Menu
RSS

„სითი მოლი საბურთალო“ _ ახალი სავაჭრო ცენტრი თბილისში

მასშტაბური პროექტი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით

 

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი, 120 000 კვ.მ. ფართობის სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობას IG DEVELOPMENT GEORGIA ახორციელებს. დაფინანსების მოცულობა, რასაც ამ ცენტრის მშენებლობისთვის ქვეყნის წამყვანი ბანკი გაიღებს, 34 მილიონი აშშ დოლარია. სესხის ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა _ EBRD-მა, საშუალო მოცულობის სესხის თანაფინანსირების საკრედიტო ხაზის ღშF-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით გასცა. შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას საქართველოს ბანკსა და IG DEVELOPMENT GEORGIA-ს შორის ხელი უკვე მოეწერა.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა აღნიშნა, რომ ახალი სავაჭრო ცენტრი გამორჩეული პროექტია და მისი სახით, თბილისს თანამედროვე, ევროპული სტანდარტის შესაბამისი, უნიკალური ობიექტი შეემატება: 

„საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს მის განვითარებასა და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი, ძლიერი ეკონომიკის საწინადარია. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ საკმაოდ მასშტაბური და ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას თბილისში. გვჯერა, რომ IG DEVELOPMENT GEORGIA-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობით, ეს პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება“. 

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა, რომ ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, უძრავი ქონების სექტორში კიდევ ერთი, ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებას უწყობს ხელს: 

 

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოხარულია, რომ ხელს აწერს ერთობლივ პროექტს დიდი ხნის პარტნიორებთან _ საქართველოს ბანკთან და IG DEVELOPMENT GEORGIA-სთან. ეს არის მეორე თანადაფინანსების პროექტი ამ კომპანიასთან, რომელიც უძრავი ქონების მაღალი რეპუტაციის მქონე დეველოპერია ქვეყანაში. 2015 წელს ხელმოწერილი პირველი პროექტის წარმატებულად შესრულების შემდეგ, EBRD-მა გადაწყვიტა, განაგრძოს IG DEVELOPMENT GEORGIA-ს დაფინანსება საქართველოს ბანკთან ერთად და ხელი შეუწყოს კიდევ ერთი ენერგო-ეფექტური პროექტის განხორციელებას უძრავი ქონების სექტორში“. 

ახალი სავაჭრო ცენტრი _ ,,სითი მოლი საბურთალო'', 120 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სავაჭრო სივრცე იქნება ქალაქის ცენტრში. კერძოდ, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე. ,,სითი მოლი საბურთალოს'' ჯამური საიჯარო ფართი 60 000 კვადრატული მეტრია. სავაჭრო ცენტრში, სივრცე გაშლილი იქნება, რომელიც ჰორიზონტალურად, ოთხ სართულზე გადანაწილდება. ცენტრში ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების 200-მდე მაღაზია განთავსდება. ,,სითი მოლი საბურთალოს'' სივრცეში მოეწყობა ყველაზე დიდი კინოთეატრი თბილისში, ბოულინგის ცენტრი, ბავშვთა მასშტაბური, გასართობი ცენტრი, ასევე რესტორანი და სპორტული დარბაზი. ეს იქნება ერთადერთი სავაჭრო ცენტრი ქალაქში, სადაც მომხმარებლებისთვის ეგრეთ წოდებული, უპსცალე-კუთხე მოეწყობა განსხვავებული, გამორჩეული დიზაინით, პრემიალური ბრენდების მაღაზიებითა და 1 500 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომით. 

IG DEVELOPMENT GEORGIA-ს დამფუძნებლის, მინდია საბანაძის განმარტებით, ,,სითი მოლი საბურთალო'' იმ პროექტთაგანია, რომელიც სამომავლოდ, თბილისის სახედ იქცევა: 

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ პროექტში საქართველოს ბანკი და EBRD-ი მონაწილეობენ. უმსხვილესი ბანკების მხარდაჭერით შევძელით და ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ვანხორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ,,სითი მოლი საბურთალო'' ძალიან კარგი პროექტი იქნება საქართველოში თავისი ლოკაციით, მოცულობით, მასშტაბითა და ყველა იმ ფუნქციით, რაც ამ პროექტს აქვს. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს. ცენტრის მომსახურებით უამრავი ტურისტი და საქართველოს მცხოვრები ისარგებლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ბიზნესის განსავითარებლად, კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ ერთად''. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში