Menu
RSS

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობას საინვესტიციო ხელშეკრულებას აღარ წარუდგენს

ლევან ახვლედიანი: „თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, პროცესი იურიდიულ დავაში გადაიზრდება!“

,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი'' მთავრობას საინვესტიციო ხელშეკრულებას აღარ წარუდგენს. 15 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, კონსორციუმის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პროექტის მხარდაჭერის ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ საბოტაჟს მიმართა. შესაბამისად, ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებებს არ წარადგენენ.

ვადა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს'' მისცა, რათა საინვესტიციო ხელშეკრულება წარედგინა, 15 ოქტომბერს, 18.00 საათზე ამოიწურა, თუმცა ვადის ამოწურვამდე, რამდენიმე საათით ადრე, კონსორციუმის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობას ხელშეკრულებებს არ წარუდგენენ. 

„მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა და ყველანაირი მხარდაჭერა გამოეცხადებინა პროექტისთვის, რათა ის წარმატებულად განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, რეალობა აბსოლუტურად საპირისპიროა. ამის მაგივრად მთავრობამ, ფაქტობრივად, ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის მანძილზე, ამ პროექტის საბოტაჟი განახორციელა. სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად, ურთულეს ვითარებაში გვიწევდა მუშაობა, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით და ორი, მნიშვნელოვანი პარტნიორი მოვიძიეთ, რომლებიც ამ პროექტით დაინტერესდნენ. ერთი ყაზახურ-ჰონკონგური ჯგუფია და მეორე _ ამერიკული ჯგუფი. პირველს მთავრობამ პირდაპირ დაუფიქსირა პოზიცია, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ პროექტში მათ მონაწილეობას, რადგან დასავლელი ინვესტორები არ იყვნენ მაშინ, როცა ინვესტორი მთავრობისგან ღია მხარდაჭრას ითხოვდა. ამავდროულად, მოვიყვანეთ ამერიკული ჯგუფი, რომელმაც მთავრობისგან წერილობითი ფორმით მოითხოვა მხარდაჭერა. ამის შესახებ შევატყობინეთ მთავრობას, მაგრამ ეს წერილი არ მიუვიდა ადრესატს, ასე ვთქვათ, ამ ფონდს'', _ აღნიშნა ლევან ახვლედიანმა. 

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან საბოტაჟის კიდევ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდება და მაისში, ფოთის პორტის სასარგებლოდ გაცემული ნებართვა, რამაც ინვესტორებში, მთავრობის მხარდაჭერის მიმართ, სერიოზული კითხვები გააჩინა. თავის მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, თუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, 15 ოქტომბერს, სახელმწიფოს არ წარუდგენდა წინადადებას, რომელიც კონსორციუმის მიერ, კაპიტალის 120 მილიონი აშშ დოლარით შევსებასა და საინვესტიციო ბანკების მიერ, 400 მილიონი აშშ დოლარის სესხის გამოყოფაზე წინასწარ თანხმობას შეეხებოდა, სახელმწიფოს უფლება ექნება, 16 ოქტომბრიდან, კონსორციუმთან დადებული შეთანხმება შეწყვიტოს. სამინისტროს ამ ულტიმატუმს ლევან ახვლედიანმა ასე უპასუხა: 

„თუ მთავრობა ამ გზას დაადგება, არცერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი, თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ამ პროექტს არ გაეკარება. შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა გონივრულ ზომებს მიიღებს. რაც შეეხება წერილს, ჩვენ ასევე ვართ შეზღუდული კონფიდენციალობის პუნქტით. ხუთშაბათს წერილი გავაგზავნეთ, რომელიც იურისტების მიერ იყო დაწერილი. ჩვენ ამ წერილის შინაარსს ვერ გავასაჯაროვებთ, მაგრამ ზუსტადაა აღწერილი წერილში, თუ რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ პროექტი წინ წავიდეს. ჩვენ არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას არ ვაპირებთ!“ 

რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, ლევან ახვლედიანის განცხადებით, თუ მთავრობა ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს'' ხელშეკრულებას შეუწყვეტს, რა თქმა უნდა, მხარეები იურიდიულ დავაში ჩაერთვებიან: „თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, პროცესი იურიდიულ დავაში გადაიზრდება. ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციული ნაბიჯები გავაგრძელოთ, მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან იგივეს ვერ ვხედავთ.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში