Menu
RSS

„კრიზისული სიტუაცია კატასტროფა არაა, რადგან კრიზისი ახალ შესაძლებლობებს ქმნის!“

როგორ აფასებს ტრამპისა და გახარიას ეკონომიკური სტიმულირების პროგრამებს, რა ისტორიული შანსის წინაშე დგას საქართველო და რას ურჩევს მთავრობასა და ბიზნესს თემურ ბასილია

აშშ-ს მთავრობამ კორონავირუსის საფრთხის გამო მიყენებული ზიანის შესამცირებლად, კონგრესს დასამტკიცებლად ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარუდგინა. ამ გეგმის მიხედვით, 1 ტრილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა, როგორც მოქალაქეების, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. თუ ტრამპის ამ გეგმას კონგრესი დაამტკიცებს, თითოეული ამერიკელი, დახმარების სახით, 1000 აშშ დოლარის კომპენსაციას მიიღებს. ეკონომიკის სტიმულირების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით შექმნილმა ანტიკრიზისულმა საბჭომაც შეიმუშავა, რაც კრიზისის პერიოდში, ბიზნესის მხარდაჭერას გულისხმობს. 

ფაქტია, რომ კორონავირუსმა მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, შესაძლოა, გლობალურმა ზარალმა 347 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მხოლოდ ტურიზმის სფერო, შეჩერებული ფრენების გამო, თვეში 30 მილიონ დოლარს დაკარგავს. ამას დაუმატეთ ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და ამის გამო დაპაუზებული ბიზნესი _ სასტუმროები, კაფე-ბარები, რესტორნები... 

მოკლედ, საფრთხე რეალურია, კრიზისი _ გარდაუვალი, თუმცა გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, რადგან კრიზისი განაჩენი არაა, პირიქით, კრიზისმენეჯერებმა კარგად იციან, რომ სწორედ მძიმე მდგომარეობაში ჩნდება სრულიად ახალი შესაძლებლობები. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ,,ვერსიას’‘ ეკონომიკის ექსპერტი, თემურ ბასილია, რომელიც წლებია, აშშ-ში ცხოვრობს.

_ ბატონო თემურ, ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკის სტიმულირების რა კონკრეტული გეგმა შეიმუშავა? 

_ ეს წინმსწრები გეგმაა და იმას ითვალისწინებს, რომ ჯერ კრიზისული სიტუაციის პიკი არ დამდგარა. პიკი, დაახლოებით, 4-6 კვირაში დადგება. 

წინმსწრები ღონისძიებები კი იმიტომ შეიმუშავეს, რომ პიკის დროს, როდესაც ადამიანებს ნაკლებად შეეძლებათ გარეთ გასვლა და, მათ შორის, დასაქმებულებსაც, რომლებსაც სახლებში, დისტანციურად უწევთ მუშაობა, სახელმწიფო მზად იყოს მათ დასახმარებლად. 

ზოგადად, კორონავირუსის გამო, მცირე ბიზნესში გარკვეული სამუშაო ადგილები შემცირდება, ვგულისხმობ იგივე კაფეებს, რესტორნებსა და სასტუმროებს. ზოგმა უკვე შეწყვიტა მუშაობა, ზოგიც მალე შეწყვეტს. ქალაქ ვაშინგტონში და არა შტატში, უკვე 11 000-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური და ოფიციალურად, აღრიცხვაზე დადგა. 

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, ეს ასე მოხდებოდა, სწორედ ამიტომაა აუცილებელი საგანგებო ზომების მიღება, რათა მოქალაქეებს დაეხმარონ და კრიზისული პერიოდი გადაატანინონ. 

რაც შეეხება ტრამპის გეგმას, ეს, დაახლოებით, 1 ტრილიონი აშშ დოლარის ფინანსური პროგრამაა, საიდანაც 500 მილიარდი ამერიკელების ფინანსურ დახმარებას მოხმარდება, ან შესაძლოა, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათის სახით, გარკვეული კომპენსაციები მიიღონ _ თითოეულმა 1 000 აშშ დოლარის ოდენობით. 

ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და ვფიქრობ, კვირის დასაწყისში, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. მაგალითად, რესპუბლიკელების გარკვეული ნაწილი წინააღმდეგია, რომ ამერიკელებმა პირდაპირი ფინანსური დახმარება მიიღონ. ისინი ამბობენ, რომ ეს თანხა ეკონომიკის სტიმულირებას უნდა მოხმარდეს, ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების ზრდას უჭერენ მხარს. 

სხვათა შორის, ამ 1 ტრილიონი აშშ დოლარის პაკეტიდან 300 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად. 

ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ თუ ვინმე დაზარალდებოდა ამ პერიოდში, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე, ამ სექტორებში დასაქმებული ადამიანები იქნებოდნენ. შესაბამისად, ორი მიზნობრივი ჯგუფი გამოყვეს და ცდილობენ, მათ დაეხმარონ. 

_ აშშ-ის მოქალაქეებისთვის სხვადასხვა საბანკო სესხისა და კრედიტის გადავადებაც შედის ტრამპის პროგრამაში? 

_ დიახ, შედის. ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა სპეციალური ბრძანება გამოსცა და სამი თვით გადაავადა იპოთეკურ სესხებზე გადასახადების ვალდებულებები. 

საკმაოდ მძიმე და სერიოზული სიტუაციაა, ამიტომ დახმარების სხვადასხვა პაკეტით ცდილობენ, მოსახლეობას ხელი მაქსიმალურად შეუწყონ, რათა მოსალოდნელი პიკი ნაკლები დანაკარგებით გადაგორდეს. 

_ მართალია, აშშ-სა და საქართველოს მასშტაბები მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა საქართველოს მთავრობამაც შეიმუშავა. როგორ აფასებთ გახარიას გეგმას? 

_ პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად რეაგირებს გამოწვევებზე. 

ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანების თავდადებული საქმიანობა, მართლაც, განსაკუთრებული აღნიშვნისა და პატივისცემის ღირსია. მეტსაც გეტყვით, მათი საქმიანობა არაფრით ჩამოუვარდება და ხშირ შემთხვევაში, სჯობს კიდეც ბევრი წამყვანი და კარგი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას. სწორედ ეს გამოჩნდა ამ დღეებში და არ შეიძლება, ეს არ დაინახო, რა განწყობაც უნდა გქონდეს ხელისუფლების მიმართ. 

ამირან გამყრელიძემ, პაატა იმნაძემ და თენგიზ ცერცვაძემ კრიტიკულ სიტუაციაში სწორად რეაგირების განსაკუთრებული უნარ-ჩვევები გამოამჟღავნეს! 

ამ ადამიანებმა დაადასტურეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ასაკს ანუ თუ პროფესიონალი ხარ, გნებავთ, 30 წლის იყავი, გნებავთ, 60-ისა და 70-ის. 

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო _ სააკაშვილმა მთელი თაობა ,,ჩამოწერა’‘ და ხაზი გადაუსვა, მაგრამ ამ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ ე.წ. ჩამოწერილების პროფესიონალიზმმა და გამოცდილებამ მოგვიტანა რეალური შედეგი. ამ ხალხმა აჩვენა მნიშვნელოვანი რამ _ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, თამამად გამოიყენეთ პროფესიონალები, რომლებიც საქმეს მაღალ დონეზე გააკეთებენ! 

რაც შეეხება გახარიას ეკონომიკურ გეგმას, თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ იდეალური გეგმა არ არსებობს. ვისაც ნაკლის დანახვა უნდა, ნებისმიერ გეგმაში აღმოაჩენს ხარვეზს, ამიტომ მთლიანობაში შევაფასოთ. 

პირდაპირ გეტყვით, ეს გეგმა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატურია, მაგრამ ასევე, გულწრფელად გაგიმხელთ, რომ მე უფრო მკაცრი ვიქნებოდი ბანკების მიმართ! სამთვიანი ვითომ გადავადება არაფერს ნიშნავს, რადგან რეალურად, ბანკებს ამით არაფერი დაუკარგავთ. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში ბანკებს სოციალური პასუხისმგებლობა არ აუღიათ, მცირე და საშუალო ბიზნესისგან განსხვავებით, რადგან სასტუმროები, კაფე-ბარები, რესტორნები დაიხურა, მათი ზიანი აშკარაა. ამ დროს, ბანკები დამატებით მოგებას იღებენ! 

_ ბატონო თემურ, აშშ-ში რა პირობით, რა დათქმით გადაუვადეს მოქალაქეებს სესხები? 

_ ნიუ იორკის მაგალითზე გეტყვით, რომ შტატის გუბერნატორის განკარგულებით, გადაავადეს სესხები სამი თვით და არავითარი პროცენტი ამ სესხებს არ დაერიცხება! 

თუკი კაპიტალისტურ აშშ-ში შეიძლებოდა სესხების ასე გადავადება, სხვაგან რატომ არ შეიძლება?! 

_ გამოდის, ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ბანკებს სუბსიდიის სახით გარკვეული თანხა გამოუყო, რადგან მოსახლეობას სესხები ისე გადაუვადეს, რომ პროცენტის გადასახადი არ დაარიცხეს. ასეა? 

_ ტრამპის ეკონომიკური სტიმულირების გეგმაში ამაზეც არის საუბარი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ისევ, ნიუ იორკის მაგალითი რომ მოგიყვანეთ, ეს შტატის გუბერნატორის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება აქვს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ს მთავრობა ქვეყნის მასშტაბით. 

როგორც გითხარით, პაკეტი მომზადებულია, განხილვაც დაწყებულია და იმედია, კვირის დასაწყისში კონგრესიც დაამტკიცებს. 

ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ, სიტუაცია კრიზისულია და საზოგადოების ყველა ჯგუფმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა. არ შეიძლება, რომ ასეთ დროს, ერთი ჯგუფი, ამ შემთხვევაში, ბანკები, განსაკუთრებულ მდგომარეობაში იყვნენ. ისინი სოციალურ პასუხისმგებლობასაც გაურბიან და ამ კრიზისულ სიტუაციაში მეტი სარგებლის მიღებასაც ცდილობენ, რაც დაუშვებელია. 

_ ახლა სურსათსა და ჰიგიენის საშუალებებზეც ვისაუბროთ, რაც კორონავირუსის საფრთხის გამო, დიდი ოდენობით მოიმარაგეს, როგორც თბილისში, ასევე, ნიუ იორკში, რომსა და პარიზში. ვფიქრობ, ადამიანები ასე შიშის გამო იქცევიან, მაგრამ სურსათის მოსალოდნელ, ან სავარაუდო დეფიციტთან დაკავშირებით ხალხის პანიკური შიში საფუძვლიანია? 

_ თუ კვების პროდუქტებზე მეკითხებით, პანიკური შიშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. 

ზოგადად, მთელ დედამიწაზე სრულიად საკმარისი კვების პროდუქტების მარაგია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ კრიზისულ სიტუაციაში გიწევთ მაღაზიაში გასვლა, თან კორონავირუსის გავრცელება ისეთ სტადიაშია, ადამიანებთან ურთიერთობას უნდა მოერიდოთ. მარტივად გკითხავთ, რამდენჯერ გირჩევნიათ მაღაზიაში გასვლა _ დღეში რამდენჯერმე თუ კვირაში ერთხელ? თუ კვირაში ერთხელ გახვალთ, იმის ალბათობა, რომ კონტაქტი გექნებათ სხვა ადამიანებთან, ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, თუ ყოველდღე და მით უმეტეს, დღეში რამდენჯერმე წახვალთ! შესაბამისად, ჩემთვის გასაგებია, რომ ადამიანი ერთი და ორი კვირის მარაგს იძენს. 

სხვათა შორის, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ამგვარი ქცევა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა არის პროდუქტები, მაგალითად, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები, რომლებზეც დეფიციტი შეიქმნა და არა _ მარტო საქართველოში. სიმართლე გითხრათ, აშშ კაპიტალისტური, საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაა, მაგრამ ეს პროდუქტები აქაც დეფიციტშია. 

_ ყველანი ვთანხმდებით, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიო პოლიტიკა და განსაკუთრებით ეკონომიკა შეიცვლება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა ეს სიტუაცია უკვე შეადარეს 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებს...

_ არა, მე ვიტყოდი, რომ ახლა გაცილებით უარესი სიტუაციაა, რადგან ფასიანი ქაღალდების ინდექსები 30%-ით დაეცა. ჩათვალეთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა ფონდში დანაზოგები ჰქონდათ, 30% დაკარგეს ანუ ყოველ 100 დოლარ დანაზოგზე 30 დოლარით იზარალეს! 

როდესაც პიკი გადაივლის, რა თქმა უნდა, დანაკარგი შემცირდება, მაგრამ რთული სათქმელია, დღევანდელი 30-დოლარიანი დანაკარგი პლუსში როდის გადავა. ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ახლა გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე 2008-2009 წლებში იყო. 

კორონავირუსმა ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა გლობალიზაციასა და ღია ეკონომიკის ქვეყნებს და ეს ფაქტია. ამ კრიზისული სიტუაციის დაძლევას შეძლებენ ის ქვეყნები, რომლებიც ადეკვატურად იმოქმედებენ. 

საქართველოს მაგალითზე ავხსნათ, სადაც ე.წ. ლიბერტარიანული ეკონომიკა დაინერგა. სინამდვილეში, მთელი ეს პროცესი რუსეთისთვის ქვეყნის სტრატეგიული აქტივების მიყიდვას ემსახურებოდა. ყველაფერი ის, რასაც თავის დროზე კახა ბენდუქიძე და მიხეილ სააკაშვილი აკეთებდნენ, ქვეყანას სამწუხარო შედეგებით დღეს უბრუნდება! მათ აქცენტი ერთადერთ სფეროზე _ ტურიზმის განვითარებაზე გააკეთეს. რა თქმა უნდა, ტურიზმი უნდა განვითარებულიყო, ხელი უნდა შეეწყოთ და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ როდესაც მხოლოდ ერთი მიმართულებით ვითარდები და ეკონომიკა დივერსიფიცირებული არ გაქვს, რთულ მდგომარეობაში იგდებ თავს. 

საკმარისია, რაღაც მოხდეს იმ სფეროში და მაშინვე მთელი ეკონომიკა კრიზისულ სიტუაციაში ვარდება, რაც ახლა მოხდა კიდეც. 

მთავარი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ტრამპის ადმინისტრაციამ რა გააკეთა? _ მოქალაქეებსაც ეხმარება, მაგრამ ტრილიონიანი ფინანსური პროექტის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლადაა გამოყოფილი. 

როგორ, აშშ-ის მთავრობამ არ იცის, რა მიმართულებას უნდა შეუწყოს ხელი? ძალიან კარგად იცის, რომ ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის! 

იქნებ, სწორედ ახლა დგება ისტორიული შანსი საქართველოსთვის, რომ ის შეცდომები, რაც წლების წინ დაუშვეს, გამოვასწოროთ! 

კი, ბატონო, ტურიზმის განვითარებასაც შევუწყოთ ხელი, მაგრამ ადგილობრივი წარმოებაც წავახალისოთ. ყველა ხომ ხვდება, რომ სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის წარმოება ჩამოწერილი იყო საქართველოში. არადა, სწორედ ეს დარგია პრიორიტეტული, განსაკუთრებით, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც სოფლის მეურნეობა და კვების პროდუქტები მნიშვნელოვანია! 

საქართველოში ბუნებრივად შეიძლება განვითარდეს სოფლის მეურნეობა, რასაც მცირე ხელშეწყობა და ფინანსური დახმარება სჭირდება, ამიტომ აქცენტი ამაზე უნდა გაკეთდეს. 

იმას არ ვამბობ, ,,ჩაკეტილი’‘ ეკონომიკა გვქონდეს-მეთქი, მაგრამ რაღაც დონეზე ქვეყანა თვითკმარი უნდა იყოს და სტრატეგიული მარაგებიც ჰქონდეს. 

_ ამბობთ, ისტორიული შანსი დგება საქართველოსთვისო და ფოთში, ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილმა’‘ უკვე დაიწყო პირბადეების წარმოება, რაც ახლა დეფიციტშია არა მარტო საქართველოში, არამედ, ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც. ადგილზე პირბადეების წარმოება არის თუ არა კრიზისის დაძლევის ერთგვარი პოზიტიური მაგალითი? 

_ რა თქმა უნდა! ეს ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ სწორად რეაგირებს ბიზნესი შექმნილ ვითარებაში. ზოგადად, კრიზისული სიტუაცია კატასტროფა არაა! კრიზისი ახალ შესაძლებლობებს ქმნის და შესაბამისად, ამ ახალ შესაძლებლობებზე უნდა გადავეწყოთ.

ასე იყო 1994-1995 წლებში, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ვიცე-პრემიერად დავინიშნე. კარგად მახსოვს, 100 000 აშშ დოლარის რეზერვი ჰქონდა ეროვნულ ბანკს, რაც სასაცილო თანხაა დღევანდელი გადმოსახედიდან, ქვეყანაში კი 12 000%-იანი ინფლაცია იყო. ამაზე უარესი რა უნდა ყოფილიყო? თუმცა, სწორედ ეს კატასტროფული მდგომარეობა აღვიქვით ახალ შესაძლებლობად და კრიზისის დაძლევაც შევძელით... 

რაც შეეხება პირბადეების წარმოებას, ძალიან კარგი წამოწყებაა, თანაც სწორედ ახლა. ბიზნესიც სარგებლიანი იქნება ამ პერიოდში და საზოგადოების მოთხოვნაც დაკმაყოფილდება. 

ეს ერთი მაგალითია, თუმცა უამრავი ასეთი მაგალითი უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, იქნება კიდეც! მთელ დედამიწას ვუსურვებ, ღირსეულად გადავიტანოთ ეს კრიზისი. 

მართალია, ძველებურად აღარაფერი იქნება, მაგრამ სამაგიეროდ, ახალი გამოწვევების წინაშე ვდგებით. ამიტომ ადეკვატურები უნდა ვიყოთ და ნორმალურად ცხოვრება განვაგრძოთ!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში