Menu
RSS

სწრაფი ტესტები გიორგი ვაშაძის ოჯახის ბიზნესია?

რა დოკუმენტებს მიაკვლია „ვერსიამ“ და რას აცხადებს ახალი საქართველოს ლიდერი

„დიახ, ასეა... მაგრამ მამაჩემის კომპანიას ლაბორატორიასთან კავშირი არ აქვს!“

კორონავირუსის გავრცელება სულ უფრო მწვავე და სახიფათო ფაზაში შედის. 31 მარტიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 21.00-დან დილის 06.00 საათამდე კი კომენდანტის საათი ამოქმედდა. აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაჩერდა მეტრო, ქალაქში გადაადგილება მხოლოდ ტაქსებითა და კერძო ავტომობილებით შეიძლება, თუმცა სკანდალი, რომელიც სწრაფი ტესტებით კორონავირუსის დიაგნოსტირებას უკავშირდება, იქამდე აგორდა, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა. ამ სკანდალს რამდენიმე ფიგურანტი ჰყავს, მაგრამ ყველაზე აქტიური და გამოკვეთილი ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძეა. ის სწრაფი ტესტების აუცილებლობას უსვამს ხაზს და ამასთან დაკავშირებით სპეციალური გეგმა-სტრატეგიაც შეიმუშავა, რომელიც ვირუსის გამოვლენის ,,აგრესიულ შეტევას’‘ გულისხმობს. ,,ვერსია’‘ დაინტერესდა, რატომ ატყდა სწრაფი ტესტების სკანდალი და ვისი არაჯანსაღი კომერციული ინტერესი იკვეთება ამ პროცესში, თუმცა მანამდე, ამ სკანდალის ერთგვარი ქრონოლოგიური ექსკურსი გავიაროთ.

როგორ აგორდა სკანდალი 

მედიკოსების, პროფესიონალი ექიმების, ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგების შეფასებით, სწრაფი ტესტი დიაგნოსტირების ერთადერთი უალტერნატივო და უზუსტესი საშუალება ნამდვილად არ არის, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინის მიხედვით, სწრაფი ტესტიც ისევე საჭიროა, როგორც Pჩღ (ლაბორატორიული) ტესტები. 

ახლა ვნახოთ, როგორ მომწიფდა და რის გამო აგორდა სწრაფი ტესტების სკანდალი საქართველოში. დავიწყოთ იმით, რომ 215 000 ერთეული სწრაფი ტესტი, რომელიც საქართველოში უნდა შემოსულიყო, მომწოდებელმა ჩინურმა კომპანია შჰენზჰენ Bიოეასყ თეცჰნოლოგყ-მ უკან გაიწვია. ინფორმაცია 27 მარტს გავრცელდა. კონტრაქტის გაუქმების მიზეზად ტესტების დაბალი ხარისხი დასახელდა, თუმცა ჩინურ კომპანიას ეს ტესტები თავდაპირველად, ესპანეთმა დაუბრუნა. საბედნიეროდ, კომპანია საკმაოდ პახუხისმგებლიანი აღმოჩნდა და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთანაც კონტრაქტი თავადვე გაწყვიტა. 

 

,,ტაბულამ’‘ ამ სკანდალის ქრონოლოგია გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად, სწრაფ ტესტებზე 10 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებას საქართველოსთვის 1 000 ერთეული ტესტი უნდა გადაეცა. 

18 მარტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ახსენა ტერმინი _ ,,აგრესიული ტესტირება’‘. მინისტრმა განმარტა, რომ ამ საშუალებით კორონავირუსით ინფიცირების ბევრი შემთხვევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი და ამის მაგალითად ტიკარაძემ სამხრეთ კორეა დაასახელა. 

18 მარტსვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა: 

„როცა სიტუაცია მოითხოვს, მაშინ დაიწყება აგრესიული ტესტირება და განხორციელდება მაქსიმალურად ბევრ ადგილას. ეს იქნება მეოთხეულის მერე, უფრო ფართო გავრცელების დროს“

ორი დღის შემდეგ, ანუ 20 მარტს კი პაატა იმნაძემ თქვა: „შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ბევრი უხარისხო ფეიქტესტი, არის მსოფლიოში ამის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით კერძო სექტორში ყველასი, ვინც შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომელიც, პირველ რიგში, ვალიდური იქნება’‘. 

21 მარტს ეკა ტიკარაძემ თქვა: „სწრაფი ტესტი უფრო სწრაფად ადგენს პაციენტი დაინფიცირებულია თუ არა _ თუ ლუგარის ლაბორატორიაში საჭირო იყო 5-დან 6 საათამდე, აქ ჩვენ პასუხები გვექნება ერთ საათში’‘. 

23 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აპრილის ბოლომდე, საქართველოში 215 000 ერთეული ტესტი შემოვიდოდა, საიდანაც 1 000 ჩინეთის მთავრობის საჩუქარი იქნებოდა. 

24 მარტს, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ სწრაფი ტესტები, რომლებიც პასუხებს 10-დან 30 წუთამდე დროში იძლევა, ძალიან კარგია მასობრივი კვლევების დროს: 

,,აი, ისეთი, როგორიც შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს იმ რაიონში, სადაც მოგეხსენებათ, რომ გაცილებით აქტიურად ვეძებთ შემთხვევებს. ასეთი კვლევები შეიძლება საჭირო გახდეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, ამ ეტაპზე, სწრაფი ტესტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება’‘. 

იმნაძემ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები იმიტომ იგულისხმა, რომ 23 მარტიდან, ორივე რაიონი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. 

24 მარტს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ელოდებოდა სპეცრეისს, რომელიც საქართველოში სწრაფ ტესტებს ჩამოიტანდა, რომლებსაც მარნეულში გამოიყენებდნენ. 

24 მარტს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, ვინ ისარგებლებდა სწრაფი ტესტებით: 

„მაღალი რისკის ჯგუფები, კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, მათი ხშირი კონტაქტებიდან გამომდინარე არიან რისკის მატარებლები. ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ის პირები, რომლებსაც აქვთ მაღალი რისკი, იმოგზაურეს, აქვთ გამოხატული სიმპტომები, ჯერჯერობით, ეს იქნება მთავარი სამიზნე ჯგუფები. ამ ეტაპზე, დრამატული ცვლილება ტესტირების მოდელსა და ალგორითმში მოსალოდნელი არ არის’‘. 

25 მარტს, საქართველოში სწრაფი ტესტების პირველი პარტია ჩამოვიდა. ეკა ტიკარაძემ ამ დღესაც თქვა, რომ ამ ტესტებს მარნეულში გამოიყენებდნენ. 

28 მარტს, ეპიდემიოლოგებმა სწრაფი ტესტების შესახებ კითხვის ნიშნები დასვეს. პაატა იმნაძემ ტელეკომპანია ,,პირველის’‘ ეთერში ოპოზიციის მისამართით თქვა: 

„ამ ქვეყანაში ყველა ეპიდემიოლოგი გახდა. რაღაც ჩვენც ვიცით. წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ, უფრო უჭირთ... რჩევას ყველასგან მივიღებ. მარტო კი არ ვმუშაობ, აქ ისეთი ადამიანების გუნდია შეკრებული. მთელი გუნდი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველა რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ ტელევიზიებში კეკლუცობას. ტესტებს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დრო აქვს _ რომელი ტესტი, როდის უნდა გამოიყენო. ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როცა ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს იმის დრო, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ყველა მსურველისთვის ვატარო. სხვა დროს დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას“. 

ამ შემთხვევაში, პაატა იმნაძემ ირიბად გიორგი ვაშაძე იგულისხმა, რომელმაც წინა დღეს, პარტიის ოფისში გაიკეთა სწრაფი ტესტი და ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა. 

,,ტაბულას’‘ ქრონოლოგია 28 მარტს, ამირან გამყრელიძის იმ ინფორმაციით სრულდება, როდესაც მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ჟურნალისტები და საზოგადოება ამ ტესტებს „სწრაფ ტესტებად“ მოიხსენებდა. მისი განმარტებით, ეს არასწორია, რადგან რეალურად, ესაა „დაჩქარებული ტესტები’‘. 

ვისი ინტერესები იკვეთება სკანდალში 

სააგენტო ,,ნიუპოსტმა’‘ პოლიტიკური მოძრაობა ახალი საქართველოს თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადება გაავრცელა. ვაშაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანა სურდა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო. გარდა ამისა, ვაშაძე სწრაფი ტესტების ,,ფეიკობაზეც’‘ საუბრობს და ამბობს, რომ სწრაფი ტესტი ,,ფეიკი’‘ ვერ იქნება, ეს სპეკულაციაა, რადგან კომპანიებისთვის ეს ციხეს ნიშნავს. 

,,ვერსიის’‘ კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, სწრაფი ტესტის სკანდალი თავად გიორგი ვაშაძემ ააგორა. 

,,სწრაფი ტესტი ვაშაძის ოჯახის ბიზნესია. უფრო ზუსტად, მამამისის, გუტა ვაშაძისა და მისი ძმის, დავით ვაშაძის შპს ,,ორთოჯორჯიას’‘ სურდა ამ ტესტების საქართველოში შემოტანა. რაც მთავარია, წლების მანძილზე, ვაშაძეების ეს კომპანია სახელმწიფო ტენდერებს იგებს. ამ ტენდერების შემსყიდველი კი ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოა. აშკარაა, რომ სწრაფი ტესტების შემოტანა ამ კომპანიას ხელიდან გააგდებინეს და ვაშაძემ სკანდალი ამიტომაც ატეხა’‘, _ განუცხადა ,,ვერსიას’‘ კონფიდენტმა წყარომ. 

წყაროს ინფორმაცია ,,ვერსიამ’‘ ოფიციალურად, საჯარო რეესტრში გადაამოწმა. გავარკვიეთ, რომ შპს ,,ორთოჯორჯია’‘, რომელიც ოფიციალურად 2001 წელსაა რეგისტრირებული, მართლაც, გუტა ვაშაძის საკუთრებაშია. ის ამ კომპანიის დირექტორი და 16%-იანი წილის მფლობელია, დარჩენილ 84%-ს კი დავით ვაშაძე ფლობს. 

საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ’‘ ისიც გაარკვია, რომ ,,ორთოჯორჯიას’‘ გარდა, გუტა ვაშაძის საკუთრებაშია სამედიცინო პროფილის კიდევ სამი კომპანია: ,,საქართველოს პროტეზისტთა და ორთეზისტთა საერთაშორისო ასოციაცია’‘, რომლის პრეზიდენტია გუტა ვაშაძე, ასევე შპს ,,გადაუდებელი მედიცინის ცენტრი’‘, სადაც გუტა ვაშაძე აღმასრულებელი დირექტორია და შპს ,,კავკასიონი’‘, რომლის პარტნიორია გუტა ვაშაძე.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს’‘ ტენდერების მონიტორის საშუალებით, ,,ვერსიამ’‘ კონფიდენტი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი დააზუსტა. კერძოდ, ოფიციალურად ირკვევა, რომ 2012-2014 წლებში, შპს ,,ორთოჯორჯია’‘ სახელმწიფო ტენდერებში მართლაც მონაწილეობდა. ამ პერიოდში, გუტა და დავით ვაშაძეების კომპანიას 16 გამარტივებული შესყიდვა აქვს მოგებული, ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 11 900 ლარია, ხოლო შემსყიდველი _ სოციალური მომსახურების სააგენტო. 

რა თქმა უნდა, ,,ვერსიამ’‘ ყველაფერი ეს, საბოლოოდ, თავად გიორგი ვაშაძესთან გადაამოწმა, თუმცა ვიდრე ახალი საქართველოს ლიდერთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სწრაფი ტესტების სკანდალთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას კომენტარს გთავაზობთ. გახარია ამბობს, რომ ქვეყანა კონკრეტული გეგმის მიხედვით მიდის და თუ ხვალ სწრაფი ტესტების აუცილებლობა იქნება, ტესტები ხვალვე იქნება. მისივე თქმით, ქვეყანაში სწრაფი ტესტები არსებობს, თუმცა მის გამოყენებას თავისი დრო და ადგილი აქვს: 

 

„კრიზისის პერიოდში, როდესაც აბსოლუტურად რთულად პროგნოზირებადი კრიზისია, პოპულიზმი ყველაზე დიდი რისკია და პოპულიზმის ფასი არა პოლიტიკური დივიდენდებია, როგორც ჩვენს ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, არამედ, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. როცა მეკითხებით, სწრაფი ტესტების შესახებ მე, მთავრობის ხელმძღვანელს, როცა მილიონჯერ გქონდათ შესაძლებლობა შესაბამისი ექსპერტებისა და სპეციალისტებისთვის გეკითხათ და ვიცი, რომ ჰკითხეთ, მათი პასუხებიც ვიცი და ამ კითხვას რამდენჯერმე იმეორებთ, ჩემთვის ესეც გარკვეული სახის პოპულიზმია! ჩვენ კონკრეტული გეგმის მიხედვით მივდივართ, სადაც სწრაფ ტესტებს თავისი დრო და ადგილი აქვს. სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ ამ სწრაფ ტესტებს აქვს თავისი ფუნქცია და როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი თქვენთან ერთად აჩენს მოლოდინს _ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე! სწრაფი ტესტირების არანაირი აზრი არ არსებობს, თუ მას არ მოჰყვება კონტროლის შემდგომი მექანიზმები. შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში, სწრაფი ტესტები ყველაზე ეფექტური და ყველაზე საჭირო იცით, სად არის? პირველ რიგში, იმ სპეციალური სოციალური ჯგუფების კონტროლისთვის, რომლებიც წინა ხაზზე არიან. იქნება მაშინ, როცა ამის აუცილებლობა იქნება, თუ ხვალ იქნება ამის აუცილებლობა, სწრაფი ტესტები იქნება ხვალ და თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს სწრაფი ტესტები დღეს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით და თუ თქვენ გგონიათ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მე ვალდებული ვარ, აქ ვიდგე და თქვენს მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვუპასუხო ისე, როგორც თქვენ გგონიათ, რომ აუცილებელია, ძალიან ცდებით! იმიტომ, რომ არის საგანგებო მდგომარეობა და ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის ძირითადი ვალდებულებაა, მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა!“ 

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან 

ახლა კი დაპირებული ინტერვიუ ახალი საქართველოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესთან, რომელმაც ,,ვერსიას’‘ წყაროს ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა მნიშვნელოვანი შესწორებით. ინტერვიუ სწრაფი ტესტების სკანდალით დავიწყეთ: 

_ ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, ომში ვართ და ვებრძვით ვირუსს, რომელსაც ვერ ვპოულობთ. სწრაფი ტესტი და არა მარტო სწრაფი ტესტი, არამედ, მასობრივად ლაბორატორიული ტესტები აუცილებელია დიაგნოსტირებისთვის. ორჯერ ორი ხომ ოთხია? _ შესაბამისად, თუ დიაგნოზს ვერ სვამ, ცხადია, ვერც დაავადებას უმკურნალებ. შესაძლოა, დღეს ქუჩაში დადის ხალხი, რომელსაც აქვს კორონავირუსი და სამწუხაროდ, ასე შემთხვევით აღმოჩენილი ბევრი ადამიანია. შესაძლოა, ამ ადამიანებს ვხვდებით, ან მაღაზიაში ჩვენთან ერთად შემოდიან, მაგრამ განა, იმიტომ, რომ იციან დაავადების შესახებ და დადიან, არამედ იმიტომ, რომ არ იციან და დიაგნოზსაც ვერ ისვამენ. სწრაფი ტესტის მიზანია, აღმოაჩინოს, გამოავლინოს პოზიტიური პასუხები და არა _ დაგიფიქსიროს, რომ არ გჭირს დაავადება, მიხვდით? მარტივად, პროექცია რომ გავაკეთოთ, 13-14 მარტს, როდესაც ამ საკითხზე ამბავი ავტეხე, ჩვენ რომ ამის მერე მაინც შემოგვეტანა და სწრაფი დიაგნოსტირება დაგვენერგა ქვეყანაში, როგორც მასობრივად, Pჩღ ტესტები და ხაზს ვუსვამ, მარტო სწრაფი ტესტები არ არის, თუნდაც მხოლოდ ლუგარზე რომ არ ვიყოთ ჩამოკიდებულები, ჩვენ არც საგანგებო მდგომარეობა დაგვჭირდებოდა, არც _ კომენდანტის საათი! 

ვინც აგრესიული შეტევის გზით წავიდა, ყველა რეალურ შედეგზე გავიდა. სამწუხაროდ, როდესაც პრემიერ-მინისტრი საუბრობს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია, რადგან იცის, რომ ფატალური შეცდომა დაუშვა. ამ შეცდომის არა თუ აღიარება, გამოსწორებაც კი არ უნდა! რამდენი დღითაც დავაგვიანებთ სწრაფ დიაგნოსტიკას, სწრაფ ტესტირებას, იმდენად გვიან გამოვალთ ამ კრიზისული ფაზიდან. 

_ ბატონო გიორგი, ახლა იმ საკითხზე ვისაუბროთ, რაზეც არავინ საუბრობს. შესაძლოა, სწრაფი ტესტების სკანდალში ვიღაცის არაჯანსაღი კომერციული ინტერესია და დავიწყოთ იმით, რომ ჩინურმა კომპანიამ, რომელსაც სწრაფი ტესტები უნდა შემოეტანა, თვითონვე გააუქმა კონტრაქტი ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთანაც...… 

_ თუმცა, ამ კომპანიასთანაც კონტრაქტი მას შემდეგ დაიდო, რაც ჩვენ ამბავი ავტეხეთ. 

_ გასაგებია, კითხვას განვაგრძობ: გაქვთ თუ არა ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ კომპანიებს შემოაქვთ, ან აპირებენ, რომ შემოიტანონ სწრაფი ტესტები საქართველოში? 

_ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. უფრო მეტიც, შეცდომა, სწორედ გადაწყვეტილების კუთხით დაუშვეს, როდესაც გვითხრეს, რომ კონტრაქტი მხოლოდ ერთ კომპანიასთან იყო გაფორმებული. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს და შეიძლება დავუშვათ, მაგრამ ყველა ტესტს მოჰყვება თავისი ახსნა. მაგალითად, ამ ჩინური კომპანიის ახსნაში რომ შეხვიდეთ, ჩვენმა სპეციალისტებმა უკვე ნახეს, 50-60 ადამიანზე იყო გამოცდილი და შესაბამისად, ნდობაც ნაკლებია. 7-8 კომპანიასთან უნდა გაფორმებულიყო კონტრაქტი, ყველას სხვადასხვა, უკვე გამოცდილი სწრაფი ტესტები უნდა ჩამოეტანა და მასობრივ მოხმარებაში გაეშვათ. 

_ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ბრძანეთ, რომ კითხვები ამ ომის მთავარსარდალთან ანუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გაქვთ, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და არა _ ინფექციონისტებთან. კიდევ ერთხელ გკითხავთ და თან დავაზუსტებ, არ გაქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ კომპანიასთან აწარმოებს პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი მოლაპარაკებას სწრაფი ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით? 

_ არა, ნამდვილად არ მაქვს. ის მაინც რომ ვიცოდე, როდის ჩამოვა ეს ტესტები, რა გეგმაც გამოვაქვეყნე, იმ თარიღიდან ავაწყობდი, მაგრამ მე გეგმა გამოვაქვეყნე, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რომ სწრაფი დიაგნოსტიკა გვაქვს ქვეყანაში და ამ გეგმით შეგიძლია, 14 დღეში მოხსნა ყველაფერი ანუ მთელი კარანტინი. საინკუბაციო ფაზა ავიღეთ სისტემურად, მაგრამ სანამ სწრაფი დიაგნოსტიკა არ გვაქვს, სტარტს ვერ მისცემ მასირებულ შეტევას. ჩვენი სტრატეგია ამით განსხვავდება და მართალია, ხელისუფლებას სტრატეგია არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ეს მათი ქმედებებიდანაც ჩანს. მათ აქვთ შეკავება-თავდაცვის სტრატეგია, ჩვენ შეტევის სტრატეგიას ვთავაზობთ. 

_ ბატონო გიორგი, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით, ჩემი წყაროს ინფორმაციით, თქვენი კომერციული ინტერესი იკვეთება, მაგრამ შპს ,,ორთოჯორჯია’‘ თქვენი კი არა, მამათქვენის კომპანიაა. 

 

_ დიახ, ასეა, მაგრამ ,,ორთოჯორჯიას’‘ ლაბორატორიასთან კავშირი არ აქვს. მამაჩემიც და დედაჩემიც, ორივე ექიმები არიან, ექიმების ოჯახში გავიზარდე. მამაჩემის კომპანიას ლაბორატორია არ გააჩნია, ლაბორატორიული მომსახურება საერთოდ არ აქვს! 

_ კიდევ სამი კომპანია უკავშირდება მამათქვენის სახელს და პირდაპირ გკითხავთ, ამ კომპანიებს შემოაქვთ ან აპირებენ, რომ შემოიტანონ სწრაფი ტესტები საქართველოში? 

_ ვერ შემოიტანენ, რადგან ამ კომპანიებს საერთოდ არ აქვთ ამ საქმიანობის ლიცენზია. გარდა ამისა, პროტეზი და ორთეზი რა არის? _ როდესაც ადამიანს ხელისა და ფეხის პროტეზი სჭირდება და ყველაფერი ეს, რა შუაშია სწრაფ ტესტებთან? ხომ გესმით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება რას ნიშნავს? შეგიძლიათ, რკინიგზის საავადმყოფოს ეზოში მიხვიდეთ, იქაა განთავსებული გადაუდებელი მედიცინის ცენტრი და ნახავთ, რომ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს სწრაფ ტესტებთან! სპეციფიური ცენტრია, რომელიც მუშაობდა პროტეზირებაზე, ასეთი ერთი თუ ორია საქართველოში, მაგრამ ახლა, ამ პროფილით აღარც მუშაობს. 

საერთოდ, აბსურდია ყველაფერი ეს, მეტიც, ამ თემებს ხელისუფლების შავი პიარ-მანქანები აგორებენ, რადგან მათ გასასამართლებელი საბუთი არ აქვთ. ტყუილი რომ არის, ამიტომაც ვერ იკიდებს ხალხში ფეხს. ის, რომ ცხოვრებაში, სამედიცინო ბიზნესში არაფერი მქონია, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ვის აქვს სამედიცინო ბიზნესი, ესეც კარგად ვიცით ყველამ! 

_ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, მამათქვენის საკუთრებაში არსებული ამ ოთხი კომპანიიდან სწრაფი ტესტი არცერთს არ შემოაქვს? 

_ არ შემოაქვს კი არა, ვერ შემოიტანს! საერთოდ, ვერ ექნება შემხებლობა სწრაფ ტესტებთან, რადგან ეს მათი საქმიანობის სფერო არ არის!

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში