Menu
RSS

„რუსთავი 2“, შესაძლოა, დააჯარიმონ

პოლიტიკურ რეკლამებში დახარჯული 75 მილიონი _ საპრეზიდენტო არჩევნების დროს „რუსთავი 2“-ზე ყველაზე მეტი რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა, „იმედზე“ კი _ სალომე ზურაბიშვილმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზს ეხება. გაირკვა, რომ ამ პერიოდში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი 75 262 955 ლარი იყო, თუმცა ამ ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''-მა უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი გაზარდა, რისი ვალდებულებაც კანონით არ ჰქონდა. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ამ ტელეკომპანიაში, ლიმიტს მიღმა, 388 წუთი დაეთმო. მეტიც, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარშში პირდაპირ წერია, რომ ,,რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა მიმართული იყო მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ანტირეკლამაზე და მისი არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა''.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, კერძოდ, პირველ და მეორე ტურში, სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის მიახლოებითი ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამების – 8 მილიონი ლარი. საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ, ჯამში, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. 

ორივე ტურის ფარგლებში, ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა, რაც 9 752 702 ლარი დაჯდა, დავით ბაქრაძემ – 5 032 654 ლარის, კახა კუკავამ – 3 768 919 ლარის, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა 2 647 891 ლარის რეკლამა განათავსა. 

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ორივე ტურის ფარგლებში, ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა, რაც 4 967 848 ლარი დაჯდა, გრიგოლ ვაშაძემ – 2 383 708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ 600 555 ლარის რეკლამა. 

ამავე ანგარიშით ვიგებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ,,რუსთავი 2''-ზე, ორივე ტურის ფარგლებში, საარჩევნო სუბიექტების ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულება 9 174 146 ლარი იყო, აქედან ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება – 3 744 651 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკური რეკლამის – 5 429 495 ლარი. ამავე პერიოდში, ტელეკომპანია ,,იმედზე'' საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულება 7 042 253 ლარი იყო, აქედან ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება – 1 771 453 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკური რეკლამის – 5 270 800 ლარი. 

ისიც გაირკვა, რომ ,,რუსთავი 2''-ზე ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა – ამ მიზნით, ნაციონალური მოძრაობისა და რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივმა კანდიდატმა 4 589 869 ლარი დახარჯა, აქედან 2 245 138 ლარი _ ფასიანი, ხოლო 2 344 731 ლარი _ უფასო პოლიტიკური რეკლამებისთვის. დავით ბაქრაძემ 1 293 181 ლარის რეკლამა განათავსა, აქედან 354 926 ლარი _ ფასიანი, ხოლო 938 255 ლარი უფასო პოლიტიკური რეკლამები დაუჯდა. 

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ,,რუსთავი 2''-ზე მან 1 229 971 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან 1 090 012 ლარი _ ფასიანი, ხოლო 139 959 ლარი უფასო პოლიტიკური რეკლამებისთვის დახარჯა. 

ტელეკომპანია ,,იმედზე'' ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა – ამ მიზნით, ,,ქართული ოცნების'' მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 2 003 803 ლარი დახარჯა, აქედან 1 632 908 ლარი _ ფასიანი, ხოლო 370 895 ლარი უფასო პოლიტიკური რეკლამები დაუჯდა. დავით ბაქრაძემ ,,იმედზე'' 1 273 317 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან 138 545 ლარი _ ფასიანი, ხოლო 1 134 772 ლარი _ უფასო პოლიტიკური რეკლამები. გრიგოლ ვაშაძეს ,,იმედზე'' ფასიანი პოლიტიკური რეკლამები არ განუთავსებია. შესაბამისად, უფასო პოლიტიკური რეკლამების მიახლოებული ღირებულება 1 451 003 ლარია. 

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გავიდა. ამიტომ მეორე ტურში ფასიანი პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამა ორმა საარჩევნო სუბიექტმა – სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ განათავსეს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშში წერია, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს, ,,რუსთავი 2''-ის გარდა, არცერთ სხვა მაუწყებელში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია. შესაბამისად, მხოლოდ ,,რუსთავი 2''-ის ეთერში, ამ მიზნით, მან 1 060 017 ლარი დახარჯა. 

მეორე ტურის ფარგლებში, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''-ის ეთერში, სალომე ზურაბიშვილა 454 286 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განათავსა, ხოლო ,,იმედზე'' _ 730 445 ლარის. 

,,იმედისა'' და ,,რუსთავი 2''-ის მიღმა, მეორე ტურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა, ჯამში, 1 195 916 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამები შემდეგ სამაუწყებლო არხებზეც განათავსა: ტელეკომპანია ,,პირველი'', ,,მაესტრო'', GDშ, ,,კავკასია'', ტელეკომპანია ,,დია'', ,,გურია'', ,,გურჯაანი'', ,,ოდიში'', ,,რიონი'', ,,თრიალეთი'', ,,ობიექტივი'', ,,ქვემო ქართლი'', ,,ტვ 25'', ,,პალიტრა Nეწს'', ,,მარნეული ტვ'', ,,ფარვანა'', AGთV, ,,თანამგზავრი'', ,,ტოკ ტვ'', ,,მეცხრე ტალღა''. 

,,წინასაარჩევნო პერიოდში, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''-მა, უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტები გაზარდა, რისი ვალდებულებაც მოქმედი კანონმდებლობით არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც დაინტერესდა და კომისიისაგან დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის სრულად იქნა მიწოდებული. ლიმიტების გაზრდით, ,,რუსთავი 2''-ზე, მხარდამჭერ კვალიფიციურ სუბიექტებთან ერთად, გრიგოლ ვაშაძეს კანონით გათვალისწინებული უფასო პოლიტიკური რეკლამის სავალდებულო ლიმიტებს მიღმა, 388 წუთით მეტი დრო დაეთმო, რომლის მიახლოებითი ღირებულება 1 281 511 ლარი იყო. ამავე პერიოდში, დავით ბაქრაძეს (მხარდამჭერ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთან ერთად), ლიმიტებს მიღმა _ 198 წუთი დაუთმეს, რომლის მიახლოებითი ღირებულება 655 424 ლარი იყო. ეს ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებო იყო იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა, მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ანტირეკლამაზე იყო მიმართული და მისი არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა. ამავე პარტიების მიერ, ტელეკომპანიებში მიტანილი საარჩევნო რეკლამა არ ემსახურებოდა მათივე საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებდა ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ'', _ ვკითხულობთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშში. 

ფასიანი პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომისიამ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ და საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციასთან შედარების შედეგად მოამზადა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ორ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სხვაობა გამოკვეთა. კერძოდ, კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, პირველ ტურში, ,,რუსთავი 2''-ზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 855 036 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განათავსა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ეს ციფრი მხოლოდ 610 843 ლარია! ამასთან, კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილს ,,რუსთავი 2''-ზე 454 286 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განუთავსებია, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ეს ციფრი 632 188 ლარია! 

ამასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,რუსთავი 2'' ოფიციალურად გააფრთხილა კიდეც. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები კი ამ საკითხს სწავლობენ. 

მეტიც, ასეთი შეუსაბამობის გამო, შესაძლოა, ,,რუსთავი 2'' დაჯარიმდეს კიდეც.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში