Menu
RSS

გია ვოლსკი: „ოპოზიცია ცდილობს, არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას ხელი ყველანაირად შეუშალოს!“

„უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობას, რომელიც დიდი მასშტაბის ფორმატშია ჩამოყალიბებული, სახელმწიფო სტრუქტურაში სააკაშვილის დანიშვნით, ჩრდილი მიადგა!“

ივნისში, საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას გულისხმობს. ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ მმართველი ძალა დაკავებულ პოლიტიკოსებს არ გაათავისუფლებს, საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს. ამ ფონზე, „ოცნება“ ევროპარლამენტარ კუბილიუსისგან წერილს იღებს, სადაც ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებას იმ შეთანხმების შესრულებისკენ მიუთითებს, რომელიც 8 მარტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაიდო. ზემოხსენებულ წერილს პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკული პასუხი მოჰყვა. 

მოკლედ, ითვალისიწინებს თუ არა 8 მარტის შეთანხმება ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას? _ „ვერსია“ პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის ესაუბრა, რომელთან ინტერვიუც მიხელ სააკაშვილის უკრაინის რეფორმებირების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის შეფასებით დავიწყეთ:

 

ვერ ვიტყოდი, რომ დღეს, ეს მთავარი თემაა. საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემა და კარგი პროცესია. ავიღოთ, მაგალითად, 700 ჰექტარის მწვანე განაშენიანების პროექტი, რომელსაც თბილისის მერია და ფონდი „ქართუ“ გააკეთებენ. აი, ეს გადაწონის უკრაინაში მეათეხარისხოვან თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნის ინფორმაციას, მაგრამ საქმე ორი ქვეყნის ურთიერთობას ეხება. უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობა დიდი მასშტაბის ფორმატშია ჩამოყალიბებული, რომელიც ეხება რეგიონალურ, საერთაშორისო უსაფრთხოებას, ასევე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო კავშირებს. ამაში მხოლოდ საქართველო და უკრაინა არ მონაწილეობენ. აქაა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინფრასტრუქტურაც და ჩვენი ურთიერთობაც, სწორედ ამ ფორმატშია მნიშვნელოვანი. ასე რომ, ეს საგანგებო მნიშვნელობის თემაა, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურაში სააკაშვილის დანიშვნით, ჩრდილი მიადგა. 

_ ანუ ამის გამო, შესაძლოა, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა გაფუჭდეს? 

_ ამ ფორმატზე ტყუილად არ ვისაუბრე. ჩვენი ქვეყნების, ასევე, რეგიონის წინაშე, გლობალური გამოწვევები დგას, რომელთა გათვალისწინებითაც, ჩვენი ურთიერთობები, რასაკვირველია, პრაგმატული სცენარით წარიმართება, მაგრამ ჩვენი ხალხებისა და სტრატეგიული ურთიერთობის ხარისხს არ ეკადრება. თუ როგორ წარიმართება შემდგომში ურთიერთობა, წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ იმ პრაგმატიზმს, რასაც საერთაშორისო ურთიერთობები ითვალისწინებს, არაფერი უნდა მოაკლდეს. ეს არც ჩვენს ინტერესშია და არც ჩვენი პარტნიორების ანუ ევროკავშირის, ნატო-სა და აშშ-ს. ღრმა დიპლომატიურ ურთიერთობათა კრიზისში რომ შევიდეს, ამ ინტერესებს დაუპირისპირდება, მაგრამ ელჩი ჩამოვიდა, ეს დიპლომატიური დემარშია და ამ თემასთან დაკავშირებით, ელჩის მონაწილეობით კონსულტაციები საჭირო და აუცილებელია. 

_ სააკაშვილმა უკრაინის პოლიტიკა მაშინ აირჩია, როცა საქართველოში არჩევნები კარსაა მომდგარი. როგორ ფიქრობთ, ეს „ოცნებისთვის“ დადებით როლს ხომ არ ითამაშებს? 

_ ასე ნუ ვიტყვით... სად გადავიდა და გადმოვიდა, სააკაშვილის მოძრაობა და საქმიანობა ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარება, თანაც არც ეს პოზიციაა ისეთი, სადაც შეიძლება, თავისი პოლიტიკური ამბიცია დაიკმაყოფილოს. ძალიან შორსაა მისი წარმოდგენისგან, უსაფუძვლოდ, მაგრამ მეტი წარმოუდგენია, მეტი უნდა... არ ვიცი, როგორ იქნება, მაგრამ მთავარ თემას გამოვყოფ _ „ქართული ოცნებისთვის“, პოლიტიკური ასპექტით ამ თემის განხილვა აქტუალური არაა, ვინაიდან „ოცნების“ პოლიტიკა პარტიის წინსვლას განყენებულად კი არ გულისხმობს, არამედ, პარტიის ღვაწლის დაფასებას სახელმწიფოსთვის. ასე რომ, გინდ სააკაშვილთან და გინდ _ მის გარეშე, გვაქვს ამბიცია, საქმიანობით შევეჯიბროთ ნებისმიერს, ვისაც ამ ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება უნდა. ასე რომ, სააკაშვილი იქნება თუ არა, ეს არ გააფერმკრთალებს იმას, რაც ამ ურთულეს ვითარებაში, უმძიმესი მემკვიდრეობით კეთდებოდა. 

მეორე ასპექტია, როგორ იხილავს ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის პერსპექტივას მასთან მიმართებაში. ვერ გეტყვით, რას ელოდებიან... ადამიანი, რომელიც ადრეც იმყოფებოდა გარკვეულ პოსტზე, იქიდანაც საკმაოდ ინტენსიურად მოუწოდებდა დესტაბილიზაციისკენ. ასე რომ, მისგან რაიმე ფერისცვალებას არ ველით. 

_ ბატონო გია, კორონაპანდემია რომ გადაივლის, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ აქტიურად ემზადებიან და ამომრჩევლის წინაშე, შესაძლოა, დიდი საარჩევნო ბლოკით წარსდგნენ. თქვენ, მმართველ გუნდს საარჩევნოდ რა გეგმა გაქვთ? 

_ საერთოდ, პოლიტიკური პარტიის ძალა იმით განისაზღვრება, თუ ვის რა დაუთესავს ამ ქვეყნისთვის და დღეს რას ვიმკით. ჩვენ ვიმკით (რასაკვირველია, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ) დანაწევრებულ საქართველოს, ეს დიდი რაოდენობით _ 1 200 000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დატოვებული ადამიანია, ამ რაოდენობის განახევრებამ ნამდვილად ვერ მოხსნა პრობლემა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მემკვიდრეობა მიღებულია. უამრავმა ადამიანმა დაკარგა ჯანმრთელობა, ქონება და იპოთეკით დაზარალებული ადამიანების მთელი არმიაა, რომელთაც ჯანმრთელობის, სიცოცხლის გადასარჩენად მოუხდათ ქონების დაკარგვა. ვხედავთ დესპოტური მმართველობის სისტემის დანატოვარს და ეს რეალობაა, რომელშიც ისინი შედიან წინასაარჩევნო პროცესში. ასე რომ, ვფიქრობ, რაც უნდა ძლიერი იყოს გაერთიანება, წარსულიც ძლიერი უნდა იყოს და მომავალზე უნდა ჰქონდეთ საკმაოდ ჩამოყალიბებული, გააზრებული სტრატეგია, გეგმა და არა _ პოპულისტური შეძახილები. 

_ რას იტყვით, ხელისუფლებისთვის ევროპარლამენტარ კუბილიუსის მიერ გამოგზავნილ კრიტიკულ წერილზე, სადაც ის 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოგიწოდებთ? 

_ განცხადებას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ და უნდა განთავისუფლდნენ, უაპელაციო მხარდაჭერა აქვს მათი მოკავშირე პოლიტიკოსის, კუბილიუსისგან. ამასთან დაკავშირებით, ჩნდება აზრი, რომ ვერ ხედავს სააკაშვილი გამარჯვების პერსპექტივას! 

_ ივნისში პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელზეც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მარტში შედგა. ოპოზიციის თქმით, შეთანხმების მთავარი ნაწილი, სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. „ოცნებაში“ თუ გაქვთ ჩამოყალიბებული ერთმნიშვნელოვანი აზრი საარჩევნო სისტემის შეცვლასა და პატიმრების გათავისუფლებაზე? 

_ აშკარა ტყუილია და სწორედ ეს მაფიქრებინებს, ეს თემა იმისთვის მოიფიქრეს, რომ დესტრუქცია გაამართლონ! არის თემები, რომლებიც ამძიმებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის დანაშაულს. არც იარაღის უკანონო ტარებაა დაშვებული. საერთოდ, ამ თემებზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც თვლიან, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი იყო. აქ კი შეგვიძლია, ფასეულობებსა და მსოფლმხედველობაზე ვისაუბროთ, მაგრამ ვიმეორებ, ეს შესაძლოა, იმის მიზეზი გახდეს, რომ დღის წესრიგში დესტრუქციული სცენარი დატოვონ და არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას ხელი ყველანაირად შეუშალონ. 

_ გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ პატიმრების გათავისუფლების გარეშე, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს ანუ გამოდის, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას? 

_ დიახ, ასეა. ვირუსის გავრცელებამდეც ვამბობდი, რომ დესტრუქცია მათი მთავარი რესურსია, ამ რესურსით იმოქმედეს, როცა პარლამენტში უნდოდათ შემოჭრა და რევოლუციური სცენარის განვითარება. დღესაც ამ სცენარით მოქმედებენ, როცა პოლიტიკური წარმატების პერსპექტივას ვერ ხედავენ! 

_ ბატონო გია, სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი ადამიანები ახსენეთ და პანდემიის გამო, უამრავ ადამიანს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა დაემატა. ზოგი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა უფრო მეტადაა მორგებული ბიზნეს-სექტორზე, ვიდრე გაჭირვებულ ადამიანებზე და ეს დახმარება საკმარისი არაა. 

_ საკმარისი იმიტომ არაა, რომ პანდემიას არ გაუჩენია ეკონომიკური პრობლემები და ადამიანების სიღარიბე საქართველოში. შემცირებულია რაოდენობა, მაგრამ ფაქტია, რომ მივიღეთ საკმაოდ რთული მემკვიდრეობა და ამაზე მუშაობა გრძელდება, უბრალოდ, პანდემიამ დაამძიმა ეს მდგომარეობა, თორემ რომ ვთქვათ, ყველაფერი ყვაოდა და ამ ვირუსმა დაგვაყენა პრობლემების წინაშეო, სწორი არ იქნება, მაგრამ პრობლემებიდან გამოსვლის ეს გეგმა ძალიან წონადი სოციალური და ბიზნესის დახმარების პაკეტითაა დახასიათებული. ვერ დაეხმარები ბიზნესს _ ვერც სოციალურ პრობლემას გადაჭრი. დაგეგმილი იყო პენსიების ზრდა და ეს დღის წესრიგში დგას. სოციალური პაკეტები, რომლებიც არ არსებობდა 2012 წლამდე, კვლავ დღის წესრიგშია. ასე რომ, ეს გეგმა არ არის კარგი ცხოვრებით გამოწვეული, ეს კრიზისიდან გამოწვეულია, ადამიანების სიცოცხლისა და ბიზნესის გადარჩენის გეგმაა. ბიზნესის გარეშე, არც სოციალური პროგრამა არსებობს და არც ქვეყნის განვითარების პერსპექტივა. 

_ ბატონო გია, მძიმე მემკვიდრეობაზე საუბრობთ, თუმცა გკითხავთ: რა გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად? 

_ დაითვალეთ, ამ ხნის განმავლობაში რამდენი წარმოება, ფერმერული მეურნეობა, დასაქმებული გაჩნდა იმასთან შედარებით, ვიდრე იყო და რამდენით შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა. ასევე, რა სოციალური პაკეტები დაიდო, რათა ადამიანი უფულობის გამო არ კვდებოდეს. გაიზარდა ხელფასები და პენსია; მთის კანონმა სიახლეები შემოიტანა სოციალურ პროექტებში. არ ვამბობ, რომ ეს საკმარისია, მაგრამ რამხელა უნივერსიტეტი აშენდა, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პროექტები ავიღოთ, რამდენი და რამხელა მასშტაბებისაა და სახელმწიფომ რამდენი პროექტი განხორციელა. ქვეყანაში 570 საწარმო რომ სახელმწიფოს დაფინანსებით მუშაობს და დაახლოებით, 300 ფერმა, ეს მნიშვნელოვანია. მარტო ქვემო ქართლსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, 2000 ჰექტარზე, ბაღებია გაშენებული მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით. 

ამ თემას თუ სიღრმისეულად გავაანალიზებთ, დავინახავთ სხვაობას, რა გვაქვს დღეს იმასთან შედარებით, რაც იყო.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში