Menu
RSS

რამ გამოიწვია გაზის აფეთქება დიდ დიღომში და რა პრეტენზიები აქვს მოსახლეობას წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის კომპანიებთან

როგორაა დაცული საქათველოში მომხმარებელთა უფლებები _ ენერგოომბუდსმენის 2018 წლის ანგარიში

ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ესაა ვრცელი, 90-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა დეტალურადაა ასახული. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმალობაში, ენერგოომბუდსმენის სამსახურს განცხადებებით მიმართავენ, როგორც მოქალაქეები, ისე მსხვილი და საშუალო ბიზნესის მქონე იურიდიული პირები და სახელმწიფო უწყებებიც. სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს, საზოგადოებრივი დამცველის ოფისებში, მათ შორის რეგიონებში, 11 ათასამდე ვიზიტორი დაფიქსირდა. სექტორების მიხედვით, 2018 წელს, საჩივრები შემდეგნაირად გადანაწილდა: წყალმომარაგება _ 3 102; ელექტროენერგეტიკა _ 1 007; ბუნებრივი გაზი _ 1 485. რაც შეეხება ჩამოწერილ თანხებს, 2018 წელს, მომხმარებლებს, ჯამში, 1 278 630 ლარის დავალიანება ჩამოაწერეს, აქედან რეკომენდაციებით _ 687 433 ლარი, ხოლო გადაწყვეტილებებით _ 591 196 ლარი.

წყალმომარაგება 

 

2018 წელს, წყალმომარაგების სექტორში საჩივრების რაოდენობამ 2 930-ს მიაღწია, თუმცა კომპანიების მიხედვით, საჩივრების რაოდენობა ასე განაწილდა: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ _ 1 062; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 1 241; შპს „მცხეთის წყალი“ – 45; შპს „რუსთავის წყალი“ – 581 და შპს „ბათუმის წყალი“ _ 1. მოქალაქეთა განცხადებების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახულ დავალიანებებს ეხება, რომელთა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები უკვე გასულია. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კრედიტორს (ლიცენზიატ კომპანიას), ამ დავალიანების მოთხოვნის უფლება უკვე აღარ აქვს. 

ენერგოომბუდსმენის ანგარიშში მითითებულია, რომ წყალმომარაგების კომპანიები მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გზით განაგრძობენ მომხმარებელთა ინფორმირებას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ, თუმცა მოქალაქეებს განსაკუთრებით აღიზიანებთ წყალმომარაგების აღდგენის დროის ცვლილება, რომელიც აგრეთვე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით იგზავნება. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ზოგიერთ ცენტრალურ უბანზე აღდგენითი სამუშაოები დროულად სრულდება და ამ მხრივ სიტუაცია 2018 წელს, საგრძნობლად გამოსწორდა, თუმცა რჩება მთელი რიგი უბნები, სადაც ავარიული და ტექნიკური სამუშაოები კვლავაც დიდხანს მიმდინარეობს და ეს პრობლემა თბილისში მწვავედ დგას. 

,,პრაქტიკაში არსებული მიდგომებიდან გამომდინარე, სასმელი წყლის მომხმარებლები დაყოფილნი არიან ფიზიკურ და იურიდიულ პირებად. შესაბამისად, ხშირად გვსმენია ე.წ. კომერციული ტარიფის შესახებ. სწორედ აქედან გამომდინარე, 2018 წლამდე, საცხოვრებელი ბინების გამქირავებლები, სასმელი წყლის გადასახადს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის დადგენილი ტარიფით იხდიდნენ. 2018 წლის მეორე ნახევარში, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მასშტაბური ღონისძიება დაიწყო საცხოვრებელი ფართების გამქირავებელთა გამოსავლენად და ინფორმაცია მოიძია ვებ-გვერდებზე _ ,,ბუკინგქომი“ და ,,ეარბიენბი“. მისამართების მიხედვით, სახლის მესაკუთრეები მოძებნეს და გამოავლინეს, რომ რეალურად, ისინი ამ საქმიანობას ეწევიან. ასეთი აბონენტები კომპანიამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნო და ზიანის ანაზღაურების სახით, სოლიდური თანხებიც მოითხოვა. მომხმარებლებმა აღნიშნული ფაქტები გაასაჩივრეს, როგორც ენერგოომბუდსმენთან, აგრეთვე მარეგულირებელ კომისიაში _ სემეკ-ში. სწორედ ეს გარემოება გახდა საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის დაწყების საფუძველი. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ცვლილება, რომელიც ამ კუთხით განხორციელდება, არ შედის მომხმარებელთა ინტერესებში და ის უარყოფითი ხასიათის იქნება, ვინაიდან გამქირავებლებს მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტარიფით გადახდა მოეთხოვებოდათ'', _ ვკითხულობთ ანგარიშში. 

აქედან გამომდინარე, სალომე ვარდიაშვილმა მოამზადა რეკომენდაცია, რომლითაც ფიზიკური პირები, ვიდრე ისინი არ არსებობენ რომელიმე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და დაკავებულნი არიან ოთახებისა, თუ ბინების გაქირავებით, ითვლებიან საყოფაცხოვრებო ტიპის მომხმარებლებად, ვინაიდან სასმელი წყლის მოხმარების მიზანი არ იცვლება და მიუხედავად სტუმრების მიღებისა, ის იგივე რჩება, რაც საკუთარი ოჯახის წევრების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. 

მეტიც, ენერგოომბუდსმენს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირები, რომლებიც სისტემატურად აქირავებენ საცხოვრებელ ფართებს, არ არიან მეწარმეები, მათ საქმიანობას არა აქვს ორგანიზებული სახე, არ ჰყავთ თანამშრომლები (დამლაგებელი, დაცვის სამსახური, მზარეული, მომსახურე პერსონალი), არ აწარმოებენ ბუღალტერიას და არ ახორციელებენ გამოქვითვებს. შესაბამისად, მათი საქმიანობა ვერ შეედრება სასტუმროს საქმიანობას, სადაც ცხოვრების საფასურში, შესაძლოა, აუზითა და სპა-ცენტრებით მომსახურების თანხებიც შედიოდეს. 

ფიზიკურ პირებს არასაყოფაცხოვრებო ტარიფის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეკისროს, თუკი სასმელი წლის მოხმარება გასცდება საყოფაცხოვრებო მიზნებს და სარგებლის მიღება (მისი საქმიანობა) უშუალოდ დაკავშირებული იქნება წყლის მოხმარებასთან (მაგალითად, სამრეცხაოს ფუნქციონირება, საკუთარი აუზის შეთავაზება ცურვის გაკვეთილებისთვის, ან სარელაქსაციოდ). მოცემულ შემთხვევებში, წყლის მოხმარების კომერციული მიზანი იკვეთება, რის გამოც აბონენტს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი უნდა განესაზღვროს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტს, სალომე ვარდიაშვილი უარყოფითად აფასებს. 

ელექტროენერგეტიკა 

წინა საანგარიშო წელთან შედარებით, როდესაც ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი კომპანიების წინააღმდეგ, ენერგოომბუდსმენის ოფისში 1 270 განცხადება დარეგისტრირდა, 2018 წელს, საჩივრების რიცხვი 989-მდე შემცირდა. უფრო დეტალურად, სს „თელასის“ წინააღმდეგ – 573, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდე _ 416 განცხადება შევიდა. 

ანგარიშიდან ირკვევა, რომ გადაუჭრელ პრობლემად რჩება მოქალაქეთა განცხადებების ის კატეგორია, რომელიც მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხულ გადასახადებს ეხება. 2018 წლის განმავლობაში, ენერგოომბუდსმენის სამსახურში, ამ შინაარსის უამრავი განცხადება დარეგისტრირდა. არადა, მომხმარებლისთვის თვალსაჩინო დოკუმენტს წარმოადგენს ქვითარი, რომელშიც თვის განმავლობაში დახარჯული ელექტროენერგიის ოდენობაა აღრიცხული. 

,,ელექტროენერგიის მომხმარებელთა საჩივრების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ განაწილების ლიცენზიატების მიერ, მრიცხველის ჩვენების წაკითხვა, რიგ შემთხვევებში, ხდებოდა 28-ე, ან 29-ე დღეს. საშუალო დღიური ხარჯის გადაანგარიშების შედეგად კი, მომხმარებელს ერიცხებოდა შემდგომი საფეხურის ტარიფით გათვალისწინებული გადასახადი. ძირითად შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მეორე საფეხურის მომხმარებლების გადაყვანას მესამე საფეხურის ტარიფში. კომპანიიდან წარმოდგენილი დოკუმენტებისა და აბონენტის ბრუნვის ისტორიის შესწავლის შედეგად, განსახვავებული შემთხვევებიც გამოვლინდა. კერძოდ, ელექტროენერგიის მრიცხველიდან, საწყისი ჩვენება წაკითხული იყო 2018 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო მომდევნო ჩვენება 2018 წლის 20 ნოემბერს ანუ 32-ე დღეს. შესაბამისად, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გადავიდა მესამე საფეხურში. პრობლემური იყო იანვრის თვეც. მომხმარებელთა განმარტებით, მრიცხველების ჩვენებები კომპანიის წარმომადგენლებმა 5 დღის დაგვიანებით წაიკითხეს, რასაც უქმე დღეების არსებობით ხსნიდნენ. ორივე შემთხვევაში, მეტობით დარიცხული თანხა 13-დან 25 ლარამდე მერყეობდა'', _ აღნიშნულია ანგარიშში. 

სინამდვილეში, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, ყოველი მომხმარებელი, გადასახადს 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით, შესაბამისი საფეხურის ტარიფის გათვალისწინებით იხდის და კომპანიები ვალდებულნი არიან, დადგენილი წესები დაიცვან! 

2014 წლიდან, ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის საკითხი, ენერგოომბუდსმენის პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს ყველაზე წარმატებული წამოწყება იყო, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეხებოდა. შესაბამისად, ხანდაზმულობის საფუძველზე ჩამოწერილი თანხებიც, საკმაოდ შთამბეჭდავია. 

ბუნებრივი გაზი _ აფეთქება დიდ დიღომში 

2018 წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში, ბუნებრივი გაზის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეთა 1 485 განცხადება დაფიქსირდა. აქედან: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ _ 524; შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ _ 122; სს „საქორგგაზი“ _ 815; შპს „ტაბა“ _ 1; სს „თელავგაზი“ _ 4; შპს „დიდი დიღომი“ _ 3; შპს „ვარკეთილაირი“ _ 1; სს „საჩხერეგაზი“ 1; შპს „ყამარი მ“ _ 14. სალომე ვარდიაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სემეკ-მა ბუნებრივი გაზის საკითხებზე 680 გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიებს 707 რეკომენდაცია და 17 მიმართვა გაუგზავნეს, რომელიც მომხმარებელთა საკმაოდ ფართო წრეს ეხებოდა. ამის საფუძველზე, ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს, საერთო ჯამში, 264 544 ლარის დავალიანება ჩამოაწერეს. 

ენერგოომბუდსმენის ანგარიშში, გაზის სექტორის ნაწილში, საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია ხაზგასმული, რაც მომხმარებლებს აწუხებთ. ესაა ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა, რომელიც 40 სამუშაო დღეს შეადგეს. სწორედ ეს ვადა განისაზღვრება მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოწყობის ჩათვლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვილია ერთი დანადგარისა და შიდა ქსელის მოწყობაც. გაზიფიცირების სამუშაოების აღნიშნულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, მიერთების საფასური ნახევრდება. 

,,ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის გამო, მიერთების საფასურის განახევრებაზე, საქართველოს რეგიონებში მოქმედ კომპანიებს გაეგზავნათ რეკომენდაციები, რაც თითქმის სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ქსელზე მიერთების საფასური, თითოეულ მოქალაქეს 200 ლარით შეუმცირდა. რაც შეეხება განცხადებებს შპს „ყაზტრანსგაზთბილისის“ განაწილების არეალში, 2018 წელს გაგზავნილი რეკომენდაციების უმეტესობა შესრულდა, როგორც ქსელზე მიერთებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების ნაწილში, ისე მიერთების ვადების დარღვევის გამო, საფასურის განახევრების ნაწილშიც''. 

ბოლო წლებში, მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბუნებრივი გაზის სექტორში რთული მდგომარეობაა. სალომე ვარდიაშვილმა, ჯერ კიდევ გასული წლის ანგარიშში აღნიშნა, რომ 2017 წლის ზამთარში, მდგომარეობა გართულდა რეგიონებში, განსაკუთრებით რუსთავში, სადაც 2017 წლის თებერვალ-მარტში, ბუნებრივი გაზისგან გამოწვეული, ათზე მეტი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.

შპს „ყაზტრანსგაზთბილისის“ ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში, კომპანიის განაწილების არეალში, ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად, აფეთქების სამი ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც მოქალაქეებს ქონებრივი ზიანი მიადგათ. ამ აფეთქებებით, ხუთი ადამიანის ჯანმრთელობა დაზიანდა, ხოლო ორი მათგანი გარდაიცვალა. 

,,რეგიონებისა და დედაქალაქის მასშტაბით მომხდარი ფაქტების ანალიზით დადგინდა, რომ უბედური შემთხვევები, ძირითადად გამოწვეული იყო ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო დანადგარების (სხვადასხვა სახის გამათბობლების, ასევე წყალგამაცხელებლების) თვითნებური, ან არასწორი მონტაჟისა და ტექნიკურად გაუმართავი გაზის დანადგარების ექსპლუატაციის შედეგად. ბუნებრივი გაზის ნებისმიერი დანადგარის მონტაჟი უნდა განხორციელდეს ტექნიკური სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნათა სრული დაცვით, კომპანიის წარმომადგენლების მკაცრი ზედამხედველობის პირობებში! შესაბამისად, დაუშვებელია ბუნებრივი გაზის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები შესრულდეს არაკვალიფიციური პირების მიერ და მისი ექსპლუატაცია განხორციელდეს კომპანიის სათანადო ნებართვისა და ზედამხევდელობის გარეშე''. 

 

ანგარიშში მითითებულია, რომ ბუნებრივი გაზის დანადგარების ვარგისიანობის, უსაფრთხოებისა და სწორი ექსპლუატაციის წესების შესახებ, მოსახლეობას მწირი ინფორმაცია აქვს. სალომე ვარდიაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემას წარმოადგენს ღია ტიპის, ე.წ. ერთკამერიანი წყალგამაცხელებლების ექსპლუატაცია. ასეთი ტიპის წყალგამაცხელებლების საცხოვრებელ სათავსოებში განთავსება და მონტაჟი დაუშვებელია, რადგან იწვევს დახურულ სათავსოში მხუთავი აირის ჩO-ს დაგროვებას, რასაც ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უმძიმესი შედეგი მოაქვს. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებმა სათანადო მითითებებიც კი გასცეს, რათა ასეთი ტიპის წყალგამაცხელებლები მომხმარებელთა საცხოვრებელი ბინებიდან სრულად გაიტანონ. 

,,პრობლემის საბოლოო მოგვარებისთვის, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოებმა, მათ შორის, საქსტანდარტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა აუცილებელი ღონისძიება უნდა განახორციელოს. საჭიროების შემთხვევაში, აკრძალოს და მაღალი სტანდარტები დააწესოს. მეტიც, გაზის დანადგარების მონტაჟზე, სპეციალური მოთხოვნები უნდა შემუშავდეს და კონტროლი გამკაცრდეს, როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით'', _ მიაჩნია ენერგოომბუდსმენს. 

2018 წლის განმავლობაში, დედაქალაქში ათასობით გეგმიურ-გამაფრთხილებელი რევიზია ჩატარდა. შედეგად, უსაფრთხოებისა და ტექნიკური ნორმების დარღვევით მოწყობილი, დაახლოებით, 65 000 ბუნებრივი გაზის დანადგარი ჩახსნეს კიდეც. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მომხმარებლებმა თვითნებურად აღიდგინეს ბუნებრივი გაზის მიწოდება და ისევ დააერთეს ქსელიდან ჩახსნილი საფრთხის შემცველი დანადგარები. ენერგოომბუდსმენის მიერ, ბუნებრივი გაზის უსაფრთხოების საკითხებზე, ინდივიდუალური შემთხვევების შესწავლისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მომხდარი შემთხვევების დაახლოებით 70% მომხმარებელთა (ან ბინების მესაკუთრეთა), თვითნებურმა ქმედებებმა და დაუდევრობამ გამოიწვია. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები, დიდ საფრთხეს უქმნის, როგორც მათი ოჯახის წევრების, ასევე იმ კორპუსში მცხოვრებ სხვა ოჯახების (მეზობლების) სიცოცხლესა და ჯანმრთელობას! 

,,ბოლო პერიოდში, ყველაზე მძიმე შემთხვევა 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში დაფიქსირდა. მართალია, ეს თარიღი საანგარიშო პერიოდში არ შედის, მაგრამ მისი აქტუალობიდან გამოდინარე, აუცილებელია, ხაზი გაესვას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, რათა სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ ასეთი ხასიათისა და მასშტაბის უბედური შემთხვევები. 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის №8-ში, მე-6 სართულზე, ბინა №49-ში, ბუნებრივი გაზის გაჟონვისგან მომხდარი აფეთქების გამო, ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო ექვსმა მოქალაქემ, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანა. აფეთქების შედეგად, დაინგრა და დაზიანდა საცხოვრებელი ბინები. თბილისის მერის განკარგულებით, ამ კორპუსის მაცხოვრებლები ალტერნატიულ საცხოვრებელ მისამართებზე გადაიყვანეს. ამ შემთხვევის შესწავლის მიზნით, მივმართეთ შპს „ყაზტრანსგაზთბილისს'', რათა მითითებულ მისამართზე, ბუნებრივი გაზის გაჟონვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია წარმოედგინა, კერძოდ, რამ გამოიწვია ბუნებრივი გაზის გაჟონვა. კომპანიას უნდა წარმოედგინა საავარიო სამსახურში შესული სატელეფონო შეტყობინებების, მათ შორის, 114–ის ჩანაწერებიც, ასევე ამ საცხოვრებელი კორპუსის გაზმომარაგების საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაცია, უნდა დაესახელებინა სამუშაოების შემსრულებელი კომპანია და წარედგინა სრული ტექნიკური დოკუმენტაცია _ გაზმომარაგების ქსელის ექსპლუატაციაში მიღებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების აქტების ჩათვლით''. 

ენერგოომბუდსმენმა დაადგინა, რომ ამ მისამართზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსია (ორი სადარბაზოთი), რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა. თუმცა კორპუსის გაზიფიკაციის პროექტი და სანებრთვო დოკუმენტაცია მომზადებულია შპს „ყაზტრანსგაზთბილისის'' მიერ. მეტიც, ამავე კომპანიამ შეასრულა ბუნებრივი გაზის ქსელის, მათ შორის, შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებიც. გაზიფიკაციის პროექტის მიხედვით, ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძები და მრიცხველები განთავსებულია მომხმარებელთა ბინების გარეთ, სართულებზე განლაგებულ კიბის უჯრედებში. 

,,2017 წლის 28 დეკემბერს, კორპუსის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა, რაზეც გაზმომარაგების ქსელის ექსპლუატციაში მიღების აქტი შედგა. ამ აქტში რაიმე არსებითი შენიშვნა, ან გაზმომარაგების ქსელის ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ამდენად, როგორც ირკვევა, ბუნებრივი გაზის ქსელი კომპანიამ მოაწყო წინასწარ შემუშავებული პროექტის მიხედვით და იგი ჩაბარების მომენტისთვის, გამართულ მდგომარეობაში იყო. ანალოგიურად, 2018 წლის 2 თებერვალს, შედგა აქტი „ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა/მონტაჟის შესახებ“, ავთანდილის ქუჩის №8, მე-6 სართულის, ბინა №49-სთან დაკავშირებით. აქტიდან დგინდება, რომ დაილუქა ბუნებრივი გაზის მრიცხველი და გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე აბონენტს ჩაუტარდა ზეპირი ინსტრუქტაჟი. აქტში პირდაპირ არაა მითითებული, მაგრამ სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული თარიღიდან დაიწყო აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგებაც''. 

ენერგოომბუდსმენის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შპს „ყაზტრანსგაზთბილისმა'', აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავა, რადგან კომპანიის განმარტებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა ბუნებრივი გაზის სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო სამსახურში შესული შეტყობინებების შინაარსის, შემთხვევის ადგილის დათვალიერებითა და საცხოვრებელ კორპუსზე, კერძოდ, მე-6 სართულზე აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დაზიანებებიდან გამომდინარე, ენერგოომბუდსმენმა დაასკვნა, რომ აფეთქება გამოიწვია კორპუსის მე-6 სართულზე, №49 ბინაში, ბუნებრივი გაზის საკმაოდ მაღალი კონცენტრაციის არსებობამ. 

,,ჩვენი სამსახური ყურადღებას ამახვილებს ამ საქმის შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე: შპს „ყაზტრანსგაზთბილისის'' საავარიო სამსახურიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციდან და საავარიო სამსახურის ცხელი ხაზის (114-ის) ჩანაწერებიდან დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, აღნიშნული მისამართიდან, ორჯერ განხორციელდა მოქალაქეების სატელეფონო ზარები, რომლებიც კომპანიას ატყობინებდნენ, რომ სადარბაზოში იგრძნობოდა ბუნებრივი გაზის სუნი. პირველი სატელეფონო შეტყობინება საავარიო სამსახურის ცხელი ხაზზე განხორციელდა 15:55 საათზე, რის გამოც გაგზავნილი იქნა კომპანიის საავარიო ბრიგადა, რომელმაც 20-წუთიანი შემოწმების შედეგად, ბუნებრივი გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა. მეორე სატელეფონი ზარი, ამჯერად სხვა მოქალაქისაგან, განხორციელდა 17:50 საათზე, რის გამოც, კიდევ ერთხელ გაიგზავნა კომპანიის იგივე საავარიო ბრიგადა. თუმცა წინა შემთხვევის მსგავსად, ბუნებრივი გაზის გაჟონვა ვერც ამჯერად დააფიქსირეს. უკანასკნელი შემოწმების შემთხვევაში, კომპანიის საავარიო სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისა და წამოსვლის დრო, ერთმანეთს თითქმის ემთხვევა (მისვლის დრო _ 18:35:59, წამოსვლის დრო _ 18:36:48) და დროის სხვაობა მხოლოდ 49 წამია. ეს მოწმობს, რომ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში, შეუძლებელია, კომპანიის თანამშრომლებს განეხორციელებინათ ობიექტის სრულყოფილი და კვალიფიციური შემოწმება და დაედგინათ ბუნებრივი გაზის გაჟონვის რეალური მიზეზი. დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებიდან ორი დღის შემდეგ, 18 იანვარს, სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს კომპანიის საავარიო სამსახურის ორივე თანამშრომელი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ 2201 მუხლით _ სამსახურებრივი გულგრილობისა და სსკ 2401 მუხლით _ ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან თბოენერგიის ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე''. 

მართალია, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ენერგოომბუდსმენის აპარატს არ აქვს შესაძლებლობა, რომ გამოძიების მასალებს გაეცნოს, თუმცა საკუთარი ძალებით მოძიებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, სალომე ვარდიაშვილმა რამდენიმე, მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება: 

,,ორივე შემთხვევაში, შპს „ყაზტრანსგაზთბილისის'' საავარიო ბრიგადის მიერ ჩატარებული შემოწმების დეტალები ბუნდოვანია და არ იძლევა გატარებული ღონისძიებების ამომწურავი ანალიზის შესაძლებლობას; წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ვერ დგინდება, რომ ავთანდილის ქუჩის №8 კორპუსის, მე-6 სართულის, №49-ე ბინაში მოწყობილი იყო უსაფრთხოების დეტექტორი და ავტომატური ამომრთველი, რაც სავალდებულო იყო ბუნებრივი გაზის ქსელების მეტალოპლასტმასის მრავალშრიანი მილების გამოყენების შემთხვევაში; გაზის მრიცხველის დალუქვისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების აქტში, მომხმარებლის გაზ-დანადგარები არ დაფიქსირებულა, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, გაჟონვის წყარო ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, კომპანიის მხრიდან არსებულ დარღვევებს (ხარვეზებს), არაკვალიფიციურ და არასრულყოფილ შემოწმებას პრევენცია ვერ მოჰყვა''. 

მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის, მნიშვნელოვანი ღონისძიება გაუმართავი ქსელების რეკონსტრუქცია და აღდგენაა. გარდა ამისა, აუცილებელია მოძველებული და დაზიანებული მრიცხველების ახალი, თანამედროვე და გამართული მრიცხველებით შეცვლა, მეტიც, მომხმარებლების ტერიტორიიდან, ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძები გარეთ უნდა გაიტანონ. 2018 წელს, თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის 7 024 მრიცხველი შეუცვალეს, ხოლო მომხმარებელთა ტერიტორიიდან _ 1 670 მრიცხველი გაიტანეს. თუმცა მხოლოდ მრიცხველის გარეთ გატანა პრობლემას არ აღმოფხვრის, ამიტომ ენერგოომბუდსმენს მიაჩნია, რომ გაზის მრიცხველების მომხმარებელთა ტერიტორიიდან გარეთ გატანის პროცესში, სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღებით უნდა შეამოწმონ შესრულებული სამუშაოები და ქსელის ტექნიკური მდგომარეობა _ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით. ამასთან, კომპანიამ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ბუნებრივი გაზის დანაკარგები და მისგან გამომდინარე არასწორი დარიცხვები!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში