Menu
RSS

რას მოუტანს საქართველოს შავი ზღვის რესურსების კომპლექსური ათვისებისა და წყალბადის ენერგეტიკის განვითარების პროექტი

ჩემი სამშობლო _ საქართველო

მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ყოველთვის მრავალეროვანი იყო, ხოლო მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ებრაელებსა და სხვა ერის წარმომადგენლებს, ყოველთვის თანაბარი უფლებები ჰქონდათ! ადამიანები საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით გაურბოდნენ დარბევებს, და ვისაც წილად ერგო ბედნიერება, საქართველომდე აღწევდა. ამგვარად, იმისთვის, რომ ეცოცხლათ, ბებიის (მამის მხრიდან), ოლგა ლაზარეს ასული ჩარნის ოჯახი, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა ხანებში გაექცა დარბევას. ბაბუის ოჯახმაც (კაგანოვსკები) იმავე მიზეზით გაიარა პოლონეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სამუდამოდ დარჩა საქართველოში.

მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიაში, მშობლები დედის მხრიდან (გელბჰაიერები), შუა აზიაში, ტაშკენტში გადაასახლეს, სადაც 1902 წელს დაიბადა დედაჩემი _ ფენია. გასაგებია, რომ ისინი უცხო გარემოში აღმოჩნდნენ, სადაც სრულიად სხვა წესებით ცხოვრობდნენ. როდესაც დედას 12 წელი შეუსრულდა, შუახნის მეზობელი გამოეცხადათ და ბებიას განუცხადა, რომ მისი ქალიშვილი ფენია მოსწონდა, რომ მეორე დღეს მოიტანდა ყალიმს და გოგონას ცოლად წაიყვანდა?! იმ მამაკაცს უკვე ჰყავდა რამდენიმე ცოლი. მანამდე ორი არასრულწლოვანი ცოლი _ ათი და თერთმეტი წლის გარდაეცვალა. ღამით, პანიკაში, ჩემი წინაპრები გაიქცნენ და მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ, რა თქმა უნდა, თბილისში აღმოჩნდნენ, სადაც ბებიაჩემის, ნასტიას მამა _ აბრამ გელბჰაიერი, ნავთლუღის რაიონში, უძველესი ებრაული სასაფლაოს (აშკენაზების) ზედამხედველი იყო. იქ ცხოვრობდა და იქვე დაიღუპა (ერთხელ, ღამით ხმაურმა გააღვიძა, რომელსაც მოროდიორების ნიჩბები გამოსცემდნენ, ისინი ახალ საფლავებს თხრიდნენ. ნაძირლები ფიქრობდნენ, რომ ებრაელ მიცვალებულებს ძვირფასეულობასთან ერთად მარხავდნენ. ატყდა ჩხუბი, რომელშიც ბაბუა მოკლეს. იგი იქვე დაასაფლავეს, ამჟამად კი ის ადგილი ჩვენი ოჯახის სასაფლაოა). 

საქართველოში ქცევის ნორმად ყოველთვის იყო სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა და ურთიერთდახმარება. მეზობლები ხშირად ყველაზე ახლობელი ადამიანები იყვნენ. შორეულ 1919 წელს, მეგობარმა დავითს (კაგანოვსკი _ მამაჩემი) ქორწილში წასვლა შესთავაზა, რომელიც საღამოს, მეზობელთან უნდა გამართულიყო. დავითი მაშინ 21 წლის იყო, კარგად ცეკვავდა და საკმაოდ კარგი მოლაპარაკე იყო. ქორწილში დავითმა პატარძალი გამოიცეკვა, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ეცეკვა მას. შუაღამე გადასული იყო, ყველა დაიღალა, უმეტესობა ალკოჰოლით გაბრუებული ისვენებდა, ყოველი მათგანი _ საკუთარი ჩვევის მიხედვით. კიდევ ერთი ცეკვის დროს, დავითმა პატარძალი მიიყვანა მაგიდასთან, სადაც სიძეს სასმელისგან გათიშულს, თეფშის გვერდით ეძინა. გოგონა შეშინებული უყურებდა თავის ქმარს, დავითმა კი მიუთითა სიძეზე და უთხრა: „... ნუთუ, ებრაელ გოგოს სურს, მთელი ცხოვრება ამას უყუროს?“ ისინი ერთად გაიქცნენ ქორწილიდან და შექმნეს კაგანოვსკების ოჯახი, რომელმაც შემდეგში სიცოცხლე მაჩუქა. 

მე თბილისში გავიზარდე, მივიღე განათლება და გავიარე პიროვნებად ჩამოყალიბების ყველა საფეხური. ბუნებრივია, ვამაყობდი საქართველოთი, რომელიც სსრკ-ს ყველაზე განათლებული რესპუბლიკა, ამიერკავკასიის კულტურის ცენტრი იყო, განვითარებული სოფლის მეურნეობითა და მრეწველობით. 

საქართველო, რომელიც მიყვარს, ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა ქვეყნებისგან იმით, რომ ადამიანი უმთავრესად ფასდებოდა მისი პიროვნული თვისებებით და არა ეროვნული, ან რელიგიური ნიშნებით. მე ამით ვხელმძღვანელობ, რამაც საშუალება მომცა, ცხოვრებაში ბევრი შეცდომა ამეცილებინა თავიდან. 

1970 წელს, საქართველოს მინისტრთა საბჭომ, სამუშაოდ აფხაზეთში მიმავლინა, სადაც ყველა დონეზე თავის გამოჩენა და სათანადო პატივისცემის დამსახურება შევძელი. გარწმუნებთ, ეს არ არის გადამეტებული ტრაბახი. საკმარისია აღინიშნოს, რომ ჩემი მეგობრისა და კოლეგის, რამინ ჯომიდავას თანაავტორობით, ჩვენ შევიმუშავეთ შავი ზღვის გადარჩენის საერთაშორისო პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 1991 წელს (19-21 ივნისს), კრანს-მონტანაში (შვეიცარია) ფორუმზე, ევროპული ქვეყნების, აშშ-ს, კანადისა და იაპონიის მთავრობებისა და სახელმწიფოს მეთაურების განსჯის საგნად იქცა. ამ ფორუმზე წარდგენილ ჩვენს პროგრამას, როგორც ქართულ ინიციატივას, გაგებით შეხვდნენ. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა აღიარეს, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანება შავი ზღვის გადასარჩენად. 

ამის საფუძველზე, საქართველოს ხელმძღვანელობამ, საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან, შავის ზღვის პრობლემებთან დაკავშირებით, სახელმწიფო კომისია შექმნა, რომელშიც ჩვენ, როგორც პროგრამის ავტორებმა, მივიღეთ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეების სტატუსი (ჩემი შრომის წიგნაკი დღემდე ინახება მინისტრთა კაბინეტის არქივში). კომისიის მუშაობა წარმატებული იყო. მოკლე დროში, 17 სახელმწიფოს მეთაური დათანხმდა თანამშრომლობას. გაეროს ეგიდით, სოხუმში, შავი ზღვის პრობლემებთან დაკავშირებული, საერთო ცენტრის ორგანიზების სამუშაოები გაიშალა. თუმცა ომმა (1992 წელს) მთელი ჩვენი ძალისხმევა გადახაზა. იმ მომენტისთვის, აფხაზეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან, რაც 525 ათასს შეადგენდა, 350 ათასი ქართველი, განდევნილ იქნა მშობლიური ადგილებიდან. მე ვიყავი საომარი მოქმედებების ზონიდან, ებრაელების ისრაელში გაყვანის ორგანიზატორთა რიცხვში, რის გამოც დაუსწრებლად ვარ გასამართლებული აფხაზეთში, როგორც „აფხაზი ხალხის მტერი“. ორგანიზებულად გამოვიყვანეთ ბერძნებიც. ბუნებრივია, ამგვარ სიტუაციაში, შავი ზღვის გადარჩენის პროგრამაზე მუშაობა დროებით შეჩერდა. 

სამწუხაროდ, უკვე 27 წელზე მეტი გავიდა, რამინ ჯომიდავა კი, რომელიც ევროპის მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურების კრებაზე წარადგენდა პროექტს, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, თავის ქვეყანაში კვლავ დევნილად რჩება და საცხოვრებელიც კი არ გააჩნია. პროექტის დანერგვის მის მრავალწლიან ძალისხმევას, სამშობლოში გაგებით არ ეკიდებიან. 

ამასობაში, მოცემულ საკითხში საქმეთა ვითარების ანალიზმა აჩვენა, რომ შავი ზღვის პრობლემებით სერიოზულად არავინაა დაკავებული, ხოლო ევროპაში, ამ თემასთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსება ხორციელდება ფონდებისა და სახელმწიფოების მიერ, მაგრამ მუშაობენ სათანადო უკუგების გარეშე (ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, ლექცია, როგორც ზომები „ვეშაპისებრთათვის საფრთხის შესამცირებლად ხმელთაშუა და შავი ზღვების წყლებში, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ამ ძუძუმწოვრებთან დაკავშირებით“ (როდესმე თუ გინახავთ ვეშაპისებრნი შავ ზღვაში?), შავი ზღვის დაბინძურების საერთაშორისო მონიტორინგის პროგრამის ორგანიზაციის მეთოდური საკითხების გადაწყვეტა, წყლების, ფსკერზე ნალექების, მცურავი ნაგავისა და სხვათა ქიმიური ანალიზის ჩათვლით). 

ამ მოჩვენებით სამუშაოს შეესაბამება ანალოგია _ ცოცხალი ორგანიზმის თავში აღმოჩენილია სიმსივნე, რომელიც სწრაფად ვითარდება, ხოლო ექიმთა კონსილიუმი დარდობს პარაზიტებზე, რომლებიც თმაში გაჩნდნენ. 

შეიძლება ვიკამათოთ, მოხდება თუ არა კატაკლიზმები შავ ზღვაზე, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ზღვა კვდება. მისი წყლის სივრცის 93% უკავია უჟანგბადო, უსიცოცხლო გარემოს. მეცნიერთა გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ შესაძლებელი კატაკლიზმის საფრთხე, ასჯერ მეტად საშიშია ჩერნობილის კატასტროფაზე. უფრო მეტიც, კატაკლიზმის შემთხვევაში, რამდენიმე კმ-ის რადიუსში, ზღვისგან არაფერი ცოცხალი არ დარჩება. ცნობისთვის, 1927 წელს, ცნობილი ყირიმის მიწისძვრის შედეგად, სევასტოპოლის მიდამოებში მოხდა გოგირდწყალბადის გამობოლქვა და 10 წუთის განმავლობაში, მესაზღვრეები და მეცნიერები აკვირდებოდნენ 500 მეტრის სიმაღლისა და 2 კმ-ზე მეტი სიგრძის ცეცხლის კედელს. ამ მომენტიდან, გოგირდწყალბადის მასა, წელიწადში 2 მეტრით იწევს მაღლა. 

უნდა აღინიშნოს, რომ შავი ზღვის გადარჩენისას, მსოფლიოს მეცნიერები ზღვის რესურსებს განიხილავენ, როგორც თხევად წაიღისეულს ენერგეტიკული, მინერალური და ბიოლოგიური რესურსების მოსაპოვებლად. შავი ზღვა ერთადერთია დედამიწაზე, რომლის სიღრმის ფენები მუდმივად გოგირდწყალბადითაა გაჯერებული. შავ ზღვაში გოგირდწყალბადის მარაგი მილიარდობით ტონას შეადგენს, ხოლო მისი ყოველწლიური ნამატი _ 75-80 მლნ ტონას. იქვე მნიშვნელოვანი მოცულობითაა მძიმე წყალი, კეთილშობილი ლითონები და სხვა ქიმიური ელემენტები და მათი შენაერთები. 

სამწუხაროა, რომ დღეს, საქართველო მაღალგანვითარებული ქვეყნიდან, რეგიონში ყველაზე ღარიბ ქვეყნად გადაიქცა. სოფლის მეურნეობის დეგრადაციაზე ისიც კი მიუთითებს, რომ თუ ადრე საქართველო ჩაით უზრუნველყოფდა საბჭოთა კავშირის იმპერიას (დაახლოებით, 300 მილიონი ადამიანი), დღეს საკუთარი მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად, ყოველწლიურად 800-900 ტონა ჩაის ყიდულობს. მრეწველობა განადგურებულია. ყველა ტურისტული მიმართულებით, მხოლოდ სასტუმროები და რესტორნები მუშაობენ. 

ამ სიტუაციაში, რ. ჯომიდავას მიერ შემუშავებული შავი ზღვის გადარჩენის პროექტებსა და ტექნოლოგიებს, შეუძლიათ საქართველოს მოუტანონ არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი, არამედ მაღალი პოლიტიკური დივიდენდები. უფრო მეტიც, ამ სამუშაოების სათანადო ორგანიზება, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გამყარებას, არამედ მის ეკონიმიკურ პროგრესსაც. ეს სამუშაო მიზნად ისახავს არა ბიუჯეტის სახსრების დახარჯვას, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე, რეალური ეკონომიკური პროექტების დანერგვას. ის ითვალისწინებს ფულადი ნაკადების მოზიდვას არა მხოლოდ შავიზღვისპირა ქვეყნების მხრიდან, არამედ კერძო ინვესტორებიდანაც, რა თქმა უნდა, ამ საკითხების სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის პირობებში. 

ჯომიდავას ერთ-ერთი პროექტის მიზანია, შავი ზღვის გოგირდწყალბადის დამუშავება, მისი განლაგების განსაკუთრებული თვისებების გამოყენებით, რომელიც ამ თვისებებს უპირატესობად გადააქცევს. საუბარია, მისგან წყალბადის გამოყოფაზე, ენერგეტიკაში მისი შემდგომი გამოყენებით, აგრეთვე წყლის სიღრმიდან სხვა ფასეული ქიმიური ელემენტებისა და ნაერთების მიღებაზე, შემდგომ მათი კომერციალიზაციისა და ბიზნესის მიზნით. ქვეყანაში წყალბადის ენერგეტიკის განვითარება, მისგან გამომდინარე ყველა დადებითი შედეგით, არის გარემოს ეკოლოგიური გაჯანსაღებისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საწინდარი. 

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უკვე იწყებენ წყალბადის, როგორც საწვავისა და ქიმიური ნედლეულის გამოყენებას, რომელსაც გააჩნია რიგი სხვა უძვირფასესი თვისებები. წყალბადის უნივერსალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მას ენერგეტიკის სხვადასხვა სფეროში, ტრანსპორტში, მრეწველობასა და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში, ნებისმიერი სახეობის საწვავის შეცვლა შეუძლია. 

იგი ცვლის ბენზინს ავტომობილის ძრავებში, ნავთს _ საავიაციო რეაქტიულ ძრავებში, აცეტილენს _ შედუღებისა და მეტალის ჭრის პროცესში, გამოიყენება ბუნებრივი აირის მაგივრად, საყოფაცხოვრებო და სხვა მიზნებისთვის, ცვლის მეთანს საწვავ ელემენტებში, კოქსს _ მეტალურგიულ პროცესებში (მადნის პირდაპირი აღდგენა), ნახშირწყალბადს _ რიგ მიკრობიოლოგიურ პროცესებში. მისი მიღება და შენახვა შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობით. ამავდროულად, წყალბადი არის ნედლეული რიგი უმნიშვნელოვანესი ქიმიური სინთეზისთვის (ამიაკი, მეთანოლი, ჰიდრაზინი), სინთეტიკური ნახშირწყალბადის მისაღებად. 

საყოფაცხოვრებო და სამრეწველო დანიშნულების ავტოტრანსპორტის _ „წყალბადის მომავლის“ მიმზიდველობას მსოფლიოს ყველა ექსპერტი აღიარებს. 

Ford, General Motors, Toyota, Nissan და მრავალი სხვა კომპანია, ერთმანეთის მიყოლებით, თავს იწონებს საწვავი ელემენტების მქონე კონცეპტ-ავტომობილებით და აპირებენ „თავს მოგვახვიონ“ ჩვეულებრივი მოდელების წყალბადის მოდიფიკაციები. გერმანიაში, იაპონიასა და აშშ-ში, უკვე გამოჩნდა წყალბადის გასამართი სადგურები. BMW-სა და Mazda-ს წყალბადის ავტომობილები, აერთიანებენ ჩვეულებრივი ავტომობილების მფლობელებისთვის ჩვეულ დინამიკას ნულოვანი გამონაბოლქვით! წყალბადის საწვავის მიმართ, დიდ ინტერესს იჩენენ ავიაკონსტრუქტორები. 

გასაგებია, რომ თუ საქართველო ამ საკითხით არ დაკავდება, არენაზე გამოვლენ სხვა შავი ზღვისპირა ქვეყნები, რომლებიც მთელ დივიდენდებს თავიანთ მხარეს გადაქაჩავენ. ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე, ხარისხის მიხედვით, ტონა გოგირდის ღირებულება 300 დოლარს შეადგენს. გოგირდი გამოიყენება სახალხო მეურნეობის ყველა დარგში, ხოლო წყალბადი, ზოგადად, სტრატეგიულ მასალას წარმოადგენს. 

ნათელია, რომ შავი ზღვის გადარჩენით, უდიდესი მოგების მიღებაა შესაძლებელი. რ. ჯომიდავას პროექტებში, აკუმულირებულია მეცნიერების მიერ შემუშავებული გოგირდწყალბადის უტილიზაციის სქემები და სხვა მიმართულებები, ამიტომ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ადამიანს, რომელსაც მთელი ევროპა უსმენდა და უგებდა, ვერ უგებენ მისსავე სამშობლოში. ნუთუ, საქართველოს ხელისუფლებაში არ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავისი სამშობლოს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება, ან 25 წლის განმავლობაში, ვერ „მოასწრეს“ ამის შეთანხმება მათთან, რომლებიც გარედან მართავენ?

მინდა, უკეთესობის იმედი მქონდეს და უახლოეს დროში, გავხდე საქართველოს ყველა მიმართულებით ტრიუმფის მოწმე. უდავოა, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია ქვეყნის ეკონომიკის დადებით დინამიკაში თავისი წვლილის შეტანა. თუ ჩემს მიერ განხილული თემა მოიპოვებს საქართველოს ხელისუფლების რეალურ მხარდაჭერას, მე ჩემი მხრიდან, მშობლიურ თბილისს საჩუქრად გადავცემ პროექტს, რომელიც მცირე დანახარჯებით, გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის მოგებას, აამაღლებს მრავალი ადამიანის ცხოვრების დონეს, შექმნის ნედლეულის ბაზას და გააუმჯობესებს საექსპორტო პოტენციალს. 

P.s. კაცობრიობის წინაშე მდგარი გლობალური, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, ინტელექტუალური და ეკონომიკური რესურსების მაქსიმალური ინტეგრაციაა. განსაკუთრებით ეს ეხება გარემოსდაცვით და ენერგეტიკულ პრობლემებს. 

შავი ზღვის ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული მინერალური, ბიოლოგიური რესურსების თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებით ათვისების პრობლემა, უაღრესად აქტუალური და ურთულესი ამოცანაა, რომლის გადაწყვეტა მხოლოდ ერთი მხარის ძალისხმევით, შეუძლებელია. ამ რესურსების ათვისების პროექტის შემუშავებისათვის, საჭიროა ძალთა კონსოლიდაცია და სახსრების მობილიზაცია არა მხოლოდ შავი ზღვისპირა, არამედ ევროპის ქვეყნების, მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა, კომპანიებიასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილობით. 

რას მისცემს აღნიშნული ინოვაციური პროექტის განხორციელება საქართველოსა და შავი ზღვისპირა ქვეყნებს: 

გოგირდწყალბადის მოპოვება და გადამუშავება ამცირებს „მკვდარი გოგირდწყალბადის ზონას“, ამით იხსნება ეკოლოგიური კატასტროფის შესაძლებლობები. 

აღდგენადი, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს ჩართვა საერთო ენერგეტიკულ ბალანსში შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დროის მოკლე პერიოდში, მცირე დანახარჯებით, ენერგომატარებლების საგარეო მომწოდებლების გარეშე, სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ. 

სტრატეგიულად ღირებული ქიმიური კომპონენტების: გოგირდი, გოგირდმჟავა, წყალბადი, ამიაკი და სხვ. მიღებას. 

ეკოლოგიურად სუფთა, მაღალეფექტური საწვავის _ წყალბადის მიღებას. 

წყალბადის საწვავად გამოყენების შემთხვევაში, გამოირიცხება თბური ეფექტის ზრდა, რამდენადაც წვის შედეგად, წყალბადი გარდაიქმნება წყლად და უბრუნდება ბუნებრივ წრიულ ბრუნვას. 

 

დღეს, მსოფლიოს თანამედროვე ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია წყალბადის ენერგეტიკის განვითარება, ამაზე მკაფიოდ მეტყველებს საერთაშორისო წყალბადის საბჭოს შექმნა, სადაც გაერთიანებულია მსოფლიოს 53 წამყვანი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ფირმები. 

იმედს გამოვთქვამთ, რომ წყალბადის საბჭო იქნება ის საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კაცობრიობის წინაშე მდგარი, ყველა სერიოზული პრობლემის გადაჭრაში და ამ პროექტის რეალიზაციაშიც საბჭო გადამწყვეტ როლს შეასრულებს. 

ეს ყველაფერი, საქართველოს ისტორიულ შანსს აძლევს, დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ეკოლოგიურად სუფთა, წყალბადის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, მაგრამ მარტო „კერძო პირების“ ძალისხმევა არ არის საკმარისი ასეთი გლობალური პრობლების გადასაწყვეტად. ამ მასშტაბური პრობლემის გადაჭრას, პირველ რიგში, მთავრობის მხარდაჭერა სჭირდება. 

პროექტის აქტუალობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია, ჩამოყალიბდეს საქართველოს მთავრობასთან საპროგრამო მუშა-ჯგუფი, რომელიც გერმანელ უწყებებთან და კომპანიებთან ერთად, „შავი ზღვის რესურსების კომპლექსური ათვისებისა და წყალბადის ენერგეტიკის განვითარების“ საერთაშორისო პროექტს შიმუშავებს, მისი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. 

ყოველივე ზემოთქმულიდან და პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენადაც წარმოდგენილი პროექტი წლების განმავლობაში მუშავდებოდა საქართველოში და დღესაც უნდა გაგვაჩნდეს დიდი სურვილი და მონდომება, საქართველომ ეს საერთაშორისო ინიციატივა ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

ვალერი კაგანოვსკი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში