Menu
RSS

„უფალი პასუხს მოგთხოვს“, _ ბოკერიას ფაქტორი

„ჟევაჩკას“ ღეჭავდა და შევღონდი“, _ რატომ უღალატა მიშას და გაურიგდა თუ არა „ოცნებას“ მთავარი ოპოზიციონერის სტატუსზე ევროპული საქართველოს ლიდერი

არის, ასრულდა ოცნება ანუ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, ესე იგი, მომავალ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული სიით შევა, 30 კი _ მაჟორიტარულით. პარლამენტის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ყველა პოლიტიკური ფრთა ოვაციებით შეხვდა. ასევე, კმაყოფილებას ვერ მალავენ უცხოელი ელჩები თუ დიპლომატები, რომლებიც ე.წ. 8 მარტის მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულები. ერთი სიტყვით, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მოსიყვარულე წყვილის სექსის დროს _ ყველა მხარე კმაყოფილია. განსაკუთრებულ კმაყოფილებას კი ევროპული საქართველო განიცდის, რასაც ამ პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებაც მოწმობს.

„კაი დღეა, ჩვენ, ევროპული საქართველო კმაყოფილები ვართ. ეს აჩვენებს საზოგადოებრივ ძალას, მაგრამ შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ არის შესრულებული. სანამ ერთი პოლიტპატიმარიც კი (ამ შემთხვევაში, გიორგი რურუაა პოლიტპატიმარი), რომლის გათავისუფლებაც იყო შეთანხმების ნაწილი, ეს არ არის შესრულებული. ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საზოგადოების წნეხით და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ამ სარისკო ვითარებიდან ქვეყანა დანაკარგების გარეშე გამოვიდეს“, _ აღნიშნა ბოკერიამ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. 

 

ისე, პოლიტიკურ წრეებში თანდათან აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა წყალს ყველაზე მეტად ბოკერიას წისქვილზე ასხამს, უფრო სწორად, ისინი, რომლებიც პოლიტიკურ კონსპიროლოგიას აღმერთებენ, მიიჩნევენ, რომ შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, ყველა, ან თითქმის ყველა პოლიტიკური ნაბიჯი იმ მიზნით იდგმება, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ევროპული საქართველო „ოცნების“ შემცვლელი თუ არა, მინიმუმ, მთავარი ოპოზიციური ძალა გახდეს. უფრო მეტიც, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ლეიბორისტული მაგიდა ბოკერიას წაფითილებით შეიქმნა და ყველაფერი ეს უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს იმისთვის სჭირდებოდა, რომ პროექტი „ძალა ერთობაშია“, როგორმე ჩაეძირა. 

გულახდილად რომ ვთქვათ, ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი არის. ყოველ შემთხვევაში, კარგად თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების ქართულ პოლიტიკაში, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, გიგა ბოკერიაც ფაქტორია ანუ მისი ევროპული საქართველო, შესაძლოა, რეიტინგული პარტია არაა, მაგრამ ბოკერიას გუნდის ცალკეულ წარმომადგენლებს, თავად ბოკერიასი არ იყოს, ვიღაცები ანგარიშს უწევენ. ასე, მაგალითად, ბოლო დროს ჩატარებულ კვლევებში, იგივე ბაქრაძე ყოველთვის ლიდერობს ხოლმე, თუმცა ამის მიუხედავად, 2018-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაქარაძეს ენმ-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა აჯობა და შესაბამისად, მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილს შერკინება გრიგოლ ვაშაძესთან მოუწია. 

ისე, თუ პოლიტიკოსების რეიტინგი და პოპულარობა არჩევნებით იზომება, მაშინ ამ კუთხით, ოქტომბრის არჩევნები პირადად ბოკერიასთვის, შესაძლოა, ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად იქცეს ანუ აქამდე, სააკაშვილის ყოფილ მეგობარსა და თავის დროზე „თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთ სულისჩამდგმელს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა არ მიუღია. წელს კი, არსებობს ალბათობა, რომ ბოკერიამ რომელიმე ოლქში მაჟორიტარად იყაროს კენჭი. ასეთ შემთხვევაში, რა შანსი ექნება? _ ამის თქმა ძალიან რთულია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველოს ე.წ. კონსერვატორული მოსახლეობის უმეტესობა ბოკერიას ენის, მამულისა და სარწმუნოების მტრად მიიჩნევს. ესე იგი, მარტივად რომ ვთქვათ, ევროპული საქართველოს ლიდერი, რომელიც იმ ყბადაღებული 9 წლის დროს, ნაციონალების „რუხ კარდინალად“ ითვლებოდა, ხალხს არ უყვარს. სხვათა შორის, თავისთავად საინტერესოა, რომ ბოკერია „9-წლიანი რეჟიმიდან“ ყველაფერში ბრალს მიშას სდებს. სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით ბოკერიას თანამეცხედრე, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოირჩევა, თუმცა ერთსაც და მეორესაც ავიწყდება, რომ ადამიანი, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, ყველა იმ ცუდსა თუ კარგზე, რომელიც 2012-მდე ხდებოდა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა! 

სხვათა შორის, ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ტანდემი სხვა ქართველი „პოლიტფეისებისგან“ იმით გამოირჩევა, რომ ნაკლებად ადარდებს, ხალხი მასზე რას ამბობს ანუ შეიძლება, ადარდებს, მაგრამ ამას არ იმჩნევს და, როგორც იტყვიან, თავისას მიერეკება. ასე, მაგალითად, ამ წყვილს არც ის ადარდებს, რომ საზოგადოების ნაწილი ლიბერალებს ეძახის. ლიბერალიზმი კი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ისეთივე ცოდვაა, როგორც ვთქვათ, მრუშობა (ისე, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე დიდი კონსერვატორებიც კი ჩუმ-ჩუმად მრუშობენ, თუმცა მთავარია, ამის შესახებ საზოგადოებამ არ გაიგოს, თორემ ახლა, თუ ჯან-ღონით სავსე ქართველი ვაჟკაცი ცოლს უღალატებს, ან ცოლს თავში წამოარტყამს, ეს, კონსერვატორების აზრით, დასაძრახი სულაც არაა). 

ასე და ამგვარად, ვინმეს მოსწონს თუ არა, პოლარული ღამესავით ნათელია, რომ ბოკერია თანამედროვე ქართული პოლიტიკის უმთავრესი თუ არა, მთავარი ფიგურაა, ფიგურა, რომელსაც განათლების დეფიციტი ნამდვილად არ აქვს და ამასთან, ექსნაციონალებიდანაც თითქმის ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც საგამოძიებო უწყებებში კი ატარეს, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს, ესე იგი, მასზე უბრალოდ, ეჭვი არსებობს, რომ „ბუაა“, თორემ სამართლებრივად, აბსოლუტურად სუფთაა. 

და მაინც, ვინაა გიგა ბოკერია და როგორ გახდა ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ღერძი? _ ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, მოდით, ევროპული საქართველოს ლიდერის ბიოგრაფიას თვალი გადავავლოთ და მისი ბეგრაუნდიდან რამდენიმე „მსუყე“ ეპიზოდი გავიხსენოთ. 

„გიგა ძალიან კარგი ბავშვი გახლდათ, მაგრამ მე არ ვიყავი მაინცდამაინც კარგი დედა. მისი ბავშვობა ჩემს აქტიურ მოღვაწეობას დაემთხვა. ხშირად მიწევდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, შეჯიბრებებზე წასვლა და მასთან დაშორება. ამის გამო, გიგას ალერგიული დამოკიდებულებაც კი ჩამოუყალიბდა ჭადრაკის მიმართ. ერთხელ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ნანა იოსელიანთან პრეტენდენტთა ფინალური მატჩის პირველი პარტია წავაგე (თუმცა, გამარჯვებული მე დავრჩი) და რადიოში გამოაცხადეს, გიგას ტაში დაუკრავს, იფიქრა, წაგების შემთხვევაში, მასთან დავბრუნდებოდი. საოცრად მგრძნობიარე იყო. საერთოდ, გიგა ყოველთვის დამოუკიდებელი გახლდათ და ცხოვრებაში ყველა პრინციპული გადაწყვეტილება თავად მიიღო. ყველას გვეგონა, რომ იგი ოჯახურ ტრადიციას გააგრძელებდა და მათემატიკის განხრით ჩააბარებდა უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ გამოცდამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიფიქრა და საბუთები ისტორიის ფაკულტეტზე შეიტანა... მე და გიგა ორი დამოუკიდებელი პიროვნება ვართ, მაგრამ საერთო ფასეულობები გვაქვს. შესაძლოა, ამიტომაც ემთხვევა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს. პრინციპულად ვიზიარებ გიგას პოზიციებს, თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ოჯახში რაღაც დეტალებთან დაკავშირებით, ცხარედაც გვიკამათია. სხვათა შორის, კამათში გიგა ოჯახის წევრებთანაც კი დაუნდობელი და უკომპრომისოა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ვაანალიზებ პრობლემას, ვრწმუნდები, რომ გიგას მიერ გაკეთებული ანალიზი უფრო სწორი იყო. 

ზოგჯერ, როცა დებატებში გამოსვლისას, რაღაც არ მომხვდება ყურში ან კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, მისი პოზიცია არასწორად მიმაჩნია, ვეუბნები. იყო შემთხვევა, როცა მისი მანერები არ მომწონდა. მაგალითად, სულ თავიდან, როცა გიგა ტელეეკრანზე გამოჩნდა, მახსოვს, „ჟევაჩკას“ ღეჭავდა და ლამის შევღონდი, თუმცა საერთო ჯამში, იგი საინტერესო პიროვნებაა და ბევრი კარგი თვისება აქვს _ გულწრფელი და სუფთა პიროვნებაა. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, თუ ადრე გიგას ჩემი თავი ჭადრაკმა წაართვა, დღეს ჩემი შვილი პოლიტიკამ წამართვა-მეთქი, მაგრამ არ დავეძებ, მთავარია, საქმე გააკეთოს“, _ ესაა ამონარიდი ბოკერიას დედის, ცნობილი მოჭადრაკის, ნანა ალექსანდრიას ინტერვიუდან, რომელიც მან 16 წლის წინ, ერთ-ერთ ქართულ გამოცემას მისცა. 

სხვათა შორის, მომავალი პოლიტიკოსი არათუ საბჭოთა წყობის დროს დაიბადა, არამედ, მისი მშობლები კომუნისტებისგან დაფასებულებიც იყვნენ, თუმცა თავად ბოკერიას საბჭოური არაფერი უყვარს და ერთადერთი, რაც იმ ეპოქიდან „მემკვიდრეობით გადმოეცა“, რელიგიისადმი დამოკიდებულებაა ანუ ცნობილია, რომ ბოკერია აგნოსტიკოსია, ესე იგი, ყველა მსჯელობას, რომელიც უმაღლესი ჭეშმარიტების ან აბსოლუტის, ღმერთის არსებობა-არარსებობას ეხება, უსაფუძვლოდ თვლის. 

ასე რომ, თუ თვლიდით, რომ ბოკერია ათეისტი იყო, ცდებოდით. ის, უბრალოდ, აგნოსტიკოსია, აგნოსტიკოსი, რომელზეც ზოგი იმასაც ეჭვობს, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებთან ოპერატიულ კავშირზე იმყოფება და სხვა ნეოლიბერალების მსგავსად, სქესის, რასის, პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიურ-სექსუალური იდენტობის მიუხედავად, ადამიანებს შორის „ძმობას, ერთობას“, თავისუფლებასა და თანასწორობას ქადაგებს. 

იქიდან გამომდინარე, რომ აგნოსტიკოსია, ბატონ ბოკერიას ალბათ, ძალიან არც უდარდია, რამდენიმე წლის წინ, მამა ბასილმა (მკალავიშვილი) ანათემას რომ გადასცა. 

„ვაფრთხილებ ყველას, ნუ მიეცემით თვითდამშვიდებას, თითქოს ყველაფერი რიგზეა მაშინ, როცა უფსკრულის პირას ვდგავართ. თუ არ გამოვფხიზლდით, დიდ სასჯელს მივიღებთ. მეტის მოთმენა, მართლაც, არ შეიძლება, ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლობა იძულებულს ხდის ჭეშმარიტ მორწმუნეს, გადადგას ის ნაბიჯი, რასაც იმსახურებენ ერის მოღალატენი, რამეთუ თითოეული ჩვენთაგანი რომ წარვსდგებით საშინელ სამსჯავროზე, უფალი პასუხს მოგვთხოვს, როცა ქვეყანა იღუპებოდა, დუმდით, რატომ? რამეთუ დუმილით, ღმერთს ვღალატობთ. წმ. მამები ბრძანებენ: „გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოდე მტერს მამულისას, გძაგდეს მტერი უფლისა“. იქედან გამომდინარე, რომ ზემოთჩამოთვლილმა პიროვნებებმა საშინელი ღალატი ჩაიდინეს ერისა თუ სარწმუნოების წინაშე, გვიგინებენ ჩვენს უფალსა და მის მცნებებს, მე, როგორც სასულიერო პირი, ვერ გავჩუმდები. 

...ეფესოს III მსოფლიო კრების მე-7 კანონი გვამცნობს: „ის, ვინც წინ აღუდგება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას და ებრძვის მართლმადიდებლობას, ერისკაცნი შეჩვენებულ იქმნეს“. ვისარგებლებ მსოფლიო კრებების დადგენილი დიდი სჯულის კანონით და ანათემას გადავცემ სარწმუნოების მოღალატეებს: წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას. ანათემა ძალაშია 2016 წლის 14 იანვრიდან, სანამ პირადად არ მოვლენ ეს პიროვნებები ჩემთან და არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს (რათა მომავალ თაობაზე არ გადავიდეს). 

მათ ქმედებას დიდი ხანია ვაკვირდები, იმდენად უსაზღვრო და უკიდეგანოა მათი ზიზღი ქართველი მართლმადიდებლებისადმი, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გათავისუფლდეს ჩვენი ბედკრული ქვეყანა ამ სულიწმიდის მგმობელებისაგან“, _ განაცხადა მაშინ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ბასილმა, რომელიც ნაციონალების დროს, სასჯელს იხდიდა. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბასილ მკალავიშვილი განკვეთილი მღვდელია _ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1996 წელს განკვეთა.

საერთოდ, მკალავიშვილი-ბოკერიას დუელს დიდი ხნის ისტორია აქვს. ინტერნეტმასალების მიხედვით, „ვარდების რევოლუციამდე“ ორი წლით ადრე ანუ 2001 წელს, ბასილ მკალავიშვილი და მისი მომხრეები თავისუფლების ინსტიტუტის რამდენიმე იმჟამინდელ ლიდერს, მათ შორის, გიგა ბოკერიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის საბაბი ის გახდა, რომ ბოკერია და მისი თანამოაზრეები იეჰოვას მიმდევართა უფლებებს იცავდნენ. მკალავიშვილი კი, 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, იეჰოვას მიმდევრებისა და სხვა არაკანონიკური რელიგიური მიმდინარეობების წინააღმდეგ „ცეცხლითა და მახვილით“ იბრძოდა (ბოლო წლებში, ეს თემა აქტუალური რატომღაც აღარაა). 

2001 წელს მომხდარ ინციდენტზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 13 წლის შემდეგ გამოიტანა ანუ 2014 წლის ქართული ბეჭდვური მედიის მონაცემებით, სტრასბურგმა იეჰოველების სასარგებლოდ, მათი დევნა-შევიწროებისთვის, საქართველოს ხელისუფლებას 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამ საკითხის კომენტირებისას, ბასილ მკალავიშვილმა სიტყვა ისევ ბოკერიაზე ჩამოაგდო და „საქართველოში მასონების აგენტურის მამამთავრად“ გამოაცხადა. 

„ბოკერია საზღვარგარეთიდან აურაცხელ გრანტს იღებს და მერე უნაწილებს იეჰოველებსა და სხვა სექტებს. კატეგორიულად მოვითხოვ ფაქტობრივი ხელისუფლებისგან, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოებისგან, დროზე ჩამოაცილეთ ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას მართლმადიდებლობის მტერი ბოკერია. როგორ შეიძლება, 8 კაცის მკვლელი ტელევიზიით გამოდიოდეს და იქედან აქეთ გვიკითხავდეს მორალს?!“ _ ესაა ამონარიდი ბასილ მკალავიშვილის ინტერვიუდან, რომელიც ქართულ ბეჭდვურ მედიაში 2014 წელს გამოქვეყნდა. 

სხვათა შორის, ბასილ მკალავიშვილი იმათგანია, რომელიც წლებია, ამტკიცებს, რომ ცხონებულ სულხან მოლაშვილის წამებაში, ბოკერია თავად მონაწილეობდა. 

„ორი კვირით ადრე ვიცოდი, რომ ციხის ბუნტი (ლაპარაკია 2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტზე) უნდა მომხდარიყო, მაგრამ რა ვიცოდი, რომ გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას დაგეგმილი ჰქონდათ სულხან მოლაშვილის მოკვლა. როდესაც სააკაშვილის მთავრობა გადავარდა, ერთი სპეცრაზმელი ტირილით მოვიდა ჩემთან და მომიტანა რკინის კეტი, მითხრა, რომ მას ეს კეტი ბოკერიას გაგზავნილმა კაცმა მისცა, რომ სულხან მოლაშვილისთვის და ჩემთვის კისერში დაერტყა და მოვეკალით. 

ვაფრთხილებ დღევანდელ ხელისუფლებას, დროზე მიხედოს სააკაშვილის ნაძირალა სექტებს, როგორც გურამ შარაძე გაისტუმრეს იმ ქვეყნად, გაისტუმრეს სულხან მოლაშვილი, კიდევ ბევრს გაისტუმრებენ, დროზე მოაცილონ გიგა ბოკერია, რომელმაც 8 კაცი მოკლა ციხეში და დღეს თავისუფლად დადის. მოვუწოდებ პროკურატურას, სასწრაფოდ აღძრას საქმე გიგა ბოკერიას წინააღმდეგ, რადგან მე ვარ იმის უშუალო მონაწილე, როგორ ვარჩევდი მკვდარ პატიმრებს, დაჭრილი ავადმყოფებისგან, როგორ შევიტანე მორგში 8 მიცვალებული, ეს ხომ გიგა ბოკერიამ გააკეთა!“ _ ეს განცხადება მკალავიშვილმა 2016 წლის 29 ივნისს გააკეთა. 

ზოგადად, ბოკერიასა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობაზე ათას რამეს ამბობენ. ასე, მაგალითად, მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა სახელისუფლებო ვერტიკალს ჩამოსცილდა, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავის დროზე, ბოკერია ილია II-ს დახვრეტით ემუქრებოდა. მეტიც, ამავე გამოცემამ, ასევე, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ბოკერიას ფრაზაც გაასაჯაროვა, რომელიც მან, თურმე, საკუთარ თანაგუნდელებს უთხრა: „მე იმას მაინც ვაცხადებ, რომ ათეისტი ვარ და ეკლესიაცა და პატრიარქიც ფეხზე მკიდია, თქვენ კი, დილით მიშასთან ერთად ლოცულობთ და საღამოს, მაგ თქვენს პატრიარქთან!.. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხის გამომათაყვანებელ პატრიარქსა და მღვდლებს საკუთარი ხელით დავხვრეტდი!“ 

ეშმაკმა იცის, ამ სიტყვების ავტორი მართლა ბოკერიაა თუ არა. ასევე, დღემდე იმის დადგენაც ვერ მოხერხდა, აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი, რეალურად ბოკერიამ აწამა თუ ესეც ჩვეულებრივი მითოსია. 

ისე, ვიდრე პოლიტიკოსი გახდებოდა, გიგა ბოკერია სამოქალაქო აქტივისტი იყო და ერთხანობა, ჟურნალისტობდა კიდეც _ გადაცემები საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხსა“ და „რუსთავი 2“-ზე მიჰყავდა. მერე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „თავისუფლების ინსტიტუტის“ მთავარ სახედ მოგვევლინა. სხვათა შორის, ამ „ენჯეოს“ ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ლევან ბერძენიშვილი გახლდათ. საერთოდ, ბოკერიასა და ქართველი თუ ამერიკელი რესპუბლიკელების, უტრირებულად რომ ვთქვათ, „ლავ სთორი“ მათთვის, რომლებიც ქართული პოლიტიკის ლაბირინთებში კარგად ერკვევიან, უცხო არაა და სწორედ ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ გიგა ბოკერია იმთავითვე ამერიკული რესპუბლიკური პარტიის ე.წ. ნეოლიბერალური ფრთის პროექტი და ამერიკული სამხედრო დაზვერვის რეზიდენტია. ეს ბოკერიას ბიოგრაფიაში, შესაძლოა, ყველაზე კონსპირაციული ვერსიაა, მაგრამ ამ კუთხით მსჯელობა, პერიოდულად აქტიურდება ხოლმე. 

ასეა თუ ისე, ყველაზე იდუმალებით მოცული ბოკერიას ამერიკული კავშირებია. რასაკვირველია, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ის, მართლაც, თეთრი სახლის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობს, მაგრამ მახსოვს, 2014-ში, ერთმა ქართველმა სპეცსამსახურელმა კონკრეტული ამერიკელი დაასახელა _ ბრიუს ჯექსონი და ლამის, ასპროცენტიანი სიზუსტით თქვა, ბოკერიას მფარველი, სწორედ ჯექსონიაო. ჯექსონი, როგორც ირკვევა, აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ოფიცერია, მამამისი კი „სი-აი-ეს“-ის თანადამფუძნებელი იყო. ამასთან, ქართველმა სპეცსამსახურელმა ისიც თქვა, სწორედ ჯექსონის ფაქტორით აიხსნება, რომ „ოცნებამ“ ბოკერია არ დაიჭირაო. სხვათა შორის, ალბათ, გახსოვთ, თავის დროზე, ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოდან სერიოზული თანხა არამიზნობრივად ანუ ლობისტების მომსახურეობაში იხარჯებოდა და ეს მაშინ, როცა საბჭოს ბოკერია ხელმძღვანელობდა... თუ ყოფილი პრემიერის ნათქვამი სიმართლეა, მაშინ საქმე უნდა აღძრულიყო, მაგრამ ამ თემამ, როგორც იტყვიან, ჩაილურის წყალი დალია. 

რატომ? _ ამ კითხვას პასუხს, პირდაპირ თუ ირიბად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყოფილ მმართველ გუნდში განვითარებული მოვლენები სცემს _ ბოკერია სააკაშვილს ემიჯნება ანუ ნაცმოძრაობას ტოვებს და ახალ პარტიას ქმნის, სადაც ნაცმოძრაობის თითქმის მთელი ბირთვი მიჰყვას. 

რატომ გაემიჯნა ბოკერია სააკაშვილს? _ ამ თემის დეტალები დღემდე ბურუსითაა მოცული, თუმცა ადამიანები, რომლებიც ახლაც მიშას გვერდით დგანან, ეჭვობენ, რომ ნაცმოძრაობის გაყოფა „ჰაერზე არ მომხდარა“ და ყველაფერ ამის უკან ფული იდგა ანუ გამოდის, რომ ბოკერიამ სააკაშვილი გაყიდა? 

ამ კითხვას პასუხს, ნაწილობრივ, ნაცმოძრაობის წევრის, მეგი გოცირიძის განცხადება სცემს. ზოგადად, გოცირიძე ის ადამიანია, რომელიც ბოკერიას ღალატში იმთავითვე ადანაშაულებს. მის მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს კი „გიჟ თამარას“ ეძახის. 

„ქვეყანა იქცეოდა და უშიშროების საბჭოს მდივანმა არაფერი იცოდა?! 

და საერთოდ, ციხეებზე კონტროლი ვისი პრეროგატივა იყო, ვინმემ იცის? 

ვინც ივანიშვილის სათავეში მოსვლას ხელი შეუწყო, ფორმალურადაც სწორედ მას გადააბარებს ივანიშვილი მართვის სადავეებს და თავად კვლავ დარჩება არაფორმალურ მმართველად! 

ძალიან სამწუხაროა, რომ ძირითადად, ემიგრანტები აქტიურობენ ამ ვირტუალურ სივრცეში და რეალურადაც ისინი უკეთ გრძნობენ, რა ემუქრება ქვეყანას! 

აქაურებმა კი კვლავ სამზარეულოებს მიაშურეს, როგორც 90-იან წლებში და ელოდებიან ვიღაცას, ვინც მათ გასაკეთებელს გააკეთებს! 

ქვეყანაში მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა კი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა მოხდა 8 ოქტომბრის ღამეს, რა წააგო ქვეყანამ და რა მოიგო თამარას ქმარმა!“ _ დაწერა გოცირიძემ სოციალურ ქსელში, 2017 წლის 30 მარტს. 

ახლახანს კი მან „კარტები“ კიდევ უფრო გახსნა და იგივე სოციალური ქსელით საზოგადოებას ამცნო: 

„ძალიან სასაცილოა, თუ გიგა ბოკერიას სურს პრემიერობა, მილიონამდე მხარდაჭერა გამოუცხადა ამომრჩეველმა ნაციონალურ მოძრაობას, ევროპული საქართველო ნახევარიც არ ყოფილა და რანაირად შეიძლება, რომ პრემიერ-მინისტრი მათი პარტიიდან იყოს. 

ძალიან კარგად ვიცით ევროპული საქართველოს რეიტინგები, დავით ბაქრაძის მოწონების მაჩვენებელი ასტრალშია და ხმას არავინ აძლევს და რანაირად შეიძლება, პრეტენზია ჰქონდეს ბოკერიას, ალბათ, თვითონ იქნება ბოკერია, სხვას ვის გაუშვებს. 

ყველაფერს აქვს ზღვარი! პარლამენტში ფრაქცია გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის ხმებით, ვინც არიან და რასაც წარმოადგენენ, კი ვნახეთ რეიტინგით... 

უზარმაზარი ოპოზიციური ფრაქცია დაშალეს, მიშა სააკაშვილის მხარდამჭერების ხმებით. გარიგებაში იცით, როდის შევიდნენ? ივანიშვილს სამი დავალება მისცა პუტინმა: 

დაეშალა ნაციონალური მოძრაობა, მიშა დაეჭირათ და „რუსთავი 2“ წაეღოთ. მიშა ვერ დაიჭირა, „რუსთავი 2“ წაიღო, მაგრამ რამდენიმე „რუსთავი 2“ გაჩნდა და პარტია დაიშალა. 

ბოკერიას დაჯგუფებამ პარტია დაშალა და გააკოტრა – ფული წაიღეს პარტიის ბალანსიდან, ოფისები წაიღეს, მათ შორის, სურათებიც კი ჩამოხნენს, წაიყვანეს მოტყუებით კოორდინატორები და რაიონული ხელმძღვანელები. გააკეთეს ის, რაც პუტინისგან ივანიშვილს ჰქონდა დავალებული“. 

მოკლედ, ყოფილი დეპუტატის სტატუსის შემდეგ, საზოგადოების ნაწილს შესაძლოა, გაუმყარდა ეჭვი, რომ ბოკერია „ოცნების“ პროექტია. მოგეხსენებათ, ეჭვი ისეთი რამეა, რომ შესაძლოა, ნებისმიერს და ნებისმიერის მიმართ ჰქონდეს. შესაბამისად, ეჭვი დასჯადი არაა, თუმცა ხომ იცით, ნათქვამია, თავის გატეხვას სახელის გატეხვა სჯობსო. ჰოდა, ბოკერია, სააკაშვილის ღალატის კუთხით, სახელგატეხილია და ასევე, ეჭვმიტანილია, რომ წყალს „ოცნების“ წისქვილზე ასხამს, მაგრამ როგორ? 

კულუარებში მოარული ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ არჩევნებზე იმდენ ხმას ვერ აიღებს, რომ პარლამენტში უმრავლესობა შექმნას და ავტომატურად, მთავრობა დააკომპლექტოს, მაშინ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაში, შესაძლოა, ევროპული საქართველოი დაეხმაროს ანუ ბოკერიას გუნდმა მთავრობაში რამდენიმე მინისტრის სავარძელი მიიღოს, თან ინფორმატორები ვარაუდობენ, რომ ეს განათლების, ან სოფლის მეურნეობის კი არა, არამედ, რომელიმე ძალოვანი უწყების, ასევე, ეკონომიკური გუნდის მინისტრის პორტფელი იქნება. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, გამოვა, რომ ბოკერია ირიბად, ქვეყნის სათავეში მოვიდა. 

ყველაფერი ეს, შესაძლოა, კონსპიროლოგიაა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპულმა საქართველომ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, პრემიერად გიორგი ვაშაძის კანდიდატურის დასახელება მკვეთრად გააპროტესტა და იგივე ბოკერიამ ღიად თქვა, რომ მომავალი პრემიერი მისი პარტიიდან უნდა იყოს. 

ამასთან, ისიც საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებაში, „ევროსაქებმა“ მონაწილეობა მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ იყო შესრულებული და საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში ისე შევიდა, რომ გიორგი რურუა ისევ ციხეშია. 

ახლა, იმის განხილვას არ მოვყვებით, რურუა დამნაშავეა თუ არა, მაგრამ თავისთავად ჩნდება კითხვა _ თუ უგულავა, ოქრუაშვილის მსგავსად, პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაშინ, რატომ არ ათავისუფლებენ რურუას? ან ოპოზიცია, იგივე ბოკერიას ფრთა, ამ კუთხით, რატომ არ აქტიურობს? 

ერთი სიტყვით, ბოკერია, როგორც ქართული პოლიტიკის ფაქტორი, შესაძლოა, ბურუსით არაა მოცული, მაგრამ მისი პერსონის მიმართ, არაერთი უპასუხო კითხვა არსებობს, თუმცა ალბათ, მოვა დრო და ყველაფერს ნათელი ისევე მოეფინება, როგორც ის ამბავი გახდა ცნობილი, თუ როდის და სად გაიცნეს ერთმანეთი „ოცნების“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ და ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილმა ანუ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, თავად „ტაბულას“ რედაქტორმა თქვა, წლების წინ, როცა მე და გიგას ქორწილი გვქონდა და დასავლეთში მივდიოდით, საბურავი დაგვეშვა, უცნობები დაგვეხმარნენ და მერე გავიგეთ, რომ ამ უცნობებიდან, ერთ-ერთი ივანიშვილი იყოო. 

ეს დეტალი, შესაძლოა, არაფერზე მეტყველებს, მაგრამ პოლიტიკაში, ცხოვრებისა არ იყოს, ეშმაკები სწორედ დეტალებში სხედან. საბოლოოდ კი, ასეთი „ეშმაკური დეტალებით“ დიდი პოლიტიკა იქმნება!

ნინო დოლიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში