Menu
RSS

ვახტანგ გომელაური: „მარნეულის ინციდენტი სამწუხაროა და სამარცხვინო... ყველა უმკაცრესად დაისჯება!“

შინაგან საქმეთა მინისტრი მარნეულში, საკარანტინო ზონაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მარნეულში, საკარანტინო ზონაში ჩავიდა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ვახტანგ გომელაურმა საკონტროლო გამშვები საგუშაგოები დაათვალიერა. საგუშაგოზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა და გამშვებ პუნქტებზე არსებული ვითარებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

ვახტანგ გომელაური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით, საკარანტინო პერიმეტრის კონტროლისა და მონიტორინგის პროცესს დაესწრო. 

მინისტრი ასევე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, მარნეულში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, რომელიც 100 პაციენტზეა გათვლილი. ვახტანგ გომელაურმა საველე ჰოსპიტალში მიმდინარე სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისგან, პირადად მოისმინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. 

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის გამო, რომ არ მომხდარიყო აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობის უკონტროლო გადაადგილება. 

„ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, თუ რა მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში, არ არის ძალიან მძიმე, თუმცა რამდენიმე დღე ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ, დავაკვირდეთ, ავიღოთ ანალიზები... მოგეხსენებათ, კორონავირუსის 4 შემთხვევა კიდევ დადგინდა. იქიდან გამომდინარე, რომ დაიკეტა ბოლნისი და მარნეული, გაკეთდა საველე ჰოსპიტალი 100 ადამიანზე. აქ არიან ექიმები, ისინი ამოწმებენ მოსახლეობას, ვისაც ეჭვი ეპარება საკუთარ ჯანმრთელობაში. ეს გაკეთდა იქიდან გამომდინარე, თუ იქნებოდა ეპიდაფეთქება, რომ ვყოფილიყავით მზად“, -აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. 

იმ შემთხვევაში, თუ ბოლნისსა და მარნეულში მოხდებოდა ეპიდემიის აფეთქება, მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტალში უნდა ყოფილიყო საკმარისი საწოლები, რათა ყველა მოქალაქეს ჰქონოდა შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ მიეღო შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 

მინისტრმა ასევე ისაუბრა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე და განაცხადა: „როგორც იცით, საკარანტინო ზონაში, სიტუაციის კონტროლის მიზნით ჩართულია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე თავდაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური. ჩვენგან აქ არის საპატრულო დეპარტამენტი, კრიმინალური პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური. გაკეთდა გამშვები პუნქტები. ის ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა, ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა. ადამიანები, როლებიც ღამის 2 საათზე ადგნენ, გააკეთეს კარვები, თუ დასჭირდებოდა მარნეულის მოსახლეობას, მზად იყვნენ დახმარებოდნენ, მთელი ღამე იმუშავეს, გამთენიისას მომახსენეს, - ბატონო მინისტრო, ყველაფერს მოვრჩით, დავალაგეთ საწოლები 100 კაცზეო, - ასეთ დროს მიდიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ხელით ეხებიან... რაც მოხდა, ყველამ ნახა... დავაკავეთ 2 პირი, ამ საქმეზე კიდევ ვმუშაობთ. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, მარნეული იქნება, თბილისი, თელავი, ზუგდიდი თუ ბათუმი, თუ ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს ექიმს, პატრულს, მაშველს და მნიშვნელობა არა აქვს კიდევ ვის, ყველა დაისჯება უმკაცრესად!“ 

ვახტანგ გომელაურმა, საკარანტინო ზონაში ყოფნისას მოქალაქეებს, სახელმწიფო უწყებებსა და ჟურნალისტებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა: „მე მინდა, მადლობა ვუთხრა მოქალაქეებს, ყველას, ვინც ასე გვერდში გვიდგას. ეს ძალიან დიდი დახმარებაა პოლიციისთვის და, პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის! ასევე, მადლობას ვუხდი ყველა უწყებას და თქვენ, მედიის წარმომადგენლებს. მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ, რომ ასეთ ექსტრემალურ პირობებში მუშაობთ“.

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში