Menu
RSS

რამზან ხანგოშვილის მკვლელობის ანატომია

რუსული სასიკვდილო „რულეტკა“ _ „ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი გეგმიური მოქმედებები“

პანკისში გლოვაა _ ხეობა რამზან ხანგოშვილს გლოვობს, რომელიც 23 აგვისტოს, გერმანიაში მოკლეს. როგორც გერმანული მედია იუწყება, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, პატარა სკვერში, შუადღისას, კერძოდ, 12:00 საათზე იმ დროს მოკლეს, როცა ფეხით გადაადგილდებოდა. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ თავდამსხმელი ველოპისედით მოძრაობდა და მან ახალგაზრდა მამაკაცს თავში დამიზნებით ესროლა. ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და, როგორც გერმანელი სამართალდამცავები იუწყებიან, ის რუსეთის მოალაქეა. სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზელიმხანის მკვლელობა რუსული სპეცსამსახურების შეკვეთილი და შესრულებლია.

რას ერჩოდა კრემლი ხანგოშვილს? _ ვიდრე ამ კითხვას გავცემთ პასუხს, მოდით, ვთქვათ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩრდილოეთი, ჩეჩნეთის ომის მონაწილე იმ ადამიანებს მუხანათურად იცილებს, რომლებიც პუტინსა და მის სისხლისმსმელ, ე.წ. ჩეჩნურ პოლიტიკას აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლა არც ომის დამთავრების შემდეგ შეუწყვეტავთ. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ პუტინი ყველა პროტესტანტს სამაგალითოდ სჯის. 

ამ ვერსიას ანვითარებს ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძეც, რომელმაც ქართულ საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსთან“ საუბრისას, ექსკლუზიურად განაცხადა: 

„ჩეჩნური და ქისტური დიასპორები, მეტწილად, გერმანიასა და ავსტრიაში არიან წარმოდგენილები. როგორც ცნობილია, ხანგოშვილი უკრაინიდან დევნის შემდეგ გადავიდა ბერლინში. ისიც ვიცით, რომ თავის დროზე, ხანგოშვილის სახელმა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც გაიჟღერა ანუ ის ჩართული იყო მოლაპარაკებებში სპეცსამსახურებსა და იმ ჯგუფს შორის, რომელიც ლაფანყურის ტყეში იყო დაბანაკებული. მოგვიანებით, ის თბილისში დაჭრეს და, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახმედ ჩატაევთან იყო დაპირისპირებული. რაც შეეხება ხანგოშვილის დაჭრას, აქაც რუსული სპეცსამსახურების კვალია... 

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, ალბათ, ძალიან ბევრს აწყობდა, საკმაოდ ცნობილი ფიგურა იყო, მათ შორის, მონაწილეობდა ბევრ გახმაურებულ საქმეში, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში. რა მიზეზით მოხდა მისი მკვლელობა, ჯერჯერობით, გაურკვეველია, მაგრამ ამ ეტაპზე, მეტწილად, ეჭვი რუსულ სპეცსამსახურებზეა. როდესაც იკვეთება რუსული სპეცსამსახურების ინტერესები და კვალი, რა თქმა უნდა, მათი ქმედებები უმაღლესი ხელისუფლებიდან მოდის. რუსეთის ხელისუფლება და მისი სპეცსამსახურები ეტაპობრივად იშორებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბევრ ინფორმაციას ფლობენ''. 

ამასთან, ბურჭულაძე ამბობს, რომ ზელიმხანი სამართლიანობისთვის იბრძოდა, ის ძალიან დადებითი პიროვნება და ამასთან, ჩეჩნური დიასპორის იმედიც იყო. 

მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რამზან ხანგოშვილი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ რატომ? 

მოდით, მივყვეთ მოვლენათა ქრონოლოგიას, ან უფრო სწორად, მედიაარქივის დახმარებით, გავარკვიოთ, ვინ იყო გერმანიაში მუხანათურად მოკლული რამზან ხანგოშვილი. 

ამ პიროვნების შესახებ ფართო საზოგადოებამ 2012 წელს, ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ გაიგო ანუ ხანგოშვილი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც შეიარაღებულ ჩეჩნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის შუამავლის მისია, საკუთარ თავზე აიღო ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანგოშვილი ამ გახმაურებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი მოწმე იყო და, შესაბამისად, ძალიან ბევრი რამ ეცოდინებოდა. სხვათა შორის, ლაფანყურის სპეცოპერაცია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის მიწურულს, კერძოდ, 2012 წლის აგვისტოში ჩატარდა. მართალია, ამ საქმეზე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, მაგრამ „ლაფანყურის საქმე“ დღემდე ბურუსით არის მოცული, არადა, ოპოზიციში ყოფნისას, „ოცნება“ პირობას დებდა, როგორც კი ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში ავიღებ, სხვა უამრავ ქეისთან ერთად, ფარდას ლაფანყურის საიდუმლოსაც ავხდიო, თუმცა ასე არ მოხდა. 

ისე, აღსანიშნავია, რომ ცალკეული ექსპერტები, რომლებიც ამ თემებს კარგად იცნობენ და ნაციონალების მიმართ სიმპატიითაც არ გამოირჩევიან, პირად საუბრებში მიანიშნებენ, რომ ლაფანყურის მოვლენების დროს, მაშინდელი ხელისუფლება სწორად მოიქცა, თუმცა ამ აზრის საჯაროდ გაჟღერებისგან თავს იკავებენ. 

ლაფანყურის სპეცოპერაციაში ხანგოშვილის, როგორც შუამავლის მონაწილეობას, თავად ზელიმხანის ახლობლებიც არ უარყოფდნენ, თუმცა მედიასთან საუბრისას ისინი ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ხანგოშვილს ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავლის ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ მისი მისია წარუმატებელი აღმოჩნდა ანუ ვერ მოახერხა, ლაფანყურის ხეობაში მყოფი შეიარაღებული ჯგუფის წევრები დაერწმუნებინა, რომ იარაღი დაეყარათ და ხელისუფლებას ჩაბარებოდნენ. 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ლაფანყურის მოვლენების პარალელურად, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხანგოშვილი, რომელიც „ზელო დიშნის“ მეტსახელით იყო ცნობილი, თითქოს შს სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრთან თანამშრომლობდა და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ პროცესებში, როგორც სპეცოპერაციამდე, ისე სპეცოპერაციის შემდეგ, სწორედ ამის გამო ჩართეს, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. 

„26 აგვისტოს, შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა გადასვლა გადაწყვიტეს. დახმარების პირობა მიიღეს „დიშნასა“ და „გუსლიკასგან“ _ „დიშნა“, ზელიმხან ხანგოშვილია... სპეცოპერაციის შემდეგ, „დიშნა“ პანკისის ხეობაში აღარ გამოჩენილა. მასთან კითხვები გვაქვს, ის ლოპოტას ხეობაში მოლაპარაკებებში მონაწილეობდა სანდროსთან (სავარაუდოდ, სანდრო ამირიძე, ანტიტერორისტული ცენტრის სამმართველოს ყოფილი უფროსი, _ რედ.) ერთად, მაგრამ ბოლო დღეებია, არ ჩანს'', _ ამბობდა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, ლაფანყურის სპეცოპერაცის შემდეგ, პანკისის ხეობის ერთ-ერთი მცხოვრები. 

ამასთან, ვიდეოჩანაწერში ხანგოშვილს ახსენებდა ლოპოტას ხეობაში, 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი გადარჩენილი მოწმე, მანსურ შადუნოვიც: 

„მივხვდით, რომ ხაფანგში ვიყავით, ამირიძემ გვითხრა, ჩატაევი გამოიძახეს მოლაპარაკებაზე და დაელოდეთო. ჩვენ წასვლა გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ჯგუფის უხუცესმა წევრმა ვახამ (დოკვახა დოშუევი) თქვა, მოდით, დაველოდეოთ ჩატაევსო, მის ავტორიტეტს პატივი ვცეთ, იქნებ, გამოსავალი მოიძებნოსო... 

მალე ისიც გამოჩნდა, თან ახლდა ვინმე ზურა (მაისურაძე), ზელიმხანი და ამირიძეც იქ იყო''. 

ერთ-ერთ ქართულ, ყოველკვირეულ გაზეთთან ინტერვიუში კი თავად ზელიმხან ხანგოშვილი ლაფანყურის მოვლენებს ასე იხსენებდა: 

„როდესაც შეიარაღებული ჯგუფის გუშაგმა ბილიკზე დაგვინახა, ჩვენკენ ამირიძე გამოუშვეს. უკან ერთი ჩეჩენი მოჰყვებოდა. რაღაცაზე საუბრობდნენ. ამირიძე გაბრაზებული ჩანდა. ამასობაში, ორი შეიარაღებულიც გამოჩნდა. სანდრო მომიახლოვდა და მიჩურჩულა, ერთი-ორი აქაურიაო. 

ღამე იყო. მე ჯგუფის მხოლოდ 5-6 წევრი ვნახე, მათგან ორი ვიცანი _ სურხო დუდაევი და ინგუში ასლანი, რომელიც, როგორც მივხვდი, ლიდერობას ჩემულობდა. მოგვიანებით, კიდევ ერთი დავადგინე _ აბუ ჰამზა. 

ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოლაპარაკებაზე მხოლოდ 20 წუთი უნდა დაგვეყო. საუბარი 40 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. მახსოვს, ამირიძემ ვეღარ მოითმინა, ან „ჰო“ თქვით, ან „არაო“. ამის თქმაზე, ერთმა კონდახი მოუქნია. 

მაისურაძე დროდადრო ატყობინებდა ხელმძღვანელობას შექმნილ მდგომარეობას, ისინი გვაჩქარებდნენ, ალბათ, ფიქრობდნენ, თუ ღამით შეიარაღებულ ჯგუფს ტყეში დიდხანს გავაჩერებთ, საზღვრისკენ გაპარვას მოახერხებენო. 

ჯგუფის წევრებს ვუხსნიდით, საზღვრის გადალახვის შემთხვევაში, რუსები თვალის დაუხამხამებლად დაგხოცავენ და საქართველოს ტერიტორიასაც დაბომბავენო. ზოგი გვეთანხმებოდა, ზოგი _ არა. აბუ ჰამზა ჯიუტად ამტკიცებდა, იარაღი რომ ჩავაბაროთ, ესენი რუსებს გადაგვცემენო. 

ბოლოს, ზურა მაისურაძემ მითხრა, მეტ დროს აღარ გვაძლევენო. ძალიან დავიძაბეთ. ჩატაევს გადავხედე, ახლა რა ვქნათ-მეთქი. ყველაფერს წუთები წყვეტდა. ახმედმა, იქნებ, თქვენმა ხელმძღვანელობამ დრო მოგვცეს, რომ ეს ბიჭები სადმე სოფელში გავიყვანო და დავაწყნაროო, საუბარი იყო ერთ კვირაზე. 

ამხელა დროს არავინ მოგვცემს-მეთქი. იქნებ, სამი დღე მაინც მომცენო. ჩვენი საუბარი შეიარაღებულებსაც ესმოდათ, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. ჩატაევს ვუთხარი, იქნებ ხელმძღვანელობა დავითანხმოთ-მეთქი. 

ის იყო, წამოსვლა დავაპირეთ, რომ ჯგუფის ერთმა წევრმა დამიძახა ჩეჩნურად, ამირიძეს და მაისურაძეს აქ დავიტოვებთ და თუ მოგვატყუეს, ამათ დავაჭრით თავებსო. ჯგუფის წევრებმა რამდენჯერმე იარაღი გადატენეს. მე რომ ხმას ავუწიე, მაისურაძე მიხვდა, რომ სიტუაცია უკონტროლო ხდებოდა.

ბოლოს, ყველა გამოგვიშვეს და ორიც თავისიანი გამოგვაყოლეს. ქართველ მესაზღვრეებს რომ მივუახლოვდით, სანდრო ამირიძე და ზურა მაისურაძე მათთან გავუშვი დასარეკად. მათ რომ შეაგვიანდათ, ჩვენი გამყოლი ორი ჩეჩენი აშკარად ანერვიულდა. ჩატაევს ვუთხარი, გავიგოთ, რა ხდება-მეთქი. მან გამოყოლა დააპირა, მაგრამ ჩეჩნებმა არ გამოუშვეს. წავედი ამბის გასაგებად. გზაში ორი აჩრდილი დავინახე. ამირიძე და მაისურაძე მეგონა. ქართველი სპეცრაზმელები აღმოჩნდნენ. მითხრეს, თქვენებს ხელმძღვანელობამ უარი უთხრაო. საგუშაგოს უკან რომ გადაგვიყვანეს, დავინახე _ სამასი კაცი იდგა. ყველაფერს მივხვდი. ერთი ის ვუთხარი, რომ სამოქალაქოფორმიანი ცალხელა ჩვენიანია, არაფერი დაუშავოთ-მეთქი. ოპერაციის დაწყებას არც ვაპირებთ, ახლოს მივალთ და კიდევ ერთხელ შევთავაზებთ იარაღის დაყრასო. დაახლოებით ნახევარ საათში, პირველი გასროლის ხმაც გავიგე. მერე იქ ვინღა გამაჩერებდა...“ 

როგორც აღვნიშნეთ, ხანგოშვილის შესახებ ფართო საზოგადოებამ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს შეიტყო, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის რუსეთ-ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდა და სწორედ ამის გამო, რუსეთის პოლიციის მიერ იძებნებოდა. ამასთან, რუსეთის მედია ხანგოშვილს ხშირად მოიხსენიებდა საქათველოში „დოკუ უმაროვის წარმომადგენელად“. 

კიდევ რა ვიცით რამზან ხანგოშვილის შესახებ? _ სანამ ემიგრაციაში წავიდოდა, ის პანკისში, კერძოდ, სოფელ დუისში ცხოვრობდა. ემიგრაციაში კი ოთხი წლის წინ, მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ წავიდა ანუ 2015 წელს, ზელიმხან ხანგოშვილს თბილისში, კერძოდ, ჟვანიას მოედანზე თავს დაესხნენ და სწორედ მაშინ მოექცა ის ხელმეორედ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 

„ზელიმხან ხანგოშვილი ქალაქის ცენტრში, ჟვანიას მოედნის მიმდებარედ, მირზა გელოვანის ქუჩაზე იმ დროს დაჭრეს, როდესაც სახლიდან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას უცნობმა პირმა მანქანიდან ესროლა, ხანგოშვილს ოთხი ტყვია მხარსა და ხელში მოხვდა. როგორც მისმა მეგობარმა განაცხადა, ხანგოშვილმა მოახერხა თავის ხელით იმგვარად დაცვა, რომ თავდამსხმელმა ტყვია თავში ვერ მოარტყა. 

ახლობლების თქმით, დაჭრილი ხანგოშვილი საკუთარი ფეხით მივიდა რესპუბლიკურ საავდამყოფომდე, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. საავადმყოფოში გაირკვა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი სხვა გვარ-სახელით _ თორნიკე ქავთარაძედ იყო დარეგისტრირებული, რაც მისმა ოჯახის წვერებმა იმით ახსნეს, რომ ჩეჩნეთის ომის მონაწილე ხანგოშვილს, რუსეთიდან რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომაც შეიცვალა გვარ-სახელი. ისინი მის დაჭრას, სწორედ რუსულ ინტერესებს უკავშირებენ'', _ იუწყებოდა 2015 წლის მაისში ქართული მედია. 

ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, იმ ადამიანებმა, რომლებიც 2015 წელს, მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმის დეტალებს იცნობდნენ, ცხადია, მომხდარზე კომენტარი გააკეთეს. ერთ-ერთმა მათგანმა, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ პროგრამების ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ გაიხსენა, რომ საქართველოში მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმის გამოძიებაში, აღნიშნული ცენტრიც იყო ჩართული. 

„ახალგაზრდა ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში, რუსეთ-ჩეჩნეთის ომში იბრძოდა. ის ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური და ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, ასლან მასხადოვთან დაახლოებული პირი იყო. სწორედ ომის გამოცდილების გამო, მის მიმართ რუსეთის სპეცსამსახურების დაინტერესება მაღალი იყო. 

2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში, დღისით, მასზე ორგანიზებული თავდასხმა განხორციელდა. მისი მიმართულებით, 8 ტყვია ისროლეს, დაიჭრა, თუმცა წარმოუდგენელი მოქნილობითა და გამძლეობით, მაშინ მან გადარჩენა მოახერხა. 

ზელიმხან ხანგოშვილმა და მისმა ოჯახმა პროკურატურას დაცვის სპეციალური ღონისძიებების მიღება მოსთხოვეს, თუმცა აშკარა და ძალიან მაღალი რისკების მიუხედავად, პროკურატურამ დაზარალებულის ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. სიცოცხლისთვის მაღალი რისკების გამო, ხანგოშვილების ოჯახი იძლებული გახდა, სხვა ქვეყნისთვის შეეფარებინა თავი. 

4 წელზე მეტი გავიდა თავდასხმის საქმეზე და საქართველოს პროკურატურამ არაფერი გააკეთა თავდასხმის საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის. გამოძიების პირველივე ეტაპზე, მნიშვნელოვანი შეცდომები იყო დაშვებული: 

არ მოხდა იმ ქუჩებში დამონტაჟებული ყველა ვიდეომასალის ამოღება, სადაც თავდასხმა განხორციელდა. ზოგიერთი ვიდეომასალის ამოღება კი გამოძიების დაწყებიდან 7 თვის შემდეგ განხორციელდა. ეს მაშინ, როცა ვიდეომასალის დროული და სრულყოფილი ამოღება, გამოძიებას თავდამსხმელების დროული იდენტიფიცირებისა და დაკავების შესაძლებლობას მისცემდა; 

დროულად არ ჩატარდა ამოცნობის მოქმედება და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, ზელიმხანის ძმასთან ჩაატარეს ამოცნობა და არა უშუალოდ ზელიმხანთან, რომელიც თავდასხმის დროს, მარტო იმყოფებოდა და ცხადია, მხოლოდ მას შეეძლო თავდამსხმელების ამოცნობა; 

მნიშნელოვანი ექსპერტიზები საქმეზე, მხოლოდ მომხდარიდან 3 წლის შემდეგ ჩატარდა; 

გამოძიების კვალიფიკაცია ასევე, პრობლემა იყო და ნაცვლად განზრახ მკვლელობის მცდელობისა, პროკურატურამ საქმეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების კვალიფიკაცია მისცა. 

გამოძიების დინამიკა უთითებს, რომ პროკურატურა არც კი ფიქრობდა საქმის რეალურ გამოძიებას და წარმოუდგენელი გულგრილობა გამოავლინა. 

გუშინ ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში მოკლეს. იმედია, გერმანიაში გამოძიება დაადგენს, ვის მიერ და რა ინტერესით მოხდა ეს მკვლელობა. გამოძიების დროს არსებითია გათვალისწინებული იყოს თბილისში განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდი. ისიც ცხადია, რომ ჩეჩნეთის ომის მონაწილეებს არა მხოლოდ ომის დროს უსწორდებოდნენ სასტიკად, არამედ ეს დევნა და განადგურება დაგეგმილი სქემით, შემდეგ წლებშიც გრძელდება. ომის არაერთი მებრძოლი, შემდეგ წლებში, ზელიმხანის მსგავსად, სასტიკად არის მოკლული. 

ზელიმხან ხანგოშვილს მეუღლე და ოთხი შვილი ყავს. ვუსამძიმრებ მათ და მთელ პანკისის ხეობას ამ მძიმე დანაკარგს. მით უფრო, რომ ვიცი, არა ერთი ადამიანისთვის ხეობაში, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ზელიმხანის გამოცდილება, მაგალითი და მხარდაჭერა'', _ დაწერა მიქელაძემ სოციალურ ქსელში. 

თავდასხმის შემდეგ, ხანგოშილმა ხელისუფლებას დაცვა სთხოვა, თუმცა მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. სწორედ ამიტომ, საქართველო დატოვა და გერმანიაში წავიდა. სხვათა შორის, თბილისში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. კერძოდ, ითქვა, რომ ხანგოშვილზე შურისძიებას კავკასიელები ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო ცდილობდნენ და ამიტომ ესროლეს. ასევე, ითქვა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა მისი მოკვლა ჩეჩნეთის ომის გამო სცადეს. 

„ზელიმხანი საქართველოში რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობს. არაფერი ვიცით მისი საქმიანობის შესახებ და არც ის, თუ რატომ გადაწყვიტა წასვლა'', _ ამბობენ პანკისის ხეობის წარმომადგენლები. ამასთან, პანკისელი ჟურნალისტი, სულხან ბორძიკაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2015 წელს განხორციელებულ თავდასხმაში, ზელიმხანი ბრალს რუსეთს სდებდა და ამბობდა, რომ კრემლი ჩეჩნეთის ომის გამო სდევნიდა. 

„პანკისში, როგორც ვიცი, მშობლები და ძმა ჰყავს. ცოლ-შვილი კი გერმანიაში ჰყავდა. საქართველო 2015 წელს იმიტომ დატოვა, რომ მისი მოკვლის რეალური საფრთხე არსებობდა. მაშინაც შემთხვევით გადარჩა. მან საქართველოს ხელისუფლებას დახმარება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამიტომ, შედარებით უსაფრთხო ქვეყანაში, გერმანიაში წავიდა, თუმცა როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურებმა იქაც მიაგნეს'', _ ამბობს ბორძიკაშვილი. 

ხანგოშვილის მკვლელობის ე.წ. რუსული კვალის პარალელურად, კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე სხვა ვერსიასაც ანვითარებს ანუ არეშიძე ამბობს, რომ ხანგოშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის სამიზნეც იყო: 

„ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ორი ვერსია შეიძლება გნვიხილოთ. ის სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ანტიტერორისტულ სააგენტოსთან თანამშრომლობდა. სწორედ ის იყო მთავარი პირი, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას ქისტების ჩამოყვანაში და შემდეგ გაწვრთნაში ეხმარებოდა. 

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, მთავარი მომლაპარაკებელი გახლდათ. ზელიმხანი, ახმედ ჩატაევი და კიდევ ერთი ქართველი ქისტებთან მოლაპარაკებაზე მივიდნენ. მაშინ ზელიმხანმა და ქართველმა როდესაც დაინახეს, რომ ბიჭები იარაღის დაყრას არ აპირებდნენ, ტყეში მიატოვეს. 

ახმედ ჩატაევი კი მათთან დარჩა, სწორედ ამის შემდეგ, ზელიმხანს პანკისშიც კარგი თვალით არ უყურებდნენ. მან მტრები ხეობაშიც და კავკასიაშიც გაიჩინა, თუმცა ასევე, სარწმუნო ვერსიად რუსეთის მიერ, მისი ლიკვიდაციაა. 

ევროპაში, ჩეჩნეთის პრეზიდენტი კადიროვი ცდილობს, რომ დიასპორაში პოზიციები გაიმყაროს. ის ყველა იმ ადამიანს ერჩის, ვინც მისი გავლენის ქვეშ არ არის. ერთ-ერთი მათგანი ზელიმხანი იყო. კადიროვი ასეთ ადამიანებს სხვა ქვეყნის უშიშროების თანამშრომლობაში ადანაშაულებს და მისი ემისრები იშორებენ. ამიტომაც კადიროვის მხრიდან მისი ლიკვიდაცია გასაკვირი არ იქნება''. 

აღსანიშავია, რომ პანკისის ხეობის უმეტესობას მამუკა არეშიძის მიმართ, მაინცდამაინც კეთილგანწყობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, პანკისის მკვიდრი მუსა პანკისელი, სოციალურ ქსელში არეშიძის მისამართით წერს: 

„მახსოვს არეშიძის განცხადება, როცა ზელიმხან ხანგოშვილი თბილისის შუაგულში, ქილერმა დაჭრა. მაშინ არეშიძემ, დაახლოებით, ამ შინაარსის განცხადება გააკეთა, კარგი ქილერი არ ყოფილა, თორემ ის სიკვდილს ვერ გადაურჩებოდაო. 

დღეს ისევ ზის და თავის მეზღაპრეობას განაგრძობს ეს ჭორიკანა „კაცი“, ალბათ, როგორ უხარია მისი სიკვდილი! 

ერის ისტორიას გმირები წერენ! 

ამ ისტორიაში ყველას თავისი სახელი დაერქმევა და საკადრის ადგილსაც მიუჩენს დრო, ღმერთის წყალობით!“ 

სხვათა შორის, რამზან ხანგოშვილის გერმანიაში მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა პირველმა, სწორედ მუსა პანკისელმა გაავრცელა. მოგვიანებით კი ასევე, სოციალურ ქსელში დაწერა: 

,,ყველაფერი გაირკვევა და ბოროტების სათავე აუცილებლად დაინგრევა და ჩამოიშლება ღმერთის წყალობით! 

დღეს ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, 2000-იან წლებშიც კი არ იგრძნობოდა ასეთი დაძაბულობა. 

ჩვენს გარშემო მტერი უფრო მეტია, ვიდრე მოყვარე. 

ბევრჯერ დამიწერია და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი გეგმიური მოქმედებები. 

არნახული შემოტევა გვქონდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებიდან, ხდება ხალხის აზრის შემზადება და მთლიანი ხეობის გაშავება. 

ვფიქრობდი, რომ პირველ დარტყმას პირდაპირ პანკისში განახორციელებდნენ, თუმცა გერმანიიდან დაიწყეს! 

ყველა პანკისელი, რომელიც მონობის და კოლონიალიზმის წინააღმდეგია, უნდა იცოდეს, რომ ჩვენი დამცველი არავინაა ქვეყანაზე, პირიქით, ხელს შეუწყობენ ჩვენს დევნაში და განადგურებაში!!!“ 

ერთი სიტყვით, ასეთია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მოკლე ანატომია, რომელიც ნათელყოფს, რომ ჩეჩნეთის ომის მონაწილეების მიმართ კრემლის ბოროტი ინტერესი არ განალებულა. 

ასე რომ, ფრთიხლად, რუსული სასიკვდილო ,,რულეტკა'' ისევ ტრიალებს!

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში