Menu
RSS

ვისი რეკომენდაციით მოხვდა „ოცნებაში“ და რას შეეწირა ზარდიაშვილის დეპუტატობა

ექსდეპუტატის ქონება და ნათესაური კავშირები

აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ ქვეყნად მარადიული არაფერია, მათ შორის, არც _ ძალაუფლება. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ვანო ზარდიაშვილი მხოლოდ პარლამენტის წევრობას კი არა, არამედ, როგორც ამბობენ, ძალაუფლებასაც გამოემშვიდობა. უფრო მეტიც, ეს ის შემთხვევაა, როცა „ვერსიის“ სამთავრობო და არასამთავრობო წყაროები ერთ აზრზე არიან და ლამის ერთხმად ამბობენ, რომ ზარდიაშვილი, სწორედ ძალაუფლებამ შეიწირა. იმისთვის, რომ ფრაზის _ „ძალაუფლებამ შეიწირა“ ქვეტექსტს ჩავწვდეთ და, ზოგადად, მმართველ გუნდში დაწყებული პოლიტიკური თამაშების ალგორითმი ამოვხსნათ, დროში მოგზაურობა მოგვიწევს ანუ მსჯელობა იმით უნდა დავიწყოთ, თუ ვინ არის და როგორ მოხვდა ვანო ზარდიაშვილი 2016 წელს, „ოცნების“ საპარლამენტო სიაში?

ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, იმის გარკვევას, თუ ვინ იყო ზარდიაშვილის რეკომენდატორი, ამ წლების განმავლობაში, მთელი ქართული მედია და ასევე პოლიტიკური სპექტრიც ცდილობდა, თუმცა ამ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. ახლა კი, როცა ბატონი ზარდიაშვილი პოლიტიკიდან „გავიდა“, „ვერსიისთვის“ სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი ანუ ჩვენი წყარო იმ სავარაუდო პირის ვინაობას ასახელებს, ვის სიტყვასაც ანგარიში გაუწიეს და ზარდიაშვილი „ოცნების“ სახე გახადეს. 

ცხადია, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ მოგეხსენებათ, კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ვერსიაც ლოგიკური იყოს. 

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, კულუარებში ამბობენ, რომ ზარდიაშვილის რეკომენდატორი _ არც მეტი, არც ნაკლები _ ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი, ვატო ყიფიანი იყო. აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ კონფიდენციალური ინფორმაციით, ზარდიაშვილი და ყიფიანი ერთმანეთს პირადად არ იცნობენ, მაგრამ მოარული ხმით, ყიფიანთან გარკვეული შეხების წერტილები მამუკა ახვლედიანს ჰქონდა. ახვლედიანი და ზარდიაშვილი, როგორც ცნობილია, სტუდენტობიდან მეგობრობენ ანუ ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ, რაც მდინარაძემ „ოცნების“ საპარლამენტო სიაში ადგილი გაინაღდა და მმართველი პარტიის სახეც გახდა, ზარდიაშვილს დაპირდა, რომ როგორმე სიაში მასაც „ჩასვამდა“, თუმცა 2016-ში, როგორც გვიხსნიან, მდინარაძეს „ოცნებაში“ იმხელა გავლენა არ ჰქონდა, რომ მისი რეკომენდაციით, ვინმე სიაში ჩაესვათ. ჰოდა, მდინარაძეს, ასე ვთქვათ, დახმარება ყიფიანისთვის უთხოვია, რომელსაც, თავის მხრივ, დახმარებისთვის „ოცნების“ იმ ფრთისთვის მიუმართავს, რომელსაც წლებია იცნობს. ჰოდა, ასე იყო თუ ისე, ზარდიაშვილი, რომელიც 2012 წლამდე, ნაციონალების ფარული და ღია მეხოტბე იყო, 2016-დან, ჭეშმარიტ „მეოცნებედ“ მოგვევლინა. 

ზოგადად, ზარდიაშვილის „ნაცურ“ წარსულზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. უფრო მეტიც, იგივე ინტერნეტში გავრცელებლი ინფორმაციის მიხედვით, ზარდიაშვილის დედა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, იქაური ქართველი ნაციონალების კოორდინატორია. 

„იმ ისტერიისა და აგრესიის ფონზე, რომელიც უკვე ყველგან შეინიშნება, ერთ დასკვნას ვაკეთებ, რომ ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი... რისთვის გვინდოდა მაშინ, 2012 წლის არჩევნები?! არადა, ვისაც საქვეყნო საქმეზე უანგაროდ შეგვტკივა გული, ძალიან ცუდ დღეში ვართ. გვაგინებენ, გვლანძღავენ, გვემუქრებიან... გასაოცარი ის არის, რომ ამ „მიშისტებს“ აქედან ჰყავთ მხარდამჭერები, ფინანსურად დამხმარენი! გასაკვირი კი არა, უბედურებაა ის, რომ მათ აქტიურ მხარდამჭერ-დამხმარეთა შორის, „ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანებიც არიან. 

იქნებ მანდ, მთავარმა „ოცნებისტებმა“ არც იციან, რომ ვანო ზარდიაშვილის დედა, უკვე დიდი ხანია, აშშ-შია და მიშას მთავარი აგიტატორი და მომხრეა... და მარტო ეგ ქალბატონი? როცა ამ ხალხს ვხედავთ, სულ აღარ გვიკვირს მამალი ნაცებისა და „მიშისტების“ აქტიურობა. 

აგერ, კობა სუბელიანიც... ჭორი იმის თაობაზე, რომ მას აქ ძალიან უჭირს და მოხუცს უვლის, არის მიამიტებისთვის განკუთვნილი. სუბელიანი ყველა აქციის ან ორგანიზატორია, ან _ აქტიური მონაწილე და წუთს არ კარგავს ქულების ჩასაწერად და თავისი პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოთხოვნის გასამყარებლად, რომელზეც განაცხადი აშშ-ის საემიგრაციოში, უკვე დიდი ხანი აქვს შეტანილი... 

და ასე, რომელი ერთი ჩამოვთვალო...“, _ დაწერა სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ, აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ჟურნალისტმა რუსუდან წერეთელმა. 

სხვათა შორის, აწ უკვე ექსდეპუტატ ზარდიაშვილს იმ ბრლადებაზე, რომ ნაციონალების, კერძოდ, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო, მკაფიო კომენტარი არასოდეს გაუკეთებია. ყოველ შემთხვევაში, ეს ბრალდება არ უარუყვია და არც ის უთქვამს, დიახაც, ადეიშვილთან ვმუშაობდიო. არადა, მის შესახებ ფართო საზოგადებამ, სწორედ „ნაციონალების“ ზეობის მიწურულს შეიტყო _ კერძოდ, სასამართლოს მანდატურებმა, რომლებიც „ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, მას ბრალი ზეწოლაში დასდეს. 

შეგახსენებთ: 2010-2102 წლებში, ზარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატს ხელმძღვანელობდა. 

კვლევაში, რომელიც გასულ წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: 

„2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, საქალაქო სასამართლოს მანდატურები, ვანო ზარდიაშვილს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. მანდატურები ამბობდნენ, რომ მათ „ქართული ოცნების“ აქციაზე წასვლას უკრძალავდნენ, წასვლის შემთხვევაში კი, ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე სთხოვდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის აქციას დასწრებოდნენ. 

გარდა ამისა, ვანო ზარდიაშვილს ახლო მეგობრული და ნათესაური კავშირი აქვს სასამართლოში ყველაზე გავლენიან პირად მიჩნეულ მიხეილ ჩინჩალაძესთან (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე). 

ამავდროულად, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ვანო ზარდიაშვილის წარსული საქმიანობა და ასევე, მისი მჭიდრო ნათესაური კავშირი სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან, ქმნის ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეს, რა დროსაც ძლიერი არაფორმალური კავშირები პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნელების მხრიდან პირადი, ან პოლიტიკური მიზნებისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული''. 

მას შემდეგ კი, რაც რამდენიმე კვირის წინ, ეკა ბესელიამ ზარდიაშვილს პირზე ხელი ააფარა, გაზეთმა „ბათუმელები“ შემდეგი სტატია გამოაქვეყნა: 

„...ბესელიასა და ზარდიაშვილის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ გახდა შესამჩნევი, როცა ეკა ბესელიამ დატოვა „ქართული ოცნება“ და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, წინა ხელისუფლების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი და „სასამართლოს კლანი“ დაასახელა. მაშინ ზარდიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლას დანაკარგად არ მიიჩნევს.

პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი ხშირად ასოცირდება ე.წ. სასამართლოს კლანთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვანო ზარდიაშვილი მეჯვარეები არიან, ხოლო ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა 2015 წელს, ლევან მურუსიძის ბრძანებით, დაინიშნა იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. მურუსიძე 2018 წელს დანიშნა იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ. 

პარლამენტარი ზარდიაშვილი, პროფესიით სამართალმცოდნეა და როგორც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მისი ჩV-დან ჩანს, სამუშაო გამოცდილება 2004 წელს დაიწყო, როცა ზარდიაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი იყო. 2004 წელი მომავალი დეპუტატისთვის, როგორც ჩანს, წარმატებული იყო, ზარდიაშვილის რეზიუმეში მითითებულია, რომ ამავე 2004 წელს, იგი იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თანაშემწე და ასევე, 2004 წელს – საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მრჩეველი. 

 

2008 წლიდან, ზარდიაშვილის კარიერა უკვე თბილისის მერიაში გაგრძელდა. 2007 წელს, იგი თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, 2007-2010 წლებში, იყო თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, 2010-2012 წლებში – უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი. 

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ვანო ზარდიაშვილმა მუშაობა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო, სადაც იგი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2013 წელს, ზარდიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2013-2016 წლებში კი – სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე. 

2016 წელს, ვანო ზარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით. 

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის ქონებას, დეკლარაციების მიხედვით ჩანს, რომ მისი ქონება წლიდან წლამდე იზრდება. 2013 წელს, ვანო ზარდიაშვილს 2 ბინა ჰქონდა თბილისში, 2015 წელს, მის დეკლარაციაში 6 ბინაა ასახული, უკვე 2019 წლის დეკლარაციის თანახმად კი, პარლამენტარ ზარდიაშვილსა და მის მეუღლეს, 8 ბინა და 1 კომერციული ფართობი აქვთ. 

ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ორი ბინა – 110 კვ.მ თბილისში და 51.6 კვ.მ ბათუმში – თინათინ აბრალავას მშობლებმა აჩუქეს. 

2018 წელს, ვანო ზარდიაშვილმა 46 796 ლარი მიიღო, როგორც პარლამენტის წევრმა, თინათინ აბრალავამ კი – 54 636 ლარი. 

წელს ვანო ზარდიაშვილს აშშ-დან მიღებული აქვს ფულადი გზავნილი – 34 448 დოლარი, დედისაგან. პარლამენტარს თიბისი ბანკში აქვს მიმდინარე სესხი – 110 000 დოლარი, მის მეუღლეს კი იჯარით გაცემული ქონებიდან აქვს შემოსავალი – 21 182 ლარის ოდენობით. 

დეკლარაციაში ასახულია პარლამენტარის შვილების სწავლის გადასახადიც – 3 500 დოლარი და 2 750 ლარი – ბაღის გადასახადი. 

დეკლარაციაში ასახული არ არის, რომ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა, ფლობს 5%-იან წილს შპს „პენტჰაუსში“. რეგინფო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თინათინ აბრალავა მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრის, ანზორ აბრალავას შვილია, რომელიც ასლან აბაშიძის „აღორძინების კავშირის“ პარტიული სიით მოხვდა პარლამენტში. ამჟამად ანზორ აბრალავა, შპს „იბერია-ექსპრესის“ 25%-იანი და „თამ მენეჯმენტ გრუფის“ 1.50%-ის მფლობელია''. 

იმის გამო, რომ ბოლო წუთამდე ნაციონალების სამსახურში იყო, ბატონი ზარდიაშვილი უხერხულობას არც მაშინ გრძნობდა, როცა „ოცნების“ სახედ ითვლებოდა. ყოველ შემთხვევაში, ბესელიასთან ჩხუბის შემდეგ, მან ერთ-ერთ ქართულ ბეჭდურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა: 

„2010-2011 წლებში, მე ვიყავი საჯარო მოხელე და საჯარო მოხელე იყო ათიათასობით ადამიანი... ვმუშაობდი სასამართლოში, სასამართლოს მენეჯერად. რაც შეეხება დანაშაულს, მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია და უამრავი კარგი ადამიანი მუშაობდა და მუშაობს საჯარო აპარატში. კი, ადეიშვილის თანაშემწეც ვიყავი, მერე? 

მე, ისევე, როგორც ათი ათასობით ადამიანი, ვიყავი საჯარო მოხელე და ვაგვარებდი ტექნიკურ საკითხებს. კანონდარღვევებზე კი ისეთივე ინფორმაცია მქონდა, რაც თქვენ''. 

საინტერესოა, რომ ოპოზიციის მტკიცებით, სახელმწიფო უწყებებში მუშაობის დროს, ზარდიაშვილი მილიონერი გახდა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე თვის წინ, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გუნდმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, ზარდიაშვილი ნახევარმილიონიან ქონებას მძღოლის სახელზე მალავსო. 

„ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია, როგორც ირკვევა, სახელმწიფომ გოცაძეს 30-წლიანი იჯარით გადასცა – ერთი კვადრატული, წელიწადში _ 7 ლარად და 14 თეთრად. 

როდესაც დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, აუდიტის სამსახურში მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდა, ზუსტად იმ პერიოდში გადასცა სახელმწიფომ გიორგი გოცაძეს მიწა იჯარით, თუმცა გოცაძეზე მიწის ნაკვეთი ფორმალურად გაფორმდა, მისი რეალური მეპატრონე კი „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილია'', _ იუწყებოდა მაშინ „კურიერი“. 

ერთი სიტყვით, ზარდიაშვილმა, პირდაპირ თუ ირიბად, მმართველ პარტიას, 2016 წლიდან მოყოლებული, სერიოზული თავის ტკივილები შეუქმნა, თუმცა ბოლო წუთამდე, მას უბატონოდ ხმას არავინ სცემდა. აბა, რა მოხდა ახლა _ მართლა თვითონ გადაწყვიტა პარლამენტის დატოვება, თუ ამ გადაწყვეტილების მიღება ვინმემ აიძულა? 

არსებობს ინფორმაცია, რომ ზარდიაშვილი და მისი თანამოაზრეები, ხელისუფლების ცალკეულ თანამდებობის პირებს აშანტაჟებდნენ. რას ნიშნავს შანტაჟი? _ როგორც ამბობენ, სხვადასხვა თანამდებობის პირებს სთხოვდნენ, ის გადაწყვეტილებები მიეღოთ, რომელიც მათთვის იყო ხელსაყრელი. 

ამას გარდა, მოარული ხმის თანახმად, ზარდიაშვილი „ოცნების“ იმ დაჯგუფების წევრია, რომლის „ატამანადაც“, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სპიკერის პოსტი დატოვა, გუნდში ლიდერობა ყველამ მოინდომა და ამ ნიადაგზე, ერთგვარი კონკურენციაც კი დაიწყო. 

სხვათა შორის, საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსი“ იუწყება, რომ ზარდიაშვილის ბედს მალე კიდევ რამდენიმე „მეოცნებე“ გაიზიარებს. 

„ჰოთნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, პარლამენტს „ოცნების“ კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს. კონფიდენციალური წყაროს ვერსიით, ერთ-ერთი პირველი, ვინც ვანო ზარდიაშვილს მიბაძავს, დიდი ალბათობით, მამუკა მდინარაძე იქნება. ასევე, პოლიტიკურ კულუარებში სახელდება სოფო კილაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატზე, შესაძლოა, უარი თქვას. 

შეგახსენებთ: დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი გუშინ დატოვა, თუმცა განმარტა, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება. ზარდიაშვილამდე კი დეპუტატობაზე უარი შოთა შალელაშვილმა თქვა. 

რატომ ტოვებენ „ოცნების“ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს? _ ამის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. მაგალითად, ზარდიაშვლის პარლამენტიდან წასვლის შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დაშლა დაიწყო, თუმცა ასევე არსებობს ვერსია, რომ ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმა, მმართველ პარტიაში შიდა გარჩევების შედეგია. არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს, მით უმეტეს, რომ იგივე ზარდიაშვილის არგუმენტი, თუ რატომ გადაწყვიტა პარლამენტიდან წასვლა, საზოგადოებისთვის ბოლომდე დამაჯერებელი არ იყო'', _ ეს ინფორმაცია „ჰოთნიუსმა“, 8 ოქტომბერს გაავრცელა. 

უმრავლესობის წევრები საჯაროდ არ ადასტურებენ, მაგრამ პირად საუბარში ამბობენ, რომ მოქმედი დეპუტატებიდან ძალიან ბევრი, 2020 წელს, „ოცნების“ საპარლამენტი სიაში ვეღარ მოხვდება. ამასთან, იმის თაობაზეც კეთდება მინიშნებები, რომ ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლით, „ოცნებამ“, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ეს სწორედ ის არის, რის შესახებაც შარშან „ოცნების“ თავმჯდომარე საუბრობდა ანუ ყველას გვახსოვს, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მიმართა და ყველაფრის გამოსასწორებლად, ერთწლიანი ვადა მოითხოვა. 

თუ ამ ვერსიას გავყვებით, მაშინ, ალბათ, ისიც უნდა დავუშვათ, რომ „ოცნება“ შელახული იმიჯის აღსადგენად, უკან არაფერზე დაიხევს და არც იმ თანაგუნდელების დაჭერას მოერიდება, რომელთა მიმართაც კორუფციული ეჭვები არსებობს. 

მოკლედ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში