Menu
RSS

,,მიშას ვავალებ, დაურეკოს ალეკოს!’‘

დასცინიან თუ არა პოლიტიკოსები ხალხს _ წლევანდელი საარჩევნო კამპანიის თავისებურებანი

2020 წლის საპარლამენტო კამპანია, კორონაპანდემიის ფონზე, მეტ-ნაკლებად, მშვიდად მიმდინარეობს. როგორ კამპანიას აწარმოებენ და პიარის რა ელემენტებს იყენებენ პარტიები? _ ეს პოლიტტექნოლოგების შესაფასებელია, თუმცა აღსანიშნავია რამდენიმე პარტიის ორიგინალური სლოგანი. აი, მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სლოგანი ასეთია _ „დაავალე მიშას“. პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა დავალება, რომელსაც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობისგან მიიღებენ, ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა. ცოტა უცნაურია, საქართველოს მოსახლეობამ უკრაინის მოქმედ მაღალჩინოსანს „რაღაცები“ რატომ უნდა „დაავალოს“, ან მიხეილ სააკაშვილმა ეს დავალებები როგორ უნდა შეასრულოს, რადგან მის მიმართ საქართველოში სამართლებრივი პასუხისმვებლობის საკითხი დგას, მაგრამ ფაქტია: პარტიამ მთავარი საარჩევნო სლოგანი სწორედ მესამე პრეზიდენტს დაუკავშირა. 

„ნაციონალებს“ კრეატივში არც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ჩამორჩა და საარჩევნოდ, სარეკლამო ბილბორდებზე _ არც მეტი, არც ნაკლები _ საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა, სლოგანით: „ალეკო გისმენთ“. 

თავად ელისაშვილი გადაწყვეტილებას ცესკო-ს მიერ პარტიისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭების გაჭიანურებით ხსნის. „ველოდეთ, ველოდეთ და ბანერზე დავწერეთ ჩემი ტელეფონის ნომერი“, – თქვა ელისაშვილმა... 

„ვერსია“ დაინტერესდა, რას დაავალებენ პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უკრაინაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს?

ექსპერიმენტისთვის, აღნიშნული კითხვით, პირველად ალეკო ელისაშვილს მივმართე. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ ელისაშვილმა მყისიერად მიპასუხა და განმიცხადა, მიხეილ სააკაშვილს არაფერს დავავალებო. 

ისე, ჯერ მსგავსი სლოგანები _ „დაავალე მიშას“ და „ალეკო გისმენთ“ სად იყო, როცა თბილისის მერის არჩევნებში, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატის სლოგანი _ „გუგავა მოვა“, თითქმის მთელმა ერმა რომ აიტაცა და „პიარული“ თვალსაზრისით, ამ სლოგანმა კარგადაც იმუშავა, თუმცა გუგავა თბილისის მერი მაინც ვერ გახდა... 

სხვათა შორის, გიორგი გუგავამაც, ელისაშვილის მსგავსად, განმიცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერს დაავალებს. სააკაშვილისთვის რამის დავალებას არც პოლიტიკიდან წასული, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წარმომადგენელი, დავით ზურაბიშვილი აპირებს. 

 

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია კი ჩვენს კითხვას ასე პასუხობს: 

„ზოგადად, სააკაშვილის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ჩემი კომპეტენცია არაა, მას რამე დავავალო“. 

სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილისთვის დავალება აქვს ქართული მარშის ლიდერ სანდრო ბრეგაძეს: 

„მე დავავალებდი, გაჩერდეს და ჩაბარდეს მართლმსაჯულებას. აგოს პასუხი იმ ბრალდებებზე, რაც მის მიმართაა წარდგენილი!“. 

ბრეგაძის მსგავსად, სააკაშვილისთვის დავალებები აქვს მემარცხენე ალიანსის ლიდერ სოსო შატბერაშვილსაც: 

„როგორ არ დავავალებ?! 3 მოთხოვნა მაქვს _ გატაცებული 4 მილიარდი, რომელიც 2018 წლის ომის შემდეგ წაიღო და გაიტაცა კეზერაშვილთან ერთად, მოიტანოს უკან. ასევე, ის, რაზეც მოიხადა ბოდიში, მძიმე შეცდომები მქონდაო, გამოასწოროს და დაანებოს საქართველოს თავი!“ 

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ვატო შაქარაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის მოსათხოვნი ბევრია, დასავალებელი კი _ არაფერი. 

„მას ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის კარგის მოტანა არ შეუძლია! დავავალებდი „ქართულ ოცნებას“, რომ თავი დაანებოს ფსევდოდაპირისპირებას და კვლავ მიშას აქტუალიზაციას, ჩამოიყვანოს და პასუხი აგებინოს ჩადენილი დანაშაულებებისთვის!“ _ აცხადებს შაქარშვილი. 

დაიცავი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაია ჩვენს შეკითხვას იუმორით პასუხობს და სააკაშვილს ავალებს, „ელისაშვილს დაურეკოს!“ 

ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელი, გენრი დოლიძე კი მიხეილ სააკაშვილს ავალებს, შეეშვას პოლიტიკას: 

„იკითხოს ლექციები, ეს თავის გუნდსაც წაადგება, ქვეყანასაც და ოპოზიციასაც, ივანიშვილის ხელისუფლების უმტკივნეულო ცვლილებაში“. 

* * * 

იმის გასარკვევად, დაავალებენ თუ არა რამეს მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილს, სოციალურ ქსელში მცირე გამოკითხვა ჩავატარე. მომხმარებელთა უმეტესობა ამ სლოგანს სერიოზულად არ აღიქვამს და ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ პროცესებში უშუალოდ ჩართული არაა და თუ ის საქართველოში რეალურად არ დაბრუნდა, მისთვის რაიმეს დავალებას, უბრალოდ, აზრი არ აქვს. 

ზოგი ფიქრობს, რომ ადამიანებმა პოლიტიკოსებს არაფერი უნდა დაავალონ ანუ ეს მიდგომა ამომრჩევლის მიმართ, ერთგვარად, შეურაცხმყოფელია და ამომრჩევლის დონის დაბალ შეფასებაზე მეტყველებს. 

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს არა ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ გეგმებს, არამედ, პიარტექნოლოგების მიერ შექმნილ „კრეაწიულ“ სლოგანებს აჯიბრებენ.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში