Menu
RSS

ტყიბულის შახტის ახალი ინვესტორის კვალი ისევ ბეჟუაშვილამდე მიდის

ჟურნალისტური გამოძიება _ როდის და ვინ დააფუძნა შპს „სტიილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანი“

ტყიბულელმა მეშახტეებმა, რომლებიც კუთვნილი ხელფასის ზრდას ითხოვდნენ, გაფიცვა შეწყვიტეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კომპანია ,,საქნახშირმა'', რომელიც ტყიბულის შახტებში ნახშირის მოპოვებას აწარმოებს და მილიარდერი დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' შვილობილია, საზოგადოებას ახალი ინვესტორი წარუდგინა. ახალმა ინვესტორმა პირობა დადო, რომ სახელფასო დავალიანებას გაისტუმრებდა, ხოლო მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყიბულის შახტის ახალი ინვესტორი შპს ,,სტილ ინტერნეიშენალ ტრეიდ კომპანია'', რომელიც ქართულ-უკრაინული კომპანიაა. საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ახალი ინვესტორი, სინამდვილეში, კარგად დავიწყებული ძველია. რეალურად, ტყიბულში, მხოლოდ მფლობელი კომპანიის სახელწოდება შეიცვალა ანუ ,,საქნახშირის'' ნაცვლად, ახლა ,,სტილ ინტერნეიშენალ ტრეიდ კომპანი'' მოპოვებს ნახშირს, თორემ რეესტრის ინფორმაციით, ახალი ინვესტორის კვალს ისევ დავით ბეჟუაშვილამდე მივყავართ...

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პროტესტის ნიშნად, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში 30-მდე მეშახტე ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებდა. ისინი კუთვნილი ხელფასის მიღებასა და განმარტებას ითხოვდნენ, თუ როდის განახლდებოდა ქვანახშირის მოპოვების პროცესი შახტებში. 

ცნობისთვის, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, როდესაც მინდელის სახელობის ტყიბულის შახტაში ოთხი ადამიანი დაიღუპა, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბრძანებით, ნახშირმოპოვების პროცესი შეჩერდა. ბახტაძე ამბობდა, რომ ვიდრე გამოძიება და მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა არ დასრულდებოდა, შახტებში მუშაობა არ განახლდებოდა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მაშინ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ შახტებში სამუშაო პროცესის შეჩერების მიუხედავად, დასაქმებულებს ანაზღაურება უნდა მიეღოთ. 

კომპანია ,,საქნახშირმა'', რომელიც ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' შვილობილი კომპანიაა და ტყიბულის შახტებში ქვანახშირის მოპოვებას აწარმოებს, პრემიერის დაპირება არად ჩააგდო, რის გამოც მეშახტეები გაიფიცნენ. მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ტყიბულში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ჩავიდა, რომელიც გაფიცულ მეშახტეებს, ასევე ,,საქნახშირის'' წარმომადგენლებს შეხვდა. 

ამ შეხვედრის შემდეგ, გაფიცულმა მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს, ხოლო კომპანია „საქნახშირმა“ საზოგადოებას ახალი ინვესტორი წარუდგინა. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ შეხვედრას პოზიტიური შედეგი მოჰყვა: 

„პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ მეშახტეების გაფიცვა შეწყდა. ინვესტორი კომპანია, რომელიც ტყიბულში შემოდის, საქმიანობას განაახლებს, მეშახტეებთან ერთად ჩავა შახტებში და არსებულ ვითარებას შეისწავლის“. 

ნათია თურნავამ ისიც აღნიშნა, რომ ახალი კომპანია მზადაა, სახელფასო დავალიანება გაისტუმროს, რაც დაახლოებით, 1 200 000 ლარია. გარდა ამისა, კომპანიამ ვალდებულება აიღო, რათა გარკვეული სოციალური გადასახადები, მათ შორის დაზარალებული ოჯახებისთვის, თავადვე გადაიხადოს. მეტიც, მინისტრის თქმით, ტყიბულის შახტებში ქვანახშირის მოპოვება ნოემბრის დასაწყისში აღდგება: 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა გეგმა, რათა ერთ თვეში, ნოემბრის დასაწყისში, აღდგეს ქვანახშირის მოპოვება და ეს ძალიან დამაიმედებელია. ერთ წელზე მეტია, შახტები გაჩერებულია. უახლოესი ორი წლის განმავლობაში, ქვანახშირის მოპოვების პროცესი გაფართოვდება, შახტები გადაიარაღდება და ახალ ნიშნულებზე ავა“. 

თურნავას თქმითვე, ,,საქნახშირმა'' სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოიძია ახალი ინვესტორი _ შტეელ Iნტერნატიონალ თრადე ჩომპანყ, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული და პარტნიორები უკრაინაშიც ჰყავს. მინისტრმა პირობა დადო, რომ კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს: 

,,ეს ერთ კარში თამაში არაა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ბიზნესი მომგებიანია, მიმზიდველია, მაგრამ მეორე მხრივ, მათ სრულად უნდა აგონ პასუხი ადამიანების მიმართ არსებული სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე“. 

,,ბიზნეს მედია ჯგუფის'' ინფორმაციით, შპს „საქნახშირის“ 125-მილიონიანი აქტივები ახალ ინვესტორს _ Steel International Trading Company-ის სიმბოლურ ფასად გადაეცა. ქართველი და უკრაინელი ბიზნესპარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ საწარმოში ინვესტიციებიც განახორციელოს და მოგებაზეც გაიყვანოს. ახალი კომპანიის საქართველოში წარმომადგენელმა, ალექსანდრე ჩოჩიამ განაცხადა, რომ ,,საქნახშირის'' შეძენასთან დაკავშირებით, კომპანიამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ დაიწყო. მისივე თქმით, თავდაპირველად, ,,საქნახშირის'' განვითარებაში ინვესტორი 8 მილიონ ლარს ჩადებს, უახლოეს მომავალში კი პროექტს საზოგადოებასა და სახელმწიფოს წარუდგენს: 

„წინასწარი პროექტით, საუბარია 8 მილიონზე, რაც პირველი ეტაპის ინვესტიცია იქნება. როგორც კი საინვესტიციო პროექტი დასრულდება, საზოგადოებასა და სახელმწიფოსაც წარვუდგენთ... ჩვენი პარტნიორია უკრაინული კომპანია, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს შახტების მართვასა და გადაიარაღებაში. რამდენიმე უკრაინული შახტა, რომელიც გაჩერებული იყო, სწორედ ამ კომპანიამ აღადგინა. სწორედ ეს ხალხი ჩამოვიყვანეთ მენეჯმენტში და ხუთი თვის მანძილზე, არა მარტო კოლექტივთან, არამედ ტოპმენეჯმენტთანაც მუშაობდნენ, ამიტომ კარგად იციან, რა არის მთავარი პრობლემა. გარდა ამისა, მეშახტეებიც მოწადინებულნი არიან, რომ ის რეგლამენტი და უსაფრთხოების ნორმები, რაც მათთან ერთად შემუშავდება, შესრულდეს“. 

ალექსანდრე ჩოჩიას თქმით, შპს ,,სტილ ინტერნეიშენალ ტრეიდ კომპანი'' უკვე ორი წელია, ბაზარზე არსებობს. გუნდის წევრებს კი გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ, რადგან დიდი ხანია, ქვანახშირით არა მარტო პოსტსაბჭოთა, არამედ, შავი ზღვის აუზის ქვეყნებშიც ვაჭრობენ. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 27 მარტს, ალექსანდრე ჩოჩიამ ,,ქართულ ოცნებას'' 60 000 ლარი შესწირა. 

* * * 

შპს ,,სტილ ინტერნეიშენალ ტრეიდ კომპანი Steel International Trading Company), საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2018 წლის 20 თებერვალს ასე დარეგისტრირდა: ,,სტიილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანი'', რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჭელიძეა. რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გიორგი ჭელიძე წილებს ფლობდა შემდეგ კომპანიებში: შპს ,,სითი გარდენი'', შპს ,,კავკასუს კონსალტინგი'', შპს ,,მობილ კრედიტი'', შპს ,,ჭელიძე და პარტნიორები'', ხოლო სხვადასხვა დროს, გენერალური დირექტორი იყო შპს ,,კავკასუს ონლაინში'', შპს ,,ახალციხესა'' და შპს ,,აიეტში''. 

მართალია, შპს ,,საქნახშირი'', რომელიც დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' შვილობილია, ტყიბულის შახტებს აღარ ფლობს, მაგრამ რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის 27 სექტემბრის ჩანაწერის მიხედვით, შპს ,,საქნახშირის'' ფინანსური დირექტორია მიხეილ ტურაბელიძე, გენერალური დირექტორი _ ჯამბულატ ჯაყელი, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი _ შპს ,,სტიილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანი''. 

წლების განმავლობაში, მიხეილ ტურაბელიძე ,,საქნახშირის'' ფინანსური დირექტორი იყო. 

რაც შეეხება ჯამბულატ ჯაყელს, 2011-2013 წლებში, ის RMG GOLD-ისა და RMG COPPER-ის, ასევე შპს ,,გლობალ ტრანსის'' გენერალურ დირექტორად მუშაობდა. სხვათა შორის, RMG GOLD-ში ჯამბულატ ჯაყელი ზუსტად იმ დროს მუშაობდა, როდესაც საყდრისი ააფეთქეს... 

მართალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ,,შპს ,,საქნახშირმა'' ახალი ინვესტორი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოიძია'', მაგრამ რეესტრის ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ,,ახალი ინვესტორი'', საკმაოდ კარგად დავიწყებული ძველია. 

მაშ ასე, ,,სტიილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის'' დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, 2010-2014 წლებში, ,,კავკასუს ონლაინის'' გენერალური დირექტორი და პარტნიორი იყო. ,,კავკასუს ონლაინის'' მფლობელი კი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა, რომელიც ახლა უკვე ,,თბილისი ენერჯისაც'' (ყოფილი ,,ყაზტრანსგაზთბილისი'') ფლობს. ,,თბილისი ენერჯის'' მფლობელია ოფშორში, კერძოდ ,,ბრიტანეთის ვირჯინიის'' კუნძულებზე რეგისტრირებული შპს ,,ვოლთბეი'', ხოლო საჯარო რეესტში რეგისტრირებულია შპს ,,ვოლტბეი'', სადაც 50% _ ხვიჩა მაქაცარიას, ხოლო 50% _ დავით ბეჟუაშვილს ეკუთვნის. 

,,ვერსია'' არაფერს ამტკიცებს, რეესტრის მონაცემების გაანალიზებით ასკვნის, რომ ტყიბულის შახტების ახალი ინვესტორის პირველი კვალი ირიბად ხვიჩა მაქაცარიასა და დავით ბეჟუაშვილის ტანდემამდე მიდის. 

ახლა მეორე და ძირითად კვალს გავყვეთ, რომლითაც ირკვევა, რომ შპს ,,საქნახშირის'' 100%-იანი წილის მფლობელია ,,სტიილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანი'', ხოლო კომპანიის ფინანსური და გენერალური დირექტორები ისევ მიხეილ ტურაბელიძე და ჯამბულატ ჯაყელი არიან _ პირები, რომლებიც წლების განმავლობაში, დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი, შპს ,,ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' შვილობილ კომპანიებს ხელმძღვანელობდნენ. აღარაფერს ვამბობთ თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრზე, რადგან 2010-2013 წლებში, ნათია თურნავა ჯერ შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის'' (,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' ერთ-ერთი შვილობილი) დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო 2012-2013 წლებში _ ,,საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს'' ხელმძღვანელობდა. 

საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობითვე, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ტყიბულის შახტის ახალი ინვესტორი ისევ დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაში არსებული, ოღონდ სახელწოდებაშეცვლილი კომპანიაა. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა და როგორც დარწმუნდით, არც ,,საქნახშირს'' დასჭირვებია დიდი ძალისხმევა, რათა ტყიბულში ,,ახალი ინვესტორი'' მოეძებნა...

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში