Menu
RSS

რა რაოდენობის თანხა შედის თბილისის ბიუჯეტში მეტროპოლიტენიდან?

მეტროს მემანქანეების სამდღიანი გაფიცვის შედეგი _ რა ზიანი მიადგა თბილისის ეკონომიკასა და ბიუჯეტს 

სამდღიანი გაფიცვა და შიმშილობა მეტროს მემანქანეებმა 6 ივნისს, დღის მეორე ნახევარში შეწყვიტეს. თბილისის მერი, კახა კალაძე გაფიცულებს დაპირდა, რომ ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხს, ქალაქის მთავრობა 2019 წლიდან აუცილებლად განიხილავს. მოკლედ, მხარეები შეთანხმდნენ და 6 ივნისს, თბილისის მეტროს 32-ვე სადგურმა მუშაობა განაახლა. ,,ვერსია'' დაინტერესდა, რა ოდენობის თანხა შეაქვს შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას'' დედაქალაქის ბიუჯეტში, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშია მეტროპოლიტენი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი _ ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები. დავინტერესდით, რა ოდენობის დაფინანსებას იღებს ეს კომპანია ბიუჯეტიდან, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა, თუმცა კომპანიაში განგვიმარტეს, რომ ამ კითხვებზე მხოლოდ ოფიციალური წერილის საფუძველზე გვიპასუხებდნენ. ,,ვერსიამ'' შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას'' წერილით უკვე მიმართა და კანონით დადგენილ ვადაში, მათგან პასუხს ველით. თუმცა ვიდრე ფინანსებთან დაკავშირებით ოფიციალურ პასუხს მივიღებთ, ამ თემაზე დედაქალაქის საკრებულოს წევრებს ვესაუბრეთ.

 

მეტროს რუსული კომპანია იყიდის? 

პარალელურად, საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და თბილისის მეტროპოლიტენის შესაძლო გასხვისებაზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, მეტრო მართვაში გადაეცეს ქარხანას, რომლის 25%-იან წილს რუსული კომპანია ,,ოპორა'' ფლობს! ბუნებრივია, ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან, სწორედ მეტროს შესაძლო გასხვისების თემით დავიწყეთ: 

_ ბატონო ლევან, რის საფუძველზე ასკვნით, რომ მეტროპოლიტენი გასხვისდება? 

_ ს/ს,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის'' 50%-ს ფლობს შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია'', 25%-ს _ რუსული კომპანია ,,ოპორა'', ხოლო დარჩენილ 25%-ს _ ამ ქარხნის დირექტორის, გელა ძიძიკაშვილის ოჯახის წევრი. ჩვენი ინფორმაციით, ძიძიკაშვილს სურს, რომ დეპოს მართვაში რუსული კომპანია ,,ოპორა'' შევიდეს. ,,ქართული ოცნების'' პოლიტიკური გუნდიდან არავინ გამოგვხმაურებია, მაგრამ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა. 

პირდაპირ გეუბნებით, ახლა მთავარი ამოცანა ისაა, რომ რუსულ კომპანიას მართვაში არ გადაეცეს მეტრო, რადგან ეს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია. ის, რომ ხმალაძემ ჩვენი ინფორმაცია უარყო, ნამდვილად კარგია, რადგან ჩვენს განცხადებას ერთგვარი, პრევენციული ფორმა ჰქონდა და იმედი მაქვს, ამაზე სერიოზულად არც კი იფიქრებენ! რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ განცხადებით არ შემოვიფარგლებით, არ გავჩერდებით და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით, თუ როგორ ხდება კონკრეტული ,,ატკატები'' ამ ქარხანაში და კორუფციის რა სქემა იქ. 

_ როგორც მივხვდი, ამაზე კვლევას ატარებთ, მაგრამ შეგიძლიათ, რომ ახლა ,,ატკატის'' კონკრეტული მაგალითი გვითხრათ? 

_ დიახ, გეტყვით. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გადახედოს, რა ჯდებოდა ერთი ვაგონის შეკეთება ამ ქარხანაში, ვიდრე გელა ძიძიკაშვილი 25%-იანი წილით შევიდოდა. ახლა მინიმუმ, ორ-სამჯერ მეტ თანხას ვიხდით თბილისის ბიუჯეტიდან ვაგონების შეკეთებაში, ვიდრე მათი რეალური, საბაზრო ღირებულებაა! ამის კონტროლი ჩვეულებრივ აუდიტორებს არც კი შეუძლიათ, რადგან საკმაოდ რთული და სპეციფიკური საკითხია და ამის ფუფუნება არ გვაქვს. 

თუმცა ინფორმაციას იმ ექსპერტებისგან ვფლობ, რომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთში, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ. ზოგადად, არასდროს ვამბობ იმას, რაც არ ვიცი, ასეა ახლაც. ეს ხალხი, რომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთში მუშაობენ, ბევრად იაფად აკეთებენ ვაგონებს, ვიდრე ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში. სწორედ მათგან ვიცი, რომ ძველ ნაწილებს ,,აშლიფოვკებენ'', ღებავენ და ისე ამონტაჟებენ. ესაა კორუფციის სერიოზული ბუდე, სადაც დეტალური კვლევაა ჩასატარებელი! 

ჩვენ ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ ექსპერტებთან, რათა კვალიფიციურად შევისწავლოთ და საზოგადოებას, თუნდაც თბილისის მერიას ინფორმაცია მივაწოდოთ იმ საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა, მეტროში იყოს. ესაა უსერიოზულესი პრობლემაა, ერთი მაფიაა შემმოწმებელიცა და გამკეთებელიც, რადგან ალტერნატიული შემმოწმებელი არ არსებობს! სარემონტო სამუშაოების დროს, ,,ატკატებით'' ფულის გაკეთება და ხარჯთაღრიცხვის გაბევრება როგორ ხდება, ამაზე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას კველვის დასრულებისთანავე მივაწვდით! 

_ გასაგებია. მეტროს მემანქანეების გაფიცვაზე ვისაუბროთ, კონკრეტულად, რა ოდენობის თანხა შეაქვს დედაქალაქის ბიუჯეტში ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას'', რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა? 

_ რა თქმა უნდა, მეტროპოლიტენს საკმაოდ სერიოზული ხარჯი აქვს და, ცხადია, მისი გათიშვით, დედაქალაქის ბიუჯეტს დიდი ზიანი მიადგა. სხვათა შორის, ამ ზიანის დათვლაც საკმაოდ მარტივია, რადგან თბილისის მეტროს სადგურებზე სერიოზული, ეკონომიკური ინფრასტრუქტურაა მიბმული. ჩათვალეთ, რომ იმ სამი დღის განმავლობაში, ვერცერთმა მაღაზიამ, ვერცერთმა ბიზნეს-დაწესებულებამ, რომელიც მეტროს ირგვლივაა აწყობილი, ვერ იმუშავა და იზარალა! ფაქტობრივად, სამი დღით, ეს უდიდესი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა გაჩერდა და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იზარალა თბილისის ბიუჯეტმა ამის გამო. ყოველდღიურად, მეტროპოლიტენიდან თბილისის ბიუჯეტში, დაახლოებით, 150 000-დან 175 000 ლარამდე შედის. ამას დაუმატეთ გლდანის, ვარკეთილისა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბიზნეს-ცენტრები და სავაჭრო ინფრასტრუქტურა, რომელიც იმ პერიოდში გაჩერდა. კარგად რომ დავთვალოთ, ვნახავთ, რომ თბილისის ბიუჯეტსა და ეკონომიკას მილიონობით ლარის ზიანი მიადგა. როდესაც ამბობენ, რომ მეტროს მემანქანეებს მაღალი ხელფასი აქვთ, სინამდვილეში, ხაზზე ხუთიოდე მთავარი მემანქანეა, რომლებსაც მართლაც 1 800-დან 2 000 ლარამდე ერიცხებათ ანაზღაურება, მაგრამ გაიფიცნენ ის მემანქანეები, რომელთა ხელფასი 700-დან 1 100 ლარამდეა! 

 

დაახლოებით, 220 ადამიანი გაიფიცა, გაფიცულები ხელფასის 45%-იან ზრდას ითხოვდნენ, თუმცა პირველ ეტაპზე, 20%-ით ზრდასაც რომ დაპირებოდნენ, ისინი მეტროს არ გააჩერებდნენ! ამ 220 ადამიანისთვის, საშუალოდ, 300 ლარიც რომ დაემატებინათ, მთლიანობაში, 792 000 ლარი იქნებოდა საჭირო. თუმცა წლის ბოლომდე, 6 თვეა დარჩენილი და ამიტომ, მხოლოდ 396 000 ლარის მობილიზება გვჭირდებოდა, რათა პრობლემა ამოწურულიყო! 

მოდით, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ მემანქანეები ყოველდღიურად, ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურებიან და, ცხადია, შესაბამის ანაზღაურებასაც ითხოვენ. თან ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ დეკემბერში, კალაძემ მაღალი თანამდებობის პირების სარგოები გააორმაგა. თუ ჩინოვნიკებისთვის იზრდება მადა და თამასა, რიგითი თანამშრომლებისთვის რატომ არ უნდა გაზრდილიყო? წინა ხელისუფლების შემდეგ, ჯამში, 40 მილიონი ლარით გაიზარდა ბიუროკრატიული ხარჯები. კი ბატონო, ,,ნაციონალური მოძრაობის'' ხელისუფლების დროს, ნამდვილად დიდი ბიუროკრატია იყო, რასაც შემცირება სჭირდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად, თუ დედაქალაქის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 46 მილიონი ლარი იყო, ახლა 86 მილიონი ლარია. თითქმის 40 მილიონიანი ზრდა აქვთ და ეს თანხა რაციონალურად რომ გადანაწილებულიყო მემანქანეებზე და პედაგოგებზე, არც აქციებს მიიღებდნენ და არც გაფიცვას! 

_ კალაძისგან რომ ითხოვთ პასუხს, არ ფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის'' ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს? 

_ დიახ, კალაძეც და კობახიძეც ბიზნეს-პარტნიორები არიან, რადგან ,,ყვითელ მარშუტკებთან'' დაკავშირებით, მათ ერთი ბიზნესი აქვთ! თუმცა არ მინდა, რომ ქალაქის სატრან სპორტო სამსახურის უფროსზე გავიქნიო ხელი. ჯერ ერთი, საერთოდ, რა ხალხია, რას წარმოადგენენ და რისი გამკეთებლები არიან, მაგრამ როდესაც ქალაქის მერი, მთავრობის სხდომაზე მუშტებს აბრახუნებს მაგიდაზე და აცხადებს, რომ თვითონ გადაწყვეტს, როდის დაიკეტება მეტრო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს! 

ვერ გამახსენებთ, რომ ოდესმე, მეტროს მემანქანეები ხელფასის გამო გაფიცულიყვნენ, რადგან ასეთი რამ, ვანო ზოდელავას მერობის დროსაც კი არ მომხდარა! როდესაც მემანქანე ხედავს, რომ ჩინოვნიკები ხელფასს იორმაგებენ, ხოლო მათ არაფერი ემატებათ, პირიქით _ აკლდებათ კიდეც, მათი პროტესტი სრულიად ლეგიტიმურია. 

ამიტომ კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ ეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ნიშნავს. გიჟები არ ვართ და არ ვამბობთ, რომ მერი უნდა წავიდეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს! თუმცა მენეჯერების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, მათ შორის, მერის იმ მოადგილისაც, რომელიც ტრანსპორტს კურირებს. საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს აუცილებლად დავსვამთ. მეტიც, ,,ქართული ოცნების'' უმრავლესობის წევრებმაც უნდა აიღონ გუნდური პასუხისმგებლობა ამ საკითხზე. იცით, ყველაზე უცნაური რა არის? სამი დღის მანძილზე, სატრანსპორტო კოლაფსი იყო დედაქალაქში, საკრებულოში ტრანპორტის საკითხის კომისიაა და ერთხელაც კი არ შეკრებილან! ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ კომისიის სხდომა მოვიწვიოთ, მაგრამ სატრანსპორტო კომისია რომ აქვს საკრებულოს, მეტრო რომ გაჩერდა დედაქალაქში, გეკითხებით, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს, რომ ეს კომისია შეიკრიბოს? ასეთ დროს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაც უნდა მოეწვიათ, ესაა საკრებულოს მუშაობა, თორემ მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია რომ აქვს რეალურად, ეს კარგად ვიცით! 

 

_ იმ სამი დღის მანძილზე, საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ თბილისელები, რადგან ავტობუსების რაოდენობა საკმარისი არ იყო, სამარშრუტო ტაქსებიც გადაჭედილი იყო... 

_ სერიოზული ლაფსუსი იყო, სამწუხაროდ, თბილისის ახლო რეგიონებიდან, ავტობუსების მობილიზებაც კი ვერ შეძლეს. საერთოდ, ,,ქართულ ოცნებას'' მენეჯმენტი არ გამოსდის და ეს რეალობაა. ყველა კრიზისულმა სიტუაციამ აჩვენა, რომ მენეჯმენტი მათი საქმე არაა. სატრანსპორტო სამსახურმა ვერ შეძლო, სწორი მარშრუტები განესაზღვრა და ეს კრიზისი ემართა. რაც შეეხება ტრანსპორტის კომპანიას, ახალი ავტობუსების შესაძენად, ტენდერი გამოცხადდა, თბილისელებს დაპირდნენ, რომ 45 მილიონად, 100 ახალ ავტობუსს იყიდდნენ, მაგრამ ტენდერი ჩავარდა და ახლა 45 მილიონს, მხოლოდ 90 ავტობუსში იხდიან! ტენდერიდან ტენდერამდე 10 ავტობუსი გააქრეს! 

,,ვისაც არ სჯერა, გაგვატარონ და მოვაგვარებთ პრობლემას!'' 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' წარმომადგენელი, შალვა ოგბაიძე ტრანსპორტის კომისიის წევრია. ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლებს ოპონენტებად კი არა, რეჟიმის ნარჩენებად მიიჩნევს. შესაბამისად, კატეგორიულად არ ეთანხმება ლევან ხაბეიშვილს და აცხადებს, რომ საკრებულოს ტრანსპორტის კომისია პოლიტიკური ორგანიზაცია არაა! თუმცა სამდღიანი გაფიცვის დროს, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდნენ მეტროს მემანქანეებს და არც პასუხისმგებლობას გაქცევიან. 

_ ბატონო შალვა, არ ფიქრობთ, რომ მეტროს მემანქანეებს პრობლემა ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის'' სუსტი მენეჯმენტის გამო შეექმნათ, რადგან თბილისში მეტრო 90-იან წლებშიც კი არ გაჩერებულა? 

_ ყველაფერი შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ არ მგონია, რომ ამ კომპანიის მენეჯმენტშია პრობლემა. მეტსაც გეტყვით, რა არის მოსაწონი, როდესაც ადამიანი სამართლებრივად სწორ, მაგრამ უკიდურეს ზომას _ შიმშილობასა და გაფიცვას მიმართავს. თუმცა მეორე მხრივ, გაფიცულებმა მართლაც სწორი, მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირეს და არცერთი პოლიტიკური პარტია არ დაიყენეს გვერდით. შესაბამისად, მემანქანეებმა პოლიტიკოსებს საშუალება არ მისცეს, რომ მათ მძიმე მდგომარეობაზე, სხვადასხვა პარტიებს ქულები დაეწერათ! სხვათა შორის, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შედეგია ისიც, რომ სამ დღეში, გაფიცვა შეწყვიტეს და მუშაობა განაახლეს. 

_ ფაქტია, რომ მემანქანეებს სერიოზული პრობლემა აქვთ, პარალელურად, საზოგადოებამ კარგად იცის კალაძის წინასაარჩევნო პროგრამა, სადაც ტრანსპორტის პოლიტიკას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მეტროში შექმნილი პრობლემის გამო, ეს პოლიტიკა როგორ განხორციელდება დედაქალაქში? 

_ დიახ, თბილისის მერის ოთხწლიან პროგრამაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ტრანსპორტის პოლიტიკას ენიჭება, რასაც თბილისელების გამოკითხვა უდევს საფუძვლად. პირველი პრობლემა, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები აღნიშნავდნენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცუდი სერვისი, ავტობუსების ნაკლებობა იყო, რაც ლოდინს ახანგრძლივებდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეტროს სამდღიანი გაფიცვით, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი არ შექმნილა, თუმცა ნამდვილად რთული პერიოდი გავიარეთ. დედაქალაქის მერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ანუ ავტობუსებით მგზავრობა უფასო გახადა. მესმის, რომ ავტობუსების რაოდენობა საკმარისი არაა, მაგრამ კოლაფსი მაინც არ შექმნილა! 

სხვათა შორის, თბილისელები ამ რთულ პერიოდს გაგებით შეხვდნენ, ისინი სოლიდარულები იყვნენ მეტროს მემანქანეების ლეგიტიმურ სურვილში, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს უფლება, მოითხოვოს იმაზე მეტი ანაზღაურება, ვიდრე აქვს. რაც შეეხება რეფორმას და განსაკუთრებით ტრანსპორტის პოლიტიკას, აქ პირველ რიგში, კერძო ტაქსების ნაწილში, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, მათი რაოდენობა და ამ მიმართულებით, კვლევა დაწყებულია. მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, საჭიროა მგზავრთა ნაკადების კვლევა, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რომელ მარშრუტს, ან ტრანსპორტის რა სახეობას ანიჭებენ უპირატესობას თბილისელები და ეს კვლევაც დაწყებულია ფრანგული კომპანია ,,სისტრას'' მიერ. ამ კომპანიის კვლევას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გრანტის საფუძველზე აფინანსებს. ამავდროულად, თბილისელებმა იციან, რომ მეტროს რამდენიმე ახალი შემადგენლობა დაემატა, რამდენიმე _ განახლდა. თუმცა ეს მხოლოდ განახლება არაა, მატარებლის ლოდინის ხანგრძლივობა 3 წუთზე ჩამოვიდა, პიკის საათებში, ლოდინის დრო 2.5-სა და 2 წუთზე უნდა ჩამოვიდეს. მეტროში სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მათ შორის, ვაგონებისა და ესკალატორების. ამავდროულად, ველოდებით ტენდერს 96 ავტობუსზე, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩატარდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკს 96 ახალი ავტობუსი დაემატება. 

_ თქვენი ოპონენტი, ლევან ხაბეიშვილი გსაყვედურობთ, რომ... 

_ უნდა გაგაწყვეტინოთ და შეკითხვა შეგისწოროთ, რადგან ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს, ვერანაირად ვერ ჩავთვლი ოპონენტებად. ისინი რეჟიმის ნარჩენები არიან! ჩემი ოპონენტები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ის ადამიანები, რომლებიც სამართლიანად და გულწრფელად ანუ ,,მოყვარეს პირში უძრახეს'' პრინციპით მოქმედებენ. 

_ ბატონო შალვა, ეს თქვენი პოზიციაა და არ გედავებით, მაგრამ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ იმაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო თბილისში, როდესაც მეტრო სამი დღით გაჩერდა და საკრებულოს ტრანსპორტის კომისია ერთხელაც არ შეკრებილაო... თქვენ ამ კომისიის წევრი ბრძანდებით, რატომ არ შეიკრიბეთ? 

_ კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან საკრებულოს ტრანსპორტის კომისია პოლიტიკური ორგანო არაა! თუმცა იმ სამი დღის მანძილზე, ქალაქის მერიდან დაწყებული, საკრებულოს უმრავლესობის წევრებით დამთავრებული, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით და ყველას პასუხისმგბელობა გვქონდა აღებული! ტრანსპორტის კომისია არის ადგილი, სადაც შეიძლება განიხილებოდეს მწვავე საკითხი, თუმცა იმ სამი დღის მანძილზე, ჩვენ უამრავი შეხვედრა გვქონდა, მათ შორის, გაფიცულებთანაც. სამწუხაროდ, ამ შეხევდრებზე ,,ნაციონალური მოძრაობის'' რეჟიმის ნარჩენები არ მინახავს და მათ მიერ გამოთქმული საღი აზრიც არ მომისმენია. ყველამ კარგად ვნახეთ, რა გააკეთეს, გავერანებულ-გაპარატეხებული მეურნეობა დაგვიტოვეს, მაგრამ ახლა ვცდილობთ, რომ ეს მეურნეობა ავაწყოთ! ვისაც არ სურს ამაში მონაწილეობა და არ სჯერა, გაგვატარონ და მოვაგვარებთ პრობლემას!

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში