Menu
RSS

დიმიტრი ხუნდაძე: „გაუქმებული რეგულაციის შემოღება, შეიძლება, ისევ საჭირო გახდეს!“

„კორონაინფექციის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს!“

საქართველო კორონაპანდემიის პოსტკრიზისულ ვითარებაშია. საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება ანუ მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებს მკვეთრად აღემატება, სპეციალისტების განცხადებით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და მეორე ტალღის შემოტევის საშიშროება არსებობს. ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ ჯანდაცვის კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც, მთავრობას, ეპიდსიტუაციის შესაბამისად, გარკვეული შეზღუდვების დაწესება პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლია, თუმცა ასეთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას აღმასრულებელი შტო მხოლოდ მიმდინარე წლის 15 ივლისამდე მიიღებს. აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა. საია-მ კი ზემოხსენებული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. „ვერსია“ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ერთ-ერთ ინიციატორს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა.

 

_ ბატონო დიმიტრი, რატომ გახდა საჭირო, რომ მთავრობას გარკვეული შეზღუდვების შემოღების უფლება პარლამენტის გარეშე მისცემოდა? 

_ საქართველო და მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. გლობალურად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ამ ეტაპზე, საქართველო ყველასთვის სასურველ შედეგზე გავიდა ანუ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე უკეთ გამოიყურება, რაც სწორი სტრატეგიისა და დროული შეზღუდვების შედეგია, თუმცა პანდემია არ დასრულებულა და ინფექციის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს. დარგის აღიარებული სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იყოს მეორე და მესამე ტალღა. 

22 მაისს, საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება, რისთვისაც საგანგებო მდგომარეობა ან უნდა გაგრძელებულიყო, ან არსებული კანონმდებლობა დაზუსტებულიყო, რის მიხედვითაც მთავრობას ექნებოდა უფლებამოსილება, შეენარჩუნებინა გარკვეული შეზღუდვები. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი არ შეეშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, რადგან საგანგებო მდგომარეობის დროს, აკრძალულია კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო, რომ საზოგადოების ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილება შეგვეტანა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ან თუნდაც, ცალკეულ რეგიონებში, უფრო მძიმე რეგულაციებით კი არ გვეცხოვრა, არამედ, შედარებით მსუბუქად შესაძლებელი ყოფილიყო პროცესის მართვა, ეპიდვითარებიდან გამომდინარე. 

_ კონკრეტულად, რომელი შეზღუდვების შემოღება შეუძლია მთავრობას პარლამენტის ნებართვის გარეშე? 

_ ეს არის საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი, რაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სამეზობლოში. ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციას, სომხეთსა და აზერბაიჯანს, სადაც არასახარბიელო ეპიდვითარებაა, რაც ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს, ასევეა საკარანტინო სივრცეების მართვა. 

არსებული პოზიტიური შედეგი ორმა მთავარმა პირობამ მოგვიტანა _ საზღვრების კონტროლმა და საკარანტინო სივრცეების ჩამოყალიბებამ. ამიტომ, ახლა საგანგებო მდგომარეობა რომ არ დაგვჭირდეს და საკარანტინო სივრცეების საჭიროების შემთხვევაში მისი მართვა იყოს შესაძლებელი, ეს უფლებამოსილება მთავრობას უნდა მიეცეს. 

ასევე, საჭირო შემთხვევაში, მთავრობას საკუთრების უფლების შეზღუდვის უფლებამოსილება ეძლევა, მაგრამ ეს ეხება საჭიროების შემთხვევაში კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზებას. ეპიდსიტუაციაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს კლინიკებსა და ლაბორატორიებს. პრევენციულ ღონისძიებებზეც აუცილებელი ვალდებულებაა შემოსაღები. ფიზიკური დისტანცირება და პირბადეების სავალდებულო ტარებაც გარკვეულ საკანონმდებლო რეგულაციებს მოითხოვს. 

_ გასაგებია, თუმცა თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ კანონით ხელისუფლებას განუსაზღვრელი ძალაუფლება ეძლევა და შეიძლება, ადამიანის უფლებები შელახოს. 

_ უფრო მძიმე რეგულაციები გვქონდა საგანგებო მდგომარეობის დროს და სად დაინახეს ხელისუფლების მიერ ბოროტად გამოყენება?! ახლა საუბარი უფრო მსუბუქ შეზღუდვებზეა. მაგალითად, თუ ინფექციის გავრცელების მაღალი ხარისხი ერთ სოფელში დაფიქსირდება, მისი ლოკალიზება რომ მოხდეს, ან ისევ საგანგებო მდგომარეობა უნდა შემოვიღოთ, ან არსებობდეს საფუძველი საკანონმდებლო დონეზე, რათა მთავრობამ ეს კრიზის მართოს. 

ოპოზიცია აქტიურად ახსენებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას და, ჩემი აზრით, ამით სარგებელს ეძებს. საგანგებო მდგომარეობა საზოგადოებისთვის მძიმეა და ხელისუფლების მისამართით უკმაყოფილებას იწვევს. ასევე, საგანგებო მდგომარეობის დროს, ხელი ეშლება საკონსტიტუციო ცვლილებებს და ოპოზიციას არ უნდა, რომ არჩევნები ჩატარდეს, რადგან დესტრუქციული ქმედებისთვის ნოყიერი ნიადაგია, როცა არჩევნები ვერ ტარდება და ეს ხელისუფლებას ბრალდება. 

ჩვენ თუ ახლა შემოვიღებდით საგანგებო მდგომარეობას და ვერ ჩავატარებდით არჩევნებს, ოპოზიციის რიტორიკა შებრუნდებოდა და იტყოდა, ხელისუფლებას არ უნდა არჩევნების ჩატარებაო. 

_ გეთანხმებით, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრება მძიმეა. ხალხი მწვავედ აპროტესტებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვებსაც. ხომ არ გადაწყვეტილა, როდის აღდგება ტრანსპორტის მიმოსვლა? 

_ შეზღუდვების მოხსნა ეპიდვითარებიდან გამომდინარე უნდა ფასდებოდეს ანუ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად და არა _ ერთბაშად. ეპიდემიის გავრცელებას ხელს უწყობს მოქალაქეების მაღალი კონცენტრაცია, რაც ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დიდ ბაზრობებზე, თავშეყრის ადგილებში. ამ ვირუსს შეუძლია სწრაფად შეცვალოს ვითარება და უკეთესი სურათი, უარესით შეცვალოს. სადაც რეგულაციებს დროულად არ იღებენ, იქ ვირუსი უმძიმეს შედეგს აყენებს. 

გვქონდა მსჯელობა და ვვარაუდობდით, რომ ტრანსპორტის მიმოსვლა უნდა აღგვედგინა ივლისის დასაწყისში, ან შუა რიცხვებში, დღეს კი ეპიდვითარება იძლევა საშუალებას, რომ ეს ვადა გადმოვწიოთ. მსჯელობის საგანი გახდა, რომ ივნისის შუამდე, ეტაპობრივად გავხსნათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა თუ ეპიდვითარება გართულდა, გაუქმებული რეგულაციის შემოღება, შეიძლება, ისევ საჭირო გახდეს. 

_ ავტომობილში 3 ადამიანზე მეტის ყოფნაზე შეზღუდვა თქვენი რეკომენდაცია იყო და ისიც კი თქვით, ავტომობილში უმეტესად ერთი მძღოლი ზის ხოლმეო, თუმცა მთავრობამ ეს რეგულაცია გააუქმა... 

_ ეს ჩემი კი არა, ეპიდემოლოგების რეკომენდაცია იყო. ამ რეგულაციის მოხსნის მომხრე მეც ვიყავი, უბრალოდ, ავხსენი, რატომ იყო ეს აუცილებელი და თქვენც გეტყვით. 

ამ შეზღუდვის შემოღება ეპიდემიოლოგების შეთავაზება იყო, რასაც მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ ავტომანქანაში მცირე სივრცეა და ავტომობილებს, ძირითადად, ჰყავთ ერთი და იგივე მძღოლი, მგზავრები კი ხშირად იცვლებიან. ამიტომ მძღოლს შეიძლება მგზავრისგან გადაედოს ინფექცია და ის გახდეს ინფექციის მატარებელი. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს ეს კონტაქტი მხოლოდ მანქანაში არ აქვთ, მაგრამ საგუშაგოები იყო ბევრგან და უამრავი ავტომობილის შემოწმება უწევდათ სამართალდამცავებს, რაც მათთვის ძალიან რთული იყო და დამატებით რესურსს მოითხოვდა, რათა ქორწინების მოწმობები ემოწმებინათ. ამიტომ წავედით ამ გადაწყვეტილებაზე, რომ მართვა გაგვეიოლებინა. მძღოლი მეტად დაცული უნდა ყოფილიყო, რომ ის სხვებისთვის არ გამხდარიყო რისკ-ფაქტორი. 

შეზღუდვები ყოველთვის დისკომფორტს იწვევს, მაგრამ დამერწმუნეთ, უფრო დიდი დისკომფორტი აპარატზე შეერთებული ოჯახის წევრია... 

_ ბატონო დიმიტრი, როგორც მივხვდი, პოსტკრიზისულ პერიოდში გადავდივართ, რას ეტყვით ჩვენს მკითხველებს, არის მზად ხელისუფლება, რომ ხალხს ეპიდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები შეუმსუბუქოს? 

_ არც ერთი ქვეყნის ხელისუფლება არ ყოფილა მზად ამ კრიზისისთვის, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენმა ხელისუფლებამ გამორჩეულად სწორად მართა ეს პროცესი, რაც შედეგით იგრძნობა. ერთია ჯანმრთელობის დაცვა, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები არ უნდა იქცეს შეუქცევად პროცესად, საწყის ეტაპს დროულად უნდა დავუბრუნდეთ და ოჯახებსაც სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ყველაფერი ეს კი დამოკიდებულია ფინანსებზე. ეკონომიკურმა ჯგუფმა აქტიურად იმუშავა და ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 3.5 მილიარდია მოზიდული. ეკონომიკური ზიანი მიიღეს ჩვენზე უფრო ძლიერმა ქვეყნებმა და ჩვენთვისაც ძალიან რთულია ამის დაძლევა, მით უმეტეს, როცა 450 ათასი სოციალურად დაუცველი გვყავს, ასევე, ასაკობრივი სტრუქტურა დეფორმირებულია _ დემოგრაფიულ საკითხს ვგულისხმობ, ხანდაზმულთა რაოდენობა კი 20%-ზე მეტია. ისინი ჯანდაცვის კუთხით, რისკ-ფაქტორს წარმოადგენენ ასაკის გამო. მათი უდიდესი ნაწილი, მოწყვლადი ჯგუფია და რა თქმა უნდა, ეს რთულია მათთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. სახელმწიფო მოქმედებს იმ რესურსის ფარგლებში, რაც გააჩნია. 

_ ბატონო დიმიტრი, საზოგადოება დაბნეულია, ვერ ვიგებთ, კორონავირუსს მსოფლიო დაამარცხებს ერთხელ და სამუდამოდ თუ პერიოდულად, ისევ ე.წ. ტალღების შემოტევას უნდა ველოდოთ? როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასეთ გაურკვეველ ვითარებაში? 

_ კორონავირუსის ეპიდემია ბოლომდე მაშინ დაიძლევა, როცა ვაქცინა, ან პირდაპირი მოქმედების პრეპარატი შეიქმნება. სამწუხაროდ, ჯერ არც ერთი გვაქვს და არც _ მეორე. მოკლევადიან პერსპექტივაში, მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. მთელმა მსოფლიომ შეცვალა ცხოვრების წესი და ამის გაკეთება ჩვენც მოგვიწევს. დიდხანს დაგვჭირდება მეტი სიფრთხილე, ფიზიკური დისტანცირება, ჰიგიენური წესების დაცვა და ალბათ, მოგვიწევს, ნიღაბი ატრიბუტად აღვიქვათ. სხვა შემთხვევაში, რისკები იზრდება. დაზუსტებულად, მეორე ტალღა, პირველზე მძიმე იქნება თუ არა, ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მეორე ტალღა იყოს. ამიტომ სახელმწიფოცა და საზოგადოებაც მზად უნდა ვიყოთ და ცხოვრების წესიც შევცვალოთ. ჯანმო (ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, _ ავტ.) გვახსენებს, რომ პანდემია არ დასრულებულა და რეგულაციები ერთბაშად არ უნდა მოიხსნას!

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში