Menu
RSS

მურმან დუმბაძე: „სიტყვა-სიტყვით ასე დაწერეთ!“

„სააკაშვილს თანამდებობებს ჩვენზე ათჯერ დიდი სახელმწიფოები სთავაზობენ და ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივად დღის წესრიგშია!“

 

ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმების პირობა ნაწილობრივ შეასრულა _ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შიწყალა. გიორგი რურუა კი სასამართლომ, ჯერჯერობით, პატიმრობაში დატოვა, თუმცა ოპოზიცია იმედოვნებს, რომ რურუაც მალე გათავისუფლდება. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოვლენათა განვითარების სცენარი შეიცვლება? _ „ვერსია“ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, პარტია ემსახურე საქართველოს ლიდერს, მურმან დუმბაძეს ესაუბრა.

_ ბატონო მურმან, უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების ფონზე, გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას როგორ აფასებთ? 

_ არსებობს ხელშეკრულება, რომელიც 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით დაიდო და რომლის პირობებიც უნდა შესრულდეს _ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს, ნორმალური საარჩევნო გარემო შეიქმნას და საოქტომბროდ, მოვემზადოთ არჩევნების ჩასატარებლად. ვფიქრობ, გიორგი რურუა ძალიან მალე გათავისუფლდება და პოლიტიკური პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგება. კარგია, რომ ხელისუფლებამ პირობები ნაწილობრივ შეასრულა და ოპოზიციაც შესაბამისად იქცევა. 

_ თუ ხელისუფლებამ ყველა დადებული პირობა შეასრულა, გამოდის, რომ წინასაარჩევნო კამპანია არცთუ ცხელი იქნება, არა? 

_ არჩევნების პერიოდი ისედაც ცხელია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს. დეპუტატთა 2/3 საკმარისი არაა, საჭიროა 113 ხმა. ამას მოგროვება უნდა, მაგრამ ხელისუფლებას უჭირს და საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა აუცილებელია. პირობები თუ შესრულდება, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, კონსტიტუციური ცვლილებებით ვუახლოვდებით იმ დანაპირებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ 2019 წლის ივნისში კი არა, მანამდეც _ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და 2012 წლის ოქტომბრამდეც გასცა! 

 

_ ისე, რამდენიმე დღის წინ აცხადებდით, მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება არჩევნებით შეიცვლება, თუ რევოლუციითო... 

_ ასე არ ყოფილა, კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავიდა ეს ნათქვმი. მე იმის თქმა მინდოდა, რასაც ოპოზიცია აპირებს ანუ 90 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლებები ჩვენთან რევოლუციით, ან რევოლუციის ფონზე იცვლება. ერთადერთი შემთხვევა, როცა საარჩევნო ბიულეტენით ხელისუფლება შევცვალეთ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს იყო. დანარჩენ შემთხვევებში, რეგიონალური, ეროვნული მთავრობები რევოლუციით, ან რევოლუციის ფონზე შევცვალეთ. 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხელისუფლებამ ასეთ რეჟიმიში ჩაატარა _ საარჩევნო ყუთთან მისულ ამომრჩეველს ჯიბგირი, თუ გამგებელი ხვდებოდა და თუ ამომრჩეველი ცოტა ურჩი იქნებოდა, პანღურს არტყამდნენ და გარეთ აგდებდნენ. ასე აღარ უნდა მოხდეს და არჩევნები თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს. ასეთ დროს, მზად ვართ, არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. ყველა სხვა შემთხვევა კი ხელისუფლებას იქამდე მიიყვანს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, თითქმის ნორმადაა ქცეული. მახსოვს, 2004 წლის 5 მაისს, არავინ ფიქრობდა, რომ 6 მაისს, რევოლუცია მოხდებოდა, მაგრამ 6 მაისს, ასლან აბაშიძეს პანღური ამოჰკრეს და ქვეყნიდან გააგდეს. მე ეს არ მომწონს, არც ის ვიცოდი, რომ 2003 წლის 22 ნოემბერს, ედუარდ შევარდნაძე უნდა გაგვეგდო _ ეს არავის დაუგეგმავს, მაგრამ არჩევნები გააყალბა და აღორძინების კავშირი, რომელიც სეპარატისტული ორგანიზაცია იყო და ქვეყანას შუაზე გლეჯდა, მეორე ადგილზე გაუშვა, თავად კი პირველი ადგილი დაიკავა. ამიტომაც დადგა ის შედეგი, რაც დადგა. ასე რომ, რევოლუციის დაგეგმვა წინასწარ შეუძლებელია. რევოლუციაში, როგორც წესი, ყველაზე დიდი წვლილი ხელისუფლებას შეაქვს. თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩაატაროს, ამისთვის საჭიროა, 8 მარტის დაპირება სრულად შეასრულოს და თავისუფალი, ან თავისუფალთან მიახლოებული საარჩევნო გარემო შექნას. სხვა შემთხვევაში, ტემპერატურის აწევას ვერ გავექცევით იმიტომ, რომ კავკასიელი ხალხი ვართ! 

_ თუ ხელისუფლებამ პირობა შეასრულა და საარჩევნო წესი შეიცვალა, საარჩევნოდ, ნაციონალურ მოძრაობასთან დაბლოკებას აპირებთ? 

_ არჩევნებში ბლოკის სახით, მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან კი არ ვაპირებთ მონაწილეობას, არამედ, განსხვავებული წარსულისა და პერსპექტივების მქონე პარტიები იმაზეც ვსაუბრობთ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, ერთმანეთს მაჟორიტარული კანდიდატები დავუთმოთ ანუ ერთიან კანდიდატზე შევთანხმდეთ. 

_ პირადად თქვენ ხომ არ განიხილებით მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად? 

_ ასეთი დათქმა, პიროვნებების დასახელება, ჯერჯერობით, არ ხდება, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი, ამბიცია და გამოცდილება, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ, მაჟორიტარობის კანიდიდატად დასახელდება. ხელისუფლება ნაბიჯებს დგამს და ეს მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილებაა. არ ვამბობ, რომ ოპოზიციამ დაამარცხა ხელისუფლება, ეს არ არის სწორი _ გაიმარჯვა სახელმწიფომ, საქართველოს მოქალაქემ უნდა გაიმარჯვოს. 

ამ შემთხვევაში, ოქრუაშვილისა და უგულავას გამოშვებით, სახელმწიფომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, დარწმუნებული ვარ, რომ გამოუშვებენ რურუასაც, ჩატარდება ნორმალური არჩევნები და საქართველო წინ წავა! 

_ ბატონო მურმან, შესაძლოა, უკვე ბევრჯერ გკითხეს, მაგრამ 2012 წელს, ყველას გვახსოვს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყავით... 

_ მხარდამჭერი კი არა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ვარ! 

_ მით უმეტეს... მაშინ ნაციონალურ მოძრაობას რადიკალურად უპირისპირდებოდით და ახლაც გვახსოვს თქვენი ცნობილი გამონათქვამები ხელის გახმობასთან დაკავშირებით. თქვენი ასეთი, მკვეთრი შემობრუნება „ოცნების“ საპირისპიროდ, რამ განაპირობა? 

_ ძალიან მარტივი პასუხი მაქვს: „ქართული ოცნებიდან“ 2019 წელს არ წამოვსულვარ. პარტიიდან 2014 წელს, ოფიციალურად გამრიცხეს. 2013 წელს, ჩვენს შორის ურთიერთობები იმის გამო გაფუჭდა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გაცემული დანაპირების შესრულება, ივანიშვილმა 2 ოქტომბრიდან არ დაიწყო. სიტყვა-სიტყვით დაწერეთ _ 2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ისეთივე კაცი იყო, როგორიც დღესაა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც წამოვედი. ზოგი ამას მიხვდა 2019 წელს, ზოგი _ 2020 წელს, მე კი ეს გავიგე 3 თვეში და წამოვედი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, არაფერი აქ სახიფათო არაა. ჩვენ ვართ ოპოზიციაში „ქართულ ოცნებასთან“, „ოცნება“ ხელისუფლებაშია და ვფიქრობ, რომ ის ქართული სახელმწიფოს განვითარების მუხრუჭია! ამიტომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება აუცილებლად უნდა შიცვალოს. 

_ ბატონო მურმან, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ნაციონალურ მოძრაობაში, გადამწყვეტი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორია. მან უკრაინის პოლიტიკა აირჩია და თუ ის საქართველოს პოლიტიკას განერიდება, როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შანსს ხომ არ დაკარგავს? 

_ მიხეილ სააკაშვილი ფაქტორია და უკრაინაში იქნება, აშშ-ში, თუ საქართველოში, ამას მნიშვნელობა არ აქვს! მას ჩვენზე ათჯერ დიდი სახელმწიფოები ეპატიჟებიან და თანამდებობებს სთავაზობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი მუდმივად დღის წესრიგშია, მოქმედებს და აზროვნებს. მისი პლუსები, მინუსები, შეცდომები, დანაშაულები _ ყველაფერი ფაქტორია და ბუნებრივია, მის სახელსა და გვარს გავლენა აქვს ქართულ პოლიტიკაშიც.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში