Menu
RSS

ლევან ალაფიშვილი: „მამუკა ბახტაძის შეუსრულებელი მისიაა ორი არჩევნების წარმატებით ჩატარება და ამავე დროს რეფორმების დაწყება!“

საქართველოს ახალი, ჯერ სამკვირიანი ტექნიკური და შემდეგ კომპაქტური და რეფორმირებული მთავრობა ეყოლება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სტრუქტურულ ცვლილებებს აანონსებს და სამინისტროების სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს. მანამაე კი პარლამენტში დროებითი მთავრობა უნდა დაამტკიცონ და, სახელისუფლებო კრიზისის ფონზე, კაცმა არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები. რა რაოდენობის ხმა არის საჭირო მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასამტკიცებლად და როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანომ ახალ მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა? _ ამ საკითხებს ლევან ალაფიშვილი განმარტავს.

_ ბატონო ლევან, რა პროცედურებით ხდება ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას? 

_ ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რომ პარლამენტი მხოლოდ მინისტრთა კაბინეტს არ უჭერს მხარს. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი იხილავს და მხარს უჭერს პრემიერის მიერ შექმნილ სამთავრობო პროგრამას და მის პოლიტიკურ გუნდს _ მთავრობას, არა პერსონალურად, არამედ კოლექტიურად _ პრემიერის გუნდს. მთავრობის დამტკიცებას დეპუტატთა ხმების ნახევარი ანუ 76 ხმა სჭირდება, ასე რომ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება არაფერს შეცვლის. 

რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ არ დაუჭერს მხარს პარლამენტი, ბუნებრივია, სახელისუფლებო წყვეტა არ უნდა მოხდეს, ეს წერია კონსტიტუციაში და ამ შემთხვევაში მოქმედი, ,,გარდამავალი მთავრობა'' წავა არჩევნებზე - უზრუნველყოფს როგორც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ასევე ამის შემდგომ ახალი სამთავრობო გუნდის წარდგენას. 

_ მმართველ პარტიაში განვითარებული მოვლენები, პრეზიდენტსა და ,,ოცნებას'' შორის დაპირისპირება, შესაძლებელია, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საბაბით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიზეზი გახდეს? 

_ ასე არ ვფიქრობ. რაზეც გესაუბრეთ, ეს იყო წმინდა კონსტიტუციური, თეორიული საკითხები. თუ საკითხს არსებული რეალობის კონსტექსტში განვიხილავთ, გარკვეულწილად, შემაფერხებელი შეიძლება, იყოს პერიოდი, თუმცა გამოუვალი მდგომარეობა მაინც არ არსებობს, 

პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება და მისი კომპეტენციები იზღუდება პარლამენტსა თუ მთავრობასთან მიმართებით. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს კრიზისი დაძლევადია იმ კონტექსტში, რომ ეს ჩანაწერი მისი უფლებამოსილების ბოლო პერიოდში შეზღუდვასთან დაკავშირებით გადმოდის იმ დროიდან, როცა პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. იმ პერიოდში თუ არ ექნებოდა მხარდაჭერა პარლამენტისგან, მას უნდა ჰქონოდა საშუალება, გაეგრძელებინა კონსტიტუციური ვალდებულება მთავრობის მეშვეობით. კონსტიტუციის ცვლილების კვალობაზე იგი ჩამოსცილდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, თუმცა ეს ჩანაწერი - რომ უფლებამოსილების ბოლოს არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა - როგორც ჩანს, ჩარჩათ წინა ხელისუფლებასაც და მოქმედ პარლამენტსაც. აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელება არ არის ე.წ. ნებაყოფლობასა და მიზანშეწონილობაზე დაფუძნებული, ეს არის ვალდებულება _ ქვეყანას უნდა ჰყავდეს აღმასრულებელი ხელისუფლება და აქ წყვეტა დაუშვებელია ისევე, როგორც პარლამენტის შემთხვევაში - დათხოვნა ხდება, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი პარლამენტი შეიძლება შეიკრიბოს და მას უფლებამოსილება შეუწყდება ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ასე რომ, წყვეტა არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს, არც ერთი ხელისუფლების დროს. 

_ მამუკა ბახტაძის გაპრემიერებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რამდენად ეფექტური იქნება მტავრობა, რომელსაც ახალი პრემიერი დააკომპლექტებს? 

_ გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის დროს თქვა ის, რაც აქამდე არც ერთ მოქმედ პოლიტიკოსს არ უთქვამს - რომ ბიძინა ივანიშვილთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან კონფლიქტის გამო, გადადგა და არა ინსტიტუციურად, აზრთა სხვადასხვაობის გამო მთავრობის შიგნით ან პარლამენტთან. ხაზი გაუსვა, რომ მას ჰქონდა ფუნდამენტური კონფლიქტი პარტიის თავმჯდომარესთან და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აღნიშნა, მივდივარ თანამდებობიდან, რადგან პარტიის თავმჯდომარეს მივცე გუნდის ფორმირების საშუალებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაც ფიქციაა, წევრებსაც არავინ არაფერს ეკითხება და პოლიტიკური პროცესი სულ სხვაგან არის. სამწუხაროდ, ეს არ არის ინსტიტუციური დემოკრატია და ამის გათვალისწინებით, მამუკა ბახტაძე ,,ტვირთითაა'' მოსული - კვირიკაშვილმა თქვა, ვიყავი კონფლიქტში და დავუთმე გზა ერთ კაცსო და იმ ერთმა კაცმა მოახდინა აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება. 

პერსონალურად კვირიკაშვილიც მესიმპათიურებოდა და ბახტაძეც, მაგრამ თუ კვირიკაშვილს ჰქონდა ე.წ. ჩრდილი, რომ კულუარებიდან იმართებოდა პროცესები, ბახტაძეს ეს ,,ტვირთი'' უკვე აქვს, მას დამოუკიდებლად არავინ მიიღებს და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კვირიკაშვილის ამ განცხადების შემდეგ, ჩვენი მეგობრების კითხვის ნიშნებიც საერთაშორისო არენაზე უფრო გამძაფრდება. 

ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის დროს ვთქვი, რომ მას მოუწევდა პარტიაში, მთავრობასა და პარლამენტში გამაერთიანებელი ლიდერის ფუნქციის აღება და შესრულება. ანალოგიური ვთქვი კვირიკაშვილზეც და იმავეს ვიტყვი ბახტაძეზეც. ფაქტია, ეს ვერც ღარიბაშვილმა და ვერც კვირიკაშვილმა შეძლო, შესაბამისად, მეეჭვება, შეძლოს მამუკა ბახტაძემ, მითუმეტეს შექმნილი ვითარების კვალობაზე. ,,ოცნებაში'' პერსონალური ლეგიტიმაციის მქონე არის მაგალითად, კალაძე, სხვა მსგავსი ,,ქართულ ოცნებას'' არავინ ჰყავს. კახი კალაძეს აქვს ხალხის მანდატი, ის გამოკვეთილი ლიდერია ,,ოცნებაში'', შესაბამისად, ბახტაძის ამოცანა ძალიან რთული იქნება. 

მოქმედ პარლამენტს უფლებამოსილების ვადა დარჩა 2020 წლამდე, პრაქტიკულად, არასაარჩევნო პერიოდი წელიწადნახევარია დარჩენილი. ქართული მძიმე რეალობის გათვალისწინებით, ვიცით, როგორია პოლიტიკური პოპულიზმი, როგორ იქცევა მთავრობა წინასაარჩევნოდ, ადმინისტრაციულ რესურსს როგორ იყენებს, როგორ პოპულისტურად ხარჯავს ბიუჯეტს და არ უთმობს დროს რეფორმებს. შესაბამისად, ორი არჩევნების წარმატებით ჩატარება და ამავე დროს რეფორმების დაწყება ბახტაძისთვის შეუსრულებელი მისიაა. მას ჩემი აზრით. სახელმწიფოებრივად ორი უმძიმესი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი _ არჩევნები და რეფორმები. შემოდგომაზე იქნება საპრეზიდენტო არჩევნები, 2020 წელს კი _ საპარლამენტო, შესაბამისად, თავისუფალი, არასაბიუჯეტო თანხის მობილიზება რთული იქნება მისთვის და ისევ ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს, რაც მოაკლდება რეფორმებს. ცეცხლი და წყალი ერთად ხომ ვერ იარსებებს? _ ამის გათვალისწინებით, არ ვიქნები გადაჭარბებული ამ ორი გარემოების გამო. 

თუნდაც რომ დაიწყოს მთავრობის შემცირება, რაზეც ისაუბრა და ბიუროკრატიის შემცირება, ეს ძალიან რთული საკითხია. საჯარო სექტორში მთლიანად დასაქმებულია, დაახლოებით, 350 000 ადამიანი, ეს ამომრჩეველი საკმარისია იმისათვის, რომ პარლამენტში გქონდეს ფრაქცია და მათ კიდევ ოჯახის წევრებიც მიუმატოთ... შესაბამისად, ხვდებით ხომ, რასთან გვაქვს საქმე? კვირიკაშვილიც საუბრობდა ამაზე, მაგრამ ვნახეთ დაპატარავებული მთავრობა? _ ვერ შეძლო. ამას თუ შეძლებს და დაიწყებს ბახტაძე, ძალიან კარგი იქნება. 

რაც შეეხება, განათლების რეფორმას, ვურჩევდი, არ იჩქაროს. კონცეფცია და საჯარო განხილვა გახსნას, რაც ძალიან კარგი იქნება, რადგან ეს გრძელვადიანი პროცესია და პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება. წინასაარჩევნო პერიოდში ამ ტიპის რეფორმების შედეგი წარმატებით რომ დადო ორი წლის თავზე ასეთი მოცემულობით, შეუძლებელი იქნება. 

ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ შეიძლება, მოქალაქეს უხაროდეს საკუთარი ხელისუფლების, მთავრობის წარუმატებლობა. არაგონივრულია, რადგან თუ წარუმატებელია ჩემი მთავრობა, ეს ჩემსა და ჩემს ოჯახზე, ჩემს ჯიბეზე აისახება. ასე რომ, მთავრობამაც გაითვალისწინოს და ასე შეხედოს კრიტიკას და ჩვენც ამდაგვარი კრიტიკით, შეძახილით, ოპონირებით უნდა უზრუნველვყოთ მთავრობის სწორ ,,რელსებზე'' დაყენება ან გადაწყვეტილებების კორექტირება.

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში