Menu
RSS

ვინ არის სანდრა _ მისიონერობაზე მეოცნებე იდეალისტი, თუ მიშას პოლიტიკური სათამაშო

„ვფრთხილობ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემს ქმარს ზიანი არ მივაყენო!“ _ ექსპირველი ლედის X-ფაილი

მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ზოგს მოსწონს, ზოგს _ არა. არიან ისეთებიც, რომლებსაც უყვართ და თვლიან, რომ მფარველი ანგელოზია, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვადასხვა დროს, უმძიმესი ბრალდებების ადრესატიც გამხდარა. ყველაზე ხშირად კი იმას აბრალებენ, რომ თითქოს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა. სხვათა შორის, ეს თემა რამდენიმე დღის წინათაც გააქტიურდა. კერძოდ, ზუგდიდში, სადაც მერობის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობს, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში, ერთ-ერთმა მოქალაქემ, აჩიკო ქაქუთიამ ასე მიმართა: „თირკმელი არ მაქვს, სად არის ეს თირკმელი?“

„მიზეზის დაკონკრეტება, თუ რატომ სურდა აღნიშნულზე პასუხის მიღება სანდრა რულოვსისგან, მოქალაქემ ვერ შეძლო. პოლიციამ ის შეხვედრის ადგილიდან გაიყვანა. 

„მინდა, რომ კითხვა დავუსვა, არ შეიძლება? რატომ არ მიშვებთ? თირკმელი არ მაქვს, სადაა ეს თირკმელი? რატომ არ ჩამიყენეს. გერმანიაშიც ვიყავი, სტენტი გამიკეთეს და ყველა დოკუმენტი და დასკვნა მაქვს. მაინტერესებს, რატომ არ ჩამიყენეს თირკმელი?“ _ თქვა სანდრა რულოვსის დაცვასთან სიტყვიერი დაპირისპირებისას, ქაქუთიამ. 

აჩიკო ქაქუთიას მცდელობამ, კითხვებზე მიეღო პასუხები, შეხვედრაზე მისული ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია და ყულიშკარში, ქაქუთიასა და სანდრას მხარდამჭერებს შორის, დაპირისპირება მოხდა'', _ ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, ქართულმა ინტერნეტმედიამ გაავრცელა. ამასთან, მაშინვე ითქვა, რომ პიროვნება, რომელსაც სანდრა რულოვსთან კითხვის დასმა უნდოდა, აგენტ-პროვოკატორი იყო და ის მმართველი გუნდის დავალებას ასრულებდა. შესაძლოა, არც უამისობა გახლდათ, მაგრამ ფაქტია, რომ სანდრა რულოვსი სკანდალში სხვა დროსაც გახვეულა. 

ზოგადად, ცნობილი გახდა თუ არა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში სანდრას კანდიდატურას აყენებდა, გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ 19 მაისი და მთელი საარჩევნო კამპანია სკანდალისა და ხმაურის გარეშე არ ჩაივლიდა. ამ მხრივ ვითარება, განსაკუთრებით ბოლო დროს დაიძაბა, როცა იგივე 14 მაისს, თამარობას, როგორც გაერთიანებული ოპოზიცია ირწმუნება, რულოვსსა და მის თანმხლებ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. ყველაფერი ეს პოლიტიკურ ტემპერატურას მაღლა რომ სწევს, თვალნათელია. პოლიტიკური ტემპერატურის აწევა კი, რასაკვირველია, ხელისუფლებაზე მეტად, ოპოზიციას აწყობს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ პოლიტიკურ მახეში, ნებსით თუ უნებლიედ, მმართველი ელიტაც ებმება და თავის მართლება უწევს. 

თუ ანალიტიკოსებს დავუჯერებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ სანდრას კანდიდატურა, სწორედ ამ მიზნითაც დაასახელა ანუ ყველაფერ ამას, შეიძლება, გამოცხადებული პროვოკაციის ქრონიკა ვუწოდოთ, თუმცა ამჯერად, ჩვენი მიზანი პოლიტიკური ვითარების შეფასება კი არა, არამედ, სანდრა რულოვსის X-ფაილის შედგენაა. 

დავიწყოთ იმით, რომ სანდრა რულოვსმა ქართველი ელექტორატის ყურადღება იმ დღიდანვე მიიპყრო, როგორც კი მიხეილ სააკაშვილის თანამეცხედრე გახდა. როგორ და სად გაიცნეს ერთმანეთი სანდრამ და მიშამ? _ ამ თემაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ექსპრეზიდენტის დაოჯახების ისტორიას თვალი ერთხელ კიდევ გადავავლოთ. 

„წარმოშობით ჰოლანდიელი სანდრა ელისაბედ რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის სიყვარულის ისტორია 1993 წელს, სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კაფეში დაიწყო, სადაც სააკაშვილი სტაჟირებას გადიოდა, სანდრა კი „წითელი ჯვრის ასოციაციაში“ მუშაობდა. ის სომალიში უნდა წასულიყო, თუმცა მანამდე სტრასბურგში, ადამიანთა უფლებების დაცვის კურსები გაევლო. 

„გაცნობისას მიხეილი ძალიან ელეგანტური იყო, _ იხსენებს სანდრა, _ მან თავი ასე გამაცნო: „მე ვარ ჯორჯიიდან, მაგრამ არა _ აშშ-დან''. 

ამას გარდა, თავის მოგონებებში, რომელსაც „იდეალისტის ნაამბობი“ ჰქვია, სანდრა წერს, რომ მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. წლის ბოლოს, სანდრა ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც მუშაობა კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ასევე, ჰოლანდიურ იურიდიულ კომპანიაში დაიწყო. 

4 თვის შემდეგ კი, სწორედ აქ დააკანონეს მიშამ და სანდრამ თავიანთი ურთიერთობა. წყვილმა ჯვარი თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში დაიწერა, თაფლობის თვე კი კიევში გაატარა, სადაც სააკაშვილი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა'', _ ასე აღწერს ერთ-ერთი ქართული ინტერნეტგამოცემა სანდრასა და მიშას სიყვარულის ამბავს. 

იმ დროს, როცა მომავალი მეუღლე გაიცნო, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არ გახლდათ ჩართული. ამის მიუხედავად, შეთქმულების თეორიების მიმდევარნი ამტკიცებენ, რომ სანდრა საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, თითქოს სპეცსამსახურებმა მიუგზავნეს. ზოგადად, პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები ცილისწამების მსხვერპლნი ხშირად ხდებიან ხოლმე. პოლიტიკური ჭორებისთვის განსაკუთრებით მსუყე ნიადაგი საქართველოშია და ამაში გასაკვირიც არაფერია _ მშიერ ხალხს სანახაობა უყვარს. ასე რომ, ხელაღებით ვერავინ იტყვის, სანდრასა და მიშას გაცნობა შემთხვევითობა იყო, თუ ამის უკან მართლაც ე.წ. მესამე ძალა იდგა, თუმცა ამას მნიშვნელობა არც აქვს. ფაქტი ის გახლავთ, რომ სანდრამ, როგორც ქართველების რძალმა, ჩვენს ეთნოკულტურასა და ტრადიციებს ალღო მალევე აუღო და არათუ ქართული ისწავლა, არამედ ჩვენს ენაზე ამღერდა კიდეც. 

მოგეხსენებათ, ქართველებს პატრიოტული თემების მიმართ, სენსიტიური დამოკიდებულება გვაქვს. ამიტომაც, სანდრას ქართულად ამღერება-ალაპარაკებამ ჩვენზე ემოციურად იმოქმედა. შესაბამისად, ჰოლანდიელი რძალი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ზომაზე მეტად პოპულარული გახდა. უფრო მეტიც, მისმა პოპულარობამ სააკაშვილის რეიტინგიც კი დაჩრდილა და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი, მიშას პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში იყო. 

შეიძლება, ესეც მითია, მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში, როცა ქვეყნის სათავეში ნაციონალური მოძრაობა იდგა, სანდრა მიშასთვის ერთგვარი მუხრუჭის ფუნქციას ასრულებდა ანუ გაქართველებული ჰოლანდიელი მეუღლის სიგიჟებს, მეტ-ნაკლებად, აბალანსებდა. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვიდრე ნაცმოძრაობამ სამთავრობო სადავეები არ დათმო, სანდრა პოლიტიკაში არ ჩარეულა და უმეტესად საქველმოქმედო საქმიანობით გახლდათ დაკავებული _ საქართველოში ძუძუს კიბოსთან ბრძოლას ჩაუდგა სათავეში ანუ ჩვენს ქვეყანაში სკრინინგ ცენტრების გახსნა, სწორედ სანდრას სახელს უკავშირდება. 

ზოგადად, პირველი ლედების საქველმოქმედო საქმიანობა მსოფლიოში, განსაკუთრებით დასავლეთში _ ევროპასა და აშშ-ში, აპრობირებულია. ამ კუთხით, სანდრა რულოვსის საქმიანობაში გასაკვირი არაფერი ყოფილა, მით უმეტეს, რომ ის, როგორც იტყვიან, ძირძველი ევროპელია. ამასთან, სააკაშვილი ჯერ კიდევ იმ დროს, როცა მოქკავშირის სახე გახლდათ, აცხადებდა, რომ საქართველოში ევროპული ყაიდის პოლიტიკას ლობირებდა, შესაბამისად, სანდრაც ევროპული ტიპის პირველი ლედი იყო, რაც იქიდანაც გამოჩნდა, რომ რამდენიმე წლის წინ, წიგნი _ „იდეალისტის ნაამბობი“ დაწერა. ამ თემაზე და, ზოგადად, სანდრაზე, საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ჟურნალმა „ტაბულამ“. „იდეალისტზე ნაამბობი“ _ ასე ჰქვია „ტაბულას“ ვრცელ სტატიას, რომელიც 2011 წლით თარიღდება. ეს ის დროა, როცა გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილის „რუხ კარდინალად“ ითვლებოდა და შესაბამისად, მის მეუღლეს, „ტაბულას“ დირექტორ თამარ ჩერგოლეიშვილს, სააკაშვილისა და, საერთოდ, მისი ოჯახის მიმართ, „ნაზი გრძნობები“ ჰქონდა. 

„ფართო საზოგადოებისთვის სანდრა ელისაბედ რულოვსი გამართული ქართულით მოსაუბრე, ყველაზე ცნობილი ჰოლანდიელია, რომელიც მეგრულადაც ისე მღერის, თითქოს მამა ბავშვობიდან ასწავლიდა. ის უკვე 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს და ჩამოსვლის დღიდან, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. ყველაზე დიდი „უცნაურობა“, რასაც სანდრაზე დაფიქრებისას აწყდები, ისაა, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელია იპოვო ადამიანი, რომელიც მასზე აუგს იტყვის, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს მისი მეუღლის, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. „მე ყოველთვის მიშას ჩრდილში, მეორე ადგილზე ვარ“, – გვიხსნის პირველი ლედი. 

...შედარებით იშვიათად ექცევა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში. მაინცდამაინც არ უყვარს ადგილები, სადაც სამკაულები ბრწყინავს. თითქმის ყოველთვის სადად და მოკრძალებულად აცვია. როდესაც მოსახლეობას ხვდება, ცდილობს პრეტენზიულად არ გამოიყურებოდეს: 

„ბუნებრივია, ვერ იგრძნობ თავს კომფორტულად, როცა გამოპრანჭული ელაპარაკები ადამიანებს, რომლებსაც უამრავი პრობლემა აქვთ“, თუმცა იქვე, სიცილით აღნიშნავს, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უარს ვერ ამბობს, თუ კარლა ბრუნის, ან მეჰრიბან ხანუმს (ილჰამ ალიევის მეუღლე) ხვდება.

 

2005 წელს, სანდრა ელისაბედ რულოვსის ბიოგრაფიული წიგნი გამოიცა. 

„ახლა, როდესაც გასული ათი-თორმეტი, მშფოთვარე წლის აღწერა დავაპირე, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მატარებლიდან, სადღაც შუალედურ სადგურზე ჩამოვედი და დროებით მოგზაურობა შევწყვიტე, რათა ყველაფერს თავი მოვუყარო, დავახარისხო, გეზი მივცე“, – გვიყვება სანდრა წიგნის წინათქმაში. 

ყველაფერი კი ჰოლანდიის პროვინციულ ქალაქ ტერნეზენში, მოსიყვარულე და მშრომელ კათოლიკურ ოჯახში გატარებული უდარდელი ბავშვობით იწყება. ბავშვობას, უცხო ენებისა და კულტურების ინტერესი მოჰყვება, რაც სიყმაწვილეში, მისიონერულ მოწოდებასა და საზოგადოებრივი აქტივობის წყურვილში გადადის. ბრიუსელში, უცხო ენათა ინსტიტუტს ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით ამთავრებს. ენებს ადვილად ეუფლება, ფრანგული განსაკუთრებით უყვარს, თუმცა ბრიუსელში დარჩენა არ სურს, ფიქრობს ბავშვობის გატაცება აისრულოს და რომელიმე ფრანგულენოვან აფრიკულ ქვეყანაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიით გასემგზავროს. 

...ედუარდ რულოვსი – სანდრას მამა მაღალი, წარმოსადეგი, სპორტული აღნაგობის კაცია. ადრე მაკლერი იყო, ამჟამად აღარ მუშაობს. უყვარს ნავიგაცია და ველოსიპედი, თავისუფალ დროს ხანგრძლივ ველო-ლაშქრობებში ატარებს. 

...მისიონერობაზე ბავშვობიდან ფიქრობდა, „დედაჩემის დეიდები, კათოლიკური მისიით, ინდონეზიასა და განაში მსახურობდნენ, ეს ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა, ვფიქრობდი, რომ ჩვენ, მდიდარი ჰოლანდიელები – ღარიბებს უნდა დავხმარებოდით“. 

სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სამართლის კურსიც იმიტომ გაიარა, რომ სომალიში გასამგზავრებლად მომზადებულიყო. ამ დროისთვის, სანდრა უკვე ნამყოფი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და, თქვენ წარმოიდგინეთ – საქართველოშიც: 

„ჩემი სტუდენტობა 1990-იანი წლების დასაწყისს დაემთხვა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპა იხსნებოდა, მახსოვს ბერლინის კედლის დანგრევა. დამაინტერესა, რა იყო რკინის ფარდის მიღმა. ვიმოგზაურე რუმინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში. იმ დროს ცოტა რუსული უკვე ვიცოდი და ამან საშუალება მომცა, რუსეთიდან საქართველოში ჩამოვსულიყავი, როგორც თარჯიმანი“. 

საქართველოს პირველად, 1992 წელს ესტუმრა. მაშინ მიშას არ იცნობდა. მოსკოვიდან მატარებლით გამოემგზავრა და ქართულ მიწაზე, პირველად ფეხი სოხუმში დადგა. ფლამანდიელი ძმები, რომლებსაც იგი თარჯიმნობას უწევდა, ქუთაისელი მასპინძლის მოწვევით ჩამოვიდნენ. მათ საქართველოში ჰოლანდიური ბოსტნეულის თესლი ჩამოიტანეს. სტუმრებმა ქუთაისში ათი დღე დაჰყვეს და უკან ისე გაბრუნდნენ, თბილისში არც ჩამოსულან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, სანდრა სამშობლოში, საქართველოზე შეყვარებული დაბრუნებულიყო. 

„მახსოვს ვფიქრობდი, ეს რა ხალხია, როგორ უყვართ ერთმანეთი! ან ეს სუფრები! ქორწილშიც ვიყავი, ნათლობაშიც, სულ ვტიროდი, როდესაც სადღეგრძელოებს ამბობდნენ, მშობლების, დედმამიშვილების, წასულების, ან იმას გაუმარჯოს, ვინც სახლში გელოდება... მართლა. სულ მეტირებოდა. ჩემმა მასპინძელმა – ძალიან კოლორიტული კაცი იყო – კარგად გამაცნო ქვეყნის ხასიათი, ქართული სული, რომელიც ტრადიციებშია გამოხატული... დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ სუფრა იდეალური საშუალებაა დაძაბულობის მოსახსნელად. როდესაც სამეგობროში, ან სანათესაოში რამე პრობლემაა, ერთი სუფრა და ყველაფერი გვარდება. სრულიად უცნობ ადამიანებსაც კი აახლოებს ერთმანეთს“. 

სანდრა ელისაბედ რულოვსის გატაცება კლასიკური მუსიკაა. 2007 წელს, მან რადიო „მუზა“ დააარსა და შაბათობით, დილის ათ საათზე, საავტორო გადაცემა „სანდრას მუზა“ მიჰყავს. 

პრეზიდენტის საქმეში, ცდილობს, არ ჩაერიოს: „იყვნენ წარსულში ადამიანები, არამარტო საქართველოში, ვინც, ასე ვთქვათ, მეუღლის საქმეში ჩაერია და რაღაც გააფუჭა. ამიტომ ყოველთვის ვფრთხილობ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემს ქმარს უნებლიეთ, რაიმე ზიანი არ მივაყენო. ახალ წამოწყებას ყოველთვის მას ვუთანხმებ''. 

სანდრას მიმდინარე პროცესებზე, ყოველთვის თავისი აზრი აქვს და ამაზე საუბარს არ გაურბის – თუნდაც პრეზიდენტთან. „როგორც მეუღლე, გულწრფელი ვარ, სწორ დროს ვარჩევ და ვეუბნები, რომ აი, ეს არასწორი იყო, თუმცა მერე აღმოჩნდება და ეს ბევრჯერ შემინიშნავს, რომ მისი მიდგომა ამართლებს და ის შედეგი, რისი მიღებაც უნდოდა, მიღწეულია – ჩვენ შედეგისთვის ვმუშაობთ და ვიბრძვით“. 

მეუღლესა და პრეზიდენტს ცალ-ცალკე არ განიხილავს: 

„მიშა ერთი ადამიანია და ეს ადამიანი პრეზიდენტია. ის ჩემი პრეზიდენტიც არის, პატივს ვცემ, როგორც მეუღლეს, მაგრამ როგორც პრეზიდენტს – არანაკლებად... 

უსამართლო ბრალდებების წინააღმდეგ, განუსაზღვრელი იმუნიტეტი არ მაქვს. ცხადია, მტკივა, როდესაც დაუმსახურებლად გვლანძღავენ, ძალიან ხშირად ხომ ბრალდება სიცრუეა'', _ ესაა ამონარიდი „ტაბულას“ მიერ, 2011 წელს, სანდრაზე გამოქვეყნებული ვრცელი სტატიიდან. 

2011 წლის შემდეგ, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა _ სხვა თუ არაფერი, ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში აღარ არის, აღარც მიხეილ სააკაშვილია საქართველოს პრეზიდენტი და, შესაბამისად, აღარც სანდრას აქვს პირველი ლედის სტატუსი. ამიტომაც, მისი ცხოვრების რიტმიც შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლიდან მოყოლებული, პოლიტიკაში აქტიურად არის ჩართული _ მოგეხსენებათ, 2016-ში, სანდრა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. მაშინ თითქმის მთელ ქვეყანაში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართა, თუმცა სანდრამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ის პარტიულ სიაშიც იყო, დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. 

ერთი სიტყვით, სანდრა რულოვსი ნელ-ნელა, პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა. უფრო მეტიც, ის სააკაშვილისთვის ერთგვარი „ფიშკა“, პოლიტიკური სათამაშოა, რომელსაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში იყენებს ხოლმე. ამას არათუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, არამედ ზუგდიდის მერის წლევანდელი შუალედური არჩევნებიც ნათელჰყოფს _ მიუხედავად იმისა, რომ სანდრა ჭორების ობიექტი, როგორც აღვნიშნეთ, არაერთხელ გამხდარა, ნაციონალების ფონზე, ის მაინც ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, რომლის მიმართაც ხალხს მაინცდამაინც დიდი აგრესია არ აქვს. ამიტომაც, სააკაშვილის სტრატეგია, შესაძლოა, გამართლებულიცაა. 

სხვათა შორის, სანდრას, როგორც ფარსა და ამბრაზურას, მიშა უკრაინაშიც იყენებდა. ასე, მაგალითად, სანდრა უკრაინაში იმყოფებოდა 2017 წლის დეკემბერში, როცა უკრაინელმა სამართალდამცავებმა სააკაშვილი დააკავეს. მაშინ მიშა საცხოვრებელი სახლის სახურავზე ავიდა და ეს კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა. იმხანად უკრაინაში, სააკაშვილის წყალობით, პოლიტიკური პროცესები არანაკლებ დუღდა, ვიდრე ახლა საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდში დუღს. მიშას დაკავების, თუ ვერდაკავების ოპერაციის შემდეგ, სანდრა რულოვსმა უკრაინელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: 

„მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და ყველას მადლობა გადაგიხადოთ. 

ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ, ჩემი ქმრის დაკავებისას ადგილზე იმყოფებოდა, ნამდვილი გმირია. 

ყველა ქართველი ამაზე ლაპარაკობს, როგორი ორგანიზებულები იყვნენ ისინი, როგორ იდგნენ საათობით თოვლში, განსაკუთრებით ქალები. 

მინდა ვთქვა, რომ გამარჯვება აუცილებლად მოვა, თუმცა ბრძოლის გარეშე არაფერი ხდება, უბრალოდ, მინდა, რომ ეს ბრძოლა უსისხლოდ დამთავრდეს''. 

სანდრა მაშინაც მეუღლის გვერდით იყო, როცა მიშამ უკრაინაში შესვლა პოლონეთიდან სცადა და ეს მცდელობა, პრინციპში, წარმატებულიც აღმოჩნდა. 

ის, რომ კრიტიკულ მომენტებში, ცოლი ქმრის გვერდითაა, ერთი შეხედვით, აბსოლუტურად ნორმალურია. ისიც გასაგებია, რომ პოლიტიკოსების მეორე ნახევრები, პოლიტიკაში სხვა ქვეყნებშიც ერთვებიან ხოლმე და ეს განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ იშვიათია შემთხვევა, როცა ქმრის ნაცვლად, პოლიტიკურ თამაშებს ცოლი იწყებს. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ სანდრა, სააკაშვილის პოლიტიკური სათამაშოა, რომლის მეტ-ნაკლებად მაღალ ავტორიტეტსა და იმიჯს, საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. 

ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ სანდრას მიმართ, მაინცდამაინც კარგი დამოკიდებულება მიშას ოჯახს არ უნდა ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და, სავარაუდოდ, მისი მეუღლის საუბარი გავრცელდა, რომელშიც სანდრა არცთუ დადებით კონტექსტშია ნახსენები. ამავე ჩანაწერში, თემურ ალასანია თავის დას, გიული ალასანიას ესაუბრა და მასთანაც სანდრას „ამკობს“. 

ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხაზს მუდამ იმას უსვამს, რომ პრეზიდენტობით არაფერი უშოვია და მხოლოდ ხალხზე ზრუნავდა, აშშ-ში, კერძოდ, მაიამიში, ოკეანის პირას, ვილის ყიდვას აპირებს _ ექსპრეზიდენტი, ზუსტად ამ თემაზე ესაუბრა თემურ ალასანიას. 

აღსანიშნავია, რომ ამ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ოპოზიციას განმარტება არ გაუკეთებია. ერთადერთი, ვინც აღნიშნული ჩანაწერი გაკვრით ახსენა, სალომე სამადაშვილი გახლდათ, რომელმაც განაცხადა, რომ ჩანაწერი ყალბია, ან თუ მართალია, მაშინ, რამდენიმე ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევითაა მოპოვებული. 

სხვათა შორის, ანალიტიკოსთა ნაწილი, პირად საუბრებში უშვებს ალბათობას, რომ ნაცმოძრაობამ, უფრო სწორად, მიხეილ სააკაშვილმა სანდრა რულოვსი, როგორც ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ბრძოლის წინა ხაზზე შეაგდო და ამით ვითარების დატესტვას ცდილობს ანუ თუ ისე მოხდა, რომ სანდრამ მეორე ტური „დადო“, ეს მიშასთვის, შესაძლოა, ერთგვარი სტიმული გახდეს, მაგრამ თუ სანდრა წააგებს, თუნდაც გაყალბებით, ამის შემდეგ სააკაშვილი იტყვის, რომ „ოცნების“ წინააღმდეგ, უფრო ფართომასშტაბიანი ბრძოლაა საჭირო, რისთვისაც შესაფერის დროს უნდა დაელოდოს და ამით, თავის პოლიტიკურ ცხოვრებას რამდენიმე ხნით კიდევ გაიხანგრძლივებს. 

ზოგადად, სააკაშვილისთვის ასეთი დაპირებები უცხო არ არის. ასე მოიქცა, მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა თავის მომხრეებს უთხრა, რომ სამშობლოში ზღვით დაბრუნდებოდა. საქართველოში დაბრუნების განცხადება მან, უახლოეს წარსულშიც არაერთხელ გააკეთა და ამ კუთხით, მთავარ დასაყრდენად, ქართველი ემიგრანტები გამოაცხადა. ამავე მიზნით, მოძრაობა _ „ერთად სახლშიც“ შექმნა, რომლის ერთ-ერთი მეინსტრი, გიორგი სიგუაა, ის გიორგი სიგუა, რომელიც იმ 9 წლის განმავლობაში, სააკაშვილის შეურიგებელი და დაუძინებელი ოპოზიციონერი იყო. 

როგორ ჩაიწერება 2019 წლის 19 მაისი, სანდრა ელისაბედ რულოვსის ბიოგრაფიაში? _ ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ. ასევე, გვეცოდინება, მერობის არჩევნების წაგების შემთხვევაში, სანდრა ბრძოლას გააგრძელებს, თუ პოლიტიკური თამაშიდან გავა. მოკლედ, სჯობს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

'ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში