Menu
RSS

კობა გვენატაძის სკანდალური საპარლამენტო გამოსვლის დეტალები

რა ინფორმაცია მიაწოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატებს თიბისის სკანდალზე

 

5 და 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმინეს. სებ-ის პრეზიდენტმა ის რეფორმა შეაჯამა, რაც საბანკო რეგულაციებს ეხებოდა, თუმცა მის გამოსვლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და თავისი შინაარსით სკანდალური იყო ეპიზოდი, რომელიც თიბისი ბანკსა და მის დამფუძნებლებს _ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ეხებოდა. პროკურატურაში დაწყებული გამოძიება, რის გამოც თიბისის სამეთვალყურეო საბჭო ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უკვე დატოვეს, საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კობა გვენეტაძის შეფასებას ყველა _ დეპუტატებიცა და ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, სებ-ის პრეზიდენტი თითქმის ორსაათნახევრის განმავლობაში, ცარიელ დარბაზში საუბრობდა.

სებ-ის პრეზიდენტმა გამოსვლა საბანკო რეგულაციებით დაიწყო. კობა გვენეტაძემ საზოგადოებას რეფორმის აუცილებლობა აუხსნა და აღნიშნა, რომ საქართველოს 700 ათასი მოქალაქე გადახდისუუნარო აღმოჩნდა. რაც მთავარია, ასი ათასობით ადამიანს, მის შემოსავალთან შედარებით, არაადეკვატურად მაღალი სესხები ჰქონდა: 

,,მინდა, საზოგადოებას შევახსენო, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო რეგულაციების შემოღებამდე ფიზიკური პირების არაჯანსაღი დაკრედიტების კუთხით. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და სხვადასხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების სრულიად უპასუხისმგებლო, ე.წ. მტაცებლურმა, აგრესიულმა დაკრედიტებამ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მოქალაქეებისგან ბევრ წერილს ვიღებთ, რომლებმაც უძრავი ქონება დაკარგეს, ან გაუთვითცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილებების გამო, დაკარგვის რისკის ქვეშ არიან. ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, მოკლევადიან პერიოდში, ამ რეგულაციებს პოზიტიური გავლენა ვერ ექნებოდა. პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომელთა ბიზნესმოდელი აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე და გადახდისუნარიანობის ყოველგვარი ანალიზის გარეშე გაიცემოდა. თუმცა ამავდროულად, უნდა შევხედოთ დიდ სურათს, თუ რა შედეგი დაგვიდგებოდა ამ ტიპის დაკრედიტების გაგრძელების შემთხვევაში. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში, უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის, მეტიც, უმუშევრობაც მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობისა და პარლამენტის ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ დაველოდოთ ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავალო პრობლემების ასარიდებლად, დროულად მივიღოთ ზომები''. 

კობა გვენეტაძის განცხადებით, დაკრედიტების ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით, საკმაოდ მაღალი იყო. მისი თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ფიზიკური პირების დაკრედიტება მშპ-სთან მიმართებაში, 15%-დან 40%-მდე გაიზარდა, რაც ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ბოლო 3-5 წლის განმავლობაში, საკრედიტო ზრდა, წლიურად, 20%-ზე მაღალი იყო. 

მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდაში, ამ 20%-ის ორი მესამედი სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა, ხოლო ბიზნესებზე მხოლოდ _ ერთი მესამედი. 

გვენეტაძისვე თქმით, ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რაც ხშირ შემთხვევაში, მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია და მისი სარგებელი ეკონომიკისთვის მცირეა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თუ მსესხებელს რაიმე ტიპის ფორმალური, ან არაფორმალური შემოსავალი აქვს, ამ შემოსავლების ფარგლებში, საკრედიტო რესურსზე წვდომას აუცილებლად შეძლებს: 

,,სამწუხაროდ, საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ არაფორმალურ სექტორში მომუშავე პირებს, გზავნილების მიმღებებსა და უცხოეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს სესხზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის ფორმალური, ან არაფორმალური შემოსავალი გააჩნია, იგი ამ შემოსავლების ფარგლებში, შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას, თუკი სესხის გამცემ ორგანიზაციას მიაწოდებს ინფორმაციას საკუთარი შემოსავლისა და მისი წყაროს შესახებ. 2019 წლის პირველი კვარტლის ტენდენცია ჩვენი პროგნოზის შესაბამისია. წინასწარი არასრული ინფორმაციით, პირველ კვარტალში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ კურსის ეფექტის გამორიცხვით, წლიურად, დაახლოებით 15% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ამასთან, იანვარ-თებერვალში, მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნესსესხების წილი მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში, სისტემის ერთ-ერთი მსხვილი სესხი (დაახლოებით, 300 მილიონი ლარი, რომელიც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1%-ზე მეტია) დაიფარა. რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტებას, სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა შემცირდა, თუმცა 5%-ის ფარგლებში რჩება, ხოლო იპოთეკური სესხების წლიური ზრდა, ამ ეტაპზე, კვლავ 30%-ს აჭარბებს. აღნიშნულ ზრდაში იზრდება ლარით გაცემული იპოთეკური სესხების წილი''. 

კობა გვენეტაძემ ისიც აღნიშნა, რომ ამ რეფორმას გარკვეული პოზიტიური შედეგი უკვე მოჰყვა. სებ-ის პრეზიდენტმა იპოთეკური სესხების პორტფელის გაუმჯობესება იგულისხმა, უფრო ზუსტად ის ტენდენცია, რომ რეფორმის შემდეგ გაცემულ იპოთეკურ სესხებში, ლარის წილი მკვეთრად გაიზარდა, რაც მოსახლეობის დაცულობის გარანტიაა. 

გვენეტაძის თქმით, საფინანსო ბაზარზე უკვე გაჩნდა ლარში გასაცემი იპოთეკური სესხები შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით. 

ამის შემდეგ დაიწყო სებ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი და სკანდალური ნაწილი, სადაც კობა გვენეტაძემ დეტალურად ახსნა, როდის, როგორ და რა მიზნით დაიწყო თიბისი ბანკის, უფრო ზუსტად, 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შემოწმება. მისი თქმით, თიბისი ბანკის ზედამხედველობის მიმართულებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ ბანკთან დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა საკითხები იყო: 

„ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამო, ბოლო წლებში, ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღება, თუმცა ჩვენ ამ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ვინაიდან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. თიბისი ბანკში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, პირველ რიგში, სამეთვალყურეო საბჭოს გაძლიერებითა და დამოუკიდებელი წევრების როლის გაზრდით ვცდილობდით. სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც საბჭო ჯეროვნად ვერ ახერხებდა თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო. ეს ყველაფერი 2018 წლის შემოწმებით არ დაწყებულა, გაცილებით ადრე დაიწყო. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი, თიბისი ბანკს ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე აფრთხილებდა. 2018 წლის 22 თებერვალს ანუ იქამდე, ვიდრე ცნობილი გახდებოდა დღეს უკვე ყბადაღებული 17 მილიონი დოლარის სესხის ამბავი, თიბისი ბანკს გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ, აღმასრულებელი და საზედამხედველო ფუნქციების შეთავსება ქმნის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისა და უფლებამოსილების გადაჭარბებული კონცენტრაციის შესაძლებლობას. აღნიშნულს ხაზს უსვამს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ანაზღაურებაც, რაც დასაბუთებულია მათი საკვანძო როლით, მათ შორის აღმასრულებელი ფუნქციების შეთავსებით. აღნიშნული საფრთხეს უქმნის საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული საზედამხედველო როლის ეფექტიან შესრულებას. ბანკისათვის პოტენციური ზარალის რისკებს ქმნის დამფუძნებელი აქციონერების მხრიდან, ბანკის საკუთარი ბიზნესინტერესებისათვის შესაძლო გამოყენება. სხვადასხვა დროს, ირღვეოდა ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ბანკის აქციონერებთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას. ასევე, შეინიშნება ხარვეზები სხვა დაკავშირებული მხარეების დაკრედიტებისა და ზოგადად, ინტერესთა კონფლიქტის სათანადოდ მართვის პროცესში. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით ჩართულობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების მხრიდან''. 

კობა გვენეტაძის განცხადებით, აქციონერებმა 2008 წელს, რისკის ქვეშ დააყენეს თიბისი ბანკის დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იდგა. იმის გამო, რომ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევით, ბანკის მსხვილმა აქციონერებმა კომპანიების _ ,,სამგორისა'' და ,,სამგორი თრეიდის'' გამოყენებით, თიბისიდან 17 მილიონი დოლარი ისესხეს, ეროვნული ბანკის ეჭვების საფუძვლიანობა დადასტურდა: 

„ეროვნული ბანკის მანდატითა და საუკეთესო პრაქტიკით, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, შეგვესწავლა არსებული ფაქტები და გამოვლენილ დარღვევაზე თვალს ვერ დავხუჭავდით. არავის მოსწონს, როდესაც მის მიმართ სანქციას იყენებენ, თუმცა გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში სავსებით შესაძლებელია. მართალია, გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხს დეტალურად ვსწავლობთ და არ მახსოვს, რომ ეროვნულ ბანკს წაეგოს რომელიმე სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენს საზედამხედველო ზომას შეეხებოდა, მაგრამ გასაჩივრება ნორმალური მოვლენაა და თუ ჩვენი ზედამხედველობის რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მე თავად ვეუბნები მას, რომ სასამართლოში გვიჩივლოს. ერთ-ერთი შეხვედრისას, ნამდვილად ვუთხარი ბატონ ხაზარაძეს, რომ არსებული კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის მანდატითა და საუკეთესო პრაქტიკით, ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა არსებული ფაქტები და გამოვლენილ დარღვევაზე თვალს ვერ დავხუჭავდით. ამასთან, მე ჩვენი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ თუ ის სხვანაირად ფიქრობდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა. ბატონმა მამუკამ და ბატონმა ბადრიმ საჯაროდაც განაცხადეს, რომ ისინი, როგორც ფიზიკური პირები, გააგრძელებენ სამართლებრივ დავას ეროვნული ბანკის მიმართ და ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ თავიანთი ინტერესების დასაცავად, მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ. თუმცა ეროვნული ბანკის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის, საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობითა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, არანორმალური პროცესია“. 

მეტიც, სებ-ის პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ (ჭუტა) წერეთლის მეგობრობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხაზარაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, წერეთელი მისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო, რაც კობა გვენეტაძის შეფასებით, სწორედ ის კრიტერიუმებია, რომელზე დაყრდნობითაც ბანკის ინსაიდერი (ბანკთან დაკავშირებული ფიზიკური პირი, ბანკის ადმინისტრაციული მუშაკი და აქციონერი (პარტნიორი), მასთან ცოლ-ქმრული, ახლო ნათესაური კავშირის მქონე, ან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი, _ ავტ.) დგინდება: 

,,შესაბამისად, სხვა მიზეზებს საერთოდ რომ თავი დავანებოთ, სწორედ ამ ფაქტორების გამო, ბატონ მამუკას ამგვარი ურთიერთობების შესახებ უნდა განეცხადებინა. შედეგად, გაცემის მომენტშივე, ეს სესხი ინსაიდერულად დაკლასიფიცირდებოდა და მისი ამ ფორმით გაცემა ვეღარ მოხდებოდა''. 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაინტერესდა ეროვნული ბანკი 11 წლის წინანდელი ტრანზაქციით, კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო შეზღუდული არ არის ხანდაზმულობით და მას ანალოგიური რეაგირება უნდა მოეხდინა ნებისმიერი პერიოდის შესახებ ინფორმაციაზე, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სათანადო ზომები მიეღო: 

,,მით უფრო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დარღვევის ჩამდენი პირები, კვლავ ბანკის მოქმედი და დომინანტური გავლენის მქონე ადმინისტრატორები იყვნენ. მხარეები ხშირად საუბრობენ დოკუმენტაციის შენახვის 6-წლიან ვადაზე, რაც არასწორია, რადგან ჯერ ერთი, დოკუმენტაციის შენახვის 6-წლიანი ვადა აითვლება საქმიანი ურთიერთობის დამთავრებიდან ანუ ანგარიშის დახურვიდან, რაც ამ შემთხვევაში, არა 2008 წელი, არამედ 2017 წელია, რადგანაც ვალის მონაცვლე კომპანიამ თიბისი ბანკში ანგარიში 2017 წელს დახურა; მეორეც, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტების, მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს, არანაკლებ 15 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2008 წლიდან ვითვლით 15 წელს. ეს კი, პატივცემულო დეპუტატებო, 2023 წელს გვაძლევს, ახლა კი 2019 წელია“. 

კობა გვენეტაძის განმარტებით, პარლამენტის სხდომებზე, კონსტიტუციით უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი მანდატის მქონე რეგულატორის მიერ განხორციელებული საზედამხედველო ღონისძიებების განხილვა, მით უფრო, კონკრეტული საზედამხედველო ზომების გამოყენება, საფრთხის შემცველ პრაქტიკას აყალიბებს. ეს კი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზედამხედველო ორგანოს დამოუკიდებლობას, საზედამხედველო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებას შეზღუდავს და საბოლოოდ, რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობას. გვენეტაძის თქმით, სადავო საკითხები სასამართლოში უნდა გადაწყდეს: 

,,ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა, მათ შორის, საზედამხედველო პოლიტიკა, არაერთი საერთაშორისო, პრესტიჟული ორგანიზაციის მიერაა შეფასებული და ეს შეფასება ყოველთვის საუკეთესოა. ეს შეფასებები ეფუძნება კვლევებს, ინტერვიუებს, შემოწმებებს, გამოკითხვებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც. სწორედ ეროვნული ბანკის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი, ყველაზე წარმატებულია რეგიონში. სწორედ უკომპრომისო საბანკო ზედამხედველობის შედეგია, რომ საქართველოდან, ორი მსხვილი ბანკის აქციები საერთაშორისო ბაზარზეა განთავსებული და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ნდობით სარგებლობს. საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებაც ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი სწორ საზედამხედველო პოლიტიკასა და წარმატებულ რეფორმებს ატარებს. ჩემი მოვალეობაა, მივიღო საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად, სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ინტერესების მიუხედავად“.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში