Menu
RSS

თაღლითობა და ფინანსური მაქინაციები კალათბურთის ფედერაციაში

 

რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა ფედერაციასა და ესპანურ კლუბ ,,სასკი ბასკონიას'' შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის აუდიტი გამოაქვეყნა. უფრო ზუსტად, აუდიტი შეეხო ააიპ (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის) საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონია“ - „ფონდი 5+11“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებას. თუ უფრო დავკონკრეტდებით, აუდიტი ფედერაციის მიერ სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში - 2014-2018 წლებში განხორციელებულ ხარჯვით ოპერაციებში გამოვლენილ ხარვეზებს ეხება.

 

ზოგადი ინფორმაცია

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში კალათბურთის განვითარების მიზნით, ფედერაციასა და ესპანეთის საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიას“ შორის, 2014 წლის 27 სექტემბერს, „ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება“ ხუთწლიანი ვადით გაფორმდა. ხელშეკრულება ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება - ესაა მოთამაშეების მომზადება და ტექნიკური თანამშრომლობა.

ხელშეკრულებას ერთვის თანამშრომლობის პირველი წლისათვის შედგენილი, „საქართველოში კალათბურთის განვითარებისა და ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადების პროექტი - ბასკეტ ჯორჯია 2021''-ის ძირითადი მიზნები, კერძოდ: ფედერაციასთან ერთად, სტრატეგიული გეგმის შემუშავება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისთვის; ქართველი კალათბურთელების ტექნიკური და ფიზიკური მომზადების დონის გაუმჯობესება; ეროვნული გუნდების შედეგების გაზრდა; ქართველი მწვრთნელების მომზადება და ტექნიკური დონის ამაღლება; საქართველოში პროფესიონალური შეჯიბრებების დონის ამაღლება; ფედერაციასთან თანამშრომლობა ტალანტების გამოსავლენად; ნიჭიერი ქართველი კალათბურთელების ბაზკეთსი სათამაშოდ მიწვევის გზით, მათი სპორტული განვითარების ხელშეწყობა.

,,ხუთწლიანი პერიოდისათვის, ამ ხელშეკრულების ღირებულება 2 500 000 ევრო იყო. ფედერაციის მიერ, წინასწარი ანგარიშსწორებით ეკონომიკური წვლილის სახით, ყოველწლიურად გადასახდელი თანხა 300 000 ევრო, ხოლო ტექნიკური თანამშრომლობისათვის - 200 000 ევრო იყო. ხელშეკრულების შესაბამისად, ფედერაციას უნდა ეთანამშრომლა საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიასთან“ უცხოელი კალათბურთელების მომზადებაში ეკონომიკური წვლილის შეტანის გზით და უფლება ექნებოდა, მიეღო 30%-იანი წილი დაბალი ლიგის უცხოელი კალათბურთელების ტრანსფერის უფლებიდან, ხოლო ქართველი, ან საქართველოს მოქალაქე კალათბურთელების შემთხვევაში, ფედერაციის წილი 50%-ით განისაზღვრა'', - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში ანუ 2015-2018 წლებში, ფედერაციან 4 051 937 ლარი დახარჯა. კერძოდ, მოთამაშეების მოსამზადებლად, „სასკი ბასკონიას“ ანგარიშზე 1 200 000 ევროს ეკვივალენტი -−3 263 790 ლარი გადარიცხა; ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, „სასკი ბასკონიას“ მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, 148 866 ევროს ეკვივალენტი -−382 244 ლარი ანაზღაურდა, ხოლო საქართველოში, საკალათბურთო კემპების ჩასატარებლად 405 903 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ესპანური მხარის ვალდებულება და მისაღწევი შედეგი, მოთამაშეთა მომზადების ნაწილში განსაზღვრულია ზოგადად, არ არის გაზომვადი და არ არსებობს ფედერაციის მხრიდან მისი შესრულების მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა. რაც შეეხება ქართული მხარის სახელშეკრულებო ვალდებულებას, ის განსაზღვრულია ღონისძიებების დაფინანსების ნაწილში კონკრეტულად და შესრულებულია სრულად - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით. 

 

ხარვეზები მოთამაშეთა შერჩევის პროცესში

პროექტ ,,ბასკეტ ჯორჯია 2021''-ის ფარგლებში შეთანხმებული პირობებით, საკალათბურთო კლუბში მომზადებისა და დაკონტრაქტების მიზნით, ქართველ კალათბურთელთა შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, კერძოდ: 

პირველი ეტაპი - საქართველოში ორგანიზებული ორკვირიანი საკალათბურთო კემპის დროს, რომელშიც ესპანელ და ქართველ მწვრთნელებთან ერთად, 

კლუბიდან მოწვეული სკაუტი (მოთამაშის შერჩევაზე პასუხისმგებელი პირი) მონაწილეობს, ფედერაციის მიერ ქართული კლუბებიდან მოწვეული 14-17 წლის ასაკის საუკეთესო მოთამაშეებიდან, თითოეული ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, შეირჩევა 4 მოთამაშე, სულ 16 საუკეთესო მოთამაშე.

მეორე ეტაპი - შერჩეული 16 საუკეთესო მოთამაშე მონაწილეობს ესპანეთში ორგანიზებულ საკალათბურთო კემპში, რომელიც გრძელდება ორი კვირა, ისინი ცხოვრობენ და ვარჯიშობენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ახალგაზრდებთან ერთად. ამ ეტაპზე, ხდება იმ მოთამაშეთა შერჩევა, რომლებმაც წვრთნა და ვარჯიში უნდა გააგრძელონ კლუბში.

მესამე ეტაპი - მე-2 ეტაპზე შერჩეული მოთამაშეები ანუ გრანტის მქონე პირები, ერთი საკალათბურთო სეზონის განმავლობაში, რომელიც გრძელდება 10 თვე, წვრთნას გადიან საკალათბურთო კლუბის მოსამზადებელ სტრუქტურებში.

მეოთხე ეტაპი - მე-3 ეტაპზე შერჩეული საუკეთესო მოთამაშეები, შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე, რჩებიან კლუბში. მათზე ეკონომიკური უფლებები (ფინანსური სარგებლის მიღება მოთამაშეების გაყიდვიდან) ფედერაციასა და კლუბს შორის ნაწილდება ქართველი კალათბურთელების შემთხვევაში - 50%-50%, ხოლო უცხოელი კალათბურთელების შემთხვევაში - 30%-70%.

ფედერაციის მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, აუდიტის ჯგუფმა დაადგინა, რომ მოთამაშეთა შერჩევისა და ახალგაზრდა ნიჭიერი კალათბურთელების გამოვლენის მიზნით, 2015-2018 წლებში, საქართველოში ჩატარებულ კემპებში სულ მონაწილეობდა ფედერაციის მიერ შერჩეული 420 ქართველი მოთამაშე, საიდანაც ზემოაღნიშნული ეტაპების გავლით, 66 მოთამაშე ესპანურ კემპში მონაწილეობისთვის შეირჩა. 2015-2017 წლების სპორტულ სეზონებში (სულ სამი სეზონი; ერთი სეზონი კალენდარული წლის 10 თვეა - სექტემბრიდან ივლისამდე პერიოდი) გრანტი მიიღო და კლუბის მოსამზადებელ სტრუქტურებში წვრთნისა და განვითარების პროგრამა გაიარა 8 ქართველმა და 19-მა უცხოელმა კალათბურთელმა, 2018 წლის სეზონზე კი გადის - 6 ქართველი და 5 უცხოელი კალათბურთელი.

,,შერჩევის პროცესში, სახელმწიფო აუდიტორებმა სხვადასხვა სახის დარღვევები გამოკვეთეს: 2016 წელს, „სასკი ბასკონიას“ მიერ წარმოდგენილი, „მოთამაშეთა ტრანსფერების ანგარიშის“ თანახმად, 2015 წელს, ბასკონიაში ჩატარებულ კემპზე შეირჩა და ხელშეკრულების შესაბამისად, გრანტი მიიღო ცხრა უცხოელმა და სამმა ქართველმა კალათბურთელმა - ლუკა ბულაშვილმა, გიორგი ტურძილაძემ და ნიკა დარბაიძემ. წარმოდგენილი ქართველი მოთამაშეებიდან, მხოლოდ ერთი - ნიკა დარბაძიე მონაწილეობდა და შერჩეულ იქნა საქართველოსა და ბასკონიაში ორგანიზებულ საკალათბურთო კემპებზე. მეორე კალათბურთელი - გიორგი ტურძილაძე, ბასკონიის კემპში მონაწილეობდა, გაიმარჯვა და ხელშეკრულების თანახმად, გრანტი ქართულ კემპში მონაწილეობის გარეშე მიიღო, ხოლო მესამე კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის წვრთნისა და განვითარების ხარჯები, კლუბის მოსამზადებელ სტრუქტურებში ერთი სპორტული სეზონის განმავლობაში, მისმა ოჯახმა აანაზღაურა, რის გამოც გრანტით დაფინანსებულთა სიაში აღარ უნდა შეეყვანათ''. 

სახელმწიფო აუდიტის ფარგლებში, ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური განმარტება გააკეთეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და ესპანურმა საკალათბურთო კლუბმა ,,სასკი ბასკონიამ''. ეს ორივე განმარტება აუდიტის დასკვნაშია წარმოდგენილი.  

ფედერაციის განმარტება: „ფედერაციასა და „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მთავარი მიზანი, ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელებისათვის საუკეთესო გარემოს უზრუნველყოფაა, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ უმაღლესი დონის კალათბურთელებად ჩამოყალიბება. კალათბურთელების მომზადება შემოქმედებითი პროცესია და გრანტები მიიღეს მათ, ვინც ჩაითვალა შესაფერისად. ხელშეკრულების პირობებიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფედერაციის მიერ გადარიცხული თანხები არ მოხმარდა უცხოელი სპორტსმენების აღზრდას, ხელშეკრულების მოქმედების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა გადარიცხული თანხები უცხოელების აღზრდის დასაფინანსებლად. თანხების გადახდით, ფედერაციას მოპოვებული აქვს უფლება ქართველი ახალგაზრდების ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში აღზრდის შესახებ. „სასკი ბასკონიას“ კეთილი ნებისა და ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უცხოელი მოთამაშეების სატრანსფერო თანხების ნაწილი (30%), მიმართული იყოს ფედერაციის მიერ ქართველი მოთამაშეების წვრთნისა და დახელოვნებისათვის გამოყოფილი თანხების ამოსაღებად''.

საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიას“ განმარტება: „საქართველოდან გადარიცხული თანხები არ ყოფილა გამოყენებული უცხოელი მოთამაშეებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად. უცხოელი მოთამაშეები გამოყენებულ იქნებიან საქართველოს მიერ ქართველი მოთამაშეების მომზადებისათვის გამოყოფილი თანხების ამოსაღებად. უცხოელი მოთამაშეები გარანტიას იძლევიან, რომ ფედერაცია ამოიღებს ქართველი მოთამაშეების მოსამზადებლად გამოყოფილ თანხას''.

 

დარღვევები ,,სასკი ბასკონიასა'' და ფედერაციაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ფედერაციის ეკონომიკური წვლილი მოთამაშეთა მომზადების ნაწილში, კლუბის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით, ფიქსირებული თანხაა და მისი ყოველწლიური მოცულობა 300 000 ევროა, რასაც ფედერაცია სპორტული სეზონის დაწყებიდან, 30 დღის განმავლობაში იხდის. ეს პირობა შეიცავს გაწეული მომსახურების არაპროპორციულ ანაზღაურებას და შედეგად, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის რისკებს. კერძოდ, მოცემული მომსახურების თვითღირებულება, ძირითადად, ცვლადი დანახარჯებისგან (დაბინავების ხარჯი, კონტრაქტის ღირებულება, სპორტული ინვენტარი და ა.შ.) ყალიბდება და მისი მოცულობა დამოკიდებულია მოსამზადებელ კალათბურთელთა რაოდენობაზე, რაც ყოველწლიურად განსხვავებულია. 

,,აქედან გამომდინარე, თანაბარი ფიქსირებული ანაზღაურება, მიუხედავად ყოველწლიურად მოსამზადებელი კალათბურთელების განსხვავებული რაოდენობისა, შეიცავს არაპროპორციული და არაეფექტური ხარჯვის რისკებს. შედეგად, მომსახურების ანაზღაურების აღნიშნული მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას და ქართველი მოთამაშეების მოზიდვის წახალისებას კლუბის ახალგაზრდულ სტრუქტურებში, მომზადების პროგრამის გავლის მიზნით'', - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ხელშეკრულების მოთამაშეთა მომზადების ნაწილის თანახმად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ითანამშრომლებს „სასკი ბასკონიასთან“ უცხოელი კალათბურთელების მომზადებაში ეკონომიკური წვლილის შეტანის გზით და უფლება აქვს, მიიღოს წილი დაბალი ლიგის მოთამაშეების გაყიდვისა და ტრანსფერის უფლებებიდან. „ფონდი 5+11“ ყოველ წელს წარუდგენს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას დაბალი ლიგის კალათბურთელების სიას, რომლებსაც ექნებათ „ფონდი 5+11“-ის ლიცენზია. ამ სიას დაემატება არსებული სიტუაციისა და ყველაზე გამორჩეული მოთაშეების შესაძლო განვითარების ანგარიში. „სასკი ბასკონიას“ მიერ, 2016 წლის იანვარში წარმოდგენილი „მოთამაშეთა ტრანსფერების ანგარიშის“ შესაბამისად, სარგებლის მიღება უნდა დაწყებულიყო მესამე წლიდან. 

,,აუდიტის შედეგად, ხელშეკრულების ამ ნაწილშიც უამრავი ხარვეზი აღმოჩნდა, კერძოდ: ფედერაცია არ ფლობს ინფორმაციას იმ კალათბურთელების შესახებ, რომლებმაც მოსამზადებელი პერიოდის გავლის შემდეგ, კონტრაქტი გააფორმეს კლუბთან; შეთანხმება არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული ქართველი და უცხოელი მოთამაშეების საკალათბურთო კლუბთან საბაზისო კონტრაქტის, ასევე გაყიდვის ან სატრანსფერო კონტრაქტის პირობების ფედერაციასთან შეთანხმების ვალდებულებას. არის შემთხვევები, როდესაც, როგორც უცხოელი, ისე ქართველი მოთამაშეები, რომლებმაც ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიიღეს გრანტი და რომელთაც შესაძლებელია ჰქონოდათ „ფონდი 5+11“-ის ლიცენზია, თამაშობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკალათბურთო კლუბების შემადგენლობაში. ფედერაციიდან წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შერჩეული და გრანტით დაფინანსებული რვა ქართველი კალათბურთელიდან, საბა გიგიბერია - აშშ-ის ერთ-ერთ კლუბში, ხოლო რატი ანდრონიკაშვილი - ესპანეთის კლუბ „ბურგოსში“ თამაშობენ, ხუთი კალათბურთელი - საქართველოს სხვადასხვა კლუბში, ხოლო „სასკი ბასკონიას“ კლუბში მომზადებას გადის მხოლოდ ერთი ქართველი კალათბურთელი, სანდრო კასაბური. აუდიტის ჯგუფის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, 2015 წელს, გრანტით დაფინანსებული სერბი კალათბურთელი, ფილიპ პეტრუსევი, დღეს კანადურ MONTVERDE AKADEMY-ის კლუბში თამაშობს. ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული ,,სასკი ბასკონიას'' ვალდებულება, მოთამაშეთა ტრანსფერის შემთხვევაში, ფედერაციის ინფორმირების შესახებ და არც ფედერაციას გააჩნია ინფორმაციის მოპოვების სამართლებრივი მექანიზმები''.

ფედერაციის ვალდებულება, რომ 2015-2018 წლებში, მოთამაშეების მომზადებისათვის „სასკი ბასკონიას“ ანგარიშზე 3 263 790 ლარი (1 200 000 ევრო) ჩაერიცხა, შესრულებულია სრულად. ამ ეტაპზე, ეკონომიკური წვლილის შესაბამისი ფინანსური სარგებელი ფედერაციას არ მიუღია, მიუხედავად კლუბის მხრიდან სახელშეკრულებო დათქმისა, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული მოთამაშეების ტრანსფერიდან შემოსავლის მიღება 2017 წლიდან დაიწყებოდა.

 

საგარანტიო უზრუნველყოფის ნაკლოვანებები

ხელშეკრულების შესაბამისად, „სასკი ბასკონია“ იძლევა გარანტიას, რომ სრულად დაუბრუნებს ფედერაციას მოთამაშეთა მოსამზადებლად გადახდილ 1 500 000 ევროს, თუ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ტრანსფერების თანხა ფედერაციას მიღებული არ ექნება. ხელშეკრულებაში წინააღმდეგობრივი და გაურკვეველი პოზიციაა ჩამოყალიბებული, კერძოდ, „სასკი ბასკონია“ იძლევა გარანტიას, რომ ფედერაციას 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისათვის, სრულად დაუბრუნებს მის მიერ ამ პროექტის ხელშეწყობისა და მოთამაშეთა მოსამზადებლად გადახდილ 1 500 000 ევროს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ვალდებულება არ შესრულდა, ხელშეკრულება არ იძლევა გარანტიის ამოქმედების შესაძლებლობას და სრულიად გაუგებარ პირობაზე მიუთითებს, რომლის შესრულების მომენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით, განუსაზღვრელობებით ხასიათდება:

,,კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ „სასკი ბასკონიას“ მიერ, ზემოაღნიშნული პირობა (ვალდებულების სრულად დაფარვა 2024 წლის 31 დეკემბრისათვის) არ შესრულდა, ვალდებულების გადახდის პერიოდი და ახალგაზრდა მოთამაშეთა მომზადება გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით, ვალდებულების სრულად დაფარვამდე. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულება არ შეიცავს გარანტიის ამოქმედების კონკრეტულ ვადებსა და პირობებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატრანსფერო თანხის - 1 500 000 ევროს ფედერაციისათვის სრულად დაფარვის საგარანტიო უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის მარტში, „სასკი ბასკონია“ - „ფონდი 5+11“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ,,გაერთიანებული დაზღვევის ფონდის, დაზღვევისა და გადაზღვევის კომპანიის“ მიერ გაცემული „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატი“.

ხელშეკრულება და „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატი“, გარანტის (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ რისკებს შეიცავს. კერძოდ, განსაზღვრული არაა გარანტიის ამოქმედების კონკრეტული ვადა, ასევე არ არის დადგენილი გარანტიის გამცემი სადაზღვევო კომპანიის მიმართ ფედერაციის მოთხოვნის წარმოშობის კონკრეტული პირობები და გარემოებები, რაც საფუძვლად უნდა დაედოს „სასკი ბასკონიას“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგარანტიო ვალდებულების ამოქმედებას. ამასთან, ამავე „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატის“ მიხედვით, გაურკვეველ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებით, მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ესპანეთის კანონმდებლობით რეგულირდება.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში