Menu
RSS

კოტე კემულარია: „ოცნებას“ ვურჩევ, პირჯვარი დროზე გადაიწეროს, მოჩვენებები რომ გაუქრეს!“

„პოლიტპატიმარი იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები ანგელოზები არიან!“

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის შეწყალებით ციხიდან გათავისუფლდნენ, ოპოზიცია უკან არ იხევს და კატეგორიულად აცხადებს, რომ თუ გიორგი რურუაც არ გათავისუფლდება, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. ამ ფონზე, ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ოპოზიციის გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრები გრძელდება და, როგორც კულუარებში ამბობენ, პარტიებში არის საკითხები, რაზეც ჯერჯერობით, შეთანხმება ძნელდება. ასე, მაგალითად, ბოლო დროს, ისევ „ამოტივტივდა“ ოქრუაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაპირისპირება, რაც ოპოზიციურ ერთობას, რბილად რომ ვთქვათ, ხელს უშლის. „ვერსია“ გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, კოტე კემულარიას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ მიუხედავად ოქრუაშვილის გათავისუფლებისა, ოპოზიცია ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას ელოდება:

_ კონსტიტუციური ცვლილებების შემუშავებაში ჩვენი მეგობარი ქვეყნები _ აშშ და მთელი ევროკავშირი იყო ჩართული. შეთანხმების მიზანი კი პოლარიზაციის აღმოფხვრა გახლდათ. მხოლოდ ნაწილის შესრულება ანუ ოქრუაშვილისა და უგულავას გამოშვება, ამ შეთანხმების შესრულებად არ ჩაითვლება. რურუას არგამოშვება ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არ შესრულდა. მაშინ, რისთვის მოაწერეს ხელი ამ ხელშეკრულებას და რისთვის დააიმედეს საზოგადოება, რომ შეთანხმებას შეასრულებდნენ? ახლა, ოქრუაშვილისა და უგულავას გამოშვების შემდეგ, ხომ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ნამდვილად ეს გვარები, მათ შორის, რურუაც ნახსენები იყო?! 

შეთანხმების სანახევროდ შესრულების შედეგი ხელისუფლებისა და სახელმწიფოსთვისაც ცუდი იქნება, რადგან საერთაშორისო საზოგადოებაში იმიჯი გაფუჭდება! 

ხომ ვნახეთ, როგორი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებას? _ ამბობდნენ, საქართველო ასრულებს პირობასო და ა.შ. 

_ კი ბატონო, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ ბევრმა გააკრიტიკა ხელისუფლება უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლების გამო. სხვათა შორის, ზოგი ოპოზიციონერიც აცხადებს, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არ იყვნენ. ამაზე რას იტყვით? 

_ „ოცნების“ მხარდამჭერებში ასეთი განწყობა იყო, მაგრამ ეს დაახლოებით, იმ სიმღერიდანაა, გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა რომ მიიღო და ბიძინა ივანიშვილმა, ან კალაძემ არ იცოდა. ეს ხომ არავის სჯერა? ეს სპექტაკლი არ ვარგა, ცუდია, კონტრპროდუქტიულია. 

იმის გამეორება მიწევს, რაც ათასჯერ მითქვამს _ პოლიტპატიმარი იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ანგელოზები არიან! საერთოდ, პოლიტიკაში ყველა შეიძლება ვარღვევდეთ რაღაცას, მათ შორის, „ოცნებაში“ მყოფებიც. პოლიტპატიმარი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს. 

რურუაზე რომ ამბობენ, ადრე რაღაცები აქვს ჩადენილიო, ახლა გაახსენდათ, როცა გადამწყვეტი არჩევნებია საქართველოში და მთელი მსოფლიო აკვირდება? სად იყვნენ, თუ რაიმე სამხილი ჰქონდათ, იგივე ოქრუაშვილის, ან უგულავას წინააღმდეგ?! მაშინ გაახსენდათ, როცა არჩევნები მოადგათ კარს?! ამიტომ ახლა აქცენტების გაკეთება ამაზე კონტრპროდუქტიულია და „ოცნებას“ უფრო დააზარალებს! 

_ ბატონო კოტე, უკვე გადაწყვეტილია, რომ ოქრუაშვილი კენჭს მაჟორიტარად იყრის? 

_ ირაკლის საბოლოო პოზიცია იყო, რომ ეს აუცილებლად შეთანხმდება იმ ოპოზიციურ სპექტრთან, რომელიც იკრიბება ლეიბორისტული პარტიის ოფისში, რადგან ამ ანუ მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეთანხმებას ფასი სწორედ მაშინ აქვს, როცა ოპოზიციური პარტიების ყველა მონაწილე იზიარებს. ამიტომ დააფიქსირა ეს პოზიცია ირაკლიმ და ისიც კი დაამატა, რომ თუ საერთო გადაწყვეტილება იქნება, სხვას დაუთმობს. საერთოდ, ყველას ასეთი განწყობა გვაქვს. 

_ კეთილი... ნაციონალურ მოძრაობასთან დაბლოკებას აპირებთ? 

_ არ ვიცი, ყველაფერი წინაა, ვნახოთ. 

ჩვენი მთავარი მიმართულებაა, მოვუგოთ „ოცნებას“, რომელმაც ქართველი ხალხი გააღარიბა და ეკონომიკა დაანგრია. ეს როგორ კონფიგურაციას მიიღებს და რა იქნება, მალე გვეცოდინება. 

_ ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს ნაციონალური მოძრაობიდან იყრის. თუ გავიხსენებთ, ოქრუაშვილისა და მერაბიშვილის დაპირისპირებას, როგორ წარმოგიდგენიათ მათი თანაცხოვრება ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე? 

_ ძალიან მარტივად ახსნადია: მუდმივად ვმონაწილეობთ ერთიან ფორმატში, ლეიბორისტების ოფისში და ძალიან ჭრელი, სხვადასხვა შეხედულების ადამიანები ვსხედვართ, რომელთაც შეიძლება, სხვა შემთხვევაში, ერმანეთის მიმართ ქვების სროლის მომენტიც გვქონოდა, მაგრამ ახლა არის მიზანი და სერიოზული ამოცანა. 

გაგახსენებთ ირაკლის სიტყვებს, როდესაც მას მერაბიშვილთან დაკავშირებით ჰკითხეს _ ის დისონანსის შეტანას არ აპირებს საერთო ოპოზიციურ ფორმატში, რაც ასე უნდა ვთარგმნოთ _ როცა დადგება ამოცანა, რა უფრო ღირებულია, პირადი დაპირისპირება, თუ საერთო ოპოზიციური ფორმატი, რათა ქვეყანაში მოვიყვანოთ ახალი კოალიციური ხელისუფლება, რაც საზოგადოებას უნდა. ირაკლიც, მეც და ყველანი, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვიქნებით, რომ ჩვენი ერთიანობა იყოს გაცილებით დიდი ღირებულება. 

_ ბატონო კოტე, პრემიერ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ბევრი ამბობს, რომ მოახლოებულ არჩევნებში უპირატესობა ხელისუფლების მხარესაა. თქვენც ფიქრობთ, რომ პანდემიამ ოპოზიციის პოლიტიკური შანსი შეამცირა? 

_ ეს მაინც მოჩვენებითია, სჯობს, პირჯვარი დროზე გადაიწერონ, რომ ეს მოჩვენება გაქრეს, რადგან ახლა შიმშილის პირობებში ჩაყენებული მოსახლეობა ოპოზიციასთან კი არ მოვა რაიმეს სათხოვნელად, არამედ, გახარიასთან, ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნებასთან“ მივა! ეკონომიკა, ფაქტობრივად, ისევ გაჩერებულია. არც ერთი თეთრი მიუღია მოსახლეობას და მხოლოდ დაპირებები იყო, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსულიყვნენ. ამ გზით წასვლა „ოცნებას“ სერიოზულად დააზიანებს და ეს ძალიან მალე მოხდება, რადგან პანდემიას პოლიტიკურად ვერ გამოიყენებ, ეს ძალიან მალე შეუტრიალდებათ და მძიმე ტვირთად დააწვებათ! 

ამასთან, ოპოზიციის შანსები იმიტომაა დიდი, რომ ძალები არჩევნების დროს, ხმების დაცვას ვერ ახერხებდნენ, ახლა კი ხმები გაცილებით უკეთ იქნება დაცული და ხმების დაცვა ერთიან ოპოზიციას მაჟორიტარებზე მეტ სარგებლობას მოუტანს! 

არნახული დაკვირვება იქნება დასავლეთიდან, საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან, რაც ხელისუფლებას არ მისცემს გაყალბების საშუალებას. 

ასევე, ეკლესიაში რთული ვითარება და გახარიას „შეწირვა“ მოუწევთ, რომელსაც მეუფეები ვერ იტანენ. ასე რომ, ძალიან სერიოზული თემებია და ასე ცალსახად თქმა, რომ პანდემია „ოცნების“ მხარესაა, არ იმუშავებს!

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში