Menu
RSS

ვინ და რატომ ცდილობდა და ცდილობს პანკისისგან კრიმინალური სტიგმის შექმნას

ქართველებისა და ქისტების მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობისა და ხეობის ვაინახური საიდუმლო

21 აპრილს, მთელი საქართველოს ყურადღება პანკისისკენ იყო მიპყრობილი _ ჩვენ, ყველანი, პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს, თუ რა ხდებოდა ხეობაში. საჭირო იყო თუ არა გაძლიერებული საპოლიციო ძალების შეყვანა და საერთოდ, უნდა აშენდეს თუ არა ჰესი პანკისში? _ ეს სხვა საუბრის თემაა. დღეს „ვერსია“ თვალს უახლეს ისტორიას გადაავლებს ანუ პანკისის ერთგვარ X-ფაილს შექმნის.

ეს ხეობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში გასული საუკუნის 90-იანი წლების შუახანებში ანუ მას შემდეგ მოექცა, რაც ოკუპანტმა რუსეთმა ჩეჩნეთი და მისი დედაქალაქი გროზნო მიწასთან არაერთხელ გაასწორა. შესაძლოა, ახალმა თაობამ იკითხოს, გროზნოს ომებთან პანკისს რა კავშირი ჰქონდაო? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია _ ხეობაში მცხოვრები ქისტები, იგივე ვეინახები ანუ ჩეჩნები არიან. ზოგადად, ქართველებისა და ვეინახების ურთერთობა სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან იღებს. ქართული ისტორიული წყაროების თანახმად, ვეინახური ტომები საუკუნეების განმავლობაში, ქართველი მეფეების მხარდამხარ იბრძოდნენ. განსაკუთრებული სიყვარული ქისტებს თამარ მეფისადმი ჰქონდათ _ ისინი თამარის სახელს არქმევდნენ ხიდებსა და სხვა ნაგებობებს, ქალიშვილებს. ქისტები ერთ ყვავილსაც „თამარს“ ეძახიან. 

„საქართველოში ვაინახების, იგივე ვეინახების ჩამოსახლება პერიოდულად ხდებოდა, რაც საბოლოოდ, მათი ასიმილაციით სრულდებოდა. ბოლო მასობრივი ჩამოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე XIX საუკუნის ოციან წლებში მოხდა. ქისტების ნაწილი საქართველოში ჩამოსახლების პერიოდში ქრისტიანი იყო, ნაწილი _ მუსლიმი, ძირითადი ნაწილი ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებს მისდევდა, თუმცა 2000-იანი წლების შემდეგ, პანკისელ ქისტებში სრულად ისლამი გავრცელდა. 

საქართველოში, მდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში, ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებული ქისტების სოფლები. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. მათ უკავიათ მდინარე ალაზნის გასწვრივ მდებარე სოფლები _ დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი, ომალო, დუმასტური, ზემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, წინუბანი, ძიბახევი, ასევე ქართველებთან ერთად ცხოვრობენ ქორეთსა და ყვარელწყალში. 

2002 წლის მოსახლეობის აღწერით, საქართველოში 7110 ქისტი ცხოვრობდა'', _ იუწყება ქართული „ვიკიპედია“. 

ერთი სიტყვით, რუსი ოკუპანტებისგან შევიწროვებული ჩეჩენი დევნილების ნაწილმა თავი საქართველოს, კერძოდ, პანკისის ხეობას შეაფარა. ისე, კავკასიის საკითხების ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ რუსებმა ჩეჩენ დევნილებს საქართველოსკენ გზა მიზანიმართულად გაუხსნეს, რადგან ამით მეორე კურდღელი დაეჭირათ ანუ კრემლს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გროზნოსთან ერთად, ოფიციალური თბილისიც დაესაჯა. ეს ჩანაფიქრი, პრინციპში, რეალობად იქცა _ მას შემდეგ, რაც ჩეჩენმა დევნილების ნაწილმა თავი პანკისს, ესე იგი, საკუთარი თანამოძმეების სახლ-კარს შეაფარეს, ხეობის დემონიზაცია დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ცუდი, რაც 90-იან წლებში საქართველოში ხდებოდა, პანკისთან ასოცირდებოდა. ზოგი იმ ხაზის გატარებასაც ცდილობდა, რომ პანკისი საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციიდან იყო გასული და იქ კრიმინალები დათარეშობდნენ. განსაკუთრებით აქტიურად ხდებოდა იმ აზრის პედალირება, რომ ხეობაში ნარკოტიკების მინიქარხანები, თუ ქარხანა ფუნქციონირებდა. 

იმთავითვე ნათელი იყო, რომ ასეთი ხმების გავრცელება ორკესტრირებულად ხდებოდა, მით უმეტეს, არსებობდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ თუ ხეობაში ნარკოტიკი მოძრაობდა, ამას მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები „კრიშავდნენ“. 

საზოგადფოებაში ის აზრიც მუსირებდა, რომ პანკისზე კონტროლი მთლიანად ჰქონდათ აღებული ძალოვანი უწყბების წარმომადგენლებს და ამით სოლიდურ ფულს შოულობდნენ. 

სხვათა შორის, როცა ხეობის მცხოვრებლები მაშინდელ ამბებს იხსენებენ, პირად საუბარში არ გამორიცხავენ და უშვებენ ალბათობას, რომ მათ გვერდით, ცალკეული კრიმინალი მართლაც ცხოვრობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მთელი დასახლება კრიმინალების ბუდე იყო. თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ამ სტიგმის შექმნას ხელს ვიღაც უწყობდა. 

ვინ იყო ეს „ვიღაც“? _ კრემლთან ერთად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გამორიცხვაც არ შეიძლება. 

ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, 90-იან წლებში, პანკისის შესახებ, ლამის მთელმა მსოფლიომ გაიგო, მით უმეტეს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, მაშინ უცხოელ ბიზნესმენებსა, თუ დიპლომატებსაც იტაცებდნენ და, როგორც იმდროინდელი ძალოვანები გვარწმუნებდნენ, კვალი პანკისამდე მიდიოდა. 

ამ ნათქვამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია, მოვიყვანოთ „რადიო თავისუფლების“ წერილი, რომელიც 2002 წლის 10 იანვრით თარიღდება (სხვათა შორის, მაშინდელ მედიაში მსგავსი და უფრო მძაფრი შინაარსის წერილები, როგორც იტყვიან, ჩვეულებრივი მოვლენა იყო): 

„პანკისის ხეობაში სიტუაციის პერმანენტული დაძაბულობა სამწუხარო რეალობად იქცა. ვითარებას კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდის ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ინერტულობის გამო, უწესრიგობით აღშფოთებული რიგითი მოქალაქეები, პერიოდულად თავად ცდილობენ წესრიგის დამყარებას. 

ბოლო რამდენიმე წელია, რაც პანკისის ხეობა დენთით სავსე კასრს წააგავს, რომლის აფეთქებისთვისაც მცირე ნაპერწკალიც კი საკმარისი იქნება. პანკისის ხეობა დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი იმ დამნაშავეების თავშესაფრად იქცა, რომლებიც ადამიანთა გატაცებას წარმატებით უთავსებენ ნარკოტიკებით ვაჭრობის სარფიან ბიზნესს. ვითარების სპეციფიკის მომიზეზებით – როგორც იცით, პანკისის ხეობას ჩეჩნეთიდან დევნილები აფარებენ თავს – ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, არ ჩაერიოს ხეობის ცხოვრებაში, რაც საბოლოოდ, ხეობაში ხელისუფლების არაფორმალური ლიდერების, საეჭვო კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნებების ხელში გადასვლით დასრულდა. დაახლოებით ერთი წლის წინათ, ხეობის მისასვლელებთან, შინაგანი ჯარების საგუშაგოების ჩაყენებამ კრიმინალური მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. 

შესაბამისად, უცნაურად არ აღიქმება პერიოდულად პანკისის ხეობის მეზობლად მცხოვრები ადამიანების მხრიდან, ხეობაში წესრიგის დამყარების სტიქიურად დემონსტრირებული სურვილი. გემახსოვრებათ, შარშან ივლისში, სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის გატაცებით აღშფოთებული კახელების მიერ, ჯერ პანკისისკენ მიმავალი გზების გადაკეტვა, შემდეგ კი რამდენიმე ქისტის მძევლად აყვანის ფაქტი. მაშინ პარლამენტშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ,,სახალხო მოლაშქრეებისთვის'' იარაღის დარიგებისა და მათგან სპეციალური შეიარაღებული ნაწილის შექმნის იდეით გამოდიოდნენ. შარშან ზაფხულში, ეს ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა. 

იმ მოვლენებიდან 6 თვის თავზე, უკვე ქართველი ,,ავღანელები'' იმუქრებიან პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებით, თუ არ გაათავისუფლებენ რამდენიმე თვის წინათ გატაცებულ მამა ბასილს და ახმედ ხალილოვს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებას და შინაგანი ჯარების საგუშაგოების ხეობის სიღრმეში გადატანას. ცნობისთვის, ბასილ მაჩიტაძის გასათავისუფლებლად, გამტაცებლები მილიონ დოლარს, ხალილოვისა კი – 500 ათას დოლარს ითხოვენ. 

„ავღანელები“ პანკისის ხეობის შესასვლელთან აქციას ორშაბათიდან აწყობენ. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ავღანელები“ საკმაოდ მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში, სავსებით შესაძლებელია, აქცია კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს.

როგორც ჩანს, სიტუაციაში გასარკვევად, უშიშროების მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ ყველაზე კარგი ხერხი გამოიყენა _ 10 იანვარს, იგი იყო ახმეტაში, სადაც შეხვდა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მისი განცხადებით, სიტუაცია იმაზე რთული და დაძაბული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა''. 

იმ დროს, როცა პანკისის მოსახლეობამ საპროტესტო აქციები დაიწყო და ხელისუფლებას კრიმინალთან ბრძოლა მოსთხოვა, საქართველოს შს მინისტრი, დღევანდელი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი იყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო 2002 წლის სექტემბერში, ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაცია. მოგვიანებით ანუ ნოემბრის დასაწყისში, შსს-მ საზოგადოებას ამცნო, რომ ანტიკრიმინალური ოპერაცია დასკვნით ეტაპს უახლოვდებოდა და უშიშროების ძალები პანკისის კრიმინალური ელემენტებისგან გაწმენდას ამთავრებდნენ. 

სხვათა შირის, სწორედ მაშინ, როცა იმდროინდელი შსს ამ განცხადებებს აკეთებდა, ჯერ კიდევ არ იყო ნაპოვნი ბრიტანელი ბანკირი, პიტერ შოუ, რომლის გატაცებაშიც, თავიდანვე ე.წ. ჩეჩნურ კვალს ეძებდნენ. 

ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ პიტერ შოუს საქმე გახდა ის კატალიზატორი, რომელმაც პანკისის, როგორც კრიმინალური ანკლავის განეიტრალება დააჩქარა. ყველაფერი 2002 წლის ივნისში დაიწყო. როგორც მაშინდელი მედია იუწყებოდა, თბილისის ცენტრიდან ბრიტანელი ბანკირი, პიტერ შოუ გაიტაცეს, რომელიც მეორე დღეს, ბრიტანეთში გამგზავრებას გეგმავდა. 

„გატაცებისთანავე, ყველაზე დამაჯერებლად ორი ვერსია ჟღერდა –პიტერ შოუ გამოსასყიდის მიღების მიზნით მოიტაცეს, ან მისი გატაცება შურისძიებით არის განპირობებული, რადგან დიდი წვლილი მიუძღვის რამდენიმე ქართული ბანკის გაკოტრებაში'', _ იუწყებოდნენ მაშინ ქართველი ჟურნალისტები, თუმცა რა მიზნით მოხდა შოუს გატაცება, ეს მისი გათავისუფლების შემდეგაც არ გამხდარა ცნობილი. ასევე, უცნაურად ჩანდა, თუ რატომ ეძებდნენ მაშინდელი ძალოვანები ამ კრიმინალურ ფაქტში ჩეჩნურ კვალს. ითქვა ისიც, რომ მის გატაცებასთან კავშირი, თითქოს ახმადოვების ცნობილ დაჯგუფებას ჰქონდა. 

შოუს საქმეში არსებობდა კიდევ ერთი დეტალი ანუ ითქვა, რომ ბრიტანელი ბანკირის გამო, შს და უშიშროების სამინისტროები ერთმანეთს დაერივნენ. მაშინ უშიშროების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ალასანია გახლდათ, რომლის სახელსაც საზოგადოების ნაწილი პანკისის განეიტრალებას უკავშირებს. უფრო მეტიც, პრესაში ისიც კი დაიწერა, რომ ალასანიამ ნარჩემაშვილს შოუს გათავისუფლების სპეცოპერაცია „აახია“. 

პიტერ შოუ არ იყო ერთადერთი, რომელიც გაიტაცეს და რომლის საქმის კვალიც პანკისამდე მივიდა. ასევე, გაიტაცეს დეპუტატი, პეტრე ცისკარიშვილიც, რომელიც პანკისში იპოვეს. იმავე პერიოდში მოკლეს ჟურნალისტი, გიორგი სანაიაც და მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ სანაიას ჰქონდა ვიდეოკასეტა, რომელიც პანკისში მისცეს და რომელზეც ჩაწერილი იყო მაღალჩინოსნების ნარკობიზნესთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. კასეტის ვერსია, თავდაპირველად, პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ გაახმოვანა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბებიდან 15 წელზე მეტია გასული, დანამდვილებით არავინ იცის, მართლა ჰქონდა თუ არა სანაიას კასეტა, რომელიც მას პანკისში მცხოვრებმა ერთ-ერთმა კრიმინალმა გადასცა. 

ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით და გახსენებით, შესაძლოა, ითქვას, რომ პანკისის ხეობით, რუსეთი საქართველოს მართვას ცდილობდა და ეს მცდელობა უცხო, შესაძლოა, ახლაც არ არის. ამ თემაზე საინტერესო სტატიაა გამოქვეყნებულ ინტერნეტპორტალ მილიტარიუმ.ორგ-ზე, რომელშიც ვკითხულობთ: 

„პანკისის ხეობაში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ჩრდილო კავკასიის ფაქტორის მოქმედების ერთ-ერთი, ყველაზე დრამატული ეპიზოდია. რაც მთავარია, დაძაბულობა და ურთიერთბრალდებები პანკისის თემის გარშემო დღესაც აქტუალურია. დროდადრო, საქართველოს კვლავ ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ხელს უწყობს „ტერორისტი ბოევიკების“ გადამზადებას საკუთარ ტერიტორიაზე და, უფრო მეტიც, აფინანსებს მათ. 

1994 წლის დეკემბერში დაწყებულმა ჩეჩნური სეპარატიზმის სამხედრო გზით დაძლევის მცდელობამ, შედეგი არ მოუტანა რუსეთის ხელისუფლებას. ორწლიანი სისხლიანი ბრძოლების შემდეგ, რუსეთის არმია იძულებული იყო, დაეტოვებინა ჩეჩნეთი. 

1997 წელს, ასლან მასხადოვი, ჩეჩნეთის მიერ არჩეული და რუსეთის ოფიციალური პირების მიერ აღიარებული პრეზიდენტი, ჩავიდა მოსკოვში და პრეზიდენტ ელცინთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომელშიც მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, ყველა სადავო საკითხი რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთს შორის მშვიდობიანი გზებით გადაეწყვიტათ. მიუხედევად იმისა, რომ ამ ხელშეკრულებას ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის გაფორმებული დოკუმენტის ფორმა ჰქონდა, რეალურად, როგორც ისტორიკოსი ჯიბრაილ გაკაევი აღნიშნავს: ,,სახელმწიფო იჩკერია არ შედგა არც საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარების (დე-იურე) და არც საჯარო ხელისუფლების ინსტიტუტების მშენებლობისა და ადამიანთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით''. 

საქართველომ, რომელსაც სამოქალაქო ომი ახლადგამოვლილი ჰქონდა და ცდილობდა მოეპოვებინა შიდა სტაბილურობა, მოახერხა არ ყოფილიყო ჩათრეული რუსეთ-ჩეჩნეთის დაპირისპირებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოფიციალურად არ უღიარებია ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა, როგორც პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, ასევე ასლან მასხადოვი, შეეცადნენ ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის ახლებური ურთიერთობების დამყარებას. 

1997 წლის აგვისტოში, ასლან მასხადოვი თბილისს ეწვია და შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის პირველ პირებთან. იმავე წელს, თბილისში ჩამოვიდა ჩეჩნეთის პარლამენტის დელეგაცია. გაგრძელდა მოლაპარაკებები ორი კავკასიელი ხალხის საქმიან კავშირებზე, მათი შემდგომი დაახლოების მიზნით. მოლაპარაკებებში დასმულ იქნა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხიც. მასხადოვმა გამოთქვა სინანული ჩეჩნების აფხაზეთის ომში მონაწილეობის გამო. 

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის მმართველობის ძირითადი პრობლემა გახდა ის, რომ ვერ მოხერხდა ჩეჩნეთის დეკრიმინალიზაცია. ქვეყანა ამ პერიოდში, სამართალდამრღვევთა სათარეშო ადგილად იქცა. 

1999 წლის 7 აგვისტოს მოხდა ჩეჩენ მებრძოლთა მასირებული შეჭრა დაღესტანში, შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ხოლო სექტემბერში, რუსეთის რამდენიმე ქალაქში, საცხოვრებელი სახლების აფეთქება მოხდა, რაც ასევე ჩეჩენ ბოევიკებს მიაწერეს. 

პრეზიდენტი ა. მასხადოვი, მაშინვე გაემიჯნა ამ ტერორისტულ აქტებს. თუმცა ის ღიად არ გაემიჯნა შამილ ბასაევს და არ გადასცა ტერორიზმში ეჭვმიტანილები რუსეთის მართლმსაჯულებას. მისმა სპეციალურმა წარმომდგენელმა მოსკოვში, მ. ვაჩაგაევმა ეს იმით ახსნა, რომ ა. მასხადოვი ხელმძღვანელობდა რუსეთის მაგალითით, რომელმაც არც ერთხელ არ აიღო პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების მოქმედებებზე, რომლებიც სამხედრო დახმარებას უწევდნენ სეპარატისტულ ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 

1999 წლის ოქტომბერში, რუსეთმა ჩეჩნეთში კვლავ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რომლებსაც ტერორიზმის განადგურების ოპერაცია უწოდა. ეს ოპერაცია ცნობილია ჩეჩნეთის მეორე ომის სახელით. 

ჩეჩნეთის II ომის დროს, რუსეთის ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, რომ ამა თუ იმ ფორმით, ამ ომში ჩაეთრია საქართველო. თავდაპირველად, ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში, რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა პრეზიდენტ ე. შევარდნაძეს სთხოვა, ნება მიეცა რუსეთის სამხედრო ბაზები ჩეჩნეთზე შეტევისათვის გამოეყენებინათ. ამ დროს, რუსეთის პრემიერი უკვე ვლადიმერ პუტინი იყო და ამ ომში წარმატება, მისი გაპრეზიდენტების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ამიტომ ვ. პუტინმა, საკუთარი დიპლომატიური, თუ სხვა არხებით სცადა საქართველოს დაყოლიება, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე, საქართველოს მხრიდან, რუსეთის სასაზღვრო ჯარები განეთავსებინა. 

როგორც იმ დროს სახელმწიფო მინისტრი, ვაჟა ლორთქიფანიძე იხსენებს, პუტინი სანაცვლოდ თანახმა იყო, მდინარე ფსოუზე ქართველი მესაზღვრეები დაეყენებინა. საქართველომ ამ წინადადებაზე უარი თქვა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ იყო ნდობა რუსეთის მიმართ. გარდა ამისა ესმოდათ, რომ საზღვართან რუსეთის ჯარის ჩაყენების გამო, შეიძლებოდა მთელი კავკასია დაპირისპირებოდა საქართველოს და კონფლიქტი საქართველოში გადმოსულიყო. 

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოსაკენ დაიძრა ჩეჩენი ლტოლვილების დიდი ნაკადი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათი საქართველოს ტერიტორიაზე გამოდევნა მიზანმიმართულად ხდებოდა. ამ ნაკადში იყვნენ ის ქისტები, რომელებსაც ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ სწავლობდნენ, ან მუშაობდნენ ჩეჩნეთში, იყვნენ ქისტები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს და იყვნენ ჩეჩნები, რომელთაც საქართველოსთან არ ჰქონდათ კავშირი. უკვე ნოემბერში, ქვეყანაში 5000 ადამიანი ჩამოვიდა. 

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მონაცემებით, საქართველომ სულ 8000 ლტოლვილი მიიღო. ამათგან დევნილის ოფიციალური სტატუსი, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს მიენიჭა. საქართველოს გადაწყვეტილებამ, გზა არ მიეცათ რუსეთის ჯარისათვის, ძალიან დაძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, თუმცა ამ ურთიერთობის დინამიკა იმ დროისათვის ისედაც გართულებისაკენ მიდიოდა. საქმე ის იყო, რომ ამ დროისათვის, საქართველომ დაიწყო საკუთარი, რუსეთისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება. საქართველომ შეძლო ქვეყნის შიგნით სტაბილურობისთვის მიეღწია და რადიკალური რეფორმების გზას დადგომოდა. საქართველომ განაცხადა სურვილი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა, მიაღწია შეთანხმებას საქართველოდან რუსეთის სასაზღვრო ჯარებისა და სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. ქვეყანამ შეიძინა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია კასპიისა და შუა აზიის ნავთობისა და გაზის ევროპისათვის მიწოდებისათვის. რუსეთის მმართველი ელიტის შეფასებით, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. საქართველოს მიერ აღებული კურსი უნდა დამუხრუჭებულიყო. პანკისის ხეობის ირგვლივ განვითარებული მოვლენების წამყვანი მიზეზი, სწორედ ეს გარემოება გახდა. 

რუსეთში დაიწყო მასირებული და მიზანმიმართული პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. მისი ლაიტმოტივი იყო – საქართველო ეხმარება ჩეჩენ სეპარატისტებს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ,,პანკისი რუსეთისათვის ზურგში დანაა'', ,,შევარდნაძესა და მის ოკეანისგაღმელ ბოსებს უნდათ, კავკასია ერთ დიდ, სისხლიან ჭრილობად აქციონ'', ,,პანკისის ხეობა – ბანდიტთა თავშესაფარი'' – ასეთი განწყობა ინერგებოდა რუსეთის მასმედიით. ათასობით ჩეჩნეთიდან დევნილთან ერთად, პანკისის ხეობაში მოხვდნენ ე.წ. ბოევიკები, ის ადამიანები, რომლებიც იარაღით ხელში იბრძოდნენ რუსეთის არმიის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, რუსეთის ჯარები განზრახ უხსნიდნენ დერეფანს ჩეჩენთა საბრძოლო შენაერთებს, რათა ისინი საქართველოში გადმოსულიყვნენ. მათი რაოდენობა ზუსტად ცნობილი არ იყო. 

პანკისის ხეობა, სადაც კრიმინოგენური სიტუაცია ომის დაწყებამდეც მძიმე იყო, პრაქტიკულად, გამოვიდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლიდან. მაგალითად, ხეობაში მართლაც დაიდო ბინა რუსლან გელაევის შეიარაღებულმა რაზმმა, იყვნენ აგრეთვე სხვა მუსლიმანური ქვეყნებიდან ჩამოსული პირებიც. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ, გარდა პროპაგანდისტული ძალისხმევისა, კონკრეტულ და მეტად მძიმე მოქმედებაზე გადავიდა. სისტემატურად ირღვეოდა საქართველოს საჰაერო სივრცე, იბომბებოდა ხეობა და მისი მიმდებარე ტერიტორიები. იყო ადამიანის მსხვერპლიც. 

რუსეთის ხელისუფლებას განსაკუთრებით გაეხსნა ხელი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. ჩეჩენ მეამბოხეებს საერთაშორისო ტერორისტების იარლიყი მიაკრეს. მსოფლიოს კი ესმოდა, რომ ,,რუსეთის მცდელობა, წარმოაჩინოს საკუთარი კამპანია ჩეჩნეთში, როგორც ნაწილი ინტერნაციონალური ბრძოლისა ტერორიზმის წინააღმდეგ, მიზანმიმართულად ამარტივებს სიტუაციას''. მაგრამ რუსეთმა მაინც მიაღწია მიზანს – მსოფლიო საზოგადოება დათანხმდა, ეს ადამიანები განეხილა, როგორც ტერორისტები. მით უმეტეს, რომ რუსეთისა და დასავლეთის პრესაში იწერებოდა, რომ ალ-ქაიდას ავღანეთიდან გამოქცეული წევრები, თავს პანკისის ხეობას აფარებდნენ. გაჩნდა ვერსია უსამა ბინ ლადენის პანკისში ყოფნის შესახებ. 

მსოფლიოში ზოგადი განწყობის ამ ფონზე, 2002 წლის 11 სექტემბერს, ამერიკაში მომხდარი ტრაგედიის წლისთავზე, ვლადიმერ პუტინმა მუქარით აღსავსე განცხადება გააკეთა საქართველოს მისამართით. მან საქართველო დაასახელა ტერორისტულ ანკლავად, დაადანაშაულა საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში, თქვა, რომ საქართველო საფრთხეს უქმნის მათ ეროვნულ უსაფრთხოებას და ღიად განაცხადა, რომ რუსეთს აქვს სრული უფლება, დაიწყოს სამხედრო ოპერაციები საქართველოს ტერიტორიაზე. მდგომარეობა უნდა განმუხტულიყო. 

საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც თვითონაც ჰქონდა არაერთი მცდელობა თავისი კონტროლის ქვეშ დაებრუნებინა პანკისი, დახმარების ხელი გაუწოდა დასავლეთმა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ინიციატივით, შეიქმნა ანტიტერორისტული კოალიცია, გადაწყდა დახმარებოდნენ საქართველოს, რომ პანკისის ხეობა არ გამხდარიყო ახალი დაძაბულობის კერა. 2002 წელს, ამერიკამ გამოყო 64 მილიონი დოლარი და საქართველოში დაიწყო ,,წვრთნისა და აღჭურვის'' პროგრამა. ამ პროგრამის მიზანი იყო საქართველოს ანტიტერორისტული სამხედრო ძალის შექმნა, ძირითადი სამიზნე პანკისის ხეობა იყო. 

2002-2003 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ დაიბრუნა კონტროლი პანკისის ხეობაზე. აი, რას წერდა ამის შესახებ რუსი ჟურნალისტი, ანა პოლიტკოვსკაია: „ახლა იქ შევიდნენ ქართული შინაგანი ჯარების შენაერთები და არა მარტო შევიდნენ, არამედ ანტიტერორისტული ოპერაციაც ჩაატარეს (ის მართლაც ჩატარდა) და არა მარტო ჩაატარეს, არამედ ,,დაცვის'' დროს მოახერხეს, არ გაეფუჭებინათ ურთიერთობა მოსახლეობის იმ ნაწილთან, ვინც არ იყო ჩართული კრიმინალში. ეს ის თვისებაა, რომელიც დიდი ხანია, დაკარგეს რუსეთის ფედერალებმა ჩეჩნეთში''. 

გაჩნდა იმედი, რომ მოიხსნებოდა რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის ერთ-ერთი კერა. მაგრამ მიუხედავად ომის დასაწყისში გაკეთებული განცხადებებისა, რომ ჩეჩნეთის ომი დამთავრდა სრული გამარჯვებით, ათი წლის მერეც ჩანს, რომ ეს ომი არ დამთავრებულა. ის გრძელდება ამბოხებულთა წინააღმდეგობით. თავისი მარცხის გასამართლებლად, რუსეთი მუდმივად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს სდებს ბრალს, რომ აქ ჩეჩენ ბოევიკებს აქვთ ბაზები. 

ამრიგად, ამ შემთხვევაში, ჩრდილო კავკასიის ფაქტორი რუსეთის მხრიდან საქართველოს დისკრედიტაციისა და მასზე ზეწოლისთვის გამოიყენება''. 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, პანკისის, როგორც კრიმინალური ანკლავის სტიგმა მეტ-ნაკლებად გაქრა. ყოველ შემთხვევაში, ხეობაში ჩასვლის აღარავის ეშინოდა და საზოგადოებაც ისე აღარ ფიქრობდა, როგორც 90-იან წლებში, აი, პანკისი კრიმინალების ბუდეაო, თუმცა სირიის ამბების დაწყების შემდეგ, ხეობა ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. კერძოდ, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანკისიდან სირიაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სასარგებლოდ, საბრძოლველად ადგილობრივები წავიდნენ. ასევე, ისიც ცნობილია, რომ სირიაში არაერთი პანკისელი დაიღუპა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი გავლენიანი მეთაური, ხეობის მკვიდრი იყო. 

ბოლო დროს, სირიაში წამსვლელთა რიცხვმა იკლო, თუმცა რატომ მიდიოდნენ ადგილობრივები „ისლამურ სახელმწიფოში“, ეს კვლევის საგანია და ამ თემას, სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენც არ გავშლით. 

ასეა თუ ისე, პანკისის ხეობა, რომლის მკვიდრი ქისტებიც თავს საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად მიიჩნევენ და, სხვათა შორის, ქართულად ბევრ ქართველზე უკეთესადაც მეტყველებენ, კრემლისთვის მუდამ არის მანიპულაციის საგანი. შესაბამისად, ყველას _ ერსაც და ბერსაც გონიერება მართებს, როცა პანკისზე ან განცხადებებს აკეთებს, ან ხეობაში რაიმე სახის აქტივობას გეგმავს. ეს აქტივობა მით უფრო სახიფათოა, თუ მის ავანგარდში ძალოვანი უწყებები დგანან. ამ ფონზე, იგივე ჰესიც, რომელსაც ბოლო დროს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რა თქმა უნდა, იმად არ ღირს, რომ ამ კუთხეში პრობლემები ხელახლა გაჩნდეს და სიტუაცია 90-იანი წლების სტატუს-კვოს დაუბრუნდეს!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში