Menu
RSS

საჯაიადან გახარიამდე

ეროვნული უშიშროებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოების შედარებითი დახასიათება

ნააღდგომევს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომლის ხელმძღვანელადაც პრემიერის გადაწყვეტილებით, შს მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა, პირველად შეიკრიბა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, პრინციპში, ახალი უწყებაა, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ანალოგიური ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების შუახანებიდან არსებობს ანუ აქამდე ამ უწყებას ეროვნული უშიშროების საბჭო ერქვა და პრეზიდენტს ექვემდებარებოდა. დღევანდელი, ესე იგი, მოდერნიზებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრეზიდენტის კი არა, პრემიერის დაქვემდებარებაშია. ზოგადად, ორგანო, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ, სამხედრო, პოლიტიკურ, თუ სხვა სახის საფრთხეებს გათვლის და ამ საფრთხეების პრევენციას მოახდენს, რასაკვირველია, აუცილებელია. შესაბამისად, იმაში მოულოდნელი და უცნაური არაფერია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მუშაობა დაიწყო. სხვათა შორის, ისიც არ არის გასაკვირი, რომ ამ უწყების ხელმძღვანელად შს მინისტრი დაინიშნა.

მართალია, ოპოზიციამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, აი, სტალინის ეპოქაში ვბრუნდებით, როცა ყველაფერი ერთ კაცს ექვემდებარებოდაო, ისიც ითქვა, გახარია იმიტომ დააწინაურეს, რომ პრემიერად ამზადებენო, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი უფრო მარტივადაა ანუ შს მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია, პარალელურად, პირველი ვიცე-პრემიერიც გახლავთ. ეს ნიშნავს, რომ ის პასუხისმგებელი მხოლოდ შს სამინისტროს მუშაობაზე კი არ არის, არამედ, როგორც პირველი ვიცე-პრემიერი, ვალდებულია, ქვეყანაში მიმდინარე ყველანაირ მოვლენას თვალ-ყური მიადევნოს. ნათქვამი უფრო მეტად რომ ჩავშალოთ, პირველი ვიცე-პრემიერის ფუნქციაა, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და ასევე, სხვა სახის საფრთხეების საქმის კურსში იყოს. შესაბამისად, ვიდრე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩაიბარებდა, გახარია ისედაც ვალდებული იყო, უსაფრთხოებაზე ეზრუნა. ასე რომ, შს მინისტრის დაწინაურებაზე გავრცელებული ხმა, უბრალოდ, გადაჭარბებულია. 

ახლა, რაც შეეხება დღევანდელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წინამორბედს, ესე იგი, ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომლის აღმასვლა აწ განსვენებული ნუგზარ საჯაიას სახელს უკავშირდება. დიახ, სწორედ ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველი მდივანი საჯაია გახლდათ, რომელსაც ეს თანამდებობა ექვსი წლის განმავლობაში ეკავა _ საჯაია მდივნად 1996 წლის 31 იანვარს დაინიშნა. 

იმდროინდელ პოლიტიკურ წრეებში, ნუგზარ საჯაია „რუხ კარდინალად“ ითვლებოდა. უფრო მეტიც, იმასაც კი ამბობდნენ, რომ შევარდნაძის მმართველობა, სწორედ საჯაიაზე იდგა. ეს შესაძლოა, გადამეტებული შეფასება იყო, მაგრამ კარგად თუ გავიხსენებთ, „მოქკავშირის“, უფრო კონკრეტულად, ედუარდ ამბროსის ძის მმართველობის ჩამოშლა, სწორედ საჯაიას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. 

ისე, ჩვენში დარჩეს და, შეთქმულების თეორიების მიმდევრები დღემდე ამტკიცებენ, რომ საჯაიას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს. ამას გარდა, არსებობს ის ვერსიაც, რომ საჯაია თვითმკვლელობამდე შეგნებულად მიიყვანეს, თუმცა ოფიციალური ვერსიით, უშიშროების საბჭოს მდივანმა თავი მოიკლა. 

სხვათა შორის, იმ დროს, როცა საჯაია ზენიტში იყო, ძალოვან და ასევე, სხვა უწყებებში წამყვანი თანამდებობები იმ ადამიანებს ეკავათ, რომლებიც მისი გარემოცვის წევრებად ითლებოდნენ. ცხონებული სულხან მოლაშვილი, ვალერი ხაბურძანია, კობა ნარჩემაშვილი _ ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც მედია „საჯაიას ბიჭებს“ ეძახდა. 

იმ დროს, როცა ნუგზარ საჯაია გარდაიცვალა, ე.წ. მინი რევოლუცია უკვე მომხდარი იყო _ ალბათ, გახსოვთ: 2001 წლის ნოემბერში, „რუსთავი 2“-ში უშიშროება შევიდა, რაც თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლად მოინათლა და თბილისში საპროტესტო ტალღამ იფეთქა. ამ დროს უკვე ყველამ იცოდა, რომ შს მაშინდელ მინისტრ კახა თარგამაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას ანუ მოქაკავშირის ე.წ. რეფორმატორულ ფრთას შორის, სერიოზული დაპირისპირება არსებობდა. თუ მაშინდელ მითოსს გავიხსენებთ, ის მოარული ხმებიც გაგვახსენდება, რომ 2001 წლის ნოემბრის მოვლენები, რომელიც მინი რევოლუციად მოინათლა, თითქოს, სწორედ რეფორმატორების მიერ იყო ინსპირირებული. შესაძლოა, არც უამისობა იყო, რადგან მაშინ ჟვანია ვა-ბანკზე წავიდა ანუ შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენა, თუ თარგამაძე თანამდებობას დატოვებს, მზად ვარ, სპიკერობიდან მეც გადავდგე და შესაბამისად, ქუჩაში გამოსული ხალხიც დამშვიდდებაო. 

არავის, ან ძალიან ცოტას თუ ეგონა, რომ რეფორმატორების ეს ფანდი გაამართლებდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა _ „რკინის კაცად“ სახელდებულმა თარგამაძემ შს მინისტრის სავარძელზე უარი თქვა. ჟვანიამაც სიტყვა შეასრულა და პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობასთან ერთად, ძალოვანი უწყებების პირველი პირებიც შეიცვალნენ, კერძოდ, შს მინისტრი საჯაიასთან დაახლოებული კობა ნარჩემაშვილი გახდა, უშიშროების სამინისტრო კი, ასევე, საჯაიასთან ასოცირებულ ვალერი ხაბურძანიას ჩააბარეს, თუმცა ამ ბატონებმა, შეიძლება, ითქვას, „მამობილის“ იმედები ვერ გაამართლეს. ყოველ შემთხვევაში, ნუგზარ საჯაიას საეჭვო გარდაცვალებაში, მათ საეჭვო ვერაფერი დაინახეს და დღემდე ამბობენ, უშიშროების საბჭოს მდივანმა თავი მოიკლაო. 

ასე იყო თუ ისე, საჯაიას გარდაცვალებით, როგორც აღვნიშნეთ, შევარდნაძეს მხარი მოსტყდა და ბოლოს, იძულებული გახდა, 2003 წლის 23 ნოემბერს სახლში წასულიყო. ისე, ზოგი ამბობს, საჯაია ცოცხალი რომ ყოფილიყო, „ვარდების რევოლუცია“ არ მოხდებოდაო. ამ ვერსიას არსებობის უფლება, რასაკვირველია, აქვს... 

საჯაიას გარდაცვალების შემდეგ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად თედო ჯაფარიძე დაინიშნა. ეს ის თედო ჯაფარიძეა, რომელიც 2012 წელს, „ოცნების“ გუნდის წევრი გახდა, თუმცა თავის დროზე, ბატონი ჯაფარიძე „ვარდოსნებთანაც“ თანამშრომლობდა _ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, კერძოდ, 2003 წლის 30 ნოემბერს, მან უშიშროების საბჭოს მდივნობა დატოვა და ქვეყნის საგარეო უწყებას ჩაუდგა სათავეში. თედო ჯაფარიძე ამ თანამდებობას 2004 წლის 20 მარტამდე იკავებდა. 

პირველი, ვინც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელს იკავებს, ვანო მერაბიშვილია. მართალია, მერაბიშვილი ამ თანამდებობაზე ერთი წელიც არ ყოფილა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს პოსტი, დღეს პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილისთვის, ერთგვარ „ძალოვან ტრამპლინად“ იქცა ანუ ნაცმოძრაობის რეჟიმის ხერხემალმა უშიშროების საბჭოში მოთელვა გაიარა, ძალოვანი უწყებების მუშაობაში ძირფესვიანად გაერკვა და ამის შემდეგ, სათავეში შსს-ს ჩაუდგა. 

ეროვნულ უშიშროების საბჭოს, დაარსების დღიდან მოდერნიზებამდე, საერთო ჯამში, ათზე მეტი მდივანი ჰყავდა, თუმცა ნუგზარ საჯაიას მსგავსად, ეპოქა ერთმა მათგანაც კი ვერ შექმნა. უფრო მეტიც, ზოგი მდივანი ისეთი იყო, რომ მისი არსებობის შესახებ ფართო საზოგადოებას არც კი ახსოვს. მაგალითად, ირინა იმერლიშვილის, ან სულაც, დავით რაქვიაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნობა, ალბათ, პოლიტიკურ წრეებსაც დავიწყებული აქვთ. სამაგიეროდ, იგივეს ვერ ვიტყვით კოტე კემულარიაზე, ეკა ტყეშელაშვილზე, გელა ბეჟუაშვილზე, კახა ლომაიასა, თუ გიგა ბოკერიაზე. ეკა ტყეშელაშვილი ისტორიაში იმითაც შევიდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ამ უწყებას ხელმძღვანელობდა. 

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, უშიშროების საბჭოს როგორი მდივანი იყო დღევანდელი ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამართალდამცავების თვალთახედვის არეში გიგა ბოკერია სწორედ იმიტომ მოხვდა, რომ ის სამი წლის განმავლობაში _ 2010 წლის 20 ნოემბრიდან 2013 წლის 21 ნოემბრამდე, აღნიშნულ უწყებას ედგა სათავეში. 

ყველაფერი კი 2013 წლის ბოლოს დაიწყო, როცა იმჟამინდელმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „უშიშროების საბჭოს მიერ, ლობისტებზე დახარჯული თანხების საქმე“ პროკურატურისთვის იყო გადაცემული და გამოძიება მიმდინარეობდა: 

„ისინი ახერხებდნენ ძვირი პიარკამპანიების წარმოებას. ძალიან ბევრია ლობისტები, მათ შორის ბოკერია, 16 მილიონი მარტო წინა წელს აქვს ბოკერიას, რომელიც ძირითადად პიარკამპანიით იყო დაკავებული და დღესაც, მთელი წლის განმავლობაში, იმითაა დაკავებული, რომ ჩირქი მოსცხოს ქვეყანას. ბოკერიას სამსახური მთლიანად სააკაშვილის პიარზე იყო მორგებული. ეს არის შედეგი, რატომ გამოიტანეს კომიტეტში და არა პარლამენტში, პარლამენტში კიდევ ვახერხებთ ამას. ეს არის შედეგი იმის, რომ მთელი ევროპა სიცრუეში ჰყავდა. ატყუებდნენ ამერიკასაც. დღეს რაც ხდება, ჩვენგან წაგლეჯილ ფულს იყენებდნენ და გარეთ ლობისტებს ამუშავებდნენ, მაგრამ ამას უკვე საფუძვლები გამოეცალა და ერთეულებიღა დარჩა. კლებაში წავიდა პროცესი'', _ განაცხადა მაშინ ივანიშვილმა და დასძინა, რომ ბოკერიას უწყების საქმიანობა, ამ მიმართულებით, პროკურატურაშია გადაცემული. 

ივანიშვილმა მაშინ ისიც თქვა, რომ იმ 16 მილიონიდან, რაც ბოკერიას სამსახურის მიერ, ლობისტებზე იყო გადაცემული, 300-400 ათასი, ნაღდი ანგარიშსწორებით გახლდათ გაცემული, მათ შორის, ელჩებზე. 

ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებიდან გავიდა რამდენი თვე და ცნობილი გახდა, რომ ბოკერიას დაკითხვაზე იბარებდნენ. კერძოდ, 2014 წლის 4 აპრილს, მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: 

„2014 წლის 04 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სახით, დაკითხვის მიზნით, დაბარებულია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიორგი (გიგა) ბოკერია. 

საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს. 

საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს''. 

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრჯერ განაცხადეს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები წინა ხელისუფლების დროს, უცხოელ ლობისტებზე გაწეულ ხარჯებს იძიებდნენ; იმ დროს კონტრაქტებს ლობისტური საქმიანობების შესახებ, ძირითადად, ეროვნული უშიშროების საბჭო კურირებდა. 

ამჟამად, ამ საქმეს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია კურირებს. შარშან მთავრობამ გავლენიანი ლობისტური კომპანიაPatton Boggsს-ი დაიქირავა და 110 000 აშშ დოლარის ყოველთვიური ანაზღაურებაც დაუნიშნა. 

პროკურატურაში მისულმა ბოკერიამ განუცხადა ჟურნალისტებს: „იმ ფონზე, როცა ჩემი თანაგუნდელების, მეგობრების ძალიან დიდი ნაწილი ან ციხეშია, ან ბრალი აქვს უკვე წაყენებული, ან დაკითხვაზე დაატარებენ დღე და ღამე, ცოტა უხერხულიც იყო, ასე რომ დაგვიანდა ჩემი დაბარება დაკითხვაზე“. 

დაახლოებით, ხუთ-საათიანი დაკითხვის შემდეგ, ბოკერიამ პროკურატურა დატოვა და უთხრა ჟურნალისტებს, რომ ის იმ საკითხთან დაკავშირებით დაკითხეს, რომელზეც „დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი“, უკვე ამდენი ხანია ლაპარაკობს; ის წინა ხელისუფლების პირობებში, ლობისტურ კომპანიებზე გაწეულ ხარჯებს გულისხმობდა. მან ასევე სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამომძიებლებს ასეთ საკითხებზე აკარგვინებს „დროს, რესურსებსა და ენერგიას“.

მანამდე, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის კამპანიის გაგრძელებაა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების გადატანას ბოლოს დროს მომხდარი ორი გახმაურებული ფაქტიდან – ესენია: მოწმე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალება და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატზე, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა'', _ იუწყებოდა 2014 წლის აპრილში, ინტერნეტპორტალი civil.ge. 

რა ბედი ეწია ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს, არავინ იცის. სხვათა შორის, პოლიტიკურ კულუარებში მუსირებს მოსაზრება, რომ სწორედ ეს სისხლის სამართლის საქმე გახდა იმის წინაპირობა, რომ ბოკერიასა და სააკაშვილის გზები გაყოფილიყო ანუ შეთქმულების თეორიების ზოგი მიმდევარი დღესაც ანვითარებას აზრს, რომ ბოკერიამ, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, „ოცნებასთან“ თანამშრომლობა არჩია. ამ თანამშრომლობის პირველი ეტაპი, ნაცმოძრაობიდან წამოსვლა და ახალი პარტიის შექმნა იყო. 

რასაკვირველია, ხელაღებით ვერ ვიტყვით, მოხდა თუ არა ბოკერიას „დავერბოვკება“, მაგრამ ამბობენ, რომ ცეცხლი უკვამლოდ არასდროს ჩნდება. 

ამასთან, კიდევ ერთ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება: თუ ედუარდ შევარდნაძის „რუხი კარდინალი“, აწ განსვენებული ნუგზარ საჯაია იყო, მიხეილ სააკაშვილის კარზე, ამ ტიტულს გოგა ბოკერია ატარებდა. ამ თემაზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა 2013 წელს, ქართულმა საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-მა. 

„რიტუალური ცეკვები გიგა ბოკერიას გარშემო“ _ ასე ჰქვია ამ წერილს, რომელშიც ვკითხულობთ: 

„ვისთვის არის საშიში უშიშროების საბჭო? 

პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრად უშიშროების საბჭოს ქცევა ამჯერად არა პრეზიდენტს, არამედ უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას დაუკავშირდა, რომელიც სააკაშვილის „ნაცრისფერ კარდინალადაა'' ცნობილი. ისე, რამდენი „ნაცრისფერი კარდინალი'' შეიძლება იყოს ქვეყანაში? ვანოც „ნაცრისფერი კარდინალი'' იყო, ადეიშვილიც, ბოკერიაც? ლევან რამიშვილიც? მეფის კარზე, კარდინალი ერთია. მაგალითად, ლუი მეცამეტეს ჰყავდა კარდინალი რიშელიე, _ არა ნაცრისფერი, არამედ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე. 

სინამდვილეში, ამდენი „ნაცრისფრის'' შერევით, ერთი ლამაზი და ელვარე ფერი არ გამოვა, რაკი სინამდვილეში, არც კარდინალებთან გვაქვს საქმე და მათ ფერზე მსჯელობა, სრულიად უადგილოა. უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია კი, კარდინალი ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, ვერც „ნაცრისფერი'' იქნება. უფრო, კახური ანეკდოტების იმ პერსონაჟს ჰგავს, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ჯიქურ მიჰყვება თავის ხაზს და, სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით, მიშასაც კი სჯობნის, თუ სჯაბნის: სწორედ მისმა ფიგურამ აიძულა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, დაეშვა კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა, როდესაც უშიშროების საბჭო „უმოქმედობის'' გამო გააკრიტიკა. სინამდვილეში, რასაკვირველია, საბჭოს აპარატს გულისხმობდა, რომელსაც ბოკერია უდგას სათავეში, თორემ უშიშროების საბჭოს უმოქმედობა იმას ნიშნავს, რომ მისი წევრები არ აკეთებენ არაფერს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ საბჭოს მუდმივი და სრულუფლებიანი წევრია. 

არადა, 1 ოქტომბრიდან დღემდე, პრეზიდენტმაც და მისი სათათბირო ორგანოს მდივანმაც არაერთხელ გამოთქვეს სურვილი, შეკრებილიყო უშიშროების საბჭო. მიშას ძალიან უნდოდა, პრემიერი ივანიშვილი ხელმარჯვნივ ეხილა მაგიდასთან, რაკი ძალაუფლების მისეულ ტექნოლოგიაში, „სატელევიზიო ხატს'' განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ყოველთვის. თუმცა ეს ხომ პრემიერსაც ესმოდა და ისტორიული ფრაზის შემდეგ („ჩვენ სააკაშვილს მოვექცევით არა ისე, როგორც იგი იმსახურებს, არამედ . . . .''), რაც პრეზიდენტის სასახლესთან პირველი შეხვედრისას თქვა, იმავე სასახლეში, სააკაშვილის ხელქვეითად წარმოჩენა, ნამდვილად არ ეპიტნავებოდა. 

ოღონდ, ასეთ შემთხვევაში, რა რჯიდა, უშიშროების საბჭო „უმოქმედობისთვის'' გაეკრიტიკებინა? ბუნებრივია, მიშამ უმალვე ისარგებლა მისი შეცდომით და ჯერ ბოკერია გამოიყვანა წინა პლანზე, შემდეგ კი, თვით საბჭოს სხდომაც მოიწვია. ყველაზე კომიკური ამ სვლაზე, მთავრობის წევრთა რეაქცია იყო. ბევრი მათგანი აშკარად დაიბნა და ბოლომდე არ იცოდა, რა პოზიცია დაეკავებინა: მისულიყო, არ მისულიყო... თუ მივიდოდა, როგორ მოქცეულიყო და ასე შემდეგ. ზოგი მივიდა, ზოგი არა, რითაც კიდევ უფრო აბსურდული სიტუაცია შექმნა. 

მართლაც, თუკი უშიშროების საბჭოზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები არ განიხილება, _ როგორც პრემიერმა აღნიშნა, _ მაშინ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები „მოცლილები'' ყოფილან და ესაა. სააკაშვილმა კი თავისი პარტია ბოლომდე ზუსტად შეასრულა: ბუნებრივია, ეთერში მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლა გადაიცა და არა მინისტრთა კითხვები: მაგალითად, ელჩების დანიშვნა-არდანიშვნასთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ მიშა კახა იმნაძეს ელჩად არ დანიშნავს, რაკი „ვარდების რევოლუციის'' დროს, ჩNN-თან ინტერვიუში, რევოლუციის ლიდერს „ექსცენტრიკოსი'' უწოდა მაშინ, როდესაც ეს ტელეკომპანია, ლამის ვარდის სურნელს აფრქვევდა მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება თედო ჯაფარიძეს, _ მან და მომავალმა პრეზიდენტმა ერთმანეთს ჯერ კიდევ 1996 წლიდან ვერ გაუგეს, როცა სააკაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სემინარებს კითხულობდა. 

ივანიშვილის გარემოცვა თავს იმით იმშვიდებს, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს სამიოდე თვე დარჩა, მაგრამ უშიშროების საბჭოს გარშემო განვითარებული ინტრიგა სამომავლო ხიფათებსაც შეიცავს, როდესაც გიგა ბოკერია ამ საბჭოს მდივანი აღარ იქნება: საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, „უშიშროების საბჭო'' ერთადერთი ორგანოა, რომლითაც ახალ პრეზიდენტს, პროცესებზე ზემოქმედების საშუალება ექნება: „მას შეუძლია, შექმნას საკუთარი უმრავლესობა საბჭოში'', _ აზუსტებს დემეტრაშვილი. ანუ საერთოდაც რომ გამოვრიცხოთ რომელიმე სხვა პოლიტიკოსის შანსები, გარდა გიორგი მარგველაშვილისა, ამ შემთხვევაშიც კი, კანონმდებლობაში გაწერილი ეს ინსტიტუტი, ძალზე დისკომფორტული იქნება პრემიერისთვის: არც პრეზიდენტ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომებს დაესწრება? არადა, „როგორი დასასწრები'' იქნება იმავე ფორმატში ანუ პრეზიდენტის ხელმარჯვნივ? აბა პირიქით, თვითონ ხომ არ გაუძღვება სხდომას? მაშინ უშიშროების საბჭოს რიგით წევრად, თვით სახელმწიფოს მეთაური აღიქმება! თუმცა, მარგველაშვილი ქართველია და ამ სიტუაციას დიდხანს ვერ მოითმენს. კლაუზევიცს უთქვამს: „პოლიტიკაში მთავარი არა სურვილი, არამედ პოტენციალიაო''. 

ამდენად, მარტივი პოლიტიკური ტექნოლოგიიდან გამომდინარე, პრემიერ ივანიშვილისთვის, ბევრად უმჯობესი იქნებოდა, „უშიშროების საბჭოს'' და მისი მდივნის არსებობა საერთოდ არ შეემჩნია, თორემ რაც გამოუვიდა, მხოლოდ პრობლემები მოუტანა. თან არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლოდაც. თუმცა მიშას, მართლაც, სულ რაღაც სამი თვე დარჩა და მარქსისტული დებულების შესაბამისად, პრემიერის პოლიტტექნოლოგიურ შეცდომათა „რაოდენობა“, კარდინალურ ცვლილებათა „ხარისხში'' გადასვლას, უბრალოდ, ვერ მოასწრებს''. 

ერთი სიტყვით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, უშიშროების საბჭო კი არსებობდა, მაგრამ პრინციპში, მის მდივანს, არავინ აღარაფერს ეკითხებოდა. ოპოზიციაში იმანაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა ითქვა, რომ ხელისუფლება უშიშროების საბჭოს აუქმებდა ანუ „ანტიოცნებელები“ ამტკიცებდნენ და ახლაც ამტკიცებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მკვდრადშობილი ორგანოა. მართლაც ასეა თუ არა, ამაზე, უმჯობესია, სპეციალისტებმა ისაუბრონ, მაგრამ თუ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არაფერს წყვეტს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, მისი ხელმძღვანელი ვინ იქნება და, ზოგადად, რატომ მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი ამ უწყების მდივნად გიორგი გახარიას დანიშვნას? 

ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, თუმცა ის მოსაზრებაც არსებობს, რომ გახარიამ, შესაძლოა, საჯაიას გზა გაიაროს ანუ ის გახდეს ისეთი გავლენიანი პერსონა, რომელიც ქვეყანას საფრთხეებს რეალურად ააცილებს. სხვათა შორის, ობიექტურად თუ ვიტყვით, ამის პოტენციალი შს მინისტრში, რომელიც ამავდროულად, პირველი ვიცე-პრემიერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც არის, იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში, ის ერთადერთი, ან თითქმის ერთადერთი მაღალჩინოსანია, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში, ხალხთან პირისპირ შეხვედრას არ ერიდება. ასე იყო, იგივე პანკისის მოვლენების დროსაც. შარშანდელი გახარიას „ბოდიში“ კი, რომელიც მან ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციით აღშფოთებულ ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს მოუხადა, ლამის თანამედროვე ქართული პოლიტიკური ლექსიკონის ქრესტომათიად იქცა. ასევე დარჩება პოლიტიკის ისტორიას გახარიას მიერ, ოპოზიციისთვის შეთავაზებული ყავის დალევა. 

რა განსხვავება, ან რა მსგავსებაა ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოებს შორის? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ქართულ „ვიკიპედიას“ მივანდოთ: 

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო იყო, რომელიც შეიქმნა საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად. 

მისი შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრებოდა საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავდა პრეზიდენტი. 

2011 წლის მაისში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა. საბჭო უშიშროების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ გარდაიქმნა. იგი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, ყველა ტიპის სიტუაციების მართვას ხელმძღვანელებოდა და ამ პროცესს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უწევდა კოორდინაციას. ასევე, აკონტროლებდა და კოორდინაციას უწევდა აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას და საფრთხის შემთხვევაში, პრეზიდენტს მიმართავდა. 

2018 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო დაიშალა და შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც სახელმწიფო უშიშროების, საგარეო და საშინაო, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული, სამოქალაქო, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებს იხილავს. 

მთავრობის მეთაურის გარდა, საბჭოს მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის გაცნობის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში, საბჭოს სხდომაზე შეიძლება საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა პირთა მიწვევა. 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება იქნება საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, საბჭოს სხდომების მომზადება და პრემიერ-მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება. 

საბჭოს სხდომები სამ თვეში ერთხელ, დახურული წესით ჩატარდება''. 

ეროვნულმა უსაფრთხოების საბჭომ, ჯერჯერობით, ერთი შეკრება გამართა, რომელიც პანკისის მოვლენებს დაემთხვა. საბჭოს შემდეგი შეკრება, კანონის თანახმად, ზაფხულში უნდა ჩატარდეს. იმედია, მანამდე მოვლენები ისე არ განვითარდება, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რიგგარეშე შეკრება გახდეს საჭირო.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში