Menu
RSS

გასაოცარი ქართული დემოკრატია

რატომ უწყობს ხელისუფლება ოპოზიციას აქციებს და ვის გადადგომას ითხოვენ „მეოცნებეები“

ავბედითი დეკემბრის ქრონიკები _ არსებობს თუ არა პარალელები დღევანდელ და 1992 წლის მოვლენებს შორის

უკვე დიდი ხანია, ვიცით, რომ „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“. ახლა კი ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ბედკრული და მრავალტანჯული სამშობლო მსოფლიოს „გასაოცარი დემოკრატიით“ აოცებს. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ვინც რა უნდა თქვას, ფაქტი ჯიუტია: საქართველო მთელ დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები აქციებს _ არც მეტი, არც ნაკლები _ ოპოზიციას უწყობენ. უფრო მეტიც, მმართველი გუნდის მიმდევრები ჯიუტად ითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ანუ მიხეილ სააკაშვილი გადადგეს! საიდან უნდა გადადგეს სააკაშვილი მაშინ, როცა ექვსი წელია, არა თუ თანამდებობა უკავია, არამედ საქართველოშიც არ იმყოფება? _ თუ ვინმე ამ კითხვას რომელიმე მართლმორწმუნე „ქოცს“ დაუსვამს, ძნელი წარმოსადგენია, რომ მან კითხვაზე დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი გასცეს, თუმცა პასუხს რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ხელისუფლება ოპოზიციას „აწვება“ და სთხოვს, გადადექიო. ამდენი „მიწოლით“ „ანტიოცნებელები“, ალბათ, ოდესმე დაიღლებიან და გადადგებიან. ჰოდა, „ოცნებაც“ შვებით ამოისუნთქებს! მოკლედ, ნეტარ არიან მორწმუნენი და... დემოკრატებიც!

ისე, ხუმრობა, მორწმუნეობა და დემოკრატიაც იქით იყოს და, თუ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სიღრმისეულად შევხედავთ, მივხვდებით, რომ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ხელისუფლება-ოპოზიციის კინკლაობა თანდათან უფრო აგრესიული ხდება და ანალიტიკოსთა ნაწილი იმასაც შიშობს, რომ ყველაფერი ეს, შესაძლოა, ფართომასშტაბიან სახალხო დაპირისპირებაში გადაიზარდოს! 

იმედია, ეს ეჭვი ეჭვად დარჩება და იმაზე ცუდი, რაც უკვე ხდება, არაფერი მოხდება, მაგრამ ხომ იცით, ეშმაკს არ სძინავს, თან პოლიტიკური გავლენებისთვის ბრძოლას, როგორც ამბობენ, ისეთი ჟინი აქვს, რომ „აქტიორები“ ყველაფერზე მიდიან ხოლმე. შესაბამისად, ასი თვალი და ასი ყურია საჭირო, რომ 27 წლის წინანდელი სცენარი აღარ განმეორდეს! 

ჩვენში დარჩეს და, პოლიტიკაში სიმბოლოებს დიდი კი არა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ერთ დეტალს მიაქციეთ ყურადღება _ „ოცნებისა“ და ოპოზიციის ურთიერთ ცემა-ტყეპა დეკემბერში გამწვავდა. დეკემბერი კი ჩვენთვის, ყველასთვის, საბედისწერო თვეა _ მაშინაც ხომ ქრისტეშობისთვე იდგა, როცა ქართველებმა, პოლიტიკის გამო, ერთმანეთზე იარაღი აღვმართეთ და რუსთაველის გამზირი ნამდვილ ბრძოლის ველად ვაქციეთ! 

დიახ, 27 წლის წინ ანუ 1992 წლის დეკემბერში, ქართველებმა მსოფლიო იმით გავაოცეთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ ეროვნულ ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რუსული „გრადები“ ვესროლეთ, თბილისის ცენტრალური გამზირი თანამოძმეთა სისხლით მოვრწყეთ და თან დავლურსაც ვუვლიდით, აი, რა მაგრები ვართ, ქვა-ქვაზე არ დავტოვეთ, ზვიად გამსახურდია საქართველოდან გავაგდეთო! 

მოკლედ, ახლანდელი ამბები და უახლესი ისტორიაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ დემოკრატია, რომელზე უკეთესი მმართველობის ფორმა კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია, ჩვენთან, საქართველოს მოქალაქეებთან მაინცდამაინც თავსებადი არ არის ანუ დემოკრატიის სახელით, ყველაზე დიდი ტრაგედიების მოწყობა ხელგვეწიფება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ „სიცუდის“ გამო სინანულს არასოდეს, ან ძალიან გვიან, ისიც ყასიდად განვიცდით ხოლმე! 

ახლა, შეიძლება, ვინმემ თქვას, ახლანდელ და 1992 წლის მოვლენებს შორის თუნდაც ალეგორიული ტოლობის ნიშნის დასმა უტრირებულია, მაგრამ ალბათ, მაშინაც არავის ეგონა, რომ საქმე ფართომასშტაბიან სისხლისღვრამდე მივიდოდა. ამასთან, ცნობილია, რომ გონიერი ადამიანები სხვის კი არა, არამედ, საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გონიერი ხალხი ვართ, ამიტომ, კარგი იქნება, ჩვენს უახლოეს წარსულს თვალი თუნდაც იმიტომ გადავავლოთ, რომ საბედისწერო შეცდომა აღარ დავუშვათ! 

სხვათა შორის, 1992 წლის ამბები დღევანდელისგან იმით განსხვავდება, რომ მაშინდელი ხელისუფლება ოპოზიციის გადადგომას არ ითხოვდა, თუმცა სამთავრობო წრეების წარმომადგენლები, როგორც ახლა, მაშინაც იმაზე სვამდნენ მახვილს, რომ ოპოზიცია დესტრუქციული იყო და ქვეყნის არევა უნდოდა. თუ დავაკვირდებით, „ოცნების“ რიტორიკაც თითქმის ასეთია ანუ მმართველი გუნდი, უფრო ზუსტად, ამ გუნდის ცალკეული წარმომადგენლები, იგივე, სოციალურ ქსელში ოპოზიციას პირდაპირ დედას აგინებენ და ემუქრებიან, რომ მის ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებენ. 

ისე, სანამ 1992 წლის ქრონიკას შემოგთავაზებთ, კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას: 2013 წელს ანუ სანამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებოდა, ხელისუფლებაში მოსული „ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს დასდევდა და სადაც მაშინდელი პრეზიდენტი მივიდოდა, ყველგან აქციას აწყობდა. აი, მაგალითად, დიდი ცემა-ტყეპა გაიმართა მაშინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ეს, ასე ვთქვათ, ლოკაცია ახლანდელ წივილ-კივილშიც ფიგურირებს _ რამდენიმე დღის წინ, ბიბლიოთეკაში, იუსტიციის მინისტრი კონფერენციაზე მივიდა. სად იყო და სად არა, შენობასთან „ოპოებიც“ გაჩნდნენ და თეა წულუკიანი იძულებული გახდა, შენობა გაძლიერებული დაცვის თანხლებით დაეტოვებინა! 

მოკლედ, ისტორია მეორდება. 

სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოვლენების რადიკალიზაციას ხელს მხოლოდ მმართველი გუნდი არ უწყობს და ამ მხრივ მთლად უმიწკვლო ზრახვები, ალბათ, არც ოპოზიციას აქვს. 

რატომ ცდილობენ პოლიტიკური აქტიორები ვითარების დრამატიზებას? ამას ერთი ახსნა აქვს _ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა ძალიან ადვილია. ამასთან, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებლის, დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის თქმისა არ იყოს, როცა პოლიტიკური ძალები კოტრდებიან, ისინი იძულებულნი ხდებიან, მოვლენები ქუჩაში გადაიტანონ და აგრესიის კულტივირებაც მოახდინონ. 

მოდით, ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ არსებული მონაცემებით, გაკოტრებულია, როგოც ოპოზიცია, ასევე, ხელისფლებაც. ჰოდა, დიდი ალბათობით, ყველაფერი ის, რაც ქუჩაში ხდება, ორივეს ინტერესშია! ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს და ყველაფერი ეს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული დემოკრატიის „სიდიადეს“. 

ახლა, რაც შეეხება 1992 წელს, მაშინდელი მოვლენების ქრონიკა და ქრონოლოგია ასეთია: 

1990 წლის მარტში, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში განხეთქილება დაიწყო. კერძოდ, 11-13 მარტს, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც ეროვნულ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება იყო მოწვეული. კონფერენციაზე გამოიკვეთა ორი მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია და ჩამოყალიბდა ორი ძირითადი პოლიტიკური ალიანსი: 

მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო: ზვიად გამსახურდია და მისი მომხრე პოლიტიკური პარტიები. ეროვნული მოძრაობის ამ ფრთას აუცილებლად მიაჩნდა მრავალპარტიული არჩევნების საბჭოთა კანონებით ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გამოსვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ იქიდან გამომდინარე, რომ 1990 წლის 11 მარტს, ლიტვამ სწორედ ასე დაიწყო სსრ კავშირიდან გასვლა. 

მეორე ფრთას კი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (გიორგი ჭანტურია), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (ირაკლი წერეთელი), კონსერვატორული პარტია (თემურ ჟორჟოლიანი), მხედრიონი (ჯაბა იოსელიანი) წარმოადგენდნენ. ეს ჯგუფი არჩევნებში გამარჯვების გზით დამოუკიდებლობის მოპოვებას შეუძლებლად თვლიდა და მიაჩნდა, რომ პირველ რიგში, აუცილებელი იყო საბჭოთა არმიის გაყვანა საქართველოდან. ამისთვის უნდა არჩეულიყო ალტერნატიული ორგანო _ ეროვნული კონგრესი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი ერთადერთი ორგანო იქნებოდა და საქართველოს დეოკუპაციისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხიც, სწორედ კონგრესს უნდა დაესვა.

„ჯერ თავისუფლება, შემდეგ _ დამოუკიდებლობა“, _ ეს გახლდათ კონგრესის ლოზუნგი. 

ზვიად გამსახურდია ეროვნული კონგრესის არჩევის მომხრეებს გაემიჯნა და მათ „ანტიეროვნული მოძრაობა“ უწოდა. კონგრესის მომხრეებმა, 1990 წლის 23-26 მაისს, სპორტის სასახლეში ჩაატარეს ე.წ. ეროვნული ყრილობა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ამასთან, ყრილობამ მრგვალი მაგიდა ეროვნული ინტერესების ღალატსა და ქართველი ერის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა. 

ასე იყო თუ ისე, საქართველოში, პირველი მრავალპარტიული არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მანდატების უმრავლესობა ანუ 250-დან 124 მანდატი, მრგვალმა მაგიდამ მოიპოვა. 

მანამდე კი, კერძოდ, 30 სექტემბერს, შედგა ეროვნული კონგრესის არჩევნები, რომელშიც ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ გაიმარჯვა. ნიშანდობლივია, რომ კონგრესის არჩევნებში, სულ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 

1990 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესია გაიმართა, რომელზეც ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამავე სესიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს, „საქართველოს რესპუბლიკა“ ეწოდა. ამასთან, აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა _ დროშა, გერბი და ჰიმნი. 

1990 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები და საქართველოს ეროვნული გვარდია. გვარდიის სარდლობა თენგიზ კიტოვანს მიანდეს. 

1991 წლის თებერვალში, ხელისუფლებამ დაიწყო უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბებული, უკანონოდ შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება, რასაც ზოგ შემთხვევაში, თან ახლდა შეიარაღებული დაპირისპირება. ოპერაციების დაწყების წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებდა იარაღს და დატოვებდა უკანონოდ შეიარაღებულ ფორმირებებს, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრებოდა. 16 თებერვალს, ქალაქ სამტრედიაში, ცეცხლი გაუხსნეს პრეფექტურის შენობას და დაჭრეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე. მილიციამ, თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით, „მხედრიონისა“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რამდენიმე წევრი დააკავა. 20 თებერვალს, „მხედრიონის“ კახეთის სადროშოს წევრებმა, გელა გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, რომელშიც საქართველოს შს სამინისტროსა და საგარეჯოს შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლები ისხდნენ. მილიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ, როგორც მილიციის, ასევე, „მხედრიონის“ წევრები. 

სხვაგან იარაღის ჩამორთმევის ოპერაციები შეიარაღებული შეტაკებების გარეშე განხორციელდა. მილიციამ „მხედრიონის“ წევრებს ჩამოართვა ავტომატები, კარაბინები, სხვადასხვა სისტემის რევოლვერები, პისტოლეტები, გადაჭრილი თოფები და სხვა იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, ასევე „მხედრიონის“ წევრების მიერ გატაცებული რამდენიმე მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა და ჯავშანტრანსპორტიორები. ოპერაციების მსვლელობის დროს, დააკავეს ჯაბა იოსელიანი და „მხედრიონის“ სხვა ლიდერები. 

1991 წლის 31 მარტს, ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით _ „თანახმა ხართ, თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ რეფერენდუმში მონაწილეების 97% დათანხმდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 26 მაისს კი საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა. 

ახლადარჩეულ პრეზიდენტს ოპოზიციაში ჩაუდგა ეროვნული კონგრესი. კონგრესმა მოახერხა გადაებირებინა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილო იყო ახალი ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით. 

ამასობაში, ვითარება დაიძაბა საბჭოთა კავშირშიც. კერძოდ, 1991 წლის 19 აგვისტოს, მოსკოვში მოეწყო ე.წ. გე-კა- ჩე-პე, პუტჩი, რომლის დროსაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო სამხედრო ხუნტამ ანუ საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტმა. მასში შედიოდნენ წითელი არმიის გენერლები, სუკ-ისა და ცენტრალური კომიტეტის ის წევრები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შეჩერება განიზრახეს. იმავე დღეს, თბილისში, ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი ჩამოდიან და გამსახურდიას საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის #1 დადგენილების საფუძველზე, ეროვნული გვარდიის დაშლას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით ემუქრებიან. 

იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული გვარდია სათანადოდ არც მომზადებული იყო და არც შეიარაღებული, სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლა გაუჭირდებოდა. ამასთან, საქართველოს, იმხანად, არც საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა ანუ ჩვენს დამოუკიდებლობას არცერთი ქვეყანა არ აღიარებდა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ზვიად გამსახურდია მოსკოველ „პუტჩისტებთან“ კომპრომისზე მიდის, კერძოდ, გვარდიას კი არ შლის, არამედ, გამოსცემს ბრძანებულებას, რომელიც ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციას ითვალისწინებს. ეს რეორგანიზაცია კი იმას ნიშნავს, რომ ეროვნული გვარდია მილიციის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი ხდება, გვარდიის სარდლის თანამდებობა უქმდება და მის ფუნქციებს შს მინისტრის პირველი მოადგილე ითავსებს. 

სწორედ ეს ხდება თენგიზ კიტოვანისა და გვარდიის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილების საბაბი. 20 აგვისტოს, კიტოვანი, 400 გვარდიელთან ერთად, რკონის ხეობაში ბანაკდება, ზვიად გამსახურდიას მოსკოველ ,,პუტჩისტებთან'' გარიგებაში ადანაშაულებს და დაუმორჩილებლობას უცხადებს. 

პარალელურად, პრეზიდენტის წინააღმდეგ აქტიურდება ოპოზიციაც. თბილისში, მთავრობის სახლის დასაცავად, გამსახურდიას ერთგული, მხოლოდ 100 გვარდიელი რჩება. ამასთან, გამსახურდიას მხარესაა ეროვნული გვარდიის ზუგდიდის ბატალიონი, რომელსაც ლოთი ქობალია მეთაურობს. 

1991 წლის 2 სექტემბერს, სპეციალური დანიშნულების რაზმები, იარაღის გამოყენებით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საინფორმაციო მიტინგს, რომელიც რუსთაველის ძეგლთან იმართება, არბევენ, რის შემდეგაც, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია „იმელთან“ შიმშილობას იწყებს. 

10 სექტემბერს, რუსთაველის პროსპექტზე უკვე ბარიკადებია აღმართული... 

ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი თბილისის ზღვის მიდამოებში ბანაკდება. 

4-5 სექტემბერს, ხელისუფლება რუსთაველის პროსპექტს ძალის გამოყენებით წმენდს, რის შედეგადაც იჭრება რამდენიმე ადამიანი. 

4 ოქტომბერს, შეტაკება ხდება სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის, რა დროსაც, რამდენიმე ადამიანი შავდება. პარალელურად, აკავეენ ედპ-ის ლიდერ გიორგი ჭანტურიას, რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და სხვებს. 

პოლიტიკური დაძაბულობა პიკშია! 

ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს! 

21 დეკემბერს, თბილისში, ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი და „მხედრიონის“ წევრები შემოდიან და... პირველი სისხლიანი შეტაკებაც იმართება. 

თბილისის ცენტრი საომარ ველს ემსგავსება... 

ომი მეამბოხეთა გამარჯვებით მთავრდება. ძალაუფლება სამხედრო საბჭოს ხელში გადადის, რომელიც მმართველობის არალეგიტიმური ორგანოა. აღნიშნულ კონგლომერატს სათავეში ჯაბა იოსელიანის, თენგიზ სიგუასა და თენგიზ კიტოვანის ტრიუმვირატი უდგას. 

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, არ წყდება ე.წ. ზვიადისტების მრავალათასიანი შეკრებები და საპროტესტო აქციები. 

1992 წლის 2 თებერვალს, თბილისში, იარაღის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით არბევენ მრავალათასიან საპროტესტო მსვლელობას, რა დროსაც, საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, მოკლული იქნა 23 ადამიანი, დაიჭრა 183 მშვიდობიანი მომიტინგე. 

1992 წლის 7 მარტს, თბილისში მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძე ჩამოდის. სამხედრო საბჭო ძალაუფლებას სახელმწიფო საბჭოს გადასცემს, რომელშიც შედიან პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძეა. 

რადგან სახელმწიფო საბჭო არალეგიტიმურია, აუცილებელი ხდება საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. საპარლამენტო არჩევნები 1992 წლის ოქტომბერში ტარდება. სხვათა შორის, ეს პარლამენტი, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყველაზე მრავალპარტიული გახლდათ... 

1993 წლის 31 აგვისტოს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მოქმედი უზენაესი საბჭოს 62 დეპუტატი იკრიბება. 24 სექტემბერს, საქართველოში ჩეჩნეთიდან ზვიად გამსახურდია ბრუნდება და „დევნილ მთავრობას“ ქმნის. გამსახურდიას მხარდასაჭერი აქციები იმართება სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და გალში. 

გამსახურდიას მომხრე რაზმები, რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქსა და სატრანსპორტო კვანძზე კონტროლს იღებენ. ამასთან, გამსახურდიას მომხრეების ხელშია ფოთის პორტიც, რის გამოც რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებს საფრთხეში აგდებს. აქედან გამომდინარე, სამივე ქვეყანა გამსახურდიას ემიჯნება და მხარს შევარდნაძეს უჭერს. ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ კი, შევარდნაძეს საქართველო დსთ-ში შეჰყავს. 

ისე, შევარდნაძისადმი სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკური იყო, რუსეთმა კი, საქართველოში, დაახლოებით, 2 000 ჯარისკაცი გამოგზავნა... 

აი, ასეთია 1992 წლის სამოქალაქო ომის მოკლე ქრონიკა, ქრონიკა, რომელიც დასაფიქრებლად ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, რომ რუსეთს, როგორც მაშინ, საქართველოს მიმართ საკუთარი ინტერესი ახლაც აქვს ანუ ღმერთმა არ ქნას და, თუ ტყვია გავარდა, დიდი ალბათობით, კრემლი მხარდაჭერას მხოლოდ ერთ რომელიმე კი არა, არამედ, ორივე მხარეს გამოუცხადებს. 

ასე, რომ, ფრთხილად, ქართველებო!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში