Menu
RSS

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2 მილიარდი დოლარი გამოუყო

რომელი პროექტები დაფინანსდება მომდევნო ხუთ წელიწადში და რას გულისხმობს მთავრობის ახალი სტრატეგია

 

აზიის განვითარების ბანკმა _ ADB, საქართველოში, სუვერენული სესხების მოცულობა 2 მილიარდი აშშ დოლარით განსაზღვრა. სუვერენული სესხები მთავრობის ახალი სტრატეგიის ხელშესაწყობად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყოფა, რასაც თანადაფინანსების სახით, ADB-ს პარტნიორებისგან მობილიზებული ფულადი სახსრებიც დაემატება. თანადაფინანსებაში მთავრობის სამი მთავარი პროექტი, კერძოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო, ეკონომიკური დერეფნების, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება მოიაზრება. 

ცალკეული ექსპერტების შეფასებით, საქართველოს რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის თვალსაზრისით, ეს პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გაუმჯობესებული საგზაო კავშირების, ასევე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების გახსნითა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის დერეფნების გაზრდით შავი ზღვისა და ევროპის მიმართულებით, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება.

რას გულისხმობს მთავრობის ახალი სტრატეგია და უფრო კონკრეტულად, რომელ პროექტებს დააფინანსებს აზიის განვითარების ბანკი? საქართველოს მთავრობის სახელით, ADB-თან მთავარი მომლაპარაკებელი, ფინანსთა სამინისტრო იყო. შესაბამისად, „ვერსია“ ვანო მაჭავარია¬ნის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. 

2019 წლის 23 აგვისტოს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორთა საბჭომ, 2019-2023 წლებისთვის, ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგია _ Country Partnership Strategy  (CPS) განიხილა და დაამტკიცა. ფინანსთა სამინისტროში „ვერსიას“ განუმარტეს, რომ ეს სტრატეგია ADB-ს „სტრატეგია 2030“-ს ეფუძნება და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან _ „საქართველო 2020“. ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგიის მიზანი რეგიონული კავშირების გაღრმავება, კერძო სექტორის განვითარება, ურბანული განვითარების მხარდასაჭერად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ADB-ის როლის გაფართოება/გავრცელებაა, როგორც განათლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, ასევე საჯარო მმართველობის კუთხითაც. 

„CPS-ის პრიორიტეტული სექტორები, მათ შორის, ტრანსპორტი, წყალმომარაგება და წყალარინების სისტემები, ასევე ენერგეტიკა, განათლება, კერძო სექტორი, საჯარო სექტორის მართვა და ფინანსები, ADB-ის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს სფეროებს წარმოადგენს. საქართველოსთვის განსაზღვრულია სუვერენული სესხების გამოყოფა შემდგომი 5 წლის განმავლობაში და ამ მხრივ, აღსანიშნავია უკვე გაფორმებული/მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები, როგორც გზების, წყალმომარაგება/წყალარინების სექტორებში, ასევე ქალაქების განვითარების მხარდასაჭერად“, _ აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. 

„ვერსიას“ განუმარტეს, კონკრეტულად, რომელ მსხვილ პროექტებს დააფინანსებს აზიის განვითარების ბანკი მომდევნო 5 წელში: 

ჩრდილოეთ-სამხრეთის (ქვეშეთი-კობი) გზის პროექტი _ ეს პროექტი ითვალისწინებს ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორზე არსებული ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას. პროექტის სავარაუდო ღირებულება 558.6 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი განხორციელდება ADB-ს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა _ EBRD და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, საიდანაც 370 მილიონი ევროს ოდენობის სესხი ADB-მ უკვე გამოყო. 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთი (ე.წ. F2 მონაკვეთი) _ ეს პროექტი ითვალისწინებს ხევი-უბისას მონაკვეთის (12 კმ) მშენებლობის დაფინანსებას. აღნიშნულ მონაკვეთს სრულად აფინანსებს ADB და პროექტისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი სესხის ოდენობა 255 მილიონი ევროა. 

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი“ _ ეს პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (ე.წ. F4 მონაკვეთი) საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობას გულისხმობს. მისი ღირებულება, დაახლოებით, 350 მილიონი აშშ დოლარია. 

საცხოვრებლად უკეთესი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (Livable Cities Investment Program) _ ეს პროგრამა ორიენტირებული იქნება ურბანული სექტორის ოპერაციებზე, რათა ინტეგრირებული და პროგრამული გადაწყვეტილებები მიაწოდოს მთავრობას საცხოვრებლად უკეთესი ქალაქების განსავითარებლად საქართველოში. მაგალითად, ეკონომიკურად კონკურენტული, სოციალურად ჩართული და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ურბანული და ტურისტული ადგილები (ცლუსტერს). ამ კუთხით შეირჩა ოთხი რეგიონი საქართველოში: კახეთი, მესტია, ზუგდიდი და თბილისი. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 400 მილიონი აშშ დოლარია. 

„აზიის განვითარების ბანკი _ ADB, საქართველოს ერთ-ერთი, უმსხვილესი და მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია, რომელთანაც 2007 წლიდან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. საქართველოში ბანკის მხრიდან დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.8 მილიარდი აშშ დოლარია, მათ შორის სახელმწიფო სექტორში, დაახლოებით, 1.8 მილიარდი აშშ დოლარი. 

აღსანიშნავია ADB-ს მხარდაჭერა საინვესტიციო პროექტების დაფინანსების კუთხით ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების განვითარების მხრივ, როგორებიცაა, მდგრადი ურბანული ტრანსპორტი, წყალმომარაგება/წყალარინები, ენერგეტიკა და სხვა. ამ სექტორებში მნიშვნელოვანია ADB-ის დაფინანსების წილი და ამ მიმართულებით, ბანკთან მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წარმატებით ვთანამშრომლობთ ბანკთან საქართველოს მთავრობის რეფორმების განსახორციელებლად საბიუჯეტო მხარდამჭერი პროგრამების (PBL) დაფინანსების კუთხითაც. 2008-16 წლებში, ADB-მ გააფართოვა საქართველოს მთავრობისადმი საბიუჯეტო დახმარება 500 მლნ აშშ დოლარის საერთო ღირებულების 5 პროგრამული სესხის მეშვეობით“, _ განუმარტეს „ვერსიას“ ფინანსთა სამინისტროში. 

როგორც კერძო ინვესტიციების კატალიზატორი ADB, ფინანსურ მხარდაჭერას უწევს კერძო სექტორსაც. კერძოდ, სესხების, სააქციო კაპიტალში ინვესტირების, კომერციული საწარმოებისთვის გაცემული სესხების დაფინანსების სახით. ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციები საქართველოში, ახალი ინვესტიციების შესაძლებლობებს სწავლობს ვაჭრობის დაფინანსების, საბანკო და არასაბანკო დაფინანსების სფეროში, ინფრასტრუქტურისა და აგრობიზნესის სექტორებში. რაც მთავარია, გრძელდება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში