Menu
RSS

COVID 19-ის 6-პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა და შეღავათები, რომლებსაც ბიზნესი მიიღებს

როგორ გაჩნდება საქართველოს ეკონომიკაში მილიარდზე მეტი ფინანსური რესურსი

კორონავირუსის გლობალურმა საფრთხემ მსოფლიოს დღის წესრიგი უკვე შეცვალა. გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, COVID 19-გან (ასე უწოდეს ახალ ვირუსს მეცნიერებმა) გამოწვეული ეკონომიკური ზიანი 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უტოლდება. ,,აზიის განვითარების ბანკის’‘ პროგნოზით, კორონავირუსისგან მიღებული გლობალური ზარალი 77 მილიონიდან 347 მილიონ აშშ დოლარამდე მიაღწევს. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მთავრობები ორ გამოწვევას უნდა გაუმკლავდნენ _ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია ვირუსის გამო დაზარალებული ეკონომიკისა და ბიზნესის მასტიმულირებელი გეგმის შემუშავება. ასეთი გეგმა საქართველოს მთავრობამაც შეიმუშავა და მასში ეროვნული ბანკი, ასევე, კომერციული ბანკებიც მონაწილეობდნენ. ვნახოთ, რა ეკონომიკურ შეღავათებს სთავაზობს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობა ბიზნესს.

ვიდრე საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას განვიხილავთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ კორონავირუსის მკვეთრად ნეგატიური გავლენა ტურიზმის ინდუსტრიაზე თავიდანვე აისახა. ,,ვერსიის’‘ წინა ნომერში ვწერდით, რომ ტურისტული ინდუსტრიის _ სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართეს და საგადასახადო შეღავათები მოითხოვეს. ამ მოთხოვნას უკვალოდ არ ჩაუვლია ანუ მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, სადაც ტურისტული ინდუსტრიის (და არა მარტო ტურისტულის) დასახმარებლად, კონკრეტული გეგმის შემუშავება გადაწყვიტეს. 

ეკონომიკური შეღავათები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე ამოქმედდა, კომერციული ბანკების პირდაპირ ჩართულობას გულისხმობს, ამიტომ მათი მზაობა და მხარდაჭერა ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრაზე, რომელიც მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის შედგა, ბანკირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის მზად იყვნენ. ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა. 

„ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის, პირველივე დღიდან უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შესაბამისი ნაბიჯები, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად გადავდგით. მეორე, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ, რათა ნაკლებად აისახოს ეკონომიკაზე ის ზეგავლენა, რაც აუცილებლად იქნება. ამ მიზნით, შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია: გამკაცრდა კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე და ასევე, თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე; ამასთან, დროებით შეჩერდა სწავლა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში; გაიცა რეკომენდაცია შესაძლო ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე; გადავადდა საყოველთაო საგაზაფხულო გაწვევა; პრობაციონერებს დროებით მოეხსნათ პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება; პენიტენციურ სისტემაში, ორი კვირით, სპეციალური ღონისძიებები იქნა შემოღებული. ყველაფერი ეს გავაკეთეთ, რათა შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ქვეყანაში და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებების ეფექტურობა’‘, _ განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ობიექტური საჭიროების შემთხვევაში, ყველა კომპანიისთვის საბანკო სექტორი გარანტირებულად უზრუნველყოფს სესხების რესტრუქტურიზაციას უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში. 

„მხოლოდ ამ საშუალებით, ტურიზმის სექტორში, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ფინანსურ რესურსს დავტოვებთ. გარდა ამისა, საბანკო სექტორთან _ ყველაზე მსხვილ ბანკებთან შეხვედრისას, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ფიზიკური პირები, აუცილებლობის შემთხვევაში, სამი თვის განმავლობაში, სასესხო მომსახურების ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისითაც’‘, _ აღნიშნა გახარიამ. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებს, მომდევნო 4 თვის მანძილზე ანუ 2020 წლის 1 ნოემბრამდე, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გადაუვადდებათ. საუბარია სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიებისა და საექსკურსიო საქმიანობაში ჩართულ კომპანიებზე. როგორც გახარიამ განმარტა, ეს შეღავათი ტურიზმის სექტორში ჩართულ 18 000 კომპანიას და ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულ 50 000-ზე მეტ ადამიანს ეხება. ოთხი თვის მანძილზე ანუ მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში, ამ შეღავათით, სექტორში 100 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი დარჩება. რაც მთავარია, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) დასაბრუნებელი თანხა გაორმაგდება. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმილი 600 მილიონი ლარის ნაცვლად, ეკონომიკასა და კომპანიებს, დღგ-ს სახით, 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი დაუბრუნდება. 

„ამასთან ერთად, ამოქმედდება სასესხო მომსახურების კომპონენტის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების კარგად აპრობირებული მექანიზმი. ეს ნიშნავს, რომ შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის, 6 თვის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო, ცხადია, სახელმწიფო რესურსიდან. ეს შეეხება დაახლოებით 2 000 სასტუმროს. გარდა ამისა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გლობალურად, ეკონომიკას სხვა ინსტრუმენტებითაც სჭირდება დახმარება. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, წლის ბოლომდე, დამატებით ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი. ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ესაა დაახლოებით, 1 მილიარდი ლარის ოდენობის რესურსის ეკონომიკაში მიმართვა, ან დატოვება კომპანიებისთვის, რამაც ამ ეტაპზე, ჩვენს კერძო სექტორს უნდა დაუჭიროს მხარი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს საკმარისი არ იქნება და ვნახავთ, რომ გლობალური გამოწვევები და ნეგატიური ზეგავლენა ეკონომიკაზე კიდევ უფრო მძიმე იქნება, ყოველთვის მზად ვართ, შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ’‘, _ დააზუსტა გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკის სტიმულირების ამ კონკრეტული ღონისძიებების 6-პუნქტიანი გეგმის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდება: 

1. ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა, ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. აღნიშნული პროცესის შედეგად, მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი გამოთავისუფლდება; 

2. მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ბანკი მათ შენატანის გადავადების საშუალებას მისცემს; 

3. იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს _ სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები _ საქართველოს მთავრობა, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, 1 ნოემბრამდე, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს გადაუვადებს. შედეგად, შეღავათი შეეხება 18 000 გადასახადის გადამხდელსა და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მილიონ ლარზე მეტი, ეკონომიკის ამ სექტორში დარჩება; 

4. კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მილიონი ლარის ნაცვლად, ფინანსთა სამინისტრო, კომპანიებს 1 მილიარდ 200 მილიონ ლარს დაუბრუნებს; 

5. გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას. ეს პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 2 000 სასტუმროს შეეხება. 

6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით, 300 მილიონი ლარით გაიზრდება. 

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, 14 მარტს გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, დამატებითი გადაწყეტილებები მიიღეს: 

,,უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა დახურულ სივრცეებში, მოქალაქეთა ინტენსიურ კონცენტრაციას მაქსიმალურად მოერიდონ. ამასთან, საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინონ და ამ რეკომენდაციის გათვალისწინება, თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე არ ასახონ’‘. 

ფაქტია, რომ გლობალურ საფრთხეს პანიკაც ახლავს, რისი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებში მოქალაქეების სრული ისტერიის მოწმენი გავხდით. პრინციპში, ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, სამწუხაროდ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ამგვარი საფრთხის დროს, ადამიანები და ბიზნესმენები თითქმის იდენტურად იქცევიან თბილისშიც, პარიზშიც, რომშიც, ნიუ იორკსა და პეკინში... ეს, რაც შეეხება მოქალაქეების პანიკურ შიშს, რაც სუპერმარკეტების დალაშქვრასა და ძალიან დიდი ოდენობით პროდუქტების მომარაგებაში გამოიხატება. როგორ იქცევა ბიზნესი ამ დროს? _ საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვით, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ფასებიც იზრდება. მა  

გალითად, თუ თქვენ დიდი ოდენობით (იმაზე მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ გჭირდებათ) პროდუქციას იძენთ, ამგვარი ქცევით, პროდუქტზე მოთხოვნას ზრდით. ეს კი კონკრეტული პროდუქტის გაძვირებას იწვევს. ესაა საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პრინციპი, როდესაც ფასს ბაზარი განსაზღვრავს, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებით _ მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დარღვევის გარეშე და ზომიერების ფარგლებში! 

სხვათა შორის, ამ დღეებში უამრავი ბრიყვული შენიშვნა მოვისმინე, მათ შორის, გეგმიურ ეკონომიკასთან დაკავშირებით, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ პროდუქტების ფასები, თურმე, მთავრობამ უნდა გააკონტროლოს. სინამდვილეში, ასეთი რამ საბჭოთა პერიოდში ხდებოდა. მთავრობამ ფასები კი არ უნდა გააკონტროლოს, ბიზნესის სტიმულირების კონკრეტული ღონისძიებები უნდა შეიმუშაოს, თავის მხრივ, ბიზნესმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და თუ პირობითად, 3-ლარიანი ანტიბაქტერიული გელი, მასზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ასევე პირობითად, 7-8 ლარამდე გაძვირდება, ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ 3-ლარიანი ანტიბაქტერიული გელის 30 ლარად გაყიდვა, თანაც იმ პირობებში, როდესაც ეს პროდუქტი აუცილებელია, ჩვეულებრივი ბიზნეს-დივერსიაა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ! 

სხვათა შორის, სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს, კვირის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ განუცხადა, რომ მთავრობის ინფრასტრუქტურა მზადაა დასახმარებლად, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე, თავის დროზე, საკმარისი რაოდენობითა და შესაბამისი ფასით: 

,,ჩვენი ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს, რადგან ქვეყანაში დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს. ეს აჟიოტაჟური მოთხოვნა შემიძლია, ორ რამეს დავუკავშირო: პირველი _ შაბათ-კვირაა და მეორე _ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოლოდინია, რისი არანაირი საფუძველი, დღეის მდგომარეობით, ჩვენ არ გვაქვს. ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მაქსიმალურად დაგეხმაროთ, როგორც ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე, შემოსავლების სამსახურთან და ქსელებთან ურთიერთობებში. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოდერაციის ფუნქცია მაქსიმალურად ეფექტურად შევასრულოთ. თქვენგან რაც გვინდა, ისაა, რომ სასაწყობე ნაშთები შესაბამის დონეზე იყოს და სადისტრიბუციო ქსელში პრობლემები არ შეიქ მნას. ობიექტურად, ციფრებით ვიცით, რომ ქვეყანაში, დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, ამიტომ ეს პრობლემები ისე გადავწყვიტოთ, რომ თქვენგან უნდა მივიღო სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული კონკრეტული წინადადებები და დაპირებები’‘, _ განაცხადა გახარიამ.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში