Menu
RSS

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას ქართველი უხელმძღვანელებს?

რა ცვლილებებსა და რეფორმებს გეგმავს FAO-ში დავით კირვალიძე

პირველად, საქართველოს უახლეს ისტორიაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია _ FAO-ს გენერალური დირექტორის სავარძელი, შესაძლოა, ქართველმა დაიკავოს. პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამ პოსტზე, სოფლის მეურნეობის ექს-მინისტრის, დავით კირვალიძის კანდიდატურა ოფიციალურად უკვე დაასახელა. არჩევნები მიმდინარე წლის 23 ივნისს, რომში გაიმართება და თუ გაიმარჯვებს, დავით კირვალიძე FAO-ს ოთხი წლის მანძილზე უხელმძღვანელებს. ამჟამად, ექს-მინისტრი პრემიერ-მინისტრის მრჩეველია სოფლის მეურნეობის დარგში. 

11 აპრილს, გაეროს შტაბ-ბინაში, დავით კირვალიძე მსოფლიოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელ პირებსა და ელჩებს შეხვდა. ეს იყო FAO-ს საბჭოს სხდომა, სადაც დაახლოებით, 90-წუთიან გამოსვლაში, მან ამ ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმების განსახორციელებლად ემზადება. დავით კირვალიძის თქმით, აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, მსოფლიოს ყველაზე ღარიბ რეგიონებში ინოვაციების დანერგვა და ახალი ინვესტიციების განხორციელება. რაც მთავარია, სოფლის მეურნეობაში თითქმის 30-წლიანი გამოცდილება, მას სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. მეტიც, დავით კირვალიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიღარიბესა და შიმშილს, რაც FAO-ს უმთავრესი მიმართულებაა, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით დაძლევს. კონკრეტულად რა რეფორმებს გაატარებს FAO-ში, ამაზე ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში, დავით კირვალიძე გვიამბობს:

_ ბატონო დავით, პრემიერ-მინისტრმა თქვენი კანდიდატურა ოფიციალურად უკვე წარადგინა, მაგრამ მთავარი ახლა იწყება. როგორ ირჩევენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს? 

_ FAO-ში ((Food and Agriculture Organization of the United Nations), 194 წევრი ქვეყანაა გაერთიანებული. ამ 194 წევრი ქვეყნიდან, ყველას აქვს უფლება, საკუთარი კვალიფიციური კანდიდატი წარადგინოს, რომელიც ამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. აუცილებელი პირობაა, რომ კანიდიდატი საკუთარმა ქვეყანამ წარადგინოს და აქედან გამომდინარე, ჩემი კანდიდატურა, სწორედ პრემიერ-მინისტრმა დაასახელა. გენერალურ დირექტორს FAO-ს წევრი 194-ვე ქვეყანა ფარული კენჭისყრით ირჩევს ანუ ერთი ქვეყანა უდრის ერთ ხმას. 

_ აქამდე რატომ არ ყოფილა ასეთი პრეცენდენტი, თქვენი აზრით, რამ განაპირობა, რომ წელს პირველად, ამ თანამდებობაზე საქართველომ დაასახელა კანდიდატურა? 

_ ფაქტობრივად, 20 წლის მანძილზე _ 1993 წლიდან, 2011 წლამდე, ამ ორგანიზაციას ერთი ადამიანი უცვლელად მართავდა. 2011 წელს, ჩატარდა გენერალური დირექტორის არჩევნები და მას შემდეგ ახლა იმართება. გარდა ამისა, უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს მთავრობიდან აშკარად შეიმჩნევა ინტერესი, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებში კვალიფიციური ქართველი კანდიდატები წარადგინოს. მაგალითად, წელიწადნახევრის წინ, გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გაიმარჯვა, წელს კი FAO-ს გენერალური დირექტორის პოსტზე _ ჩემი კანდიდატურა დასახელდა, თუმცა ვფიქრობ, ეს პროცესი ანუ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართველი კანდიდატების წარდგენა, მომავალშიც გაგრძელდება. 

_ 11 აპრილს, გაეროს შტაბ-ბინაში, FAO-ს საბჭოზე გამოსვლისას ბრძანეთ, რომ ამ ორგანიზაციაში ბიუროკრატიულ მმართველობას დაასრულებთ. კონკრეტულად, რას გულისხმობთ? 

_ ბიუროკრატია, ამ სიტყვის კარგი გაგებით, საჭიროა. თუმცა ის, რაც დღეს სისტემაში ხდება და ამ შემთხვევაში, მხოლოდ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას არ ვგულისხმობ, ისაა, რომ ყველაზე დიდ სიმდიდრეს _ პროფესიონალ თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც ათეული წლებია ამა თუ იმ სისტემაში მუშაობენ, აზრს არავინ ეკითხება. მხოლოდ მიდის დირექტივა, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ. უპირველესად აუცილებელია, მათი გააქტიურება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის დეცენტრალიზაცია, FAO-ს აქვს რეგიონული, სუბრეგიონული და ნაციონალური ანუ წევრი ქვეყნების ოფისები. ქვეყნის ოფისის ხელმძღვანელმა კონკრეტული საკითხი რომ გადაწყვიტოს, ფაქტობრივად, ყველა ზემდგომთან უნდა შეათანხმოს, რაშიც ძალიან დიდი დრო იხარჯება. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა სისტემის რეფორმა დაიწყო და დეცენტრალიზაციაც უკვე გაცხადებულია, რაც პირველ რიგში, პროფესიული კადრების დაფასებას გულისხმობს. რიგით თანამშრომლებს ბევრი დირექტორი უნახავთ მოსულ-წასული, თუმცა მათთვის არასდროს არავის უკითხავს, აბა, როგორ სჯობს, რომ ესა თუ ის საკითხი გადავწყვიტოთო. ეს იყო ჩემი მთავარი პოსტულატი ამ სხდომაზე, როდესაც დავპირდი თანამშრომლებს, რომ ამიერიდან, ასე აღარ იქნება. უმთავრესი, რაც კონკურენტი კანდიდატებისგან განგვასხვავებს ისაა, რომ სოფლის მეურნეობა თითქმის ყველა კუთხიდან გვაქვს დანახული, დაწყებული _ მეცნიერებიდან, ფერმერობიდან, პარლამენტის აგრარული კომიტეტიდან, სამინისტროდან, დამთავრებული _ დონორი ორგანიზაციიდან. რაც მთავარია, წლების მანძილზე, პირადად ვიყავი დახმარების მიმღების პოზიციაში, ამიტომ კარგად ვიცი, რას ნიშნავს დროულად გაწეული დახმარება და კარგად გაცემული პასუხი. ისიც კარგად მახსოვს, რას ნიშნავს გულგრილი პასუხი _ ზეგ გამოიარეთ, ერთ თვეში დაგირეკავთ, ან ჩემი მდივანი დაგიკავშირდებათო. 2006 წლიდან, იმ წლების გამოკლებით, როდესაც 2012-2013 წლებში, უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრი ვიყავი, უკვე დონორ ორგანიზაციაში ვმუშაობ ანუ იმ მხარეს ვარ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას ეხმარება. მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს თხოვნის სწორად ფორმულირება და რამდენად კარგია პასუხისა და დახმარების დროულად მიღება. სოფლის მეურნეობაში, სადაც ყველაფერს სეზონურობა განსაზღვრავს, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუ ამ სეზონზე პასუხს ერთი თვით დამიგვიანებ, მართალია, მომდევნო სეზონზე 11 თვით წინ ვიქნები, მაგრამ მიმდინარე სეზონი ჩემთვის უშედეგოდ დასრულდება. 

_ თქვენი არჩევის შემთხვევაში, მაგალითად, FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში, ადგილზე მიიღებს გადაწყვეტილებას? 

_ დიახ და არა მარტო საქართველოში, ამ ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანაში. მაქსიმალური დეცენტრალიზება უნდა მოხდეს და ამასთან, ოფისების ხელმძღვანელები, იქნება ეს ეროვნული, რეგიონული, თუ სუბრეგიონული, პროფესიონალები უნდა იყვნენ. ისინი, რომლებმაც კარგად იციან, რას ნიშნავს ზრუნვა, რომლებსაც ხელეწიფებათ, რომ პირობითად, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ _ 18.00 საათზე კი არ დაკეტონ ოფისები, ცოტა ხნით კიდევ დარჩნენ, თუ ამით შეძლებენ, რომ ასეულობით ადამიანს იმ დღესვე დაეხმარონ, რომლებიც კონკრეტულად მათ გადაწყვეტილებას ელიან და ეს პროცესი მეორე დღისთვის არ გადადონ. რაც მთავარია, ამ ოფისების ხელმძღვანელებს გადაწყვეტილებების მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ. 

_ რა შანსი გაქვთ, რომ FAO-ს გენერალურ დირექტორად აგირჩიონ? 

_ გაეროს შტაბ-ბინაში გამოსვლის მეორე დღეს, 12 აპრილს, კანდიდატებს შორის პროფესიული დებატები გაიმართა. ამ დებატებში მხოლოდ ორი კანდიდატი _ მე და საფრანგეთის წარმომადგენელი ვმონაწილეობდით. საერთოდ, გენერალური დირექტორის კანდიდატურა ხუთმა ქვეყანამ წარადგინა: საქართველომ, კამერუნმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და საფრანგეთმა. კამერუნის წარმომადგენელმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ოთხი ქვეყნის წარმომადგენელი დავრჩით. იმის გამო, რომ ინდოეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს, 12 აპრილს, დებატები მხოლოდ ჩემსა და საფრანგეთის წარმომადგენელს შორის შედგა. პროფესიული დებატების შემდეგ, რომელიც მეტად აღარ გაიმართება, საქართველოს საკმაოდ კარგი შანსი აქვს, თუმცა ამაზე საუბარი ძნელია, რადგან ქვეყნები შეწონილ გადაწყვეტილებას იღებენ, სადაც პოლიტიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამას ისიც ემატება, რომ, როგორც უკვე გითხარით, კენჭისყრა ფარულია. ვნახოთ, დაველოდოთ არჩევნებს, რომელიც 23 ივნისს, რომში გაიმართება. 

_ გენერალური დირექტორის არჩევამდე, დებატები აუცილებელი პროცედურაა? 

_ არა, ეს წლევანდელი სიახლე იყო, ადრე ასეთი რამ არ ყოფილა. FAO-სთან შეთანხმებით, გამჭვირვალობისა და კანდიდატების უკეთ გაცნობის მიზნით, დებატები ,,ჩეტემ ჰაუსმა'' მოითხოვა და 12 აპრილს, ქალაქ რომში, სწორედ მათი ეგიდის ქვეშ შედგა კიდეც. 

_ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხერხემალი სოფლის მეურნეობისა და რეგიონების განვითარებაა. აქედან გამომდინარე, თუ FAO-ს გენერალურ დირექტორად აგირჩევენ, ამ მიმართულებით, რა ნაბიჯებს გადადგამთ? 

_ უმთავრესით დავიწყოთ, ეს FAO-ს მანდატია, რომელიც რამდენიმე, ძირითადი პოსტულატითაა გამოხატული: ესაა შიმშილთან ბრძოლა მსოფლიოში. 800 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს დღეს; ძირითადი პოსტულატებია სიღარიბე და არასწორი კვება, როდესაც ადამიანი მხოლოდ იმ საკვებს იღებს, რაზეც ხელი მიუწვდება. ეს არის მდგრადი განვითარების მიზნები, რაც 2030 წლისთვის უნდა შესრულდეს. ფაქტობრივად, ყველა თანხმდება, რომ განვითარების იმ ტემპით, რაც დღეს გვაქვს, ეს შეუძლებელია. გარდა ამისა, ის რესურსი, რაც FAO-ს ბიუჯეტის სახით არსებობს, საკმარისი არაა. ესეც რომ არ იყოს, მას სხვა ფუნქციებიც აქვს. სწორედ ამიტომ იგეგმება სიახლის დანერგვა _ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის ჩართვას სოფლის მეურნეობის საქმიანობაში. სხვათა შორის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ კერძო სექტორი მზადაა და შემოთავაზებაც მივიღე მათგან _ სპეციალურად, კერძო სექტორთან შეხვედრის მიზნით, მიმდინარე კვირაში, რომში მივემგზავრები. ასეთი სურვილი ჩემი გამოსვლის შემდეგ გამოთქვეს, სადაც მთავარი აქცენტი სიახლეების დანერგვასა და ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართვაზე გავაკეთე. ამას ნათლად გამოკვეთილი სტრატეგია სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, შიმშილის პრობლემა სხვადასხვა გზით აღმოიფხვრას: ერთია, რომ მსოფლიოს სურსათის პროგრამა არიგებს საკვებს იქ, სადაც ადამიანებს სჭირდებათ და ასე გაგრძელდეს ანუ ნამატი პროდუქტები შეაგროვონ სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც არაა მდგრადი და მეორე _ ადამიანებს მიეცეთ საშუალება აწარმოონ პროდუქცია იმ გამონაკლისების გარდა, სადაც ბუნებრივი პირობების, ან შეიარაღებული კონფლიქტის გამო, წარმოება ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანი სწორედ მეორე გზაა, თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა, ვინ აწარმოებს პროდუქციას? რა თქმა უნდა, კერძო სექტორი! შესაბამისად, კერძო სექტორს უნდა მიეცეს საშუალება, რათა იმუშაოს და ესაა FAO-სა და მისი გენერალური დირექტორის პირველადი სამიზნე. მეორე სამიზნე ყველა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრია, რომლებიც აღჭურვილნი უნდა იყვნენ იმის სურვილით, რომ საკუთარ ქვეყანებში, კერძო სექტორს სათანადო პირობები შეუქმნან. მეტიც, კერძო სექტორმა კარგად უნდა იმუშაოს, თამაშის წესები კი ყველასთვის ერთნაირი, კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, რათა მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, უფრო მეტი პროდუქცია, უფრო კარგად აწარმოონ. კერძო სექტორის მოტივაცია ყოველთვის მოგებაა, ამიტომ მთავრობისა და სახელმწიფოს ფუნქციაა, ეს სფერო ისე დაარეგულიროს, რომ გარკვეული ინტერესები, რაც შესაძლოა, ამ ურთიერთობაში წარმოიშვას, აღმოფხვრას. 

_ რა ბენეფიტს მოუტანს ქვეყანას ის ფაქტი, თუ FAO-ს გენერალურ დირექტორად თქვენ აგირჩევენ? 

_ პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ არსებობს ერთი, სავალდებულო დებულება: როგორც კი გაეროს ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხდები, შენი პირადი პასპორტი გვერდით უნდა გადადო. შეუძლებელია, საკუთარ ქვეყანას განსაკუთრებული პრივილეგია მიანიჭო! მიუხედავად ამისა, წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობის ფაქტი იქნება ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. როგორც გითხარით, ამჟამად ოთხი კანდიდატი დავრჩით და საქართველოს გარდა, ამ არჩევნებში ჩინეთის, ინდოეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამ სამი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიარდამდეა, საქართველოს მოსახლეობა _ 4 მილიონზე ნაკლები. სხვათა შორის, შოტლანდიის წარმომადგენელმა მითხრა, სიამაყის განცდა არ გაქვს, ასეთი პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, ასეთი დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს რომ ებრძვიო? მე ასეთი განცდა მაშინ მიჩნდება, როდესაც ჩვენ, შოტლანდიელები, ინგლისელებს რაგბში ვამარცხებთო... 

_ 2012 წლის შემდეგ, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სრულიად ახალი და გარდამტეხი ეტაპი დაიწყო. რა გამოწვევების წინაშე დგას სოფლის მეურნეობა დღეს?

_ ვიდრე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ ვინც გადაწყვეტილებას არ იღებს, მხოლოდ ის არ უშვებს შეცდომებს... თუმცა ხელისუფლების მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ, სწორია. როდესაც სოფლის მეურნეობაში ასეთი, მასშტაბური რეფორმა ტარდება, ყველაზე მთავარი მისი უწყვეტობა და ცვლილებთან რეგულარული ადაპტაციაა. ყოველწლიურად, ახალ-ახალი რეალობა დგება, რასაც რეფორმა უნდა შეესაბამებოდეს. რეალურად, ეს რეფორმა სწორი გზით მიდის, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ყოველწლიურად უნდა განახლდეს და დაიხვეწოს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროფესიულად და პიროვნულად ძალიან თავდადებული და კარგი ადამიანი, ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, ვფიქრობ, ეს პროცესი უწყვეტი იქნება. ნაბიჯ-ნაბიჯ და ნელ-ნელა მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ქვეყანაში გამართული სოფლის მეურნეობა და სოფელი გვექნება. როგორც იცით, შარშან, სამინისტრომ სოფლის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლად მაცხოვრებელი ადამიანიც იგივე სიკეთეებით უნდა სარგებლობდეს, რა სიკეთეებსაც ქალაქში მაცხოვრებელი იღებს. სხვათა შორის, შარშან, ინგლისში, პირველად დაფიქსირდა საწინააღმდეგო, პოზიტიური მიგრაცია ქალაქიდან _ სოფლად. არცერთ ქვეყანაში ასე არ არის, მაგრამ ეს არც ისე შეუძლებელია იმიტომ, რომ პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, კარგი პირობები და კომუნიკაციის საშუალებები უნდა იყოს სოფლად, ინტერნეტის ჩათვლით. ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, ქალაქის ორომტრიალსა და გამონაბოლქვს გაექცნენ, ცხოვრების სათანადო, ღირსეული პირობები უნდა დახვდეთ. 

_ ინგლისის მაგალითის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიზანი, მოსახლეობის სოფლად მიგრაცია იქნება? 

_ სხვათა შორის, ადრე მკითხეს, როგორ შეიძლება, ახალგაზრდა ადამიანი დააკავო სოფლადო. ამისთვის ერთ-ერთი მეთოდი ისაა, რაც საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა _ სოფლად მაცხოვრებელს, პასპორტს ართმევნდნენ და მას უფლება არ ჰქონდა, ნებართვის გარეშე, ქალაქში გამგზავრებულიყო. ცხადია, ეს არასწორი გზაა, რადგან ადამიანს მომადლებული აქვს თავისუფალი არჩევანი. როდესაც ისეთ პირობებს შექმნი, რომ ადამიანს ბუნებრივად გაუჩნდება სოფელში დაბრუნების სურვილი, მხოლოდ მაშინ იქნება ეს პროცესი ჯანმრთელი და მდგრადი. 

_ ბატონო დავით, საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ბუნებრივი სიმდიდრეები გვაქვს, მათ შორის, მანგანუმი, ქვანახშირი... არ შეიძლება, რომ ინვესტორს, რომელიც ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროებს ფლობს, ან თუნდაც ამა თუ იმ სოფელში, მცირემეგავატიანი ჰესის მშენებლობას აპირებს, ხელშეკრულებაში ჩავუდოთ, რომ იმ სოფელსა და რეგიონში, სადაც ბუნებრივ სიმდიდრეს ფლობს, უფასო განათლება და ჯანდაცვა უზრუნველყოს? 

_ როდესაც კერძო სექტორის ჩართულობაზე ვსაუბრობთ, ამასაც ვგულისხმობთ. ძალიან ბევრი კერძო კომპანია გამოყოფს ცალკე მიმართულებას, რასაც სოციალური პასუხისმგებლობა ჰქვია. სხვათა შორის, ბიზნესი კეთილ ჟესტად თვლის იმას, რომ რეგიონში, სადაც მუშაობს, პარალელურად, მოსახლეობისთვის ზუსტად ასეთი პროექტები განახორციელოს. ამ შემთხვევაში, ყველაზე ეფექტიანია სწორი მოლაპარაკება ადგილობრივ ხელისუფლებას, ბიზნესსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. კერძო სექტორს ამის სურვილი აქვს, ახლა ეს ყველაფერი საჭირო მიმართულებით უნდა წავიდეს. ეს არც თუ ისე ძნელია, რადგან ამას მხოლოდ მონდომება და სწორი კომუნიკაცია სჭირდება. 

* * * 

FAO-ს გენერალური დირექტორის პოსტზე, დავით კირვალიძის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, ასევე სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი ექს-მინისტრი, შალვა ფიფიაა. დავით კირვალიძის გაეროს შტაბ-ბინაში გამოსვლასა და დებატებს ,,ვერსიასთან'', შალვა ფიფია აფასებს: 

_ წინასაარჩევნო პერიოდი ტექნიკური და პოლიტიკური ნაწილისგან შედგება. ტექნიკური ნაწილი უკვე ჩავლილია, ეს იყო FAO-ს საბჭოს სხდომა _ 11 აპრილს და ,,ჩეტემ ჰაუსის'' დებატები _ 12 აპრილს. ტექნიკური ნაწილი ამით დასრულდა და დავით კირვალიძემ საკუთარი გამოცდილების დემონსტრირება ძალიან კარგად შეძლო. მეორე, რაც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ნაწილია. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობა ჩართულია, რათა FAO-ს სხვა წევრ ქვეყნებთან, ორმხრივი სამუშაოები გასწიოს და ამ მიმართულებითაც, საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ. 

_ ბატონო შალვა, დებატებზე კითხვებს ვინ სვამდა? 

_ დებატებს წამყვანი და ორი მოდერატორი ჰყავდა. ერთ-ერთი მოდერატორი, ქალბატონი გერდა ვერბურგი, ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის ექს-მინისტრია, დღეს კი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეა. მეორე მოდერატორი, პერ პინსტრუპ-ანდერსენი, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორია, ეკონომისტია სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების დარგში. კითხვებს, ძირითადად, მოდერატორები სვამდნენ, მაგრამ დარბაზიდანაც დასვეს და ონლაინ რეჟიმის საშუალებითაც. დებატებს ესწრებოდნენ ბიზნესის, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები FAO-ში და სტუდენტები. ორივე კანდიდატს 5-5 წუთიანი გამოსვლა ჰქონდა, ამის შემდეგ ცოცხალი დებატები გაიმართა. მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ საბჭოს სხდომასა და დებატებზე დამსწრეთა უმრავლესობა მოდიოდა და მადლობას გვიხდიდა ძალიან საინტერესო და საქმიანი გამოსვლისთვის. ამიტომ, დღეს ფრიად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, ბატონი დავითი არჩევნებში გაიმარჯვებს.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში