Menu
RSS

ეკონიმიკის მინისტრ ნათია თურნავას ქონებრივი დოსიე

როგორ იშოვა მილიონები ექსმინისტრმა გიორგი ქობულიამ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. მან ამ პოსტზე გიორგი ქობულია შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 18 აპრილს დატოვა. ნათია თურნავა გიორგი ქობულიას პირველი მოადგილე იყო, თუმცა მანამდე ის ,,საპარტნიორო ფონდსა'' და ბეჟუაშვილების კომპანიაში მუშაობდა. ახალი მინისტრის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დავალებები, რომელიც ნათია თურნავამ უნდა შეასრულოს, ამბიციურია: „მივიღე გადაწყვეტილება და გიორგი ქობულიას შეცვლის ნათია თურნავა. გიორგი ქობულიამ შეძლო და ყველა ძირითად ინდუსტრიულ მიმართულებაზე განვითარების სტრატეგიები შეადგინა. ნათიასთან მაკავშირებს ურთიერთობის 10-წლიანი გამოცდილება, თუ სწორად დავითვალე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ბიზნესისა და მეწარმეების ინტერესების გამტარებელი იქნება. ნათიას ნამდვილად აქვს იმ სოციალური რეალობის სწორი აღქმა, რომელიც ქვეყანაშია და ასეთივე აღქმა აქვს საზოგადოებასაც. დავალებები და ვადები, რომელიც ნათიას ექნება შესასრულებელი, ამბიციური და მკაცრია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დახმარებით, ნათია წარმატებით გაართმევს თავს“.

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ნათია თურნავა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი, ნათია თურნავა განათლებით ეკონომისტია, რომელმაც ბაკალავრის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა. ამავე უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურაც, ხოლო სამაგისტრო პროგრამა დიდი ბრიტანეთის კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა, რის შემდეგაც ბიზნეს-ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. ნათია თურნავა 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის, ასევე ორი წიგნის თანაავტორია. 

ვიდრე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნებოდა, ნათია თურნავა ,,საპარტნიორო ფონდის'' აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე კი, 2006-2013 წლებში, ძმების _ დავით და გელა ბეჟუაშვილების კუთვნილი ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ნათია თურნავა 2000-2005-სა და 2005-2006 წლებშიც მუშაობდა. ამასთან, 2005 წელს, ის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეც იყო. 1998-2000 წლებში, ნათია თურნავა თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 

რაც შეეხება ქონებრივ მდგომარეობას, ირკვევა, რომ ბოლო დეკლარაცია ნათია თურნავამ 2018 წლის 14 ნოემბერს შეავსო, თუმცა ამ დეკლარაციაში წინა თანამდებობებზე მიღებული შემოსავალი არ მიუთითებია. 

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ნათია თურნავა 1968 წელს, მოსკოვში დაიბადა, ჰყავს მეუღლე _ დავით ვეშაპიძე. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის საკუთრებაშია 130.79 კვადრატული მეტრისა და 137.21 კვ. მეტრი ფართობის ორი ბინა _ თბილისში; ასევე 20.3 კვ. მეტრის ავტოფარეხი _ თბილისში და 1 615 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი _ მცხეთაში. თურნავას მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes Benz ML Class, რომელიც 2014 წელს, 43 000 დოლარად შეიძინა. 

დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე თურნავას აქვს 20 665 ლარი, 5 444 აშშ დოლარი და 13 000-ლარიანი საკრედიტო ბარათი; ნაღდი ფულის სახით კი _ 50 000 აშშ დოლარი. ნათია თურნავას ეკუთვნის 15%-იანი წილი შპს „სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრში“. დეკლარაციის მიხედვით ისიც ირკვევა, რომ ნათია თურნავა ს/ს „კონსტანტას“ აქციონერია, რომელიც „თიბისი ბანკს“ 2015 წელს შეუერთდა. მეტიც, თურნავა ს/ს „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიებისა“ და შპს ,,გარდაბნის თბოსადგურის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა და ამ საქმიანობიდან, წინა წელს ანუ 2017 წელს, 23 951.07 ლარისა და 24 000 ლარის შემოსავალი მიუღია. 2017 წელს, ქონების გადასახადის სახით, ნათია თურნავამ 11 984 ლარი, ხოლო საცხოვრებელი ფართის იჯარაზე, საშემოსავლო გადასახადის სახით _ 2 370 ლარი გადაიხადა. 

ნათია თურნავას მეუღლე, დავით ვეშაპიძე ორ ბინას ფლობს ბათუმში, ერთ ბინას _ თბილისში, ასევე მიწის სამ ნაკვეთს _ დედოფლისწყაროში; მიწის ორ ნაკვეთს _ ლაგოდეხის რაიონში და 380 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს _ თბილისში. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Mercedes Benz ML Class -ი. დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, დავით ვეშაპიძეს ჰქონდა 1 275.71 ლარი, 1 491.47 აშშ დოლარი და 2 603.03 ევრო. გარდა ამისა, ის შპს „სამშენებლო კონსტრუქციის“ 100%-იანი წილის მფლობელია. 

მილიონერი ექსმინისტრის გიორგი ქობულიას ქონება 

გიორგი ქობულია საქარველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა. ქონებრივი დეკლარაცია კი იმავე წლის სექტემბრის დასაწყისში შეავსო. 

დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ გიორგი ქობულია მილიონერია, ის ფლობს უძრავ ქონებას _ ბინებსა და მიწის ნაკვეთებს, როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში, წყნეთში, ბეთანიასა და ბაკურიანში. მასვე ეკუთვნის აქციებიც სხვადასხვა ქართულ და უცხოურ კომპანიებში. 

დავიწყოთ ექსმინისტრის უძრავი ქონებით საქართველოში: ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქობულიას საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი წყნეთში, რომელიც 2014 წელს, 300 000 აშშ დოლარად იყიდა; მიწის ნაკვეთი წყნეთში – იყიდა 2014 წელს, 185 000 აშშ დოლარად; მიწის ნაკვეთი ბეთანიაში – აჩუქეს 2007 წელს; ბინა ფალიაშვილზე, თბილისში – იყიდა 2014 წელს, 270 000 დოლარად; მეორე ბინა ფალიაშვილზე, თბილისში, რომელიც 185 000 აშშ დოლარად შეუძენია; ავტოსადგომები ფალიაშვილზე, თბილისში – იყიდა 2014 წელს, 35 000 აშშ დოლარად; მიწის ნაკვეთი და სახლი ბეთანიაში – შეიძინა 2005 წელს, 275 000 აშშ დოლარად; ბინა დიდველზე, ბაკურიანში – აჩუქეს 2012 წელს. 

უძრავი ქონება მოსკოვში: დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქობულია მეუღლესთან, ოლგა კორსიკთან ერთად, მოსკოვში ფლობს ბინას – შეიძინა 2016 წელს, 7.3 მილიონ რუბლად (დაახლოებით, 107 000 აშშ დოლარი); არასაცხოვრებელ ფართს მოსკოვში – შეიძინა 2018 წელს, 700 000 რუბლად (დაახლოებით, 10 000 აშშ დოლარი); ავტოფარეხს მოსკოვში – შეიძინა 2016 წელს, 500 000 რუბლად (დაახლოებით, 7 000 აშშ დოლარი). 

დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ გიორგი ქობულია სამ ავტომანქანას ფლობს: პორშე პანამერა ჯტს, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა 2012 წელს, 123 453 ევროდ შეიძინა; ტოიოტა ლენდკრუიზერი 200, რომელიც 2008 წელს, 83 000 ლარად იყიდა და მერსედესი E კუპე, რომელიც 2014 წელს, 2 140 148 რუბლად (დაახლოებით, 31 000 აშშ დოლარი) შეიძინა. 

რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს ქართულ და უცხოურ კომპანიებში, დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქობულია ფლობს m2-ის 60 ობლიგაციას – შეიძინა 2016 წელს, 60 000 აშშ დოლარად; 511 ობლიგაციას საქართველოს სალიზინგო კომპანიაში – იყიდა 2017 წელს, 551 000 აშშ დოლარად; სტრუქტურირებულ ნოტას ,,საქართველოს ბანკში'' – შეიძინა 2017 წელს, 250 000 ევროდ. ქობულის საკუთრებაშია აქციები ,,ნორზერნ ტრასტში'' – იყიდა 2016 წელს, დაახლოებით, 2 მილიონ ევროდ და 4 მილიონ აშშ დოლარად; აქციებს ,,მაკკინზსა და კომპანიაში'' – შეიძინა 2007 წელს, დაახლოებით, 1 მილიონ აშშ დოლარად. 

გიორგი ქობულიასა და ოლგა კორსიკს ათიათასობით ლარი და ამერიკული დოლარი აქვთ განთავსებული სხვადასხვა ბანკში: ნაღდი ფულის სახით – 15 000 ევრო; სითიბანკი მოსკოვი – 127 491 ევრო; საქართველოს ბანკი – 14 780 აშშ დოლარი; საქართველოს ბანკი – 20 856 ევრო და 1 000 აშშ დოლარი; საქართველოს ბანკი – 40 000 აშშ დოლარი; საქართველოს ბანკი – 554 000 აშშ დოლარი; 160 000 გირვანქა სტერლინგი და 500 000 ევრო; სითიბანკი მოსკოვი – 250 650 რუბლი (დაახლოებით, 3 600 აშშ დოლარი). 

ოფიციალურად დეკლარირებული ქონების უხეში გათვლებით, გიორგი ქობულია 11 მილიონ აშშ დოლარს ანუ 29 მილიონ ლარზე მეტს ფლობს.

 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში