიფოსთვის.“

 

 

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში