Menu
RSS

„დაიწყო ჩვენს გუნდზე მიზანმიმართული ზეწოლა!“ _ რატომ დაუხურეს ნაციონალებმა გადაცემა ირაკლი იმნაიშვილს

გაუხმაურებელი დეტალები „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ცხოვრებიდან

ხან ვისზე თქვეს, ხან _ ვისზე, თუმცა ყველა ინფორმაცია „ფეიკი“ აღმოჩნდა და, საბოლოოდ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელ დირექტორად და ასევე, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტი, ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა. შესაძლოა, ახალ თაობას იმნაიშვილის ჟურნალისტური მოღვაწეობა არ ახსოვს, რადგან 14 წელია, ოჯახთან ერთად (ირაკლის მეუღლე, ასევე ჟურნალისტი, ნათია აბრამიაა), დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და ცოლ-ქმარი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიასაშუალებაში _ BBC-ში მუშაობს.

რატომ დატოვა საქართველო იმნაიშვილმა? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, შესაძლოა, მარტივი იყოს ანუ მხოლოდ ქართველი კი არა, ნებისმიერი ეროვნების ჟურნალისტისთვის BBC-ში მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, საოცნებოა. შესაბამისად, თუ ამის შანსი არსებობს, ცხადია, უარს არავინ იტყვის, მაგრამ როგორც ირკვევა, იმნაიშვილის საქართველოდან წასვლა იძულებითი ნაბიჯი იყო. უფრო კონკრეტულად, ირაკლი იმნაიშვილს, როგორც ჟურნალისტს, ნაციონალებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს _ ტელეკომპანია „მზეზე“ მისი გადაცემა დახურეს. გადაცემის დახურვის მთავარი საბაბი კი _ არც მეტი, არც ნაკლები _ პრემიერ ზურაბ ჟვანიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული კითხვები გახდა, თუმცა ვიდრე ამ თემას ჩავუღრმავდებით, კიდევ ერთი სკანდალი უნდა გავიხსენოთ, რომელიც იმნაიშვილის ჟურნალისტურ მოღვაწეობას უკავშირდება. 

მოკლედ, ირაკლი იმნაიშვილს ტელეკომპანია „მზეზე“, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის მედიასაშუალებად მიიჩნეოდა, პოლიტიკური თოქ-შოუ მიჰყავდა. ჰოდა, ერთხელაც იმერეთში, კერძოდ, ქუთაისში, ტელეკომპანია „რიონზე“ სტუმრად მიიწვიეს. ამავე გადაცემაში იმერეთის მაშინდელი გუბენატორი, აკაკი ბობოხიძეც სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ანუ ჟურნალისტსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის, პრაქტიკულად, დებატები გაიმართა, რაც ცემა-ტყეპით დამთავრდა _ ბობოხიძემ იმნაიშვილს აგინა და ხელიც დაარტყა. სკანდალის შემდეგ, ბობოხიძემ გუბერნატორის პოსტი დატოვა (წლების შემდეგ, ამ თანამდებობაზე ხელმეორედ დაინიშნა). წესით, იმნაიშვილს ბობოხიძისთვის უნდა ეჩივლა, თუმცა ჟურნალისტმა ეს ნაბიჯი არ გადადგა. რატომ? _ ამ კითხვაზე პასუხი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. 

რაც შეეხება ჟვანიას გარდაცვალებასთან დასმულ კითხვებს, რის გამოც ნაციონალებმა, პრინციპში, იმნაიშვილის დევნა დაიწყეს, ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ, თავად ჟურნალისტმა დაწერა სოციალურ ქსელში: 

„დღე, რომლმაც ჩემი ცხოვრებაც შეცვალა: 

13 წლის წინ, ამ დღეს, გადაცემა ,,არჩევანის ზღვარზე'', ჩვენ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით კითხვები დავსვით. ეს კითხვები დღესაც აქტუალურია. 

ოფიციალური ვერსიით: პრემიერი მოიწამლა გაზის გამათბობელიდან გაჟონილი გამონაბოლქვით. 

სინამდვილეში, იმ ღამეს, თბილისის იმ უბანს, სადაც პრემიერი გაზისგან ,,იგუდებოდა'', ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა (წყარო: ,,თბილგაზის'' ხელმძღვანელი 2005 წელს, David Morchiladze). 

2005 წლის 3 თებერვალი დაიწყო ძალიან უჩვეულო საუბრით. ტელეკომპანია ,,მზის'' საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ინგა დადიანმა, დილით განაცხადა, რომ (1) ეს იყო უბედური შემთხვევა და (2) პრეზიდენტის კანცელარია არ თვლის საჭიროდ, ეს ვერსია ვინმემ ეჭვის ქვეშ დააყენოს. 

ჩემი შეკითხვა: როდიდან უნდა გავითვალისწინოთ სახ. კანცელარიის სურვილი – იგნორირებული იყო. 

,,რუსთავი 2''-მა პირნათლად შეასრულა კანცელარიის დირექტივა და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ შეკითხვას უსვამდნენ ყველა სტუმარს: – როგორ გაიცანით ბატონი ზურაბი? 

,,იმედმა'': ეთერიდან მოხსნა ყველა პოლიტიკური პროექტი. 

ყველა არხზე ტრიალებდა ივანე მერაბიშვილის (შს მინისტრი) დილის 6 საათზე გაკეთებული კომენტარი – ეს იყო უბედური შემთხვევა. 

ექსპერტიზის პირველი რეზულტატები მხოლოდ ცხრა საათის შემდეგ – 15 საათზე გახდა ცნობილი. 

მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი – პირველადი საექსპერტო მონაცემებით, ჟვანიას სისხლში CO-ს შემცველობა არ იყო სიკვდილისათვის საკმარისი. 

მონაცემების შესაბამისად – პრემიერი უნდა ყოფილიყო რეანიმაციაში და არა მორგში. მონაცემები მალევე შეცვალეს. 

გადაცემაში ,,არჩევანის ზღვარზე'', ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო, რა მოხდა სინამდვილეში. 

სააკაშვილის მაშინდელმა მრჩეველმა დანიელ კუნინმა, გადაცემის ეთერში ყოფნის დროს დაურეკა გიგა ბოკერიას და რამდენჯერმე გაუმეორა: 

_ We have to stop it! We have to kill this spin. 

ამის მერე დაიწყო ჩვენს გუნდზე მიზანმიმართული ზეწოლა. 

არხზე მალევე გამოჩნდა სააკაშვილის გუნდის წევრი, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, რომელმაც არხზე რეორგანიზაცია დაიწყო. 

გადაცემა დახურეს. ,,არჩევანის ზღვარი'' ჩაანაცვლა გადაცემა ,,ტაბუმ'', არაპოლიტიკურმა ტელე-ტაბლოიდმა. 

მალევე მომიწია ოჯახთან ერთად საქართველოდან წასვლა. 

13 წლის წინ, ამ დღეს, მე და ჩემი შესანიშნავი გუნდი ვიდექით ურთულესი არჩევანის ზღვარზე და ძალიან მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. 

უდიდესი მადლობა: Michael Basiladze Nino Zhizhilashvili Maco Tsilosani. ჟურნალისტებს Goderdzi Sharashia Jabraili Sasaxlidan Vako Avaliani Eka Shanidze Giorgi Tskhvitava  ჩვენი დამდგმელი რეჟისორი Kakha Bukhrashvili  და მთელი საეთერო ჯგუფი (მომიტევეთ, თუ ვინმე გამომრჩა). 

P. S. იმ მასალებზე დაყრდნობით, რაც უკვე ცნობილია (ბინას არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი, ბინაში ფანჯარა არ იკეტებოდა, რის გამოც CO-ს საკმარისი კონცენტრაცია ვერ დაგროვდებოდა (FBI-ის დასკვნიდან), ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება შეუძლებელია, ყოფილიყო უბედური შემთხვევა''. 

მოკლედ, ვინმეს მოსწონს, თუ არა, ირაკლი იმნაიშვილი ქიბარ ხალვაშის კარგი არჩევანია. კი ბატონო, ზოგი ამბობს, რომ იმნაიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან დაახლოებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი, როგორც ჟურნალისტის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა რთულია ანუ პროფესიონალი რომ არ იყოს, მსოფლიოს გავლენიანი ტელევიზიის თანამშრომელი ვერ გახდებოდა. 

რაც შეეხება იმას, თუ როგორი ტელევიზიის გაკეთებას აპირებს, ამის შესახებ იმნაიშვილმა ბრიფინგზე, სადაც პაატა სალიამ ის საზოგადოებას წარუდგინა, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ტელეკომპანიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიების მოპოვებაა და არხის მფლობელებთან მოლაპარაკება, სწორედ ამ მიმართულებით გრძელდება: 

,,14 წლის წინ, მომიწია საქართველოს დატოვება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ოჯახთან ერთად. ჩემთვის გასაგებია, რამდენად მძიმეა ჟურნალისტისთვის წავიდეს იმ ტელეკომპანიიდან, რომელიც მისთვის არ არის მხოლოდ სამსახური და ეს არის ოჯახი. ეს არის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. გამიმართლა, რომ 14 წლის განმავლობაში და დღესაც ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან მედიასაშუალებაზე და ამ 14 წლის მანძილზე, ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა, როგორც საოპერაციო და ჟურნალისტური სტანდარტი, ასევე უპრეცედენტო გარანტია სარედაქციო დამოუკიდებლობის, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს. 

ახლა მთავარი ამოცანაა, რომ შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო-ხელშეკრულება, იყოს გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება. ეს იქნება კონტრაქტი არხის მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის. ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს საშუალებას, დაიცვან თავი და სარედაქციო დამოუკიდებლობა. ძალიან გულუბრყვილობა იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება ერთჯერადი პროცესი, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა _ ეს არის ყოველდღიური პროცესი''

მოკლედ, როგორი იქნება ახალი ,,რუსთავი 2'', ამას დრო გვაჩვენებს.

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში