Menu
RSS

საბიუჯეტო თანხების უყაირათო ხარჯვა აფხაზეთის მთავრობაში

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში, მივლინებებსა და ავტომობილების ექსპლუატაციაში _ აუდიტის სკანდალური დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი აუდიტი განახორციელა. უფრო ზუსტად, ესაა აფხაზეთის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. ისევე, როგორც წინა შემოწმების დროს, სახელმწიფო აუდიტორებმა ამჯერადაც უხეში საბუღალტრო შეცდომები დააფიქსირეს. კერძოდ, აფხაზეთის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსურმა ხელმძღავანელებმა შეცდომები დაუშვეს, როგორც შრომის ანაზღაურების, ასევე, მივლინებებისა და ავტომობილების ექსპლოატაციის დროს.

საბუღალტრო ხარვეზები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი აქტივების ღირებულება არასწორად, 13 090 ლარითაა გაზრდილი. კერძოდ, კონსოლიდირებული კომპონენტის _ სავაჭრო პალატის მიერ, ,,გრანტების'' მუხლით მიღებული საოფისე ფართისა და ავტოსატრანსპორტო საშუალება, მიღებული აქტივების საწყისი საბალანსო ღირებულებით აღიარეს. არადა, მოქმედი კანონმდებლობით, აღრიცხვა აქტივების ნარჩენი ღირებულებისა და ცვეთის ნორმების გათვალისწინებით უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისად, სავაჭრო პალატის მიერ აქტივების ღირებულებითი აღიარების დროს დაშვებულმა შეცდომამ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების არასწორად და არაზუსტად წარდგენა გამოიწვია. 

,,კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ნაჩვენები მატერიალური მარაგების მოძრაობის შესწავლისას გამოვლინდა, რომ 81 006 ლარის ღირებულების აქტივები არ აკმაყოფილებს მატერიალურ მარაგად აღიარების კრიტერიუმებს. კერძოდ, კომპონენტის _ სამეურნეო სამმართველოს მიერ, 2018 წელს შეძენილი 59 020 ლარის საწვავი, რომლის დარიცხვა ელექტრონული სისტემის საშუალებით, ბარათებზე ლიმიტის სახით ხდება, ბარათები კი გადაცემულია მძღოლებისთვის, რომლებიც საწვავს ასხამენ ბენზინგასამართ სადგურებზე. ასევე, 21 985 ლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილები, რომლებშიც შედის სამმართველოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების, საბურავების, სათადარიგო ნაწილებისა და საცხი-საპოხი მასალების ხარჯები. მომწოდებლთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, სათადარიგო ნაწილების, საბურავებისა და მომსახურების შესყიდვისას, მიღება-ჩაბარების აქტი დგება და აღნიშნული მონტაჟი ადგილზე ხორციელდება'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ფულადი დოკუმენტებისა (საწვავი) და სათადარიგო ნაწილების შეძენასთან ერთად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მათი მონტაჟის თანხაც, თუმცა იმის გამო, რომ მარაგების მიღება ფაქტობრივად არ ხდებოდა და ოპერაცია წარმოადგენდა მომსახურებას, ის ხარჯად უნდა აღიარებულიყო და არა _ მატერიალურ მარაგად. შესაბამისად, არაკვალიფიციურად განხორციელებული ქმედებების გამო, როგორც სამეურნეო სამმართველოს ბუღალტრული გატარებებისა და ფინანსური ანგრიშგების, ასევე, კონსოლიდირებული ანგარიშგების დანართში, 81 006 ლარის მატერიალური მარაგების მიღება და გასვლა არასწორად, ზედმეტადაა ასახული: 

,,კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისა და კონსოლიდირებული კომპონენტის _ სამეურნეო სამმართველოს ფინანსურ ანგარიშგებაში, 12 820 ლარის მოთხოვნები, არაფინანსური აქტივების დანაკლისებითაა ასახული. Aქედან 1 879 ლარის მოთხოვნები არ აკმაყოფილებს დებიტორულ დავალიანებად (დანაკლისად) აღიარების კრიტერიუმებს, რადგან წარმოადგენს ზემო აფხაზეთში, ოკუპაციის შედეგად დარჩენილ მოძრავ ქონებას. კერძოდ, ეს არის 4 ერთეული მოძრავი აქტივების საბალანსო ღირებულება, რომლის შესახებ სათანადო რწმუნება ვერ მივიღეთ, თუ არ ჩავთვლით აუდიტის ობიექტის სიტყვიერ განმარტებას. შესაბამისად, ეს აქტივები (მოძრავი ქონება) უკვე ფაქტობრივად არარსებულ ქონებას წარმოადგენს და ორგანიზაცია ვერ დაიბრუნებს კონტროლს დანაკლისებად აღიარებულ აქტივებზე, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით, დებიტორული დავალიანების თანხები, რომელთა ამოღების ალბათობა ნულის ტოლია, ჩამოიწერება ხელმძღვანელის ბრძანებით და აისახება არასაოპერაციო ხარჯების ანგარიშზე. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამმართველოს უნდა გაეტარებინა ადეკატური ღონისძიებები, რაც არ განხორციელებულა''. 

სამეურნეო სამმართველოს მიერ არაკვალიფიციურად და არასათანადოდ გატარებული ღონისძიებების შედეგად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებასა და სამეურნეო სამმართველოს ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორად, გაზრდილი თანხითაა წარმოდგენილი მოთხოვნების ანგარიშები. 

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სამეურნეო სამმართველოს მიერ, ბალანსის საცნობარო მუხლზე არასწორადაა ასახული მატერიალური მარაგების მიღება, რის გამოც კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება არაზუსტად, ხარვეზებით შეადგინეს. 

მაგალითად, 2018 წლის 22 იანვარს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, სსიპ ,,აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის'' მიერ სამეურნეო სამმართველოს უსასყიდლოდ გადაეცა 460 ცალი წიგნი-ალბომი: „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა _ აფხაზეთი“, რომლის ღირებულება 7 682 ლარი იყო: 

,,მოქმედი კანონმდებლობით, ეს ოპერაცია უნდა აღრიცხულიყო, როგორც მატერიალური მარაგების მიღება, თუმცა საფინანსო სამსახურმა არაკვალიფიციურად და არასათანადოდ განახორციელა ბუღალტრული გატარებები, რის გამოც, მიღებული მარაგები ბალანსის საცნობარო მუხლზე _ „პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები“ აღრიცხეს. აქედან გამომდინარე, საანგარიშგებო წლის ბოლოს, ნაშთად დარჩენილი წიგნების ღირებულება – 1 903 ლარი, არასწორადაა შემცირებული, როგორც სამეურნეო სამმართველოს ბალანსზე რიცხული აქტივების ღირებულება, ასევე კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აქტივების წმინდა ღირებულება''. 

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში 

2019 წლის თებერვლიდან, აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის აღრიცხვის სპეციალური ტექნიკური საშუალება, თუმცა 2018 წელს, ეს პროცესები კონტროლდებოდა მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვის ჟურნალით. სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ ეს ჟურნალი ფორმალურ ხასიათს ატარებდა: 

,,კერძოდ, მთავრობის აპარატში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ნაწარმოები აღრიცხვის ჟურნალი შედგებოდა მხოლოდ შემდეგი მონაცემებისაგან: „სახელი, გვარი, თარიღი, მისვლა _ ხელმოწერა, წასვლა _ ხელმოწერა“ და მასში არ ფიქსირდება თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების ზუსტი დრო. შესაბამისად, შეუძლებელია თანამშრომლისთვის შინაგანაწესით განსაზღვრული ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობის (8 საათი) დადგენა. 

მთავრობის აპარატის მიერ, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გარდა ჟურნალში აღრიცხვისა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, უშუალოდ სტრუქტურული ერთეულების მიხედვით შედიოდნენ ოთახებში და ვიზუალურად აღრიცხავდნენ თანამშრომლებს. თუმცა ეს ყოველივე, დოკუმენტურად ვერ დასტურდება. აღრიცხვის ჟურნალის შესწავლით გაირკვა, რომ 2018 წელს, არცერთი დაგვიანებისა და ადრე წასვლის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ამავდროულად, ისეთი ფაქტებიც გამოვლინდა, როდესაც მთავრობის აპარატის ზოგიერთი თანამშრომელი საერთოდ არ ფიქსირდებოდა, ან არ აწერდა ხელს ჟურნალში (მაგალითად, მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები, შტატგარეშე თანამშრომელთა უმრავლესობა), ხოლო სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ფორმაში, ყველა აღნიშნულ შემთხვევაში დაფიქსირებულია, როგორც მათ მიერ სრული სამუშაო დროით მუშაობა''. 

ამრიგად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ თანამშრომელთა აღრიცხვის ჟურნალი სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფდა დასაქმებულთა შრომის დისციპლინის ეფექტიან დაცვასა და ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტ აღრიცხვა-კონტროლს. 

თავის მხრივ, ყოველივე ეს ხელფასების კანონმდებლობით დადგენილი წესის შეუსაბამოდ გაანგარიშება-გაცემის რისკებსაც ქმნიდა. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ აფხაზეთის მთავრობის აპარატში გარკვეული ვადით, ან მთელი წლის განმავლობაში, დასაქმებული იყო 10 შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე, მათ შორის, 6 პირი აყვანილი იყო ხანგრძლივი პერიოდით (6-12 თვე), მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რომლებსაც ანაზღაურების სახით, 51 645 ლარი გადაუხადეს. 

,,კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, იმასთან დაკავშირებით, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს საჯარო დაწესებულების დამხმარე, ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, მთავრობის აპარატში ხელშეკრულებით მომუშავეთა დასაქმება ისევე, როგორც წინა წლებში, 2018 წელსაც, ხანგრძლივი ვადით ხდებოდა, მუდმივი ხასიათის სამუშაოების შესასრულებლად. ამასთან, კვლავ არ იყო განსაზღვრული მომუშავეებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენის ფორმა. ასევე, 10 შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშომლიდან შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოდგენილი ჰქონდა რვას, რომელთაგან ხუთი მათგანის ანგარიში შედგენილია თვეების მიხედვით, ხოლო დანარჩენი სამი თანამშრომლის ანგარიში _ წლიურია და ანგარიშების ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება შესრულებული კონკრეტული სამუშაოს (მომსახურების) შედეგისა და აქედან მიღებული სარგებლის იდენტიფიცირება. ამასთან, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა ნაწილი არ არის შეყვანილი აღრიცხვის ჟურნალში, ხოლო აღრიცხვის ჟურნალში ასახული დანარჩენი ნაწილის ხელმოწერა, სამსახურში მოსვლა-წასვლის თობაზე, უმეტესად არსად არ ფიქსირდება'', _ აცხადებენ აუდიტორები. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აფხაზეთის მთავრობის აპარატის მიერ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ მოსამსახურეთა დასაქმებისას, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები არ გაითვალისწინეს, რამაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაეფექტიანი ხარჯვის რისკები შექმნა. 

ხარვეზები მივლინებებსა და ავტომობილების ექსპლოატაციაში 

აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სამეურნეო სამმართველოს მივლინების დოკუმენტაციის შესწავლით, სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ თანხის ფაქტობრივად გაცემისა და საავანსო ანგარიშის შედგენის თარიღები, ერთმანეთს არ შეესაბამება: 

,,კერძოდ, თანხის წინასწარი გაცემის დროს, არ ხდება საავანსო ანგარიშის შედგენა, ხოლო საავანსო ანგარიშის გახსნის თარიღად, ძირითადად, დასრულებული მივლინების შემდგომი პერიოდი ფიქსირდება. შესაბამისად, პირველადი დოკუმენტაციით, ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხების მოძრაობა, კონკრეტულად, მთავრობის აპარატში _ 67 760 ლარი, აქედან ქვეყნის შიგნით _ 12 300 ლარი, ქვეყნის გარეთ _ 55 460 ლარი, ხოლო ადმინისტრაციულ სამმართველოში _ 2 750 ლარი, უშუალოდ ოპერაციის განხორციელებისას არ აუსახავთ, რაც საფინანსო სამსახურების მიერ, ხარვეზებით წარმოებული ბუღალტრული დოკუმენტაციის შედეგია''. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ხარვეზები დააფიქსირეს ავტომობილების ექსპლოატაციის ნაწილშიც. კერძოდ, სამეურნეო სამმართველოს ბალანსზე ირიცხება შვიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ექსპლოატაციაზე დაიხარჯა 89 924 ლარი, თუმცა ხარჯების გაწევის დროს, გამოვლინდა კონტროლის ღონისძიებების ნაკლოვანებები: 

,,შვიდი ავტომანქანიდან ორი, სამორიგეო ავტომანქანაა, რომელთაგან ერთი _ მთავრობის აპარატის თანამშრომლებს, ხოლო მეორე _ სამეურნეო სამმართველოს თანამშრომლებს, მოთხოვნის შესაბამისად ემსახურება. სამორიგეო ავტომანქანების მოძრაობის შესწავლით დადგინდა, რომ ტრანსპორტის მოძრაობის ჟურნალში, არ აისახება სამორიგეო ავტომობილების მივლინების დროს გადაადგილება; სპეციალური დანიშნულების ავტომანქანაზე არ წარმოებს ტრანსპორტის მოძრაობის რეგისტრაციის ჟურნალი, ან სხვა მოძრაობის კონტროლის ალტერნატიული საშუალება; სამეურნეო სამმართველოს განმარტებით, ბალანსზე რიცხული ხუთი ერთეული ავტომანქანისათვის საჭირო ავტოსადგომის არარსებობის გამო, სამუშაო საათების შემდგომ, მათი პარკირება (გაჩერება) ხდება მათზე პასუხისმგებელი პირების (მძღოლების) საცხოვრებელ ადგილთან, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით (ავტომანქანების საკუთარ სახლთან გაჩერების თაობაზე), არ არსებობს რაიმე სახის ფორმალური დოკუმენტი''. 

სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო ავტომანქანებზე, სახელმწიფო აუდიტორებმა, არასამუშაო დღეებში საწვავის ჩასხმის 14 შემთხვევა დააფიქსირეს, საიდანაც დადგენილი წესით, შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალში არ შეტანილა 11 შემთხვევაში: 

,,კერძოდ, ,,კია რიო'' (სახ. ნომერი FFI-417) – დაფიქსირდა შვიდი შემთხვევა. აქედან, სამ შემთხვევაში, საწვავის ჩასხმა განხორციელდა მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ხოლო დანარჩენ ოთხ შემთხვევაში _ აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლების ტრანსპორტირება უზრუნველყვეს, თუმცა ეს შემთხვევები, როგორც არასამუშაო დღეებში მომხდარი, არ არის შეტანილი ჟურნალში. 

,,ტოიოტა კოროლა'' ( ს ა ხ . ნომერი AW454AW) – დაფიქსირდა შვიდი შემთხვევა. აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ავტომანქანით განხორციელდა სამმართველოს თანამშრომლების ტრანსპორტირება, თუმცა ამ შემთხვევებშიც არასამუშაო დღეების მიზეზით, შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალში არ შეუტანიათ''. 

სახელმწიფო აუდიტორების დასკვნით, ეს ფაქტები ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას, არასათანადო კონტროლზე მიუთითებს, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებს ქმნის: 

,,რაც მთავარია, კონსოლიდირებული კომპონენტების პროცესების შესწავლით დადგინდა, რომ აფხაზეთის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ხელმძღვანელობას კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები შემუშავებული არ აქვს, არ არსებობს ფორმალიზებული, შიდა კონტროლის სისტემა. რაც შეეხება არაფორმალური კონტროლის მექანიზმებს, პროცედურები მიუთითებს ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის არასწორად წარდგენის რისკებს წარმოშობს''.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში