Menu
RSS

დიდი კულუარული ომი ოპოზიციაში

რა პრეტენზიები აქვთ ბოკერიასთან და რას ამბობენ პირად საუბრებში „ანტიოცნებელები“ გვარამიაზე

ოპოზიციამ იმდენი ეძახა, „გადადექი, გადადექიო“, რომ საბოლოოდ, მართლაც გადადგა, თუმცა გიორგი გახარია, ცხონებული შევარდნაძის მსგავსად, სახლში კი არ წავიდა, არამედ, კარიერულ საფეხურზე უფრო მაღლა ავიდა, ესე იგი, პრემიერი გახდა. ჰოდა, გახარიას დაწინაურებამ, როგორც „ვერსიისთვის“ ხდება ცნობილი, ოპოზიციაში გარკვეული დისონანსი შეიტანა. უფრო მეტიც, როგორც ჩვენი წყაროები გვეუბნებიან, შს ყოფილი მინისტრის გაპრემიერების შემდეგ, ოპოზიციის სხვადასხვა ფრთა ერთმანეთს დაუპირისპირდა კიდეც. ზოგადად, ჩვენთვის რომ ვთქვათ, „ანტიოცნებელები“ ერთ მუშტად შეკრულები არასოდეს ყოფილან. ყოველ შემთხვევაში, ყველამ იცის, რომ „ევროპული საქართველო“, კონკრეტულად, ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თანამეცხედრე, ჟურნალ „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, გაერთიანებულ ოპოზიციას ანუ მიხეილ სააკაშვილის მიმდევრებსაც ზუსტად ისეთივე რეჟიმში ასამარებს, როგორც, ვთქვათ, მმართველ გუნდს.

ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ოცნებას“ შეუძლია, გულ-ხელი დაიკრიფოს და მშვიდად დაელოდოს, ყოფილი თუ მოქმედი ნაციონალები ერთმანეთს როგორ „დაჭამენ“. 

რას ვერ იყოფს ოპოზიციის სხვადასხვა ფრთა? _ როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, კონფლიქტიის ერთ-ერთი საბაბი აქცია „სირცხვილია“, რომელიც პარლამენტის წინ 20 ივნისის შემდეგ იმართება. აქ ვინმეს, ცხადია, გაუჩნდება ლოგიკური და ბუნებრივი კითხვა, როგორ შეიძლება აქცია, რომელიც ოკუპაციისა და 20 ივნისს, აქციის დაშლის დროს სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტების საწინააღმდეგოდ იმართება, დაპირისპირების მიზეზი გახდესო? ამ კითხვაზე, წესითა და რიგით, ერთი პასუხი უნდა არსებობდეს _ დიახ, არ შეიძლება, მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერი „უკუღმაა მოწყობილი“. 

ჰოდა, შესაბამისად, არც ისაა გასაკვირი, რომ ზემოხსენებულმა აქციამ ოპოზიცია დაქსაქსა, თუმცა მოდით, მოვლენათა განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ. 

მოკლედ, მიმდინარე წლის 20 ივნისი, დილა, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში მიმდინარე „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის“ სესიამ საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლა. უფრო მეტიც, ჟურნალისტები იმასაც იუწყებიან, რომ ამ სესიის ერთ-ერთი „შეფი“, ესე იგი, რუსული კომუნისტური პარტიის წევრი და „დუმელი“ გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში „ჩასკუპდა“. 

აღნიშნულს ევროპული საქართველოს საპარლამენტო წარმომადგენლები აპროტესტებენ _ პარლამენტის სხდომათა დარბაზს იკავებენ და რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი სესიის წაყვანას ვეღარ ახერხებს. შესაბამისად, ღონისძიება იშლება. 

პარალელურად, ქუჩაში რიგითი მოქალაქეები გამოდიან და თბილისში საპროტესტო აქცია იწყება. გავრილოვი სასტუმრო „რედისონში“ იკეტება, სადაც ის პარლამენტიდან გადაიყვანეს. მალევე, რუსი დეპუტატი კვერცხებისა და ბოთლების სროლების ფონზე აღნიშნულ ლოკაციას ტოვებს, თბილისის აეროპორტში მიდის და მოსკოვში მიფრინავს. 

მიუხედავად ამისა, ე.წ. გავრილოვის ამბების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ აქცია მაინც გრძელდება. თავიდანვე ნათლად იყო ნათქვამი, რომ აქციის ორგანიზატორები სამოქლაქო აქტივისტები იყვნენ. შესაბამისად, სიტყვით გამომსვლელთა შორის პოლიტიკოსები კანტი-კუნტად ჩანდნენ, თუმცა იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ ახალგაზრდებს ვიღაც მართავდა. 

ვინ იყო ეს „ვიღაც“? _ დღეს, როცა ემოციები ასე თუ ისე დამცხრალია, პოლიტიკურ წრეებში ღიად და ყოველგვარი მინიშნების გარეშე ამბობენ, რომ „სირცხვილიას“ „ტვინი“ ევროპული საქართველოა. 

უფრო მეტიც, ისინი, ვინც ყველაფერ ამის კულუარებს კარგად იცნობენ, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ „სირცხვილია“ თავიდან ბოლომდე, თამარ ჩერგოლეიშვილის მითითებებითა და დირექტივებით მოქმედებს. 

ამას გარდა, ოპოზიციის კულუარებში ის ვერსიაც ფიგურირებს, რომ ევროპული საქართველოსა და „ოცნების“ ინტერესები გარკვეულ საკითხებში, ერთმანეთს ემთხვევა ანუ მინიშნებები კეთდება, რომ 2020 წელს, დღევანდელი მმართველი პარტია თითქოს გეგმავს, ხელისუფლება სწორედ ბოკერიას გუნდს გადააბაროს. სხვათა შორის, ამ სცენარზე ღიად საუბრობენ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები. 

უფრო მეტიც, როგორც „ვერსიას“ სარწმუნო წყარო ეუბნება, აღნიშნულ თემაზე ორი თვის წინ, ოპოზიციაში ერთგვარი „რაზბორკებიც“ გაიმართა და ბოკერიასა თუ სხვებს მოსთხოვეს, პასუხი გაეცა კითხვაზე, აქვს თუ არა ფარული კომუნიკაცია „ოცნებასთან“. 

ზოგადად, „ოცნებისა“ და ბოკერიას ფარულ პოლიტიკურ „ლავ სთორიზე“ ხმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, კერძოდ მაშინ გავრცელდა, როცა ბატონ ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში მოუწია მისვლა. 

„უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს,“ _ ამ სათაურით „ნიუსი“ „ტაბულამ“, ზუსტად ოთხი წლის წინ, 2014 წლის 4 აპრილს გაავრცელა 

„უწყებაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ჩაბარდა, არ არის დაკონკრეტებული, თუ რა საქმეზე იბარებენ ბოკერიას დაკითხვაზე,“ _ იუწყებოდა „ტაბულა“. 

სხვა ქართული ინტერნეტგამოცემები გამომძიებელ დავით თევზაძეს დაუკავშირდნენ, რომელმაც ბოკერია დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა მან საქმის შინაარსზე საუბარი არ ისურვა. 

ყველაფერ ამას კი ბიძინა ივანიშვილის განცხადება უძღოდა -ანუ 2013 წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც მაშინ პრემიერის პოსტი ეკავა, განაცხადა -უშიშროების საბჭოს მიერ ლობისტებზე დახარჯული თანხების საქმე პროკურატურაშია და გამოძიება მიმდინარეობსო. 

„ისინი ახერხებდნენ ძვირი პიარკამპანიების წარმოებას. ძალიან ბევრი ლობისტები, მათ შორის, ბოკერია… 16 მილიონით _ მარტო წინა წელს აქვს ბოკერიას, რომელიც ძირითადად, პიარკამპანიით იყო დაკავებული და დღესაც, მთელი წლის განმავლობაში იმითაა დაკავებული, რომ ჩირქი მოსცხოს ქვეყანას. 

ბოკერიას სამსახური _ უშიშროების საბჭო მთლიანად სააკაშვილის პიარზე იყო მორგებული. ეს არის შედეგი, რატომ გამოიტანეს კომიტეტში და არა _ პარლამენტში, პარლამენტში კიდევ ვახერხებთ ამას. ეს არის შედეგი იმის, რომ მთელი ევროპა სიცრუეში ჰყავდა. ატყუებდნენ აშშ-საც. 

დღეს რაც ხდება, ჩვენგან წაგლეჯილ ფულს იყენებდნენ და გარეთ ლობისტებს ამუშავებდნენ, მაგრამ ამას უკვე საფუძვლები გამოეცალა და ერთეულებიღა დარჩა. კლებაში წავიდა პროცესი'', – განაცხადა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ იმ 16 მილიონიდან, რაც ბოკერიას სამსახურის მიერ ლობისტებზე იყო გადაცემული, 300-400 ათასი ნაღდი ანგარიშსწორებით იყო გაცემული, მათ შორის, ელჩებზე. 

უცნობია, რა კითხვები დაუსვეს გიგა ბოკერიას. ასევე, უცნობია, რა ბედი ეწია ე.წ. ბოკერიას საქმეს, რომელიც მთავარ პროკურატურაში იყო გადაგზავნილი. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ საგამოძიებო უწყებასთან კომუნიკაციიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ კი ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა შიგნიდან „ააფეთქა“ ანუ სააკაშვილის პარტია დატოვა და თითქმის ყველა „ფეისი“ ევროპულ საქართველოში გადააპორტირა. 

ეს ამბავი კი, როგორც მაშინდელი მედია იუწყებოდა, ასე მოხდა: 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რამდენიმეთვიანი შიდადაპირისპირების შემდეგ, გაიყო. ამის თაობაზე საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. 

ნაციონალური მოძრაობა დატოვა პოლიტიკოსთა იმ ჯგუფმა, რომელიც პარტიის 20 იანვრის ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევს. 

საგანგებო ბრიფინგს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მთავარი ოფისის წინ ჩატარდა, პარტიის საპარლამენტო დეპუტაციის უმრავლესობა ესწრებოდა.

პირველად სიტყვით, პოლიტსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარე და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ ჯგუფი ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის. 

მისი სიტყვებით, იმ კამათმა და დისკუსიამ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარეობდა, მიიღო სრულიად მახინჯი და არასწორი ფორმა. 

ვითარება, მისივე სიტყვებით, განსაკუთრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამწვავდა. უთანხმოება პარტიის სამომავლო სტრატეგიასა და ტაქტიკას შეეხებოდა. ახალი პოლიტიკური გუნდი, ემიჯნება რა ნაციონალურ მოძრაობას, ქვეყანაში ახალი რეალობის შექმნას იწყებს: 

„დღეიდან ეს პოლიტიკური ძალა და ეს პოლიტიკური გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანაც იქნება საქართველოში ვითარების შეცვლა უკეთესობისკენ, „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი გზით დასრულება და ქვეყნის განვითარების და პროგრესის დაბრუნება. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ცოდნა და კომპეტენტურობა“. 

დავით ბაქრაძე მიკროფონთან თბილისის ყოფილმა მერმა, საპატიმროდან ერთი კვირით ადრე გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ შეცვალა. 

უგულავას თქმით, პასუხისმგებლობა პარტიის დანგრევაზე ეკისრება ერთ ადამიანს და ეს ის ადამიანია, რომელმაც ეს პარტია დააფუძნა, თუმცა მისივე სიტყვებით, ეს ადამიანი _ მიხელ სააკაშვილი უკვე „აღარ ასხივებს ლიდერობას“, მაგრამ ის დღეს ქვეყნისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს: 

„იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს -დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა, მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის დღეს ადამიანური ტკივილი. ეს ადამიანი დღეს აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულისტკივილით იმიტომ, რომ ეს არ არის მიშა სააკაშვილი, რომელიც ხალხს აერთიანებდა 2002 წელს. ჩვენ, პოლიტიკოსები, ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს და თუ ის ანტიკვარად არ იქცა და თუ ის ისევ გაწუხებს, მაშინ მეორე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო _ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში. ყველა პოლიტიკოსი ვართ ამ არჩევანის წინაშე“. 

ბრიფინგს ნაციონალური მოძრაობიდან წასული დეპუტატები ესწრებოდნენ, მათ შორის: გიგა ბოკერია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, უმცირესობაში შემავალი 6-წევრიანი ფრაქციის ლიდერი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ტუღუში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, გიორგი ღვინიაშვილი, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, მამუკა ჩიქოვანი და, ასევე, გიორგი კანდელაკი. 

ნაციონალური მოძრაობიდან გასული წევრები საქმიანობას გააგრძელებენ ევროპულ საქართველოში, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა. ამის თაობაზე ბრიფინგამდე მედიასთან საუბარში განაცხადა ირმა ნადირაშვილმა, რომლის სიტყვებითაც, პარტია დატოვა 27-კაციანი დეპუტაციის 21-მა წევრმა: 

„პარლამენტის 21 წევრი დატოვებს პარტიას, პარტიას ტოვებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც და ძალიან ბევრი რეგიონული თავმჯდომარეც ჩვენს გუნდში იქნება, მათ შორის, თბილისის 14 თავმჯდომარიდან ამ გაყოფის პროცესში 9 ჩვენ დაგვიჭერს მხარს“. 

ახალ გუნდს არ უერთდება და ნაციონალურ მოძრაობაში რჩება 21 დეპუტატისგან შემდგარი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია. 

მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს რომან გოცირიძემ, თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა. ნიკა მელიამ პარტიიდან წასულ გუნდს მოგვიანებით განცხადებითვე უპასუხა: 

„ვცემთ პატივს მათ აზრს. წამსვლელი წავიდა. უბრალოდ, ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გაკვირვებულები ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვა-გინებას“. 

გუნდს, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვა, თავისი „ფეისბუკის“ გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომლის თქმითაც, პარტია ახლა უფრო ძლიერია, ვინაიდან მასზე კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა. 

მისივე სიტყვებით, „განდგომილების“ რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვნებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა“. 

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამონაკლისი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინაიდან ახერხებდა ლიდერის წასვლის შემდეგ ერთიანობის შენარჩუნებას, თუმცა ეს ბოლომდე ვერ შეძლო და, როგორც ჩანს, ის ახლა უფრო პატარა ჯგუფებად დაიყოფა. ამ რეალობის გათვალისწინებით, ამბობს კორნელი კაკაჩია, ცხადი გახდა, რომ ელექტორატიც გაიყოფა და ამ ახალ ჯგუფს ამომრჩეველთა ხმებისთვისაც მოუწევს ბრძოლა. 

ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილი ჯგუფი პირველი რიგის ამოცანად ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას ასახელებს. 

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორ გადაწყდება ნაციონალური მოძრაობის ქონებრივი რესურსების გაყოფის საკითხი“ („რადიო თავისუფლება“, 12 იანვარი, 2017 წელი). 

სხვათა შორის, ყოფილი მმართველი პარტიის გაყოფიდან თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე არავინ იცის, თუ როგორ გადანაწილდა ნაციონალური მოძრაობის ქონება. ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე ის ადამიანებიც კი არ საუბრობენ, რომლებიც ღიად მიანიშნებენ, რომ „მიშას პარტია“ ბოკერიამ „ივანიშვილთან შეთანხმებით“ დაშალა. 

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისი დღესაც ნაციონალური მოძრაობის საკუთრებაა. 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: დაშლის საფრთხის წინაშე, როგორც კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, ახლა უკვე ევროპული საქართველო დგას. ყოველ შემთხვევაში, გიგი უგულავა და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს საქმეს უკვე საჯაროდ ანუ სოციალური ქსელით ურჩევენ. საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსმა“ კი ერთი კვირის წინ გავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ელენე ხოშტარია „ევროსაქების“ დატოვებას გეგმავს. 

პოლიტიკურ წრეებში მოარული ხმის თანახმად, ევროპულ საქართველოში რამდენიმე დაჯგუფება არსებობს, თუმცა ყველაზე ძლიერი ორი _ ე.წ. უგულავას და ბოკერიას კლანია. შესაბამისად, ერთმანეთს სწორედ ეს ორი კლანი უპირისპირდება. ელენე ხოშტარია გიგი უგულავას კლანის წევრად მიიჩნევა, თუმცა მისგან განსხვავებით, როგორც არაოფიციალურად ამბობენ, პარტიის დატოვებას არ აპირებს უგულავა. პირიქით, ის ცდილობს, რომ ევროპულ საქართველოში პოზიციები გაიმყაროს და ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ ბოკერიას გავლენები შეამციროს. 

ევროპულ საქართველოში შიდა ომი, „ვერსიის“ წყაროების მონაცემებით, ე.წ. გავრილოვის კრიზისის შემდეგ დაიწყო. ბოლოს კი, საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოკერიამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორის და ამჟამად „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას „გადაბირებაც“ მოახერხა ანუ როგორც ჩვენ გვეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია გარეგნულად სააკაშვილის პოზიციებს ამყარებს, ის, რეალურად, ბოკერიას ინტერესების გატარებას ცდილობს. 

რას ნიშნავს „ბოკერიას ინტერესების გატარება“? _ ამ კონტექსტში ინფორმატორები „რუსთავი 2“-ის ეთერში გვარამიას სკაბრეზულ ლექსიკას იხსენებენ და ამბობენ, რომ მისმა ასეთმა ბილწსიტყვაობამ ნაცმოძრაობის ამომრჩეველზეც კი არცთუ კარგად იმოქმედა. 

ყველაფერი ეს შესაძლოა, გადაჭარბებული შეფასებებია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პირად საუბრებში, იგივე გაერთიანებულ ოპოზიციასთან დაახლოებული ადამიანები ყველაფერ ზემოთქულს არ უარყოფენ და ამბობენ, რომ ოპოზიციაში გარკვეული სახის კრიზისია, თუმცა საგულისხმოა, რომ ყველაფერ ამაზე საჯაროდ საუბრის სურვილს არავინ გამოთქვამს. 

უფრო მეტიც, ის ადამიანები, რომლებიც, იგივე გვარამიას „კადრს მიღმა“ არცთუ დადებითად მოიხსენიებენ, საჯაროდ დითირამბებს უძღვნიან, სოციალურ ქსელში კი, მის თითქმის ყველა სტატუსს აზიარებენ, ან სულ მცირე, „გულავენ“. 

აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ქვეყნის მომავალზე არცთუ დადებითად მოქმედებს!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში