Menu
RSS

„ღამე ბერებმა დაგვირეკეს, გვიშველეთ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები შემოგვივარდნენო“

რას ჰყვება დავით გარეჯის მეზობლად მდებარე სოფელ უდაბნოს მცხოვრები და რატომ არ აქვს ხალხს ხელისუფლების იმედი

დავით გარეჯის მონასტერი ისევ საჯილდაო ქვად არის ქცეული. საბჭოთა კავშირის დროს ჩადებული ნაღმი ამოქმედდა და არავინ იცის, ყველაფერი რით დასრულდება. ხელისუფლებამ ამ პრობლემის მიძინება გადაწყვიტა, რადგან მისი წარმომადგენლები კომენტარს აღარ აკეთებენ. უფრო კონკრეტულად კი, ისინი ამბობენ, რომ იმ კომისიის შემადგენლობის ცვლილებაზე მუშაობენ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, შექმნილია, მაგრამ რეალურად არაფერი გაუკეთებია. როდის შეიქმნება კომისია, როდის დასხდებიან ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთთან სასაუბროდ, არავინ იცის. მანამდე კი, ცალკე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და ცალკე ქართველი აქტივისტები ერთმანეთს კბილს უსინჯავენ, ერთმანეთის მოთმინებას ცდიან და სიტუაციის აფეთქებას მხოლოდ ერთი ასანთი ღერი სჭირდება. 

ქართველმა აქტივისტებმა გარეჯს ცოცხალი ჯაჭვიც შემოავლეს, მაგრამ ისინი ვერ გადავიდნენ ჩიჩხიტურის კოშკთან, რადგან კოშკის უკანა კედელი აზერბაიჯანის საზღვარზეა და მისთვის ცოცხალი ჯაჭვის შემოვლება საზღვრის დარღვევას ნიშნავდა. ქართულმა ტელევიზიებმა ჩვენი აქცია გააშუქეს, მაგრამ ხმა არავის ამოუღია იმაზე, რომ ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანის მხარეს მდებარე ქართულ სამლოცველოში, რამდენიმე ათეული აზერბაიჯანელი მივიდა, ბუკი და ნაღარა შემოჰკრა და ქართულ ეკლესიაში იცეკვა. ამის ამსახველი ვიდეო აზერბაიჯანულ საიტებზე მრავლად დევს და იქაური დიმპიტაურიც კარგად ისმის. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარეჯში სიტუაცია დაიძაბა. ამის მომსწრე კი ყველაზე ხშირად იქ მცხოვრები მორჩილები, ბერები და სოფელ უდაბნოს მოსახლეობაა. 

ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელი უდაბნო რამდენიმე წელიწადში, წესით, ოაზისს უნდა დაემსგავსოს, რადგან ხელისუფლებამ, როგორც იქნა, მოახერხა და 30 წლის შემდეგ, სოფელში წყალი შეიყვანა. ამის მიუხედავად, ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და 2015 წელს იხსენებენ, როცა მათი განიარაღება მოხდა. უდაბნოს ერთ-ერთი მაცხოვრებელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა.

_ 2015 წელსაც დაიძაბა სიტუაცია. ღამე ბერებმა დაგვირეკეს, გვიშველეთ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კელიებში შემოგვივარდნენო. იარაღით გავედით მთელი სოფელი, ვიღაცამ, ალბათ, პოლიციაშიც დარეკა და ორ საათში, ერთი ეკიპაჟი ამოვიდა. მანამდე კი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პანჩურებით გავყარეთ ისინი ჩვენი ტერიტორიიდან. პოლიცია რომ მოვიდა, ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ მეორე დღეს ჯოჯოხეთი მოგვიწყეს სოფელში _ ვინც კი იარაღით იყო მისული, ყველას საბუთი სთხოვეს და იმ წელს სოფელი, პრაქტიკულად, განაიარაღეს. იმის ნაცვლად, რომ ამ საზღვრისპირა სოფელში იარაღის ქონის უფლებას აკანონებდნენ, ადვილად გვიფორმებდნენ, პირიქით, თოხებისა და ბარების იმედად დაგვტოვეს.

_ როგორც ვიცი, მაშინ ავტომატებიც ამოიღეს...

 _კი, ამოიღეს, მაგრამ დამტკიცდა, რომ არცერთი იარაღიდან, რომელიც პოლიციამ წაიღო, დანაშაული არ იყო ჩადენილი. თავდაცვისათვის გვქონდა და ახლა ეგეც აღარ გვაქვს. ვინაა პასუხისმგებელი?_ ალბათ, არავინ იმიტომ, რომ ოფიციალურად, ხელისუფლება მართალია. მადლობაც კი გვათქმევინეს იმაზე, რომ არავინ დაიჭირეს. 

_ ჩვენი მესაზღვრეები თითქოს არ ჩანან და ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების სიმრავლე შეინიშნება. 

_ არ ვიცი, სხვანაირად როგორ ვთქვა, მაგრამ ჩვენ საზღვარს არ ვიცავთ. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი, რომელიც 40 კილომეტრია, დაუცველია. 

 

_ ანუ? 

_ ოფიციალურად, დოკუმენტებით, კანონით, ამ მხარეს აკონტროლებს 4 მესაზღვრე ანუ ყოველ ათ კილომეტრში დგას ერთი მესაზღვრე. ახლა მითხარით, ეს არის საზღვრის დაცვა? ჭოგრიტითაც ვერ დაინახავ, რა ხდება ათ კილომეტრზე. მესაზღვრეებს ერთმანეთთან კავშირი კი აქვთ რაციის საშუალებით, მაგრამ რა? 

ჰო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ამ ოთხ მესაზღვრეს ერთი ავტომობილი ჰყავს ანუ ან ოთხივე უნდა ისხდეს ავტომობილში და ამ 40 კილომეტრზე წინ და უკან იაროს, ან ერთს უნდა ჰყავდეს მანქანა და დანარჩენმა სამმა ფეხით იაროს 10 კილომეტრი წინ და მერე _ უკან. ამას თუ საზღვრის დაცვა ჰქვია, არ ვიცი. ამის ბრალია, რომ მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი აზერბაიჯანში, სწორედ აქედან გადაჰყავთ. 

_ შესაბამისად, იქ მოპარული პირუტყვიც გადმოჰყავთ, ალბათ, აქეთ, არა? 

_ არა, იქ ეგ სიტუაცია დალაგებულია. ალიევმა გამოაცხადა, გლეხები არავინ შეაწუხოსო და იქედან მოპარულ პირუტყვს, იქაური მესაზღვრეები აქეთ არ გამოტანენ. აქედან კიდევ უშვებენ. მხოლოდ პირუტყვზე არ არის საუბარი, დამნაშავეები, კრიმინალები, ბარიგები... ყველა ამ გზით დადის, სატრანზიტო დერეფანია, რა, და ეს იმიტომ, რომ ჩვენი მესაზღვრეები ფიზიკურად ვერ ახერხებენ საზღვრის გაკონტროლებას. მით უმეტეს ღამით, როცა ათ მეტრშიც კი არაფერი ჩანს, 40 კილომეტრზე ოთხმა კაცმა რა უნდა ქნას? 

_ და აზერბაიჯანულ მხარეს რამდენი მესაზღვრე ჰყავს? 

_ დავით გარეჯის მიმდებარედ, ყოველდღიურ რეჟიმში, 12 მესაზღვრე პატრულირებს ანუ სადღაც 2-კილომეტრიან მონაკვეთს, 12 კაცი აკონტროლებს, იმის იქეთ კიდევ სხვა ჰყავთ. მთლიანობაში, ას კაცამდე არიან. ესეც ცოტააო, როგორც ამბობენ და ხომ წარმოგიდგენიათ, იმათ ასი მესაზღვრე ეცოტავებათ, ჩვენ ოთხი კაცის ამარა ვართ. 

_ რას აპირებთ? 

_ აგერ, ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს დავით გარეჯს. ცოცხალი ჯაჭვი კი არა, გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, მოქმედებაა საჭირო. არ ვიცით, რას აპირებს ხელისუფლება, როდის დაადგება ყველაფერ ამას საშველი, მაგრამ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. მთელი სოფელი დავით გარეჯის, დოდო რქის მონასტრის, იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მრევლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ! სოფელში ერთ კაცს ვერ ნახავთ, მორწმუნე რომ არ იყოს, ჩვენია დავით გარეჯი და ჩვენი იქნება, სანამ უდაბნოში ერთი ადამიანი მაინც იცხოვრებს. 

ორ ნაბიჯშია თავდაცვის სამინისტროს ბაზა ,,ალგეთი'', სადაც ათასზე მეტი ჯარისკაცია. არ შეიძლება, ამ ჯარისკაცებმა საზღვარზე პატრულირება განახორციელონ? ასე ძნელია?! თუ მეზობელს ვუგორებთ კოჭს, მაშინ ესეც გვითხრან და გვეცოდინება, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვართ, რადგან კიდევ ვიმეორებთ, არ ვიცით, რას გადაწყვეტს სახელმწიფო, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ამ ტერიტორიას არ დავთმობთ. 

P.S. ბაზა ,,ალგეთი'' დავით გარეჯთან, დაახლოებით, 12-15 კილომეტრშია და ჯარისკაცები მუდმივად მოძრაობენ ტერიტორიაზე, თუმცა გარეჯამდე და საზღვრამდე, პრაქტიკულად, არ ადიან. 

რაც შეეხებათ სასულიერო პირებს, ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებაზე მეტად, სწორედ უდაბნოს მაცხოვრებელთა იმედი აქვთ, რადგან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ პირველივე დაძახებაზე, მთელი სოფელი მათ გვერდით არ დამდგარიყო.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში