Menu
RSS

კიევში გატაცებული ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა თავისუფალია!

 რა მოხდა უკრაინაში და რა კავშირი აქვს    ექს-პარლამენტარს იარაღით   ვაჭრობასთან?!


 „ვერსიის“ კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, კიევში, რამდენიმე დღის წინ გატაცებული ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა თავისუფალია და ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.  ირაკლი საბულუა 2012 წლის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. პოლიტიკაშიც ბიზნესიდან მოვიდა და სადეპუტატო ვადის ამოწურვის შემდეგ, კვლავ ბიზნესსაქმიანობას დაუბრუნდა.

ინფორმაცია უკრაინაში ქართველი ბიზნესმენის ირაკლი საბულუას გაუჩინარების შესახებ, რამდენიმე დღის წინ, ექსკლუზიურად „პრაიმტაიმმა“ გაავრცელა. კერძოდ, გამოცემის წყაროს ცნობით, „ბიზნესმენი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კომპანიის მეწილეა, გატაცებულია.

უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ფაქტის შესახებ უკვე საქმის კურსში არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ქართველი ბიზნესმენის გაუჩინარების შესახებ საქართველოს საკონსულოში შეტყობინება არ შესულა და არც ოჯახს მიუმართავს განცხადებით.

ირაკლი საბულუა წარმოშობით აბაშის რაიონიდან გახლავთ. მის საცხოვრებელ სახლში ამჟამად არავინ იმყოფება. მეზობლები კი ამბობენ, რომ საბულუა ოჯახთან ერთად უკვე წლებია უკრაინაში ცხოვრობს და იქ ბიზნეს საქმიანობას ეწევა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირაკლი საბულუა გახლავთ კომპანია „ჯეოკონსტრაქშენის" დირექტორი და 50 პროცენტიანი წილის მფლობელი, ასევე შპს-ბის - „გემო ჯგუფის" და „გემო ჯგუფი+" მფლობელი. საბულუა ფლობს 50 პროცენტიან წილს შპს „კვათანაშიც".“

„ვერსია“ შეეცადა, ქართველი ბიზნესმენის გაუჩინარების დეტალები გაერკვია და საქართველოში, საბულუას ახლობლებს დაუკავშირდა. მოძიებული ინფორმაციით ასეთი სურათი იკვეთება - ირაკლი საბულუა, რამდენიმე დღის წინ, დილის საათებში, კიევის ცენტრში, მისივე საცხოვრებელ სახლთან მდებარე სკვერიდან უცნობმა ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. როგორც გავარკვიეთ, საბულუა რამდენიმე დღე, ხელ-ფეხშებორკილი ჰყავდათ გამოკეტილი სარდაფში. ნიღბიანი გამტაცებლები მას პერიოდულად ეკონტაქტებოდნენ და რაღაც კითხვებს უსვამდნენ ბიზნესსა და ოჯახზე, თუმცა ოჯახის წევრებთან კონტაქტზე არავინ გასულა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ირაკლი საბულუა გამტაცებლებმა თვალახვეული წამოიყვანეს და ტყეში დატოვეს. ბიზნესმენმა როგორღაც მოახერხა თავის გათავისუფლება და შინ დაბრუნდა.

კონფიდენციალური წყარო ვარაუდობს, რომ რადგან საქმეში უკრაინის სამართალდამცავები აქტიურად ჩაერთნენ, ალბათ ვითარების გამწვავების შეეშინდათ.

„ვერსიის“ ინფორმაციით, ორიოდე დღის წინ, ირაკლი საბულუა თბილისში, ოჯახთან ერთად დაბრუნდა. თუმცა, ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, მას ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება და ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ბიზნესმენს ამ ამბისკენ მიბრუნებაც კი არ სურს და შემსრულებლების მიმართ სიბრალულის გრძნობაც კი აქვს.

ვინ არის ირაკლი საბულუა და რატომ უნდა გამხდარიყო გატაცების მსხვერპლი?

ირაკლი საბულუა, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს, ირაკლი ალასანიას პარტიასთან ერთად შეუერთდა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა. საბულუა 1982 წლის 1 აპრილს, თბილისში დაიბადა. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში დიდ ბრიტანეთში კომპანია Boyed Farm მენეჯერის თანაშემწე იყო. 2003-2005 წლებში - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პროექტის მენეჯერი. 2005 წელს ირაკლი საბულუა აფუძნებს სამშენებლო კომპანია „გეოკონსტრაქშენს“, რომელსაც ხელმძღვანელობს 2009 წლამდე. ასევე არის რამდენიმე საერთაშორისო ჰოლდინგის პარტნიორი და მმართველი. სადეპუტატო ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი საქართველოსა და უკრაინაში ბიზნესსაქმინობას 
დაუბრუნდა.

რა უნდა გამხდარიყო ქართველი ბიზნესმენის გატაცების მიზეზი, ახლობლებს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ აქვთ, თუმცა მათ ხელთ არსებული ინფორმაციების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ საქმე უნდა ეხებოდეს იარაღით, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის თემებს. არც იმას გამორიცხავენ, რომ გამტაცებლებს „საქმის დამკვეთმა“ ან ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ანდა „ობიექტი“ შეეშალათ. იქნებ სწორედ ამიტომაც ვერ შეძლეს საქმის ბოლომდე მიყვანა. ასეა თუ ისე, ამ უცნაური საქმის დეტალებს ალბათ მანამდე ვერ შევიტყობთ, სანამ თავად ბიზნესმენი არ ისურვებს საუბარს. 

„ვერსია“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და შეეცდება გატაცების ვერსიები სხვა წყაროებთანაც გადაამოწმოს.

 ავტორი: მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში