Menu
RSS

სანდრა, მელია თუ პატარა ვაშაძე _ ვინ იქნება ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი

ყბადაღებული "ორი-სამი კვირა" და ქართული პოლიტიკის სხვა კორონაკურიოზები

ვერ ვიტყვით, რომ საქართველო მსოფლიო დინების საწინააღმდეგოდ მიდის, მაგრამ პანდემიის კონტექსტში, ჩვენი ქვეყანა განსხვავებული ალგორითმით მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც „უხილავი მტრით“ გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი კოშმარულად მაღალი იყო, მკაცრი შეზღუდვების მოხსნა, ლამის ბოლოში გადის. აქ კი... კი, ბატონო, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ჩვენთანაც გაუქმდა და იგივე ავტომანქანით სამ ადამიანზე მეტის გადაადგილებაც უკვე შესაძლებელია, მაგრამ ქართველი ექიმები და, მათი რეკომენდაციით, ხელისუფლებაც სიფრთხილეს იჩენს და აი, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვას არ ხსნის.

მათი არგუმენტი, რომლებიც კორონას დამარცხებულად არ თვლიან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისაა, რომ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, მაშინ ხალხის მობილობა გაიზრდება და შესაბამისად, კორონაც ხელმეორედ იფეთქებს. ამ მსჯელობაში ლოგიკა, შესაძლოა, არის, მაგრამ ადამიანების უმეტესობას თანდათან უმყარდება ეჭვი, რომ პანდემიას ქართული პოლიტელიტის ორივე ფრთა ანუ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც საკუთარი მიზნების გამოყენებისთვის ცდილობს. 

იქიდან გამომდინარე, რომ არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს, ცხადია, ვერც ამ ეჭვს უგულებელვყოფთ, მით უმეტეს, რომ ეპიდემიოლოგებისა და „ოცნების“, ასე ვთქვათ, კავშირებზე უკვე თავად ოპოზიციონერი ლიდერებიც მიანიშნებენ. აი, მაგალითად, ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს ლიდერმა, ნიკა მელიამ თენგიზ ცერცვაძეს პირდაპირ მოუწოდა, რომ ხელისუფლების მხარე არ გახდეს და პარტიულ აგიტაციას მოეშვას. 

„... არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია, რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში, ამ ბოლო წლებში? ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას, როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?! 

უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინელეთ, საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი? 

ნუთუ, ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი, ამ გაგანია შუა ბრძოლაში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან? 

ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება. 

ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით „ქართული ოცნების“ სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს. 

ან, რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგ: საზ. ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა, შიმშილობს და ა.შ.“, _ დაწერა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ნიკა მელიამ. 

მელიას ეს განცხადება, შესაძლოა, ხისტია, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ადამიანების გარკვეული კატეგორია ჰიპოკრატეს თანამედროვე კოლეგებს უკვე ერთგვარი ეჭვით უყურებს და ეს მაშინ, როცა პანდემიის დაწყების დროს, სრულიად ერი, მათ ტაშს უკრავდა. ისე, ეჭვის საფუძველი, შესაძლოა, ისიც გახდა, რომ ექიმების ცნობილი „ტრიუმვირატი“, ლამის პანდემიის გამოცხადების დღიდან, მუდმივად ორი-სამი კვირით აპელირებდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა და კოვიდინფიცირებულებსაც, გამოჯანმრთელებულები, მინიმუმ, სამჯერ აღემატებიან, იგივე ბატონი თენგიზ ცერცვაძე, უწინდებურად „ორ-სამ კვირაზე“ უბნობს. 

„ჯერჯერობით, მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, რადგან შეზღუდვების მოხსნა დაიწყო 18 მაისს, ჯერ ერთი კვირაა მხოლოდ გასული. დაველოდოთ, ვიდრე შეზღუდვების მოხსნიდან და, მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან გავა 2-3 კვირა. თუ ამ პერიოდში ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს, ან ცოტა ამაზე უარესი, დღეში ერთ და ორ შემთხვევაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება, მაგრამ რომ იყოს დღეში 10-მდე შემთხვევა, 20-მდე შემთხვევა, ესეც ძალიან დიდი წარმატება იქნება. მაინც ჩაითვლება, რომ საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა ეპიდემიის პირველ ეტაპს, რადგან იმდენად კარგად არის მომზადებული ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი, რომ ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ცხოვრების რიტმზე, წესზე, ეკონომიკაზე და ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება, ხალხი ვერც გაიგებს“, – ეს განცხადება საქართველოს „პირველ არხთან“, თენგიზ ცერცვაძემ 26 მაისს გააკეთა. 

ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთქმული, პირდაპირ თუ ირიბად, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოში კორონა და პოლიტიკა ურთიერთგადაჯაჭვულია. ყოველ შემთხვევაში, მარკშეიდერიც კი ვერ გაიგებს, სად მთავრდება ინფექცია და სად იწყება პოლიტიკა. 

სხვათა შორის, ზოგი ვარაუდობდა, რომ პოსტპანდემიური პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ როგორც სააკაშვილი იტყოდა, ნურას უკაცრავად ანუ პოლიტინტრიგებმა დაავიწყა ხალხს კორონა, რასაც სხვა თუ არაფერი, პრეზიდენტის მიერ, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაც მოწმობს. 

მოკლედ, საზოგადოება ჯერ კიდევ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების ეიფორიაში იყო, პოლიტიკაში ახალი სალაპარაკო რომ გაჩნდა. ყველაფერი კი პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, უფრო ზუსტად, ინიციატივით დაიწყო, რომლის თანახმადაც, წლევანდელი არჩევნების შემდეგ, კარგი იქნება, თუ საქართველოს პრემიერი გიორგი ვაშაძე გახდება. 

„საქართველოს მომავალი პრემიერი უნდა ერკვეოდეს ეკონომიკაში _ აქ ორი აზრი არ არსებობს. „ძალა ერთობაშია“-ს გვაქვს ამის რესურსი. პირადად მე, ამ რესურსით გიორგი ვაშაძე დავინახე. არაფერს გამოვრიცხავ, არც _ მაჟორიტარს, არც _ სიას, თუმცა მაქვს ჩემი პრინციპები. თუ სიაში გაიელვებს სადმე დასავლური ვექტორის გარდა, პუტინის მომხრე, მე, თამარ ჩარკვიანს დეპუტატობა არ მიღირს“, _ განაცხადა თაკო ჩარკვიანმა ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას. 

„ვერსიის“ ინფორმაციით, თაკო ჩარკვიანის ინიციატივა მოულოდნელი, ვთქვათ, ხელისუფლებისთვის კი არა, თავად ოპოზიციისთვისაც აღმოჩნდა, თუმცა ვიდრე ამ კულუარებს გიამბობთ, მოდით, ვნახოთ, თუ როგორ შეაფასეს ზემოხსენებული ინიციატივა თავად გიორგი ვაშაძემ, მისმა კოლეგებმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა. 

„მოგატყუებთ, რომ ვთქვა, არ იყო ამ საკითხზე საუბარი-მეთქი, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ აუცილებლად უნდა დავასახელოთ პრემიერობის კანდიდატი, რეიტინგები უნდა იყოს განმსაზღვრელი, ვის რისი წარდგენა შეუძლია ამ თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით და შევთანხმდებით. უბრალოდ, რადგანაც მედიასაშუალებებში წამოიწია ეს თემა, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, დღის წესრიგში არ ყოფილა ეს საკითხი და კონკრეტიკაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, – უთხრა ჟურნალისტებს ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და იქვე განმარტა, რომ ზემოხსენებული შეთავაზება არც სააკაშვილისგან მიუღია, _ უახლოეს დროში ჩვენ არ გვისაუბრია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი იყო ის, ვინც ასახელებდა ჯერ კიდევ 2018 წელს და ჩემს კანდიდატურას მოიაზრებდა ამ კუთხით, მას დაუსვით ეს კითხვა, ნამდვილად არ მქონია საუბარი. არ მგონია, აზრი შეეცვალა, რატომ უნდა მოხდეს რაიმე განსაკუთრებული ამ შემთხვევაში. ჩემი თვითმიზანი კი არ არის ეს, რაც საერთო საქმისთვის კარგია და უკეთესია, ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ყველამ. 

მე მაქვს კონკრეტული, ძალიან მკაფიო ხედვები, რა ფუნდამენტური რეფორმებია ქვეყანაში გასატარებელი და ეს მასობრივი შიმშილი და გაჭირვება როგორ უნდა დავამარცხოთ ერთხელ და სამუდამოდ. დანარჩენი საზოგადოებისა და ჩვენი გუნდის გადასაწყვეტია, გუნდურად უნდა მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება, მე რა მინდა, ან არ მინდა, არ არის განმსაზღვრელი, მთავარია, გუნდი როგორ ფიქრობს“. 

რაც შეეხებათ ექსპერტებს, აი, მაგალითად, გია ხუხაშვილი პატარა ვაშაძის შესაძლო გაპრემიერებას ასე აფასებს: 

„დიდ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს, ამიტომ როგორც კომპრომისული ვარიანტი, ამის დაშვება შეიძლება, მაგრამ ეს წარდგენები არის პოლიტტექნოლოგიური საკითხი, თორემ არჩევნების მოგება ოპოზიციისთვის პრობლემატური იქნება. 

ზოგადად კი, ოპოზიციის ამ ფრთაში ვაშაძე, ნამდვილად შედარებით უკეთესად გამოიყურება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ სხვა ოპოზიციაც არსებობს, რომელიც ამ გაერთიანებაში არ არის“. 

„ოპოზიციის ეს აქტიურობა გამოწვეულია იმით, რომ თემების ნაკლებობას განიცდიან და ამით გააქტიურებას ცდილობენ. რეალურად კი, როდესაც არ ვიცით, რომელი ოლქები იქნება, ამ დროს მაჟორიტარ კანდიდატებზე მსჯელობა, სრულიად არარეალურია. როდესაც საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რეალურ კანდიდატებზე მსჯელობა და ასევე იმაზე, რამდენად შეინარჩუნებს ოპოზიცია ერთიანობას. 

ზოგადად კი, ნათელაშვილის შტაბში შეკრებილი პარტიები დღესვე აცხადებენ, რომ დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე. 

გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ 2 წლის წინ, სააკაშვილი მიჭერდა მხარსო, მაგრამ როგორც ახლა ვნახე, ნაციონალური მოძრაობა მის მხარდაჭერაზე თავს იკავებს. ვაშაძე კი მზადაა, ეს პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა მზად არ არის, ეს პასუხისმგებლობა ვაშაძეს გადააბაროს?! ვაშაძე არ არის უკონკურენტო ლიდერი ამ გაერთიანებაში. 

ნაციონალური მოძრაობა თუ ნახავს, რომ ეს წვრილი პარტიები არანაირ დადებით შედეგს არ აძლევს, მაშინ ეს პარტია მათთან თანამშრომლობას არ მოისურვებს. 

ადგილებზე, იგივე საარჩევნო კომისიებში, ნაციონალური მოძრაობის ხალხმა რატომ უნდა იმუშაოს წვრილ-წვრილ პარტიებზე?! _ ეს საკითხი თავად პარტიაში გამოიწვევს განხეთქილებას, ამიტომ ოპოზიციის გაერთიანების კონტურებსაც ვერ ვხედავ“, _ ეს კი ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებაა, რომელიც მან ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტგამოცემასთან გააკეთა

* * * 

ახლა კი, დაპირებული კულუარები ოპოზიციიდან. მოკლედ, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, მას შემდეგ, რაც გაჟღერდა, რომ არჩევნების შემდეგ, ქვეყნის პრემიერი გიორგი ვაშაძე უნდა გახდეს, ამ იდეას, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეები _ არც მეტი, არც ნაკლები _ ნაციონალურ მოძრაობაში გამოსჩენიან. მართალია, საჯაროდ ამის შესახებ განცხადება არავის გაუკეთებია, მაგრამ კულუარებში ისეთ ლიდერებს, როგორიც მაგალითად, ნიკა მელიაა, უკითხავს, რატომ მაინცდამაინც ვაშაძეო? მელიასთვის, როგორც ხმა დადის, მხარი სხვებსაც აუბამთ და მოუთხოვიათ, რომ ვაშაძის კანდიდატურა „უკან ყოფილიყო გაწვეული“. 

ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, მთელი ეს ამბავი იმ ანდაზას ჰგავს, ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო ანუ ჯერ არავინ იცის, არჩევნებზე რა მოხდება და რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს ხელისუფლებაში თუნდაც იმდენი პროცენტით მოსვლას, რომ იგივე კოალიციურობის შემთხვევაში, მთავრობის დაკომპლექტებისას, გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდეს. აქედან გამომდინარე, არჩევნებამდე, მინიმუმ, ხუთი თვით ადრე, პრემიერობაზე საუბარი რისი მომტანია, ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა მედალს, მოგეხსენებათ, მეორე მხარეც აქვს ანუ თუ გახსოვთ, 2012 წლის ოქტომბერში, „ოცნებისთვის“ გამარჯვება ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ თანამდებობაზე კანდიდატების ძებნა მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო. შესაბამისად, წარსულში რომ არ დავბრუნდეთ, ალბათ, რაღაცნაირად უკეთესი იქნება, რომ მხოლოდ ოპოზიციამ კი არა, არამედ, მოქმედმა ხელისუფლებამაც ახლავე იცოდეს, შემოდგომაზე როგორ საკადრო გადაწყვეტილებებს მიიღებს, თორემ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ისეთი ადამიანების „გაჩინოვნიკებით“ დავიღალეთ, რომლებიც შრომის წიგნაკს, პირდაპირ მინისტრების, ან პარლამენტარების სავარძლებზე დასხდომით ხსნიან. 

 

სხვათა შორის, ამ კონტექტსში აუცილებლად უნდა გავიხენოთ ერთ-ერთი ბოლო, ცოტა არ იყოს, კურიოზული შემთხვევა ანუ სოფელ კასრისწყლის რწმუნებულად დანიშნეს ადამიანი, რომელსაც, თურმე, საშუალო სკოლის ატესტატი არ ჰქონდა. ჰოდა, გამოსავალი უცებ იპოვეს _ მედიის ცნობით, რწმუნებული მეათე კლასში ჩარიცხეს. 

რაკიღა კურიოზებზე მიდგა საქმე, ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ 15 ივლისამდე, ესე იგი, იმ დრომდე, სანამ მთავრობას აქვს უფლება, პარლამენტის ნებართვის გარეშე, ესა თუ ის ქალაქი, რაიონი, ან სოფელი ეპიდვითარების გართულების საბაბით ჩაკეტოს, ქორწილში დასაპატიჟებელი სტუმრების სია იუსტიციის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. 

საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსის“ მიერ გავრცელებულ „ნიუსში“ ვკითხულობთ: 

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობის დროებითი წესები განისაზღვრა, რომელიც იუსტიციის მინისტრის შესაბამის ბრძანებით დამტკიცდა. 

ბრძანების თანახმად, სააგენტოს სერვისები ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის მეშვეობით, თუმცა მოქალაქემ ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალის – მყ.გოვ. გე-ს მეშვეობით. 

დადგენლებაში განისაზღვრა ქორწინების წესიც, რომელიც თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლში, 29 მაისიდან, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლში კი _ 31 მაისიდან ამოქმედდება. 

კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება), ქორწინების რეგისტრაციისას, საქორწინო სივრცეში დასაშვებია, დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. 

ამასთან, საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა. 

იუსტიციის მინისტრის ბრძანების ამ მუხლის ამოქმედებამდე, სააგენტო ქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და ადგილზე მომსახურების (შენობის გარეთ მომსახურება) გარეშე. 

თეა წულუკიანის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა“. 

აი, სწორედ ზემოთმოყვანილი მაგალითებით ძლიერდება ეჭვი, რომ საქართველოში კორონა უფრო პოლიტიკური ვირუსია, ვიდრე _ „უხილავი მტერი“. 

* * * 

ახლა კი, მოდით, ისევ ოპოზიციის კულუარებს დავუბრუნდეთ. მოკლედ, როგორც წყარო გვიყვება, ნიკა მელიას გარდა, ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებს ის იდეაც აქვთ, რომ პრემიერი გიორგი ვაშაძე კი არა, არამედ, სანდრა რულოვსი უნდა გახდეს. სხვათა შორის, ამ თემაზე საჯარო განცხადებები არ გაკეთებულა, მაგრამ ვიღაცებმა ეს იდეა სოციალური ქსელით გააჟღერეს. 

ისე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სანდრასა და იგივე, მელიას გზები იკვეთება. კერძოდ, მხედველობაში შარშანდელი ამბები გვაქვს ანუ ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის 19 მაისს, ზუგდიდში, მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. თავდაპირველად ითქვა, რომ მერად ნაციონალები ნიკა მელიას დაასახელებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ დადიანების ქალაქში კენჭი მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ იყარა. 

არჩევნების დასრულებისთანავე კი, მელიამ ნიკა გვარამიას ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელიც იმდრონდელი მონაცემებით, ნაციონალებში ერთგვარი დაპირისპირების საბაბი გახდა. 

ვერ ვიტყვით, რომ ისტორია მეორდება, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია მონოლითური კი არა, ძალიან ეკლექტურია, რაც ძალაუნებურად „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში