Menu
RSS

ამერიკელი გენერალი კორონავირუსის ხელოვნურ შექმნაზე ალაპარაკდა - რაშია ეჭვმიტანილი და რატომ შეუწყვიტა ტრამპმა ჯანმოს დაფინანსება

კორონაპანდემია ჯერ პიკშია, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ პოსტპანდემიური ეპოქისთვის ბლომად „პოპკორნი“ უნდა მოვიმარაგოთ. რატომ? - იმიტომ, რომ არსებობს ალბათობა, ახალი ნიურბერგის პროცესის მონაწილენი გავხდეთ და ყველაფერ იმისთვის, რასაც ახლა კორონაპანიკას ვეძახით, ძალიან ბევრი თუ არა, ბევრი ადამიანი გაასამართლონ. თუ ეს პროგნოზი ახდა, მაშინ პირველი, ვისაც გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე უწყების სხვა არაერთი მაღალჩინოსანი იქნება.

ცხადია, დაინტერესდებით, თუ რა გვაძლევს ასეთი პროგნოზის საფუძველს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ბოლო მონაცემებით, მთელ პლანეტაზე კორონათი დაინფიცირებულთა რიცხვმა თითქმის 2 მილიონს მიაღწია და ასევე, ფატალური შემთხვევებიც კი არ იკლებს, პირიქით, იმატებს.

მოგეხსენებათ, ყველაფერი თვლითაა. ჰოდა, ჩვენც დავთვალოთ ანუ მოვლენათა განვითარების ჯაჭვს მივყვეთ, თუმცა აქვე გეტყვით, რომ „ვერსია“ არაფერს ამტკიცებს. ჩვენ, უბრალოდ, დღეს გავრცელებულ ინფორმაციებს ვაჯამებთ და გარკვეულ თამამ დასკვნებსაც ვაკეთებთ.

მოკლედ, დავიწყოთ იმით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ანუ ჯანმო მალე შესაძლოა, შემოსავლების გარეშე დარჩეს, თუმცა ვიდრე ამ თემას გავშლით, მოდით, თვალი ამ ორგანიზაციის ისტორიას გადავავლოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ანუ ჯანმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური დაწესებულებაა, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. ჯანმო-ში, რომლიც შტაბ-ბინაც შვეიცარიაში, კერძოდ, ჟენევაში მდებარეობს, სულ 194 სახელმწიფოა გაერთიანებული. ჯანმო, რომლიც მიზანიც ყველა ხალხის მიერ ჯანდაცვის მაღალი დონის მიღწევაა, მხოლოდ სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლით არ შემოიფარგლება და ასევე, წყვეტს, სოციალურ პრობლემას საერთაშორისო მასშტაბით ანუ ცალკეულ სახელმწიფოებს უწევს სოციალურ დახმარებას, ხელს უწყობს სამედიცინო კვლევებს და ასე შემდეგ. . ამას გარდა ჯანმო სისტემატურად აქვეყნებს სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას შობადობაზე, ეპიდემიებზე, ტრავმატიზმსა და სხვადასხვა დაავადებებზე.

ჩვენი ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი 1992 წელს გახდა, ჯანმო-ს ოფისი კი საქრთველოში 1993 წელს დაარსდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები რეგიონული პრინციპით არიან დაჯგუფებულნი, საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს მიეკუთვნება, რომელიც 53 წევრ ქვეყანას მოიცავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების ძირითადი განმახორციელებელია.

როგორც ყველა დიდი ორგანიზაცია, სკანდალებისგან თავისუფალი არც ჯანმოა. ასე, მაგალითად, გასული წლის იანვარში ჯანმო-ს თანამშრომლები რასიზმში, კორუფციისა და სექსიზმში ანონიმურად ამხილეს ანუ ორგანიზაციამ ანინიმური ელექტრონული ფოსტები მიიღო, რომლებშიც სტრუქტურაში არსებულ სისტემურ რასობრივ დისკრიმინაციასა და კორუფციაზე იყო საუბარი. ამასთან, არსებობდა ეჭვი, რომ ორგანიზაციის თანამშრომლები ჰუმანიტარული მისიებისთვის განკუთვნილ ფულს არაკეთილსინდისიერად ხარჯავდნენ.

რასიზმსა და სექსიზმს თავი რომ დავანებოთ, მოცემულ მომენტში საინტერესო სწორედ კორუფციისა და ჯანმო-ს ურთერთკავშირებია ანუ მსოფლიოში არაერთი ადამიანია ისეთი, რომელიც ეჭვობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონაპანდემიასთან, უფრო კონკრეტულად, იმასთან, რომ ახალი კორონავირუსი ლამის მეორედ მოსვლად იქნეს წარმოჩენილი, ფინანსურადაა მიბმული.

მოგეხსენებათ, არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს. აქედან გამომდინარე, ცხადია, ვერც ამ ვერსიის ანულირებას მოვახდენთ, რომ კორონავირუსი მავანთათვის ფულის კეთების წყაროა, თან არ დაგავწყდეთ - ჯანმო-ს ხელმძღვანელობა და მათი მიბაძვით მთელი მსოფლიო ლიდერები მუდმივად ამბობენ, რომ ჩვენ, ესე იგი, ადამიანები, უხილავ მტერთან ვაწარმოებთ ომს. ომის დროს კი ფულის კეთება, როგორც იტყვიან, ჩვეულებრივი მოვლენაა.

ყოველივე ზემოთქმულს კი აშშ-ს პრეზიდენტის დღეს გაკეთებული განცხადებაც ამყარებს. ყოველ შემთხვევაში, დონალდ ტრამპმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ უნდა მოხდეს „ჯანმო-ს როლის შესწავლა კორონაპანდემიის არასწორად მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში“.

ამას გარდა, აშშ- პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯანმო-მ პასუხი უნდა აგოს

„ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და მათ ახლა ისეთი პრობლემები აქვთ, რომელიც დაუჯერებელია... ჯანმო-მ თავის მოვალეობა ვერ შეასრულა და ამდენი სიკვდილი სწორედ მისმა შეცდომებმა გამოიწვია... ჯანმო-ს რომ სწორად ემოქმედა ჩინეთის შემთხვევაში და გაეკონტროლებინა დაავადება,უამრავი სიცოცხლე გადარჩებოდა,“ - განაცხადა ტრამპმა.

მგონი, დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ტრამპის განცხადებები და მის მიერ დაფინანსების შეწყვეტა, ჯანმო-ს ავტორიტეტს „დაარტყამს“ და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშრებით „აწეული პანიკა“ ბევრმა ქვეყანამ არასერიოზულად აღიქვას.

ამ მოსაზრებას კიდევ ერთი გარემოებაც ამძაფრებს. კერძოდ, ტრამპის ზემოხსენებული განცხადების შემდეგ, აშშ-ის შეიარღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილმა სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ, მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები ჯერ არ გამოირცხავენ ვერსიას, რომ კოვიდ19-ის ვირუსი ხელოვნურად იყოს შექმნილი.

„მიუხედავად იმისა, რომ შეგროვებული მონაცემები ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს, ამ საკითხზე საბოლოო წერტილი ჯერ დასმული არ არის,“ - თქვა ამერიკელმა გენერალმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.

ერთი სიტყვით, კორონაპანიკა ახალ ფაზაში გადადის და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

 

 

ნინო დოლიძე

 

დაბრუნება დასაწყისში