Menu
RSS

„მურტალსკი“ გეგმა ანუ ვინ ვის და რაზე გაურიგდა

ინ დარჩა მოგებული 8 მარტის მემორანდუმით _ ხალხი, ხელისუფლება თუ ოპოზიცია

მაშ, ასე: რამდენიმეთვიანი „ნერვების წყვეტა“ დასრულებულია ანუ ხანგრძლივი წივილ-კივილისა და ვაი-ვიშის შემდეგ, მოხდა ის, რაზეც პოლიტიკურ კულუარებში ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა. ყოველ შემთხვევაში, ამ კანონპროექტის ჩაგდებიდან მალევე, კონფიდენციალურმა წყარომ „ვერსიას“ უთხრა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია, საბოლოო ჯამში, შეთანხმდებოდა და წლევანდელი არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდებოდა.

8 მარტს გაფორმებულმა მემორანდუმმა ჩვენი წყაროს ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ ეს მემორანდუმი იმას როდი ნიშნავს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ 8 მარტის შეთანხებით მოგებული ისევ „ოცნება“ დარჩება, ოპოზიციაში კი დიდი რყევები დაიწყება, თუმცა ვიდრე ამ თემას გავშლით, მოდით, კიდევ ერთხელ ვნახოთ, თუ რა წერია ზემოხსენებულ მემორანდუმში, ესე იგი, რაზე შეთანხმდნენ დაპირისპირებული მხარეები. 

„ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს. საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციული არჩევნებისთვის, საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. მანდატების პროპორციული განაწილების წასახალისებლად, დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები და შეზღუდვები დადგინდება საარჩევნო კანონმდებლობით. 

30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, საარჩევნო ოლქების გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის წასახალისებლად, ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გასათვალისწინებლად. საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარმოადგენს საარჩევნო ოლქების განაწილების თაობაზე მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში ინიცირებიდან, არაუგვიანეს 10 დღისა. 2020-დან 2024 წლამდე შუალედში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით’‘, _ ნათქვამია მემორანდუმში, რომელსაც ხელისუფლებამ და 30-მა ოპოზიცურმა პარტიამ ხელი 8 მარტს მოაწერა. 

8 მარტამდე კი მოვლენები ასე ვითარდებოდა: 

2019 წლის 20 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოსული რუსი პოლიტიკოსი, გავრილოვი, რომელიც მართლმადიდებელ ფორუმს ესწრებოდა, ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მივიდა და სპიკერის სავარძელში ჩასკუპდა. ამას, ცხადია, მოსახლეობის სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა და ახალგაზრდებმა პარლამენტის წინ შეკრება სპონტანურად დაიწყეს. იმავე საღამოს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან, თავი რამდენიმე ათასმა მოქალაქემ მოიყარა. ისინი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ. ამ დროისთვის, კობახიძე ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში ვიზიტად იმყოფებოდა და იქიდან გვამცნო, არ გადავდგებიო. ამ განცხადებამ პროტესტანტები კიდევ უფრო გააბრაზა, რასაც ნავთი პოლიტიკოსებმაც დაასხეს და აქციის ცალკეულმა მონაწილეებმა პარლამენტში შესვლა სცადეს. ამის შემხედვარე ხელისუფლებას, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, შეეშინდა, რომ ვითარებაზე კონტროლი არ დაეკარგა და ამიტომაც, ერთგვარი საბედისწერო შეცდომა დაუშვა _ მომიტინგეების დასაშოშმინებლად, სპეცრაზმი გამოიყვანა. 

ერთი სიტყვით, 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველზე შეკრებილი ხალხი დაარბიეს, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს დარბევა კი არა, არამედ, აქციის დაშლა იყო, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ ამ დაშლა-დარბევის დროს, ადგილი ძალის გადამეტებას ჰქონდა. 

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე უკვე ახალი მოთხოვნები გაჩნდა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი პროპორციული არჩევნები იყო... 

რამდენიმე დღეში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ 2020 წელს, ქვეყანა ამ სისტემაზე გადავიდოდა და კანონპროექტზე მუშაობაც დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, ისევ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტი ჩააგდეს. 

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა, საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა ორჯერ დაშალა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, არაკონსტიტუციურიაო.  

რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, დიპლომატების მედიატორობით, მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდა და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირება შესთავაზა, თუმცა ოპოზიცია ამ თანაფარდებას არ თანხმდებოდა და სრულად პროპორციულ სისტემას ითხოვდა. 

მოლაპარაკებები „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გამოაცხადა. 

მომხდარი ოპოზიციამ პოლიტიკურ ანგარისწორებად და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა. 

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკება შეწყვიტა და 4 აპრილისთვის, დიდი საპროტესტო აქცია დააანონსა, თუმცა ამის მიუხედად, გაირკვა, რომ ოპიზიციის ცალკეული წარმომადგენლები ხელისუფლებას ფარულად ხვდებოდნენ. აი, მაგალითად, „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. 

ისე, ხელისუფლებასთან შეხვედრების შესახებ, სხვა ოპოზიციონერებს განცხადებები არ გაუკეთებიათ, მაგრამ „ვერსიის“ ხელთ არსებული მონაცემებით, იგივე იმ მაგიდის არაერთი წევრი, რომელიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბებოდა, „ოცნების“ ლიდერშიფს შეხვდა და სხვადასხვა თემაზე ესაუბრა.

ამასთან, კულუარებში ისიც ცნობილია, რომ ამ დახურულ შეხვედრებზე, „ოცნების“ მხრიდან ნახსენები იყო ორი ტერმინი _ „პოლიტპატიმრები“ და „პოლიტიკური ნიშნით დევნა“. უფრო მეტიც, „ოცნებასთან“ მოლაპარაკების შემდეგ, რამდენიმე ოპოზიციონერი, როგორც ამბობენ, გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერთან მივიდა და სთხოვა, რომ მას ირაკლი ოქრუაშვილთან ეშუამდგომლა ანუ ლაპარაკი იმაზე იყო, რომ თუ ოქრუაშვილი ციხიდან გამოსვლას დასთანხმდებოდა, მაშინ ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლებასთან გარიგებაზე წავიდოდა და პროპორციულის თემა დაიხურებოდა, თუმცა როგორც „ვერსიას“ უყვებიან, ამ შეთავაზებაზე „ოქრომ“ კატეგორიული უარი განაცხადა. 

სხვათა შორის, კულუარებში ისევ დადის ხმა, რომ ერთადერთი, ვისზეც 8 მარტის მემორანდუმი არ გავრცელდება, სწორედ თავდაცვის ექსმინისტრი იქნება. კერძოდ, არსებობს მოლოდინი, რომ გიგი უგულავა, თუ გიორგი რურუა ციხიდან გამოვლენ. აი, ოქრუაშვილზე კი ხელისუფლება იტყვის, რომ ის პოლიტპატიმარი კი არა, არამედ, კრიმინალია და ციხეში დარჩება. 

ამასთან, ჩვენი წყარო გვაწვდის ინფორმაციას, რომ უგულავას პრეზიდენტი შეიწყალებს. რაც შეეხება ხაზარაძესა და ბოკერიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეების, ისინი თაროზე კი არ შემოიდება, არამედ, ეს საქმეები საერთოდ დაიხურება. 

ის, რომ უგულავა „მატროსოვს“ ზურაბიშვილის შეწყალებით დატოვებს, პრეზიდენტის მიერ, 9 მარტს გაკეთებულმა ორაზროვანმა განცხადებამაც დაადასტურა. კერძოდ, ამ თემაზე საუბრისას, „მადამ პიურემ“ თქვა: 

„რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, წავიკითხავ, ვნახავ, გავეცნობი და... თუ მე ჩავთვლი, იმიტომ ეს არის დისკრეციული უფლება, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი’‘. 

ამასთან, 9 მარტსვე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. აეროპორტის ინციდენტზე, უგულავას მიმართ დევნა შეწყდა. 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გააუქმა უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულებაც. გიგი უგულავას, თბილისის აეროპორტში, ძიუდოისტის ცემას ედავებიან. საქმე ეხება 11 დეკემბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც უგულავასა და ევროპული საქართველოს კიდევ ერთ წევრს, საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს, აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში, გაფრენის წინ, თავს დაესხნენ. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ერთი თავდამსხმელისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრა. გამოძიების მტკიცებით, ერთი მოქალაქე გოკა გაბაშვილს დაესხა თავს, ხოლო მეორე _ გიგი უგულავამ სცემა. 

ადვოკატმა გიორგი გელხაურმა, 9 მარტის პროცესზე თქვა, რომ ე.წ ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებისა და უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. ამას ბრალდების მხარეც და მოსამართლეც დაეთანხმნენ. 

გიგი უგულავა 10 თებერვლიდან, საპატიმროში იმყოფება. მას საქმეზე, რაზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, დამატებით 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა. 

8 მარტის შეხვედრაზე, ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეც შეთანხმდა. ხელისუფლება ისევ აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ისაუბრეს. 

ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს. როგორც მან აღნიშნა, პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად, ,,პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს’‘, _ ეს ინფორმაცია 9 მარტს, ქართულმა ინტერნეტგამოცემებმა გაავრცელეს. 

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძეს, ამ საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ ამ კუთხით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდების მოხსნა არ განიხილება. 

„სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი სახის დოკუმენტს (ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული მემორანდუმი), სწორედ ამიტომ, ამ დოკუმენტის საფუძველზე, რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია’‘, _ განმარტა პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ. 

ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა კი თქვა, რომ ოპოზიცია-მთავრობის მიერ დადებული შეთანხმება მიმდინარე პროცესზე დიდ გავლენას არ მოახდენს. 

„ამ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები არ არის, ამიტომ ეს მოხდება კონსენსუსის, თუ ნებისმიერ სხვა ფონზე, დადგება გამამართლებელი განაჩენი’‘. 

აქვე, შეგახსენებთ, რომ 10 მარტს, ასევე, კორონავირუსის საფრთხის გამო, ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესზე დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდა. 

„მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ თქვა, რომ კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, პროცესზე დასწრება დროებით შეეზღუდა ადამიანთა ნაწილს. 

სასამართლო განხილვაზე დასწრებას შეძლებენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვა მოქალაქეებისთვის კი დასწრება შეზღუდული იქნება. მოსამართლის განცხადებით, ეს უკავშირდება კორონავირუსის პრევენციას, თუმცა 10 მარტს, საქმის განხილვა დაწყებიდან მალევე, გაურკვეველი ვადით გადაიდო და ამის მიზეზი ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა’‘, _ იუწყებოდა სამშაბათს, 10 მარტს ქართული ონლაინმედია. 

მათ, ვინც პოლიტიკაში კარგად ან ზედმიწევნით კარგად ერკვევიან, იციან, რომ ამ სფეროში ყველაფერი პირდაპირ არ ხდება და ე.წ. შემოვლითი სვლებიც აპრობირებული მეთოდია. ჰოდა, ყოველივე ზემოთქმული, შესაძლოა, „შემოვლით სვლებად“ ჩავთვალოთ, თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ბოლო წამს, „ოცნებამ“ ცნობილი პატიმრების ციხიდან გამოშვება მართლა გადაიფიქროს, რაც პოლიტიკურ კრიზისს ახალ ფაზასში გადაიყვანს და, ბოლოს, ყველაფერი ეს, შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებითაც კი დამთავრდეს, თუმცა ვიდრე ეს მოხდება, მოდით, ის ვთქვათ, თუ რა უხარია ოპოზიციას და, საერთოდ, რა ხდება „ანტიოცნებელების“ ფლანგზე? 

ექსპერტთა ნაწილი პირდაპირ აცხადებს, რომ 8 მარტის მემორანდუმით, ყველაზე მოგებული ევროპული საქართველო დარჩა ანუ გაძლიერდა ეჭვი იმის შესახებ, რომ წლევანდელი არჩევნების შემდეგ, „ოცნებამ“ ბოკერიას გუნდისთვის, შესაძლოა, ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაიწყოს. 

ჩვენი წყაროს თქმით, ყველაფერ ამას, მიხეილ სააკაშვილი, კარგა ხნის წინ მიხვდა და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა პირადი შტაბის შექმნა, თუმცა ასევე, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიშა დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს, არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის პარტიიდან კადრების გადინება დაიწყოს ანუ დღევანდელი „ნაცების“ ნაწილი ევროპულ საქართველოში გადაპორტირდეს და ამით, ახალ პარლამენტში შესვლა გაინაღდოს. 

იმაზე, რომ ოპოზიციაში ერთიანობა მოჩვენებითია, ბევრი რამ მიანიშნებს. ყველაზე დიდი უკმაყოფილება კი, დიდი ალბათობით, მაჟორიტარების შერჩევას მოჰყვება. აი, მაგალითად, „კანონი და სამართალი“, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ წევრია, კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რომ ოპოზიციამ რომელიმე ოლქში მაჟორიტარად პრორუსული განწყობის პოლიტიკოსი დაასახელოს. ამ მხრივ, ეს პარტია განსაკუთრებულ აქცენტს ნინო ბურჯანაძეზე აკეთებს. 

„თუ ასე აზილეთ ღირებულებები, ბოლოს, ადამიანებისთვის სახელმწიფოებრიობის დაცვის შეგრძნების სრული ნიველირება მოხდება! ეს კი უსამშობლოობის განცდის, ნიჰილიზმის დათესვის „მურტალსკი“ გეგმაა, თან ძველი, გამოცდილი და „ოკუპანტური“. ამიტომ, „გავიგეთ“, ბატონო, რომ „ზოგიერთ“ ნათაღლითარ „პოლიტიკანს“ მხოლოდ თავისი გამორჩენა და ინტერესი აქვს, მაგრამ მათ _ ამ „ნათაღლითარებს“, ქვეყანას ნუ გადავაყოლებთ!!! 

ხშირად, ადამიანებს ჭკუა ერევათ ცბიერებაში, დიპლომატია _ მოლაპარაკება-გარიგებაში, მოლაპარაკება ერევათ უთავმოყვარეო, ყველაფერზე მორგებული ადამიანების უტიფრობაში. 

აი, მაგალითად: ჭკვიანი და კეთილშობილი იყო ილია ჭავჭავაძე, ბერია იყო ცბიერი და ნაძირალა. ჰოდა, ცოტა ჩვენც უნდა მივხვდეთ და განვასხვავოთ, ამდენი მწარე გამოცდილების შემდეგ... 

რა ვიცი, უნიჭო ხალხი არ ვართ, თითქოს და წუმპე როგორ ვერ უნდა დაინახო და შიგ არ ჩააბოტო მეასედ?!“ _ დაწერა სოციალურ ქსელში „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა. 

ამავე პარტიის ახალგაზრდა და ახალმა სახემ, ადვოკატმა გიორგი ცობეხიამ განაცხადა: 

„პროპორციულთან დაკავშირებით, მთელი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ გამარჯვება მიღწეულია! კეთილი, ბატონებო, მაშინ ლეიბორისტების ფორმატის შენარჩუნების საჭიროება რაშია? 

ამოცანა თუ მიღწეულია, ფორმატის გაგრძელება რუსული ვექტორის მქონე ძალებთან ერთად, რა სიმბოლური, თუ პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია? 

ამ ბალ-მასკარადში მონაწილეობა, ჩემი აზრით, არ შეიძლება! 

30-წლიანი პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე პირები არ თმობენ პოზიციებს და ყველაფერი ეს არა რეჟიმის ცვლილებას, არამედ, საპარლამენტო მანდატებისთვის (ყველაზე მერკანტილური გაგებით) ბრძოლას ჰგავს. 

არც ერთი ახალგაზრდა ლიდერის პოპულარიზაციას არ ახდენენ წამყვანი მედიასაშუალებები, მცირე გამონაკლისების გარდა. მაგალითად, ასეთი გამონაკლისია ტელეკომპანია „კავკასია“. ამ ვითარებაში, ფორმატი, სადაც 30-წლიანი უცვლელი პოლიტიკური ციკლის მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები სხედან და უკვე არა პროპორციული სისტემისთვის, არამედ, სხვა საკითხებზე იწყებენ მსჯელობას პრორუსულ პოლიტიკურ მოთამაშეებთან ერთად, ჩემთვის მიუღებელი და არასაინტერესოა. 

დროა, შეიცვალოს კონიუნქტურის მიდგომა, მოხდეს პოლიტიკური ველის გაახალგაზრდავება და გამოცოცხლება. სხვა შემთხვევაში, გარანტირებული გვაქვს იმ წრეზე სიარული, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო დღესაც მოძრაობს. 

დროა ცვლილებების, დროა, დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც დაეფუძნება ადამინის უფლებებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარეს. 

ყველა გვირაბის ბოლოს არის სინათლე, მთავარია, სავალი გზა სწორად გავიაროთ!“ 

ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკურ ველზე არსებული სიტუაცია იმ მშვიდობას ჰგავს, რომლისაც ომზე მეტად უნდა გვეშინოდეს! უფრო სწორად, ჩვენ ანუ რიგით მოქალაქეებს კი არა, არამედ, პოლიტიკურ ელიტას უნდა ეშინოდეს, რადგან მოდით, ვაღიაროთ, რომ საქართველოში ამომრჩეველი გაიზარდა, პოლიტიკური კლასი კი _ ვერა, ესე იგი, შორეულ 90-იანებში დარჩა და საქმის „მოკვარახჭინებას“, მაშინდელის მსგავსად, ახლაც კულუარებში ფიქრობს. ყველაფერ ამას ხალხი ხვდება, ხვდება და ამიტომაც, ყველა პოლიტძალას განაჩენს არჩევნებზე გამოუტანს, თან ისე, რომ მნიშვნელობა არ ექნება, კენჭისყრა 120/30 სისტემით და ერთპროცენტიანი ბარიერით ჩატარდება, სრულად პროპორციულად, თუ მაჟორიტარულ-პროპორციულად! 

ერთი სიტყვით, ძვირფასო პოლიტიკოსებო, ხალხის მოსმენა ისწავლეთ და კარს მიღმა პოლიტიკურ თამაშებს მოეშვით, თორემ თქვენი პოლიტიკური ბიოგრაფია არცთუ სახარბიელოდ დამთავრდება!

 

ნინო დოლიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში