Menu
RSS

ცნობილი რესტორნების ქსელის მეწილე, რომელმაც ბიზნესი მანქანების ქურდობით დაიწყო

ვინ არის გრიგოლ ღ., როგორ მოჰპარა ავტომანქანა ვალერი გაზაევს და რა სთხოვა გუცაევმა

13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. ამ დღეს, 1981 წელს, თბილისის „დინამომ“ ქართულ საკლუბო ფეხბურთს ჯერჯერობით ერთადერთი საერთაშორისო ტიტული მოუპოვა _ თასების მფლობელთა თასი.

იმ თაობის ფეხბურთელები მაშინ არანორმალური ავტორიტეტით სარგებლობდნენ, გამორიცხული იყო, რომელიმე მათგანს რაიმე ეთხოვა და უარი მიეღო. ეგებ, ამის ბრალიც იყო, ვიტალი დარასელიას უარი რომ ვერ უთხრეს და უგზოობის მიუხედავად, გზის გაგრძელების ნება დართეს, რის შემდეგაც ის ხევში გადაიჩეხა და 13 მაისის გმირი ტრაგიკულად დაიღუპა... 

 

ალბათ, ყველას გახსოვთ, ერთი პერიოდი, საქართველოში ღამე არ გავიდოდა, რამდენიმე ათეული მანქანა არ დაკარგულიყო. ავტომობილები აზერბაიჯანში, სომხეთსა და უმთავრესად, რუსეთში გაჰყავდათ ცხინვალის გავლით. ამ საქმეში ჩართულები იყვნენ `კანონიერი ქურდებიც~, ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მოკლედ, ყველა, ვისაც არ ეზარებოდა და სიტყვა „ვაზვრატი“, მაშინ ყველაზე პოპულარული იყო. 

ერთ-ერთი, ვინც ავტომობილებს აქტიურად იპარავდა, გრიგოლ ღ. გახლდათ. მანქანების პროფესორი და იმ დროისთვის პატარა ბიჭი, რომელმაც ჯერ საბურავების მოხსნით დაიწყო „კარიერა“, შემდეგ კი აკუმულატორებით გააგრძელა. როგორც თავად ამბობს, რამდენიმე თვეში, მანქანის გარეთა მხარეს შეეშვა და სალონში გადაინაცვლა, მაგნიტოფონებს იპარავდა, შემდეგ კი _ თავად მანქანასაც. 

„პირველად მანქანა შემთხვევით მოვიპარე. `09~-დან „პიონერის“ მაგნიტოფონი უნდა ამომეღო, კლიენტი მყავდა, თუმცა მერე მოვიფიქრე, მთლიანად მანქანას წავიყვან, საბურავებსაც მოვხსნი, აკუმულატორსაც, საქარე მინასაც-მეთქი. მოკლედ, მანქანის დაშლა გადავიწყვიტე. დავადე თავი და კახეთში ჩავედი, სოფელში, სადაც მხოლოდ ბებია ცხოვრობდა. იქ დავშალე მანქანა, მაგრამ რეალურად, ბევრი არაფერი დამრჩა. მერე მივხვდი, მანქანა მთლიანად უნდა გამეყიდა ანუ მოიპარე ერთიანად და გაასხვისე ერთიანად. 

მოკავშირე მჭირდებოდა ცხინვალში, დავადე თავი და წავედი. მივიკითხე, მოვიკითხე და... საღამოს ადგილობრივმა პოლიციამ დამაკავა, უცხო კაცს ქალაქში რა გინდაო. ჩამაგდეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დილით უფროსი მოვა და ის გადაწყვეტს შენს ბედსო. 

მოვიდა განყოფილების უფროსი, წამითაქა თავში და მერე მითხრა, ან წამალზე ხარ ჩამოსული, ან მოპარულს ყიდი რამესო. კატეგორიულად ვიუარე, მაგრამ მერე თავად მთხრა, თუ რამეს იპარავ და აქ ყიდი, „კრიშა“ გინდა და ჩემზე უკეთესს სად ნახავო. 

ნელ-ნელა შევყევით და ბოლოს ვუთხარი, სწორედ იმ კაცს ვეძებ, ვინც ხელს დამიცლის-მეთქი. შევთანხმდით და ერთ კვირაში, შვიდი მანქანა ჩავუყვანე. გაგიჟდა კაცი, შენ რა მაგარი ვინმე ყოფილხარო“, _ ასე დაიწყო მოყოლა გრიგოლმა თავისი ისტორიის, როცა რუსთავის #17 დაწესებულებაში მას შემდეგ შემოადგეს, რაც არარეგისტრირებული იარაღი უპოვეს. 

„ნელ-ნელა ადგილობრივი კრიმინალები გავიცანი. რა თქმა უნდა, ისინი იმაზე მეტს იხდიდნენ, ვიდრე იქაური მილიციის მაღალჩინოსნები, მაგრამ ორივე მჭირდებოდა. 

აქედან საზღვარი იყო დაკეტილი და პოლიციასთან თუ არ გაამწვანებდი, მესაზღვრეებისთვის უნდა გეძლია. მე კიდევ მწვანე მქონდა. ორ თვეში, აქაური ქურდები დამადგნენ, თურმე, მანქანებს იპარავ და ჩვენს გარეშე, რა პონტში ყიდიო? 

„ობშიაკისთვის“ ფული მომთხოვეს და მივხვდი, თუ არ მივცემდი, მერე უკვე პოლიცია მოვიდოდა და დამიჭერდა. 

შევთანხმდით და მანქანიდან 200 დოლარს ვაძლევდი, რაც მაშინ ცოტა ფული ნაღდად არ იყო, თან საქმის კურსში უნდა ჩამეყენებინა, რომელი მანქანა მოვიპარე. მერე მთხრეს, რომ მოიპარავ, 2-3 დღე გააჩერე, შეიძლება „ვაზვრატში“ მეტი ავიღოთო. სისულელე იყო, მეტს არ გადაიხდიდნენ და არც მოპარული მანქანის გაჩერება მაწყობდა. 

ბოლოს, ისე გამოვიდა, ქურდებს ვუთხარი, შევეშვი ამ საქმეს-მეთქი და კატეგორიულად გამაფრთხილეს, თუ დაგიჭერთ, რომ ჩუმად იპარავ, ცოცხლად გაგატყავებთო. 

მოკლედ, ცალკე პოლიციას ვემალებოდი, ცალკე კიდევ ქურდებს“, _ სიცილით იხსენებდა გრიგოლი. 

მის ისტორიაში ყველაზე საინტერესო, მაინც სხვა რამ იყო. ამას ისეთი სიამოვნებით ყვებოდა, რომ სახეზე ნეტარება ეწერა. 

„ჩავედი ერთხელ ცხინვალში, ჩავიყვანე ჩემი მოპარული `07~ და იქაური ძმაკაცები მეუბნებიან, მანქანა უნდა მოიპარო ცხინვალში და საქართველოში 2-3 დღე გააჩერო, 5 ათას დოლარს ვიხდითო. გავოგნდი, რადგან არარეალური თანხა იყო და ვკითხე, რა მანქანაა-მეთქი. „მერსედესიო“, მითხრეს და მანახეს კიდეც. მაქსიმუმ, 5 ათასი ღირდა ის `მერსედესი~. ვისია-მეთქი და არც ძალოვანია, არც _ ქურდი და არც _ კრიმინალური ატორიტეტი, შენთვის რა მნიშვნელობა აქვსო. 

დავთანხმდი, მოვიპარე, საზღვარზეც უპრობლემოდ გადავიყვანე და ძმაკაცს ჩავუყვანე რუსთავში, 2-3 დღე შემინახე-მეთქი. იმანაც თავის ძველ გარაჟში ჩაკეტა და წამოვედი თბილისში. 3 დღის შემდეგ, ჯერ დამირეკეს ცხინვალელმა მეგობრებმა, მერე ჩამოვიდნენ. შევხვდი და პირი დავაღე _ მანქანიდან ამათთან ერთად, ვლადიმერ გუცაევი და ვალერი გაზაევი გადმოვიდნენ. გაზაევის მანქანა მომიპარავს. 

გუცაევმა მითხრა, ხომ იცი, ჩემი ძმაა, სტუმრების პატივისცემა ვიცითო. უხმოდ დავუქნიე თავი, ჩემი წილი აღებული მქონდა და რა მენაღვლებოდა. ესეც არ ყოფილიყო, გუცაევს რა უნდა ეთხოვა, უარი რომ მეთქვა, ის ხომ ლეგენდაა, ცოცხალი ლეგენდა. 

მოკლედ, მივეცით თავისი მანქანა გაზაევს, გუცაევმა რესტორანშიც დაგვპატიჟა, მაგრამ ვინ გადაახდევინებდა? ჩვენ ვიკისრეთ ყველაფერი და მშვიდობით გავაცილეთ. 

ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, რაში სჭირდებოდათ ჩემს მეგობრებს მანქანის მოპარვა და მერე დაბრუნება ისე, რომ ფული არ აეღოთ. ვკითხე კიდეც და სიცილი დაიწყეს _ გაზაევი სამხრეთ, თუ ჩრდილოეთ ოსეთში ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი ტიპია, ახლა ჩვენთან ვალშია და ნებისმიერ რამეზე გვიშუამდგომლებსო. 

მართლებიც გამოდგნენ: დაახლოებით ექვს თვეში, ვლადიკავკაზში უზარმაზარი ფართი დაითრიეს და სუპერმარკეტი გააკეთეს. დღემდე მუშაობს ეს მარკეტი და გაზაევიც დღემდე წილში ჰყავთ...“ 

სხვათა შორის, ამ საქმიდან გრიგოლმა სხვა სარგებელიც ნახა. მან არა ერთ და ორ ცნობილ ადამიანს მოპარა ავტომობილი, შემდეგ დაუბრუნა და მათთან ერთად, ლეგალური საქმიანობაც დაიწყო. დღეს ის ერთ-ერთი რესტორნების ქსელის მეწილეა და ღიმილით ამბობს, რომ თავის პარტნიორის მამას, წლების წინ, მანქანა მართლა შემთხვევით მოპარა, შემდეგ დაუბრუნა და როცა გაუჭირდა, მიაკითხა. შედეგად, ლეგალური ბიზნესითა და მშვიდი ცხოვრებით, ის დღეს პატიოსნად ცხოვრობს.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში